რის გამო „გააფრინა“ მაგდა ვასაძეზე მისმა მომავალმა მეუღლემ და რას სთხოვს ის ცოლს ყველაზე ხშირად
მაგდა ვასაძისა და „გუფი ლენდისთვის“ ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული და წარმატებული იყო. გარდა ამისა, მაგდას პირად ცხოვრებაშიც ძალიან კარგი სიახლეა. მან თავისი ცხოვრება ხელოვან გიორგი პაპკიაურს დაუკავშირა – ისინი ცოტა ხნის წინ დაინიშნენ და სამომავლოდ ჯვრისწერას, ლამაზი ქორწილის გადახდასაც გეგმავენ.
მაგდა ვასაძე: როგორც იცით, „გუფი ლენდში“ ვარ და ხშირად გვაქვს კორპორატიული საღამოები, ვმღერით სხვადასხვა კლუბში. მთელი აგვისტო გადავბარგდით ბათუმში. ვიქირავეთ დიდი სახლი და ყველანი ერთად ვცხოვრობდით. ყოველდღე ივენთები გვქონდა. ბოლოს ვამბობდი: ალბათ, გამომიმუშავდა იმუნიტეტი და აღარ ვარ ცუდად-მეთქი. შარშან ისე დავიღალე, რომ ბოლოს სასიმღერო ხმაც არ მქონდა, თან გავცივდი, მაგრამ წელს გადავრჩი. თბილისში დაბრუნებულებსაც ბევრი ივენთი დაგვხვდა და ვაგრძელებთ საქმიანობას.
– ბიჭების მხრიდან ხელშეწყობა გექნება.
– ყოველთვის. სულ ამბობენ: ჩვენ ვართ ფიფქია და შვიდი ჯუჯაო. ანუ ისინი შვიდნი არიან და მე – ერთი. შესაბამისად ჩვენს ჯგუფს მეორე სახელი აქვს: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.
– ბოროტი დედინაცვალიც ხომ არ გყავთ?
– დედინაცვალი არა, მაგრამ გვყავს მამა, დავით გაგუა, რომელიც ჩვენი ბენდის მენეჯერია და განაგებს ყველაფერს. თვითონ გვეუბნება: ახლა ეს ჩაიცვით, ახლა ეს უნდა გავაკეთოთ, ახლა აქ უნდა წავიდეთ... უი, დღეს ვიქეიფოთ? ასე უცბად იღებს გადაწყვეტილებებს. ყოფილა შემთხვევა: ვიცი, დღეს ვისვენებ – ცივი ყავა, შვილი, დედაჩემს ვეჭორავები, მოკლედ სრული იდილია მაქვს და უცებ მირეკავს გაგუა: მაგდა, ჩქარა, საღამოს ივენთი გვაქვს. ეს არის ჩვენი მამინაცვალი.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი?
– სულ ვფიქრობდი, რაღაცას აუცილებლად უნდა მივაღწიო-მეთქი. როდესაც გავთხოვდი, წინ გავიხედე, ვფიქრობდი, საით შეიძლება წავიდე-მეთქი. ქვეცნობიერად სულ მქონდა ის მომენტი: მაინც წავალ წინ! გავიდა რაღაც პერიოდი, ეტაპები და ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით ამოტრიალდა, თან, კარგისკენ. რა თქმა უნდა, ამაში „ვოისი“ დამეხმარა და საზოგადოებამ ძალიან კარგად მიმიღო. როდესაც გავთხოვდი, მაშინ 19 წლის ვიყავი და ბევრ რამეზე არ ვფიქრობდი – მიყვარდა და მეტი არაფერი მაინტერესებდა. ახლა, მეორედ რომ გავთხოვდი, უკვე ვიცი, რატომ ვდგამ ამ ნაბიჯს. მაგრამ, მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი, რაღაცეებზე კი ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც ამბობენ: სიყვარულს ჭკუა არ აქვსო. ახლა 9 წლის შვილი მყავს – ლუკა, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე დიდი განძია.
– ცოტა ხნის წინ გათხოვდი, გილოცავ!
– მე და გიორგი პაპკიაური თავიდან მეგობრები ვიყავით. ისიც მღერის, ხატავს, გადასარევი კულინარია, სასწაული. ამიტომ მეშინია, არ მოვიმატო წონაში და ამასთან დაკავშირებით, ცოტა ვნერვიულობ. თუმცა, მეუბნება: მე დიეტურებიც ვიცი, მაგდაო. ვცდილობ, თავად მოვუმზადო კერძები. მოკლედ, მესამე წელია, რაც ვიცნობთ ერთმანეთს. თავიდან „ვოისში“ მნახა და ჩემს მეგობარს უთხრა: გამაცანიო. მეც გავიცანი და მას შემდეგ ვმეგობრობდით. ჯერ დამიმეგობრა, მერე კი ვითომ შემომაპარა ეს ყველაფერი. ერთი პერიოდი საერთოდ აღარ ვეკონტაქტებოდი, თან, ბათუმში ვიყავი, რეპეტიციები მქონდა, ჩემს სტიქიაში ვიყავი. მერე იქ ჩამოვიდა, შევხვდით, ვისაუბრეთ, მითხრა: მიყვარხარ, სხვანაირად არ შემიძლიაო. ჩემი პასუხიც დადებითი იყო. მიყვარხარო, ცოტა ზედმეტი ნათქვამი იყო, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ორივეს დიდი სიმპათიები გვქონდა და ეს არც დაგვიმალავს. არცერთი არ ვართ პატარები, ის 30 წლის არის და მე – 29-ის. არ ვართ იმ ასაკში, ერთმანეთს რაღაცეები ვუმალოთ.
– ამ ურთიერთობის დამალვა მოახერხეთ.
– არ დაგვიმალავს, უბრალოდ, არ მიგვიქცევია ამისთვის დიდი ყურადღება. ერთად კარგად ვგრძნობდით თავს და „სიყვარულსა მალვა უნდაო“ – შეიძლება, ესეც კარგი ფრაზაა, ამასაც ვფიქრობდით. ფოტოებს კი ვდებდით, მაგრამ ბევრი ვერ ხვდებოდა: მეგობრები ვიყავით თუ რა ხდებოდა. მერე, რომ დავწერეთ: „დავინიშნეთ“, უკვე ყველასთვის ცხადი გახდა. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. თუნდაც ის, რომ გიორგიც მღერის. პირველად რინგზე მომისმინა და ამაზე საერთოდ გააფრინა: შენ ვინ ხარო. ამის მერე ჩემმა შემოქმედებამ გაიტაცა. სულ ამბობდა: მიყვარს დინჯი ქალებიო, მაგრამ ახლა ვიზუალზე არ მემჩნევა, რომ დინჯი ვარ. მაშინ სხვანაირი ვიყავი, რეპერტუარიც, იმიჯიც სხვანაირი მქონდა. მისთვის მთავარია, მე ვიყო კარგად და წარმატებული.
– ქალებს ხშირად უჭირთ მეორედ გათხოვების გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილი ჰყავთ.
– თავიდან, 4 წელი არაფერზე მიფიქრია. მხოლოდ სამსახური, შვილი, ოჯახი, დედა, მამა – ასე მერჩივნა. ხან ერთი მეპრანჭებოდა, ხან – მეორე, არავის თავი არ მაქვს, არ შემიძლია-მეთქი, ვამბობდი. მაგრამ გამოჩნდა ადამიანი და მივხვდი, რომ შემეძლო მეფიქრა მასზე და მასთან ერთად, სამომავლო გეგმების განხორციელებაზე.
– ჯუჯებზე არ ეჭვიანობს?
– არა. მე ხან ბათუმში ვარ, ხან – ზესტაფონში, ხან – თბილისში, ხან – ერევანში. გიორგი ამ ყველაფერს ჩვეულებრივ იღებს, ეს ჩემი სამსახურია. თვითონ, ძირითადად, ხატვით არის დაკავებული. რამდენიმე გამოფენა ჰქონდა, მათ შორის, ახლახან – 11 სექტემბერს. თავისი საინტერესო ხედვა აქვს, ძირითადად აბსტრაქციაზე მუშაობს, ლამაზ რაღაცეებს ქმნის. მე ვეხუმრები „ყველაფერჩიკი“ ხარ-მეთქი. ჩემი ჯუჯები მეუბნებიან: რა არ შეუძლია გიორგის, ეგ მღვდელი ვერ იქნებოდაო. მღვდელი არა, მაგრამ სტიქაროსანი იყო-მეთქი.
– შენი ახალი იმიჯი მოსწონს?
– გიორგის ძალიან უყვარს ქალი ქუსლებზე, გრძელი ფრჩხილებით, გრძელი თმით და ასე შემდეგ. გრძელი ფრჩხილები კი მაქვს, მაგრამ თმაზე რა გითხრა. ბევრი ივენთი რომ გვაქვს, ქუსლებზე ფეხები მეღლება, ცუდად ვხდები, არ შემიძლია მაღლებზე დგომა. გიორგი კი სულ მეხვეწება: მაგდა, ქუსლიანები ჩაიცვი. თმაზე, თავიდან რომ შემომხედა, მითხრა: არ დამენახოო. მერე შეეგუა და მეუბნება: მთავარია, შენ მოგწონსო. თუმცა, გრძელი თმა მოსწონს, სასწაული გართულება აქვს. მაგრამ, მეუბნება, რომ სცენას სჭირდება, ამიტომ რაც გინდა, ის უქენიო.
– რა ვითარებაში გთხოვა ხელი?
– ჩემი ოჯახის წევრები იცნობდნენ, სახლში იყო ჩემთან, როცა ვმეგობრობდით. მაშინ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. ახლა, როცა ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა და გაგრძელდა, გადავწყვიტე, ჩემი მშობლებისთვის გამეცნო. ამიტომაც წავედით ქობულეთში ჩემს მშობლებთან, ჩემი და და ბავშვი იყო და იქ მთხოვა ხელი.
– ბავშვმაც, ალბათ, ძალიან კარგად მიიღო.
– გიორგის ძალიან უყვარს ბავშვები და ისინიც გრძნობენ ამას. ამიტომ ურთიერთობა არ გასჭირვებიათ – დასხდებოდნენ და საუბრობდნენ. მეც ლუკას პირდაპირ ვუთხარი ყველაფერი და ის, რომ მისი აზრი მაინტერესებდა. ისეთი რამ მითხრა, აღფრთოვანებული დავრჩი: დედა, ჩემთვის მთავარია, შენ იღიმებოდე და იყო ბედნიერიო.
– რამეზე კამათობთ შენ და გიორგი?
– ძირითადად, ერთმანეთს ვეკაიფებით. იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს დავცხებდით: ვსიო, არ გელაპარაკები – ესეც ელემენტალურის გამო. ახლა ისეთ მსუყე ფაზაში შევედით, რომ ეს ყველაფერი დალაგდა.