ეკრძალებათ თუ არა ქალებს შარვლის ჩაცმა და საჭიროა თუ არა ბავშვის ტაძარში სიარული და ხშირი ზიარება
დღეს ძალიან ბევრი საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. უმნიშვნელო წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმას კი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სულის, ხორცისა და ცხოვრებისთვის, არაფრად მივიჩნევთ და ზოგჯერ მის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ზოგიერთი ქრისტიანი შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ შუა წირვაზე მოდის, ბავშვები მოჰყავს, აზიარებს, სეფისკვერს აიღებს და მიდის – ამით შემოიფარგლება მისი ქრისტიანობა, რაც არაფერს ნიშნავს. ბავშვები წმინდანი, ანგელოზები არიან და მათ ხშირი ზიარება არც სჭირდებათ, ზრდასრულ ადამიანებს კი ხშირი აღსარება და ზიარება ესაჭიროებათ. ამიტომ, თავს ნუ მოიტყუებთ, რომ იყავით ეკლესიაში, სეფისკვერი აიღეთ, მრევლი დაათვალიერეთ და მერე წახვედით გასართობად. ყოველი დღე და წუთი ნაყოფიერად უნდა გაატაროთ.
– დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ადამიანების ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით კი ეკლესიაში ქალების შარვლით სიარულის შესახებ. საინტერესოა თქვენი, როგორც მოძღვრის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
– დღეს ბევრი ქალბატონი თუ გოგონა სახლიდან ისეთი ჩაცმული გამოდის, ყველაფერი უჩანს. სამწუხაროდ, ქალისთვისაც და კაცისთვისაც სულერთი გახდა, რა აცვია და როგორ აცვია. დააკვირდით ახალგაზრდა ბიჭებს, როგორ აცვიათ, ლამის შარვალი ჩასძვრეთ; ისე აცვიათ, უკნიდან რომ შეხედავ, ვერ მივხვდები, კაცია თუ ქალი. ძველ აღთქმაში, „სიბრძნე ზირაქისაში“ წერია: სამი რამ ამხელს ადამიანს: სამოსელი, სიარული და სიცილი. ამიტომ, დააკვირდი საკუთარ თავს – როგორ გაცვია, როგორც იცინი და როგორ დადიხარ. შეიძლება, ფიქრობ, რომ გულში ქრისტე გყავს, მაგრამ, როგორ გყავს ქრისტე, როდესაც ასეთი ჩაცმული დადიხარ და შენი ჩაცმულობით სხვებს აგდებ ცოდვაში?! ვიღაც იფიქრებს: კარგი, მამაო, რომელ საუკუნეში ხართ, იმდენი რამ ხდება, რა დროს ჩაცმულობაზე ლაპარაკიაო. სიმართლე გითხრათ, მე თანახმა ვარ, ქალმა ჩაიცვას შარვალი – ხომ არსებობს ქალის შარვლებიც. შეიძლება, ჩაიცვა ქალის შარვალი, მაგრამ, არა ისეთი, რომ ყველაფერი გემჩნეოდეს. თუმცა, შეიძლება, კაბა გეცვას და ისე საშინლად გამოიყურებოდე, ჯობია, შარვალი ჩაიცვა. კდემამოსილად უნდა ეცვას ადამიანს.
– სადმე წერია შარვლის აკრძალვის შესახებ?
– სჯულის კანონში არსად არ წერია, რომ ქალმა შარვალი არ უნდა ჩაიცვას. წერია: მამაკაცის სამოსს ნუ ჩაიცვამს ქალი. საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა სექტა, რომლის წევრი ქალებიც იცვამდნენ მამაკაცის სამოსს, იპარებოდნენ საკურთხეველში და ემსახურებოდნენ ღმერთს, რაც არ შეიძლებოდა. როდესაც ეს სიტყვები დაიწერა, მაშინ ადამიანებს ეცვათ კვართი, მის შიგნით კი – ზოგს კაცის სამოსი, ზოგს – ქალის. ეკლესია გაფრთხილებთ, რომ ჩაიცვათ კდემამოსილად. ეკლესიაში რომ მოდიხართ, ისე არ უნდა გეცვათ, რომ თქვენ გიყურებდნენ და არა ხატებს. შარვალსაც რომ ჩაიცვამთ, ისიც ისეთი უნდა იყოს, რომ ყველაფერი არ გემჩნეოდეთ, როგორც ქალს, ასევე კაცს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მამა გიორგი შარვლით სიარულს აკანონებსო. მე მხოლოდ ერთს გეუბნებით: იარეთ კდემამოსილად, მოწესრიგებულად ჩაცმულებმა.
– დღეს ერთმანეთს ძალიან ადვილად ვაძლევთ დაპირებებს, რომლებსაც არასდროს ვასრულებთ და ადამიანების სიტყვების დაჯერება ძალიან რთული გახდა.
– განსაკუთრებით მთავრობის წევრები იქცევიან ასე – რამდენი დაპირება, სიცრუე მოდის მათგან!.. ნეტარი ავგუსტინე, ჰიპონიის ეპისკოპოსი მეოთხე საუკუნეში, ამბობს: თუ მთავრობის წევრები იტყუებიან და ცრუობენ, ეს არის ავაზაკთა დიდი ჯგუფი. რატომ – დიდი ჯგუფი? იმიტომ, რომ მცირე ავაზაკთა ჯგუფები ორღობეებში დაიპარებიან, დიდი ბანდები კი ხელისუფლებაში არიან. თუ გპირდებიან და არ აკეთებენ, მათი ღირსება არის ნული. გპირდები არჩევნების წინ და, რა ხდება მერე? რა თქმა უნდა, არანაირი დაპირება არ სრულდება. არჩევნების წინ ფეხქვეშ რომ გეგებოდნენ, ახლა ზემოდან დაგყურებენ და გეუბნებიან, შენ არაფერი გესმის, მისთვის შენ არარაობა ხარ. სამწუხაროდ, ხშირად ესენი არიან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებსაც ქვეყანა და ხალხი საერთოდ აღარ აინტერესებთ.
– დღეს ქალებიც და კაცებიც ნაკლებად ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე.
– მართალია. სერბეთის ძალიან ღირსეული პატრიარქი, რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა, ამბობდა ასეთ რამეს: „როცა სერბეთში ალბანელი მრავლდება და ჰყავს 5-6 შვილი, სერბს კი – 1-2 შვილი, სერბების მიწას ღმერთი გადასცემს ალბანელებს.” საქართველოში ასე არ არის? ყველაზე ცოტა შვილი საქართველოში ქართულ ოჯახებშია. რატომ ვერ ნახულობენ ახალგაზრდები მოსაწონ გოგონებს, როგორ შეიძლება, ყველა ცუდი იყოს ან შეუხედავი? ან, შენ ვინ ხარ, რომ ასე ფიქრობ და ამბობ, რომ შენი მოსაწონი არავინ დაიბადა? თავად დაფიქრდი: რას წარმოადგენ, ვინ ხარ? გოგონები ხშირად ამბობენ – რა ვქნა, არ მოვწონვარო. თუ კარგი გოგო ნახე, მიდი და მოიყვანე ცოლად. ახლა, სამწუხაროდ, იმას კითხულობენ: მამას აქვს თუ არა ფული, რა მანქანას აჩუქებს სიმამრი და ასე შემდეგ. არავის არ უნდა, თავი შეიწუხოს და ამ ყველაფრის გამო ცოტა ხანში საქართველოში ქართველები უმცირესობაში ვიქნებით – ამის ნიშნები უკვე არსებობს. დღეს სიყვარულსაც აღარავინ აქცევს ყურადღებას – რაღა დროს სიყვარულია, ვიღას უყვარს დღეს გოგო, მთავარია, მას სექსუალურად კარგად შეეწყოო. გაუაზრებლად იქმნება ოჯახები: არა უშავს, პირველი თუ არ გაგიმართლა, მეორე ან მესამე გაგიმართლებს საპატრიარქოში იმ ადამიანების რიგი დგას, ვისაც მეორედ, მესამედ სურთ ქორწინება. უკვე მაგიური დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ – ეკლესია უნდათ იმისთვის, რომ დაიწერონ ჯვარი, მონათლონ ბავშვი და მერე ჯვარი აიყარონ. არაერთხელ მითქვამს, რომ „ჯვრის აყრა“ მოგონილი ტერმინია, არ ხდება ასეთი რამ. უბრალოდ, თუ რაღაც მოხდა, დაშორდი მეუღლეს და მეორედ გინდა დაოჯახება, მიდი ქორეპისკოპოსთან და მას სთხოვე კურთხევა მეორედ ქორწინებაზე – ის გაძლევს ამის უფლებას.
– დღეს მოკრძალებაც და მორცხვობაც ჩამორჩენილობად ითვლება.
– დიახ, სამწუხაროდ, ასეა – მორცხვი ხარ – ესე იგი, ჩამორჩენილი ხარ. გოგონას კაბა თუ აუფრიალდება და გაწითლდება, ეუბნებიან: კარგი რა, არ გრცხვენია? გაიხედე, ვიღას აცვია ასე... სექსი როგორ არ უნდა გქონდეს ქორწილამდე – არ უნდა გაიგო, შენი პარტნიორი როგორია? დღეს კდემამოსილება და მოკრძალება, სამწუხაროდ, სირცხვილად მიიჩნევა. თუ გოგონას გრძელი კაბა აცვია და ნაწნავი აქვს – გოიმი და ჩამორჩენილია. ვაჟი თუ მშობლებს ეკითხება აზრს და სახლში ადრე მიდის – ისიც ჩამორჩენილია. დღეს ბევრი დედ-მამა თავისი უგუნური საქციელით ცუდ გავლენას ახდენს შვილზე და მერე იმკიან ამ ყველაფერს.