მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: აქვს თუ არა მოძღვარს უფლება, საჯაროდ გაამხილოს მორწმუნის მიერ მისთვის აღსარებაზე განდობილი ცოდვები?
პასუხი: მოძღვარს აღსარებაში ნათქვამი ცოდვების გამხელის უფლება არ აქვს. ამით ის დაარღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოს წესსა და კანონს. დათესავს უნდობლობას, სინანულს წმინდა საიდუმლოს მიმართ. თუმცა, ზოგადად, ცოდვაზე მოძღვარმა შეიძლება ისაუბროს ქადაგების დროს, ოღონდ დაკონკრეტების გარეშე.
კითხვა: ვინ არიან ქერუბიმები და სერაბიმები?
პასუხი: ქერუბიმები და სერაბიმები არიან უფლის უმაღლესი ანგელოზები, რომლებიც ყველაზე ახლოს დგანან ღმერთთან. ხოლო, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ ლოცვაში წარმოვთქვამთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა“, ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ყველა ზეციურ ძალაზე მაღლა დგას.
კითხვა: რა ძალები გვეღობებიან სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე?
პასუხი: სასუფევლის მოპოვებისთვის სამი უმთავრესი მტერი ჰყავს ადამიანს: პირველი – ხორციელი ზრახვებით, ცოდვით ვნებული ჩვენი ბუნება, მეორე – ხალხი, ვინც დაცემული სულით ცხოვრობს, ანუ ურწმუნონი და მესამე – ეშმაკი. ყველა ისინი გვიბიძგებენ იმისკენ, რომ ჩვენ უფლის ნების საპირისპიროდ, მათ ნებას დავექვემდებაროთ და დავკარგოთ ცათა სასუფეველი.
კითხვა: რომელი ფსალმუნი წავიკითხოთ. რეალური მტრების ყოლის დროს?
პასუხი: წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი, რომელიც დაგიცავთ ბოროტებისგან.