როგორ უკუაქცია პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატმა ოსმალთა ლაშქარი
1597 წელს პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატმა პოჩაევოს სავანეში დაიდო ბინა. მალე მთაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აღიმართა.
მემამულე ანა გოისკის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც პოჩაევოს მთისა და მის ირგვლივ მდებარე ადგილ-მამულებს ფლობდა, მთელი მისი ქონების პატრონი მემკვიდრეობით ვინმე ანდრია ფირლეი გახდა, რომელიც, სამწუხაროდ, მწვალებელი (ლუთერანობის აღმსარებელი) იყო. პოჩაევოს მონასტერსა და იქ მოღვაწე ბერებს დასანახად ვერ იტანდა და მუდამ მათ მოსპობასა და შევიწროებას ცდილობდა. მალე ანდრიამ მონასტერს მიწა და ტყეები ჩამოართვა, ბერები აცემინა და სენაკები დაუწვა, ხალხს კი მონასტერში დაბრძანებული ყოვლადწმიდა ქალწულის ხატისა და მისი ღვთაებრივი ნატერფალის თაყვანისცემა აუკრძალა. ბოლოს იქამდე გამძვინვარდა, რომ მონასტრიდან ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის გატაცება განიზრახა. 1623 წელს ანდრია ფირლეი, თავის მრავალრიცხოვან თანამებრძოლებთან ერთად, მონასტერს თავს დაესხა, მისი სალარო გაძარცვა და მარადქალწული მარიამის ხატიც გაიტაცა. მკრეხელმა ესეც არ იკმარა, მან თავის მეუღლეს ნაძარცვი საეკლესიო სამოსელი ჩააცვა, ხელთ წმიდა ბარძიმი დააკავებინა და ისე შეიყვანა იმ დარბაზში, სადაც მისი თანამეინახე თანამებრძოლები ღრეობდნენ. ანდრიამ მეუღლეს დარბაზში სიარული და მართლმადიდებლობისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გმობა უბრძანა. ქალმა ანდრიას ბრძანება ხალისით აღასრულა. მაგრამ უფლის სამსჯავროს სასტიკმა სასჯელმაც აღარ დააყოვნა. მას უმალ ბოროტი სული დაეუფლა და მძვინვარე წამება დაუწყო. შეშინებულმა მწვალებელმა მარადქალწული მარიამის სასწაულმოქმედი ხატი და ნაძარცვი ქონება კვლავ პოჩაევოს მონასტერში დააბრუნა და იქაურობას სწრაფად გაეცალა.
სავანეში დაბრუნებული წმიდა ხატიდან კვლავ მრავალი სასწაული აღესრულა. ხატის დიდება მთელს რუსეთში გაბრწყინდა და სავანისაკენ ურიცხვი მომლოცველი კვლავ უწყვეტ ნაკადად დაიძრა.
ამ ურიცხვ სასწაულთაგან, რომელიც პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულდა, განსაკუთრებით იხსენებენ 1675 წელს – მარადქალწული მარიამის მეოხებით სავანის თურქთა ლაშქრისაგან გადარჩენას. უსჯულოთა მხედრობა უკვე მონასტრის კედლებთან იყო მომდგარი. ბერებმა თავისი სასოება ზეციური დედოფლის მოწყალებაზე დაამყარეს, ხატის წინ დაუჯდომელს გალობდნენ და ჩაგრულთა მეოხს შემწეობას სთხოვდნენ. მოულოდნელად მლოცველ ბერთა წინაშე ბრწყინვალე სამოსით შემოსილი დედა ღვთისმშობელი გამოცხადდა, რომელსაც გარს ხმალშემართულ ანგელოსთა დასი ერტყა. იმავე წამს თურქთა ლაშქარს ისეთი თავზარი დაეცა, რომ მათ უკანმოუხედავად იწყეს გაქცევა და მალე მონასტრის შემოგარენიდან მთლიანად გადაიხვეწნენ.
1770 წელს პოჩაევოს მონასტერს უნიატები (უნია – კათოლიკური და ზოგიერთი სქიზმაში – განხეთქილებაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება რომის პაპის მეთაურებით; მათი მიმდევრები) დაეპატრონნენ, რომლებმაც ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულთა აღსაწერად საგანგებო კომისია შექმნეს. კომისიის მიერ მოპოვებული ცნობებიდანაც ცხადად ჩანს, რომ პოჩაევოს მონასტერში დაბრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისგან იკურნებოდნენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ უნიატები, ლათინები და თვით ურიებიც, რომლებიც სასწაულებრივი შეწევნის შემდეგ მართლმადიდებლად ინათლებოდნენ.
1831 წელს პოჩაევოს სავანე კვლავ მართლმადიდებელთა ხელში გადავიდა. მას შემდეგ მონასტერს სახელად პოჩაევოს მიძინების ლავრა ეწოდა.
პოჩაევოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი და იქ დაბრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ასევე ზეციური დედოფლის მიერ ლოდზე აღბეჭდილი წმიდა ნატერფალი, მთელი რუსეთის უდიდეს სიწმიდეებად მიიჩნევა და მათ მოსალოცად ოდითგანვე ურიცხვი მორწმუნე მიეშურება.