ჭეშმარიტი სარწმუნოება
წმიდა იოანეს ლოცვა-ვედრება უფალმა შეისმინა
ერთხელ ათონზე დიდი გვალვა იყო. ივნისმა, ივლისმა და აგვისტომ უწვიმრად განვლო და მიწას ძალიან გაუჭირდა, ისე რომ, ხისა და ვაზის ფოთლები გახმა და ცვიოდა. ხალხი დიდ საგონებელში ჩავარდა. ათონზე, ქართველთა მონასტერში წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაა. წმიდა ელიას დღესასწაული რომ მოახლოვდა, მამა იოანემ დილით ადრე თავის შვილს, ექვთიმეს უბრძანა: „წაიყვანე ძმები და წადი ელიას ტაძარში, ღამე გაათიეთ და ლიტურგია აღასრულეთ“. როდესაც ამას ეუბნებოდა, მის წინაშე მრავალი მამა იყო შეკრებილი. ნეტარმა ბერმა თითქოს ხუმრობით უთხრა მათ: „ყრმანო, საწვიმრებიც თან წაიღეთ, რამეთუ ვესავ უფალს, რომ ამაოდ არ ჩაივლის ჩვენი ლოცვა“. მამები წავიდნენ და ღამე გაათენეს. ლიტურგიის დრო რომ მოახლოვდა, წმიდა მამა ექვთიმე შეიმოსა, და, როგორც კი ლოცვა დაიწყეს, პირველი სახარების წაკითხვის დროს, მთის თავს ზევით პატარა ღრუბელი გამოჩნდა. სულ მალე ცა ღრუბლებით დაიფარა, ზიარებამდე საშინელი წვიმა წამოვიდა და მთელი ქვეყანა დაალბო. ეს რომ მამებმა იხილეს, უფალს ხელაპყრობილნი სწირავდნენ მადლობას. ლიტურგიის აღსრულების შემდეგ საზრდელი მიიღეს და შინ წამოვიდნენ. ის ძმები, რომლებსაც საწვიმრები ჰქონდათ, იოლად დაბრუნდნენ მონასტერში, ვისაც არა – დიდი შრომითა და გაჭირვებით, თუმცა, ორივე ჰმადლობდა უფალსა და ნეტარ მამა იოანეს.
თესალონიკელი დიაკონი და წმიდა ილარიონ ქართველი
ერთხელ ერთი თესალონიკელი დიაკონი თავის ვენახში გავიდა. წარმართებმა შეიპყრეს იგი და ტყვედ წაიყვანეს. მას წმიდა ილარიონი გაახსენდა და ევედრებოდა, ელოცა მისთვის. იმ ღამით შეკრულ დიაკონს ძილში წმიდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: „აღდექ, დიაკონო, ნუ გეშინია“. გამოღვიძებულმა დიაკონმა აღმოაჩინა, რომ ბორკილები ახსნილი ჰქონდა. ადგა, ლაშქარში ისე გაიარა, რომ ვერავინ შეამჩნია. შინ დაბრუნდა, ქადაგებდა და საკვირველების შესახებ ყველაფერი წმიდანს უამბო.