როგორ შევარჩიოთ ამულეტი სწორად, რომ მან ბედნიერება მოგვიტანოს და რა თილისმური დატვირთვა აქვს ხის ღილებს
გამოცდილი, ასაკში შესული ადამიანები ამბობენ, რომ თუ იმ პატარა ნიუანსებს გაითვალისწინებთ, რაც წინაპრებმა ეგრეთ წოდებული ცრურწმენების სახით დაგვიტოვეს, მაშინ, ყველაფერი რიგზე იქნება და ეს ყოველივე კონკრეტული მიზნებისა და სურვილების ახდენაშიც დაგვეხმარება. ამ აზრს ეზოთერიკ-ფსიქოლოგი, ქალბატონი ნინოც ეთანხმება და ამბობს, რომ ჩვენი ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული თილისმასთან.
ნინო: დღეს, მოდაში შემოვიდა სხვადასხვაგვარი სამკაულის ტარება და ალბათ, ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი ხშირი გაკეთება, ერთგვარ თილისმურ ძალას იძენს, ცხოვრებაში გვეხმარება და გვიცავს მთელი რიგი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში.
– როგორ იღებს ადამიანი იმ ენერგიას თილისმიდან, რომელიც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება?
– თილისმა საჭირო და სასარგებლო ენერგიას გადასცემს მას, ვინც ატარებს. ამულეტად კი ნებისმიერი ნივთი შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ, ის უნდა დამუხტოთ დადებითი ენერგიით, რომ ბედისწერასთან დაგაკავშიროთ და თქვენს იღბალზე იმოქმედოს. გეტყვით, რომ თილისმა ინდივიდუალური უნდა იყოს. მისი არასწორი ტარებისას კი ირღვევა ამულეტის კავშირი ბედისწერასთან და მისმა გავლენამ შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ. ევროპაში, თითქმის ყველა ადამიანი ატარებს ამულეტს და სჯერათ, რომ წარმატებას იბედებენ. ამულეტი, რომელიც ზუსტად თქვენთვისაა დამზადებული და დამუხტული, მუდამ თქვენს გვერდით უნდა იყოს, ეხებოდეთ მას, ხედავდეთ ყოველდღიურად. კიდევ ვამბობ, ის ინდივიდუალურია და შესაძლოა, სხვისმა ამულეტმა თქვენ ბედნიერება ვერ მოგანიჭოთ.
– როგორ შევარჩიოთ ამულეტი სწორად, რომ ბედნიერება მოგვანიჭოს?
– გირჩევთ, თილისმად ისეთი ნივთი შეარჩიოთ, რომელიც გლუვია და არ აქვს წვეტიანი კუთხეები. სხვა მხრივ მის ფორმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ძალიან მოგეწონოთ. მასთან ენერგეტიკული კავშირი რომ დაამყაროთ, საჭიროა, მუდამ თან გქონდეთ, მაგალითად, სუფრასთან, საწოლში, მანქანაში და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნივთი თქვენს კანს უნდა ეხებოდეს.
– არ შეიძლება, ჩანთით ან საფულით ვატაროთ?
– უმჯობესია, თუ ამულეტს გულზე დაიკიდებთ და ატარებთ დღისითაც და ღამითაც. თუ გინდათ, რომ კონკრეტულ ნივთს თილისმის თვისებები მიანიჭოთ და თქვენს ბედსა თუ კარიერაზე სასიკეთოდ იმოქმედოს, ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ. ძილის წინ ადამიანი ფიქრობს კონკრეტულ საკითხზე, საკუთარ თავში იკეტება, ფაქტებს აანალიზებს და აწყობს მომავლის გეგმებს. ამ დროს ქვეცნობიერი აქტიურად აგრძელებს მუშაობას, გულზე დაკიდებული ამულეტი კი ნელ-ნელა იმუხტება. დილით მას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია თქვენთვის. ამულეტსა და ბედისწერას შორის რომ უდიდესი კავშირია, ეს ფაქტია და ამაში ბევრი თავად დარწმუნდა კიდეც. თქვენთვის სასურველი ამულეტი, დამუხტეთ თქვენს სასიკეთოდ და ოცნებები მარტივად აიხდინეთ. ასევე, კარგი იქნება თუ, ხის ლამაზ ღილს მიაკერებთ იმ ტანსაცმელს, რომელსაც ხშირად იცვამთ. მალე მიხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ძვრები დაიწყება.
– კონკრეტულად, რა სასიკეთო ძვრებს ველოდოთ?
– ხის ღილის ტარება ადამიანს ეხმარება აიცილოს ნეგატიური ფიქრები, ცუდი აურა, რომელიც გარშემო მყოფებისგან მოდის, გახდეს თავდაჯერებული და დაიმუხტოს დადებითი ემოციებით. ეს, კი, ბევრი ადამიანსთვის სასურველ პარტნიორად და კომპანიონად გაქცევთ. აბა, ვის რაში სჭირდება ცხვირჩამოშვებულ და წუწუნა ადამიანებთან ურთიერთობა? სილაღე და თავდაჯერებულობა, ნებისმიერს ხდის უფრო მიმზიდველს. მაღაზიაში შეგიძლიათ, ასეთი ხის ამულეტური, ხის ღილი შეარჩიოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ არ დააკეროთ ის ტანსაცმელს. ჯობია, ეს მზის ჩასვლამდე გააკეთოთ, რადგან, უძველესი გადმოცემით, არ ვარგა ნემსისა და მაკრატლის ხმარება ღამის საათებში. ეს არა მარტო ღილის დაკერებას, არამედ, რაიმეს გაჭრას და შეკერვასაც გულისხმობს. ესეც უძველესი ეზოთერიკული კანონია და ამასაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. მაგრამ, თუ ბედს მიენდობით და ამბობთ: რაც მიწერია, არ ამცდებაო, მაშინ, ნუღარც დაიწუწუნებთ, რომ წარუმატებელი და უიღბლო ხართ.
– თილისმის თვისებას მხოლოდ ხის ღილები იძენს?
– არა, რატომ? უბრალოდ, ეს უფრო ძლიერი ამულეტია, თორემ, ასევე კარგია თუ, აიღებთ ერთ წითელ, ერთ ლურჯ და ერთ ოქროსფერ ღილს და იმ ჩანთის სარჩულს მიაკერებთ, რომელსაც ყოველდღე ატარებთ. ის ერთგვარი თილისმა და დამცველი იქნება თქვენთვის და ესეც ბედნიერებას და წინსვლას გიქადით. თუმცა, არამც და არამც არ იქონიოთ სახლში გატეხილი ღილი. ეს ცუდის ნიშანია. ასევე, თუ ტანსაცმელზე ღილი გატყდა, ის სასწრაფოდ მიუშვირეთ გამდინარე წყალს. შემდეგ ცეცხლის ალზე შემოატარეთ და ისე გადააგდეთ. ამით თავს დაიცავთ შესაძლო საფრთხისგან. ხის სამკაულების ტარებასაც მსგავსი დატვირთვა გააჩნია. კერძოდ, თუ ხისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებთ, ის თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს და გათვალვისგან და ავი მზერის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაგიცავთ. გათვალვის საწინააღმდეგოდ ხის სამკაული ერთ-ერთი უძლიერესი დამცველია. ტყუილად როდი ვახსენე ავი მზერა... ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან მისი მზერა ისე ზემოქმედებს, რომ მისთვის იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია. არსებობს, ასევე, გათვალვით გამოწვეული სხვა უსიამოვნებებიც, მაგალითად, უბედური შემთხვევა, ნერვული შეტევა, წარუმატებლობა, უიღბლობა და ასე შემდეგ. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის ცხოვრების რეალურად შეცვლა, უბედურების ან ბედნიერების მოტანაც შეუძლია. ასე რომ, დამიჯერეთ, ავი თვალიც არსებობს და ადამიანებისგან გათვალვაც რეალურად შესაძლებელია. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, იმ მისიით ვართ მოვლენილნი, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება. ამით კი, ხელი შევუწყოთ ჩვენსავე მომავალს და გარშემო მყოფების ცხოვრებაც სასიკეთოდ შევცვალოთ. ამიტომ, როდესაც ადამიანებს ჩვენს გამოცდილებასა და ეზოთერიკულ თუ პარაფსიქოლოგიურ ცოდნას ვუზიარებთ, ამით მათთვის დიდი სიკეთე მოგვაქვს.