კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცდილობს ზოგიერთი ქალი სხვა ქალის ბედნიერების დანგრევას

სასიყვარულო სამკუთხედი კვლავ დიდ პრობლემად რჩება. არსებობენ ქალები, რომლებიც არად დაგიდევენ სხვის ბედნიერებას, პირად ცხოვრებას და მოურიდებლად იჭრებიან მასში. მათ თავიანთი სიმართლე აქვთ: „სიყვარულმა გარჩევა არ იცის“, „მესამე არ ანგრევს ოჯახს“, „მიეხედა თავისი ქმრისთვის“, „მე არ ვიქნებოდი, სხვა იქნებოდა“... ერთი სიტყვით, თუ გინდა, მართალი გამოჩნდე, თავის გამართლების საშუალებას მოძებნი. თუმცა, ალბათ, არ გვაწყენდა ცოტა მეტი დაფიქრება და გულისხმიერება – თანადგომა ერთურთის მიმართ, მით უფრო, იმავე სქესის წარმომადგენლებისადმი, რომელსაც თავად მივეკუთვნებით.

 ლენუკა (35 წლის): იმის გარდა, რომ იმ ქალმა ჩემი ქორწინება შეიწირა, ცხოვრება დამინგრია და სიხარული წამართვა – მეც მორალურად და პიროვნულად გამანადგურა. ერთადერთი, ვინც ახლა მყავს და თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდე, ჩემი პატარა შვილია... ქმრის გვერდით კი ვცხოვრობ, მაგრამ არაფერს ვგრძნობ მის მიმართ. აგრესიაც კი აღარ შემრჩა, იმდენად გამოვიფიტე და დავიცალე... სულ ცოტა ხნის წინ ჩემი პრობლემა ჯიბრში ჩამდგარი თანამშრომელი და ჭირვეული პაციენტი იყო. ახლა, ამ ყველაფერზე მწარედ მეღიმება. თურმე, როგორი სანერვიულო მელოდა წინ და წარმოდგენაც არ მქონდა... მერე კი, ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, სიყვარული მეწვია და ეს გრძნობა ჩემზე ძლიერიაო. უცებ სამყარო ჩამოინგრა, დაიგრგვინა და ორად გაიყო. ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. მანამდე აზრადაც არასდროს მომსვლია, მთელი შვიდი წლის განმავლობაში, რომ ჩემს ქმარს შეეძლო, ასე, უცერემონიოდ და მარტივად ეღალატა. პირდაპირ მითხრა, რა ვქნა, სხვა მიყვარსო. არც კი მოერიდა. მას რომ ჰკითხოთ, კაცურად მოიქცა. საშინელებაა, როცა კაცი საზიზღრად იქცევა, მაგრამ თავი მაგარ ტიპად მოაქვს.
– თქვენ არ შეგიმჩნევიათ მისთვის, რომ ვიღაც ჰყავდა?
– არა. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით. ნორმალურად. რა უნდა შემემჩნია? ეტყობა, თავიდან ორ ფრონტზე მოქმედების იმედი ჰქონდა და არ გამოუვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ იმ ქალსაც დაეძალებინოს. მოსწყინდა ჩრდილში ყოფნა და „სიყვარულის ლეგალიზების“ სურვილით შეპყრობილმა, ჩემი ქმარი რადიკალურ გულახდილობამდე მიიყვანა. როცა სუნთქვაშეკრულმა, ტირილით ვკითხე, ასე რატომ მომექეცი-მეთქი, სრულიად გამაოგნებელი რაღაც მითხრა: სიყვარული სამუდამო არ არის. პატარა ვიყავი, როცა შენთან ურთიერთობა დავიწყე და მეგონა, ჩემი ცხოვრების მთავარი ქალი ვიპოვე. შევცდი, ვის არ მოსვლია... მე შენ წინაშე დამნაშავე არ ვარ. ეს იმან მითხრა და თვალები ამიხილაო.
– „იმან“, ანუ საყვარელმა?
– დიახ. პრობლემაც ესაა. „იმან“ აუხილა თვალები და ჩაუნერგა, რომ, თუ დამშორდებოდა, საკუთარ სინდისთან  მართალი იქნებოდა. რატომ იბადებიან ასეთი ქალები საერთოდ – მიპასუხეთ...
– ფიქრობთ, რომ ყველაფერში დამნაშავე ის ქალია?
– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდწილად სწორედ ის არის დამნაშავე. კაცის ტვინის არევას რა უნდა. ქალმა არ უნდა იკადრო და სხვის „სივრცეში“ არ შეიჭრა. ჩემი ქმარი ისეთი ტექსტებით მელაპარაკებოდა, აშკარად იმ ქალისგან იყო დარიგებულ-დაპროგრამებული... შვიდი წელი ცოტა არ არის. როგორ ძალიანაც უნდა უყვარდეს ჩემი ქმარი იმ ქალბატონს, ჩემზე კარგად მაინც არ ეცოდინება მისი ხასიათი და ბუნება. ძალიან დამყოლია და ადვილად შეიძლება, მასზე ზეგავლენა მოახდინო. დარწმუნებული ვარ, იმ ქალმა აუცრუა გული ოჯახზე, ჩემზე... ყველაფერზე, რაც იქამდე ერთად გვქონია. მიმტკიცებდა, ეს არის ნამდვილი სიყვარული და არა ის, რაც ჩვენ გვაკავშირებდაო.
– გამორიცხავთ, რომ მართლა უყვარს?
– დიახ, გამოვრიცხავ. ატეხილია და ტვინამობრუნებული. შეუიარაღებული თვალითაც დაინახავ ამას. ზოგჯერ მეცოდება, მაგრამ თავისი ბრალია, რა უნდოდა იმ ქალთან?! როცა ტირილი დავიწყე, ეგრევე გამოაჩინა რეალური სახე ჩემმა ქმარმა – გულწრფელად შეწუხდა: მე შენც მიყვარხარ, მეძნელება ავდგე და წავიდე, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცე, არ ვიციო.
– ანუ, ორივესთან მინდაო?
– ასე გამოუვიდა. ისე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, ისე ცუდად ვარ, გული ნაწილებად მეყოფა. არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო, ძალიან მიყვარს; მიუხედავად ყველაფრისა, დაველოდო, მოვლენები როგორ განვითარდება და თვითონ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ სკანდალი მოვუწყო... ან კისერზე ჩამოვეკიდო და შევეხვეწო, სულ ჩემთან დარჩეს და ის დაივიწყოს. თუმცა, ის ქალი არ მოასვენებს. ესეც პრობლემაა. ეტყობა, გადაწყვიტა, ბოლომდე დამანგრიოს და გამანადგუროს.
– რატომ უნდა უნდოდეს ეს? თქვენ ხომ არაფერი დაგიშავებიათ?
– როგორ არ დამიშავებია – მე ვარ ცოლი, ის კი – საყვარელი. ეგ სტატუსს არის გამოკიდებული და ზოგადად, მივხვდი – ამ ტიპის ქალებს პათოლოგიურად სძულთ ცოლები. არ ვიცი, ეს რა ფენომენია, მაგრამ ფაქტია.
– თქვენი ქმარი უკვე წავიდა მასთან?
– ვერც მიდის, ვერც ისვენებს, გაწამდა. მეც გავწამდი და დავიტანჯე ნერვიულობით. საყვარელ კაბაზე ან ფეხსაცმელზე რომ ჩაგეზიარება ვინმე, ამის ატანა გიჭირს და საყვარელი ადამიანი როგორ უნდა გაუყო სხვას? ხან მოდის, მეხუტება და დახმარებას მთხოვს... ხან ჩემი დანახვა არ უნდა. წარმოიდგინეთ, როგორ ვიქნები?! შიგნით ყველაფერი მიდუღს და მიკვირს, როგორ ვახერხებ მეტ-ნაკლებად სიმშვიდის შენარჩუნებას. თან, ეს ქალიც არ ისვენებს. მწერს მესიჯებს. არ იღლება, შემახსენოს, რომ ქმარი მარტო მე აღარ მეკუთვნის. როგორ ავიღო თავზე ხელი და როგორ მივუჩინო მისი კუთვნილი ადგილი. მაშინ, მეც მისნაირი უნდა გავხდე. ფსკერზე დავეშვა და გავაკეთო ის, რაც ჩემთვის მიუღებელია. როცა ზოგჯერ ჩემი ქმარი სახლში მოსვლას აგვიანებს და ვხვდები, რომ იმასთან არის, სიცარიელის განცდა ჭკუიდან მშლის. ნერვების ომია... ეტყობა, ის ქალი ხვდება, რომ დიდხანს ვეღარ გავუძლებ და დავთმობ პოზიციებს. მერე უკვე აშკარად გამოვა სცენაზე. სიტუაციას მთლიანად დაეპატრონება და მე სულ მარტო დავრჩები. ცხოვრება მენგრევა, სად შემეშალა? საკმარისად არ მიყვარდა ჩემი ქმარი? საკმარისად არ ვაქცევდი ყურადღებას? რა იქნება, ჩემი მომდევნო ნაბიჯი... ერთი სიტყვით, სრულ გაურკვევლობაში ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებას ვაანალიზებ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, გავაანალიზო – მაინც, რატომ ამოირჩია ჩემმა ქმარმა სხვა ქალი.
– იქნებ, ჯერ არც ამოირჩია...
– მაგის იმედი მაქვს მეც. იქნებ ჩემი ქმარი მიხვდეს, როგორია ის სინამდვილეში – სხვისი ბედნიერების, სხვისი სიხარულისა და სიყვარულის ქურდი, უსულო და უგულო. ერთი იდეა მაქვს – გლოვას მოვრჩე და უფრო მყარად დავდგე ფეხზე. თავსაც მივხედო და ჩემს ქმარს დავანახვო, რომ არავიზე ნაკლები ქალი არ ვარ. ვერ ვიფიქრებ იმაზე, რომ შეიძლება, ერთ დღეს ქმარმა მიმატოვოს. უნდა გავუძლო, უნდა მოვიგო ნერვების ეს ომი.

скачать dle 11.3