როგორ შევინარჩუნოთ სასიცოცხლო ტონუსი და ვაკონტროლოთ იმუნიტეტი
სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა. გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება ცვეთს სისხლძარღვებს, უკარგავს ელასტიკურობას, იხშობა წვრილი ძარღვები, რასაც სპაზმები, თავის ტკივილი და მთელი რიგი უსიამოვნებები მოსდევს.
ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე ჰიპერტონიაა.
კოორდინაციის დაკარგვის, თავბრუხვევის, თავის ტვინის სპაზმების დროს უნდა მიიღოთ მცენარეული ნედლეულით დამზადებული წამლები, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლასა და წნევას, წმენდს კაპილარებს ცხიმოვანი დანალექებისგან, აღადგენს ძარღვების ელასტიკურობას და ასე შემდეგ.
დაძაბულობისა და გადაღლის დროს უნდა მიირთვათ საქონლის ღვიძლი ან ტვინი, ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის, ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული. C ვიტამინი, რომელსაც უხვად შეიცავს ფორთოხალი და გრეიპფრუტი და წმენდს ტვინის სისხლძარღვებს. კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტებიც – ეს აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ აქტივობას.
იმუნიტეტი ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობაა გარე და შიდა გამღიზიანებელთა მიმართ. როდესაც ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, მას სუსტი იმუნიტეტი აქვს.
იმუნურ პროცესებზე პასუხს აგებს ლიმფოციტები და მონოციტები. ამ უჯრედების რაოდენობის საგრძნობი მატება, ანუ, თუ ლიმფოციტები დაახლოებით ორმოც პროცენტს აღემატება, მონოციტები კი ათ-თხუთმეტ პროცენტზე მეტია, ეს იმუნური სისტემის გადაძაბვაზე – ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პროცესზე მეტყველებს. მაგრამ, თუ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია. ასევე, სისხლში არსებობს სპეციალური იმუნოკომპეტენტური ცილები – იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც იმუნიტეტის მდგომარეობაზე მიუთითებს. ადამიანი რომ მხნე, ჯანმრთელი და შრომისუნარიანი იყოს, აუცილებელია, მისი იმუნიტეტი გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებდეს საერთო ნორმებს.
როგორ უნდა იკვებოთ ქრონიკული პანკრეატიტის დროს
პანკრეასი გამოყოფს ჰორმონ ინსულინს და მის საწინააღმდეგო გლუკაგონს. აქვს მეტად მნიშვნელოვანი გარეგანი სეკრეციის ფუნქციაც. მის მიერ გამოიყოფა საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტები. პანკრეასის წვენის უკმარისობის დროს ძნელდება ცხიმების მონელება.
პანკრეასის ინსულარული აპარატის დაზიანება იწვევს შაქრიან დიაბეტს, ფერმენტული ნაწილის ანთება კი – პანკრეატიტს. პანკრეატიტი, შესაძლოა, იყოს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობის. ეს იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვისაც აქვთ ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი და ასე შემდეგ. დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება დიეტის დარღვევა, მწარე და ცხიმიანი საჭმლის, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება, არასრულფასოვანი კვება და ასე შემდეგ. პანკრეატიტის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია ნაწლავებში მისი წვენისა და ნაღვლის გადასვლის პროცესის დარღვევასთან, რასაც შედეგად მოჰყვება პანკრეასის ქსოვილის თვითმონელება.
მწვავე პანკრეატიტი მუცლის შეტევითი, მწვავე ტკივილით იწყება. ავადმყოფს აღენიშნება ხშირი ღებინება. ამ დროს მდგომარეობა ძალიან რთულია და სერიოზული. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ნაწლავთა გაუვალობის მიზეზიც კი გახდეს. ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევებში კი ადამიანს აწუხებს მუცლის შებერვა, ბოყინი, შეკრულობა, ან, პირიქით – ფაღარათი; აღინიშნება ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და მარჯვენა ფერდქვეშ. თუ ქრონიკული პროცესი გამწვავდა და ადამიანმა დროულად არ უშველა თავს, შესაძლოა, განვითარდეს მწვავე პანკრეატიტი.
ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი დიეტის სათანადო დაცვაა. ამ დროს საკვები უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი, მაგრამ ცილებით გაჯერებული; ასევე, ის უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და ნახშირწყლებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქოლეცისტიტის სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარებას.
ცხიმიანი და ცხიმში შემწვარი პროდუქტები იწვევენ დაავადების გამწვავებას. ამიტომ, გირჩევთ, მოერიდოთ მსგავსი საკვების მიღებას. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და მოგიწიათ მათი ჭამა, სასწრაფოდ დააყოლეთ მათ ფერმენტული პრეპარატი, რათა მოხდეს ცხიმის დროული ნეიტრალიზაცია.
ნაღვლის ბუშტის ანთების დროს საჭიროა მკაცრი დიეტა და სამკურნალო ვარჯიში
ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. მის განვითარებაში ორი ფაქტორი მონაწილეობს: პირველი – ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ნაღვლის ბუშტში სხვადასხვა გზით ხვდება – ნაღვლის სადინარიდან, სისხლიდან და ლიმფიდან, იქ იბუდებს და იწვევს დაავადებას; და, მეორე – ნაღვლის შეგუბება – ნაღველი ნაღვლის ბუშტში გამომუშავდება, იქიდან კი სადინარით გადაისროლება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში. ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, გახდეს პარაზიტული დაავადებები, მწვავე პანკრეატიტი, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების დარღვევა, მემკვიდრეობითი ფაქტორები. თუ ნაღვლის ბუშტში კენჭებია, ქოლეცისტიტი მეტად მწვავდება.
ქოლეცისტიტის განვითარებასა და გამწვავებას ხელს უწყობს კვების რეჟიმის შეცვლა, ცხარე, ცხიმიანი, შებოლილი საკვების ჭამა; ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა, ალკოჰოლის დალევა. მწვავე ქოლეცისტიტს თან სდევს ძლიერი შეტევითი ტკივილი წელის მარჯვენა მხარეს, მხარში და ბეჭის მიდამოებში. ტკივილს თან ერთვის გულისრევის შეგრძნება. ამ დროს არ არის გამორიცხული ტემპერატურის მომატებაც. ქრონიკული ქოლეცისტიტი კი ყრუ ტკივილითა და ნაღვლის ბუშტის არეში ტკივილით ვლინდება, თან სდევს პირში მწარე გემო და გულისრევა. ამ დროს აუცილებელია, დაიცვათ მკაცრი დიეტა.
ზოგადად, ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზებიდან მთავარია ნაღვლის შეგუბება, რასაც ხელს უწყობს არარეგულარული და ჭარბი კვება, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, საქმიანობის პირობები, ორსულობა, შეკრულობა, ინფექცია. ქოლეცისტიტი შეიძლება იყოს კენჭოვანი და არაკენჭოვანი, ქრონიკული და მწვავე.
მწვავე ქოლეცისტიტის შეტევა ხშირია ცხიმიანი საკვების მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ამ დროს საჭიროა სასწრაფოდ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე არ შეიძლება სათბურის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება, საფაღარათო საშუალებების მიღება და სხვა.
ნაღვლის ნორმალურ დენას ხელს უწყობს სამკურნალო ვარჯიში. ქრონიკულად მიმდინარე ქოლეცისტიტის დროს ავადმყოფი უნდა სვამდეს იმ მედიკამენტებს, რომელსაც ექიმი საჭიროებისამებრ უნიშნავს. კენჭების არსებობისას კი დროულად უნდა გაკეთდეს ოპერაცია.
რა ახასიათებს წითელ ქარს და რას იწვევს მისი დაგვიანებული მკურნალობა
წითელი ქარი მწვავე სტრეპტოკოკური ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. მას ახასიათებს კანისა და ლორწოვანი გარსების ანთება, ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია. დაავადება კი ვითარდება: გარედან – დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად, შიგნიდან კი – ორგანიზმში არსებული სტრეპტოკოკური ინფექციის კერიდან მიკრობის ლიმფოგენური ან სისხლით გავრცელებით. დამახასიათებელია სეზონურობა და მწვავდება სიცხეში. წითელი ქარის ორი ფორმა არსებობს: პირველი ერითემიული, როცა აღინიშნება მკვეთრად შემოსაზღვრული სიწითლე და, მეორე – როცა კანზე წარმოიქმნება სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც შემდგომ, შესაძლოა, დაჩირქდეს. დაავადებას წინ უსწრებს ლიმფური კვანძების ტკივილი, კიდურების მოძრაობის მოდუნება და სიმძიმის შეგრძნება. დაავადება იწყება მწვავედ, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. ამ დროს აღინიშნება თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის მატება.
წითელი ქარისთვის დამახასიათებელია მკაფიო და შემოსაზღვრული სიწითლე, კანიდან სითხის გამოსვლა, შეშუპება. ერითემიის ადგილას კანი გახურებულია, დაჭიმულია, შეხებისას – მტკივნეული, ზოგ შემთხვევაში კი ვითარდება ლიმფური კვანძებისა და სადინარების ანთებაც. ამ დროს აუცილებელია ანტიბიოთერაპიის დროულად დაწყება. თუ წითელ ქარს უყურადღებოდ დატოვებთ და დროულად არ უმკურნალებთ, მოჰყვება გართულებები: აბსცესი ანუ ჩირქგროვა, კანქვეშა ანთება, ჩირქოვანი ელემენტების გამრავლება, კანის წყლული, ვენის ანთება; ზოგ შემთხვევაში ვითარდება სეფსისი, პნევმონია, ნეფრიტი, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და ასე შემდეგ.
პროფილაქტიკის მიზნით კი აუცილებელია პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, კანის თანმხლები დაავადებებისა და პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობა, ქრონიკული სტრეპტოკოკური ინფექციების კერების გაჯანსაღება.
თუ ღამით ცუდად გძინავთ, რძეში გახსნილი თაფლი დაგეხმარებათ, ალერგიის დამარცხებაში – ორკბილა, ხოლო კოლიტის დროს – საზამთროს ქერქი
ღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდ და წყნარ გარემოში. არც ზედმეტი ძილი ვარგა, რადგან ასე ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი ირღვევა. ძილის წინ კი არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება, რადგან სუფთა ჰაერი მშვიდი ძილისთვის აუცილებელი პირობაა.
თუ ღამით ცუდად გძინავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ: დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაიკეთეთ მასაჟი ყურის ბიბილოებზე. აქ განლაგებულია სპეციალური რეფლექსური ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მოდუნებაზე. თუ რთული დღე გქონდათ და განერვიულებული ხართ, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი; ასევე, კარგი შედეგი აქვს პიტნისა და გვირილის ჩაის.
თუ ალერგია გაწუხებთ, უნდა სვათ ორკბილას ნაყენი: აფთიაქში ნაყიდ 20 გრამ ორკბილას დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭიქაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. სასურველია, ნაყენი უშუალოდ დალევის წინ მოამზადოთ.
კოლიტის სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში იყენებენ საზამთროს ქერქს: 100 გრამ საზამთროს გამომშრალ ქერქს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურული. დალიეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ. ეს უებარი საშუალებაა მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთების დროსაც.