მან არ იცოდა სროლა
ამ მკვლელობის შესახებ ყველა გაზეთი წერდა: შეშლილმა საყვარელმა მოკლა მამაკაცი, მისი ცოლი დაჭრა და მამაც გამოასალმა სიცოცხლეს.
ჯორჯი მივიდა, რომ ბიძაშვილი მოენახულებინა... მისი ქერა კულულები ბალიშებზე იყო გაშლილი. ფერწასული და ისეთი უსუსური იყო, რომ ჯორჯს გული შეეკუმშა. სესილიამ მისკენ გაიწოდა ხელები:
– ო, ჯორჯ, საყვარელო! ეს ხერხი იყო – მერიმ გადაწყვიტა, რომ ყველა ჯეფერსი გამოესალმებინა სიცოცხლეს და თავი მოვიმკვდარუნე, ჯორჯ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ისეთი შეშლილი სახით შემოვარდა სახლში. ვსადილობდით. თვალები უელავდა და ხელში რევოლვერი ეჭირა. ჩემს ქმარს უყვირა, ახლავე უთხარი შენს ცოლს, რომ ტოვებ მას და ჩემთან მოდიხარ, თორემ, ყველას დაგხოცავთო. ვერაფერი შევძელით, ეგრევე დაიწყო სროლა, მერე კი საფეთქელში დაიხალა ტყვია. ყველგან იმდენი სისხლი იყო...
– დამშვიდდი, სესილია, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, – ჯორჯი თმაზე მიეფერა ბიძაშვილს. მის მიმართ თბილი გრძნობა ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო სიყვარული. სესილია ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ფაიფურის თოჯინას ჰგავდა – უსიცოცხლო და უფერული, კაცს მოწყენილობას ჰგვრიდა. მისი სრული ანტიპოდი იყო მერი სტალეტი – შავგვრემანი, ცეცხლოვანი, როგორც ფოიერვერკი... ამიტომ ჯორჯს საერთოდ არ გაჰკვირვებია, როცა ჰენრიმ, სესილიას მეუღლემ, მდიდარმა დიდგვაროვანმა, ცოლს ამ ქალთან უღალატა. ჰენრი ჯეფერსისა და მერი სტალეტის რომანის შესახებ ყველამ იცოდა და სესილია ებრალებოდათ კიდეც. თუმცა მან გამოსავალი მონახა და კომპენსაციის მიზნით ჯორჯი დაიახლოვა. ჯორჯს თავიდან მოსწონდა მდიდარ კუზინასთან სიახლოვე, მაგრამ მერე სესილიამ მეტისმეტი მოინდომა: ჭირვეულობდა, ეჭვიანობდა... ჯორჯს უფლება არ ჰქონდა, საღამო მისი ნებართვის გარეშე, უმისოდ გაეტარებინა. როცა ტრაგედია მოხდა და სესილია საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯორჯმა შვებით ამოისუნთქა – თითქოს ბორკილები ახსნეს და აიშვა... მერე სინდისმა შეაწუხა და საავადმყოფოში მივიდა ყვავილებით.
– ჰო, ჯორჯ... ძვირფასო. ცუდი უკან დარჩა. როგორც კი აქედან გამოვალ, აღარ დაველოდები, როდის ჩაცხრება მითქმა-მოთქმა, ეგრევე ჩვენი მომავალი ქორწინების შესახებ გამოვაცხადებ!
ჯორჯს შეაჟრჟოლა: სესილია ცოლად? – ეს მეტისმეტი იყო. მით უფრო, რომ ცოლის შერთვა მას გეგმებში საერთოდ არ შედიოდა... საავადმყოფოდან გულდამძიმებული წამოვიდა და სესილიას ბებიის ძმას, დის შვილიშვილის უზომოდ მოყვარულ გადამდგარ პოლკოვნიკ მონტს ესტუმრა.
– როგორ არის სესილია? – ჰკითხა პოლკოვნიკმა, რადგან გაიგო, რომ ჯორჯი საავადმყოფოდან მიდიოდა. ჯორჯს ის დაღვრემილი და ჩვეულებრივზე უფრო პირქუში მოეჩვენა.
– უკეთესად. მალე, ალბათ, საავადმყოფოდანაც გამოწერენ. მითხრა, რომ ცოლადაც ძალიან მალე გამომყვება.
– გაგიმართლა, – ჩაეცინა პოლკოვნიკს, – ის ახლა ძალიან მდიდარი ქვრივია.
– ჰო, მაგრამ, მე არ მინდა მდიდარი ქვრივის გაბედნიერება...
– ეგ უკვე შენი პრობლემაა, – ისევ გაიღიმა პოლკოვნიკმა...– მე სხვა რამ მაშფოთებს – მერისთან დაკავშირებული ეს ისტორია ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება...
– რას გულისხმობთ, რომ მერის არ შეეძლო ამის გაკეთება?
– მერის ვერ ვიტანდი და, ალბათ, ჩემი ხელით მოვუგრეხდი კისერს იმ ტკივილისთვის, რომელიც ჩემს საყვარელ სესილიას მიაყენა, მაგრამ აქ რაღაც გაუგებრობაა. სესილიას მონაყოლში ყველაფერი ისე არ არის, როგორც პოლიციამ დაიჯერა... მინდა, სწორად გამიგო... მე ისევ სესილიაზე ვდარდობ.
ჯორჯს გაეცინა და მხრები აიჩეჩა:
– ეჭვი რაში გეპარებათ?
– იმაში, რომ იმ მერის არ შეეძლო ამდენი ადამიანის მოკვლა... მკვლელობა ყველას არ შეუძლია, ახალგაზრდავ...
– მაშ, რა მოხდა? – ჯორჯი დაიბნა და თვალები დააცეცა.
– გახსოვს, ერთი თვის წინ. სესილიამ წვეულება მოაწყო, ვითომდა ქმართან შერიგების აღსანიშნავად. მერი დათვრა, ჰენრის რევოლვერი აიღო და ეზოში ვეება ლარნაკებს დაუწყო სროლა, მაგრამ ვერცერთს ვერ მოარტყა, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ორ-სამ ნაბიჯში იდგა. სხვათა შორის, მკვლელობაც ამ იარაღით არის ჩადენილი. მაშინ ჰენრიმ წაართვა და შეინახა...
– ღმერთო!.. ამით რისი თქმა გინდათ?
– მე მხოლოდ ვვარაუდობ, ლოგიკას მივყვები: ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს სასაკლაოს გადაურჩა, სესილიაა...
ჯორჯი დაფიქრდა და შეშინებულმა წამოძახა:
– იმის თქმა გინდათ, რომ სესილიამ ჯერ ყველა დახოცა, მერე თავი დაიჭრა, რევოლვერი კი მერის ჩაუდო ხელში? ჰო, მაგრამ, სესილიამ სროლა არ იცოდა, მას იარაღი არასდროს სჭერია ხელში.
– ასე არ არის, – პოლკოვნიკმა თავი გადააქნია,– სესილია შესანიშნავად ისროდა მიზანში. ხუთი წლის იყო, როცა ჩემი იარაღი დავაჭერინე და თავიდან მხოლოდ გასართობად ვაკეთებდით ამას... მაგრამ მერე ისეთი ნიჭი გამოამჟღავნა, გამაოცა. ხელი არასდროს აჰკანკალებია, ცივი გონებით ისროდა და მიზანშიც ზუსტად ახვედრებდა...
– რატომ არავინ ვიცოდით ამის შესახებ? – ჰკითხა ჯორჯმა.
– სესილიამ უცებ გადაწყვიტა, რომ სროლაში ვარჯიში უნდა შეეწყვიტა. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ ყურადღება მოვადუნე...
– აპირებთ, ამ ვერსიის შესახებ პოლიციას აცნობოთ?
– არ ვიცი... სულ ამაზე ვფიქრობ...
– მე, მე რა უნდა ვქნა? თუ ცოლად არ შევირთავ, მეც მომკლავს.
– დიახ, შესაძლებელია, – დაეთანხმა პოლკოვნიკი.
– როგორ ლაპარაკობთ ამაზე ასე მშვიდად? – აღშფოთდა ჯორჯი, – მე თავად წავალ პოლიციაში და მოვუყვები, რაც ვიცი... იმათ გადაწყვიტონ, მკვლელი სესილიაა თუ არა.
– ფეხსაც ვერ მოიცვლი აქედან. ეგოისტი და მშიშარა ხარ! მკვლელიც რომ იყოს, მე მაინც უნდა ვიზრუნო სესილიაზე, ამიტომ, აქედან ვერ გაგიშვებ, შენი მოკვლაც რომ დამჭირდეს.
– არა, არა... ვერ ვიქნები მსხვერპლი მარტო იმიტომ, რომ თქვენ მკვლელი სესილიაც კი გიყვართ; მით უმეტეს, ცოლად არ შევირთავ!
– მომისმინე, ყმაწვილო... ჩემი და, სესილიას ბებია სიყვარულმა ჭკუიდან შეშალა და, გამორიცხული არ არის, ეს გენეტიკური იყოს. მაგრამ, მისი ციხეში გამოკეტვა მეტისმეტია... თქვენ მას ცოლად შეირთავთ, მერე კი ვეცდები, დავარწმუნო, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს სამკურნალოდ.
– მკვლელის გვერდით გინდათ, ვიცხოვრო? – შეჰყვირა ჯორჯმა.
– აბა, რა გირჩევნიათ, საფლავში იწვეთ? – სარკასტულად ჰკითხა პოლკოვნიკმა.
...ქორწილში ჯორჯს უბედური ადამიანის სახე ჰქონდა, ნაძალადევადაც კი ვერ გაიღიმა. სესილია მაგრად უჭერდა ხელს და ნაზად შესციცინებდა თვალებში. მის ყოველ შემოხედვაზე ჯორჯს ჟრუანტელი უვლიდა... ერთი თვის შემდეგ კი პოლკოვნიკი გულის შეტევით გარდაიცვალა, რომ დანაპირები ვერ შეასრულა – სესილია სამკურნალოდ ვერ წაიყვანა...