კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-36(767) 

ანამ სიგარეტს მოუკიდა და სოფოს მადლიერებით გაუღიმა...
– აშკარად მჭირდებოდა და ვერ ვხვდებოდი... სად არის?
– ვერანდაზე, ბავშვს ეთამაშება... ნიკაც იქ არის, ჩემი შვილიც... იქნებ, ჩვენც გავიდეთ? ისე მოიქეცი, ვითომ არაფერი მომხდარა. ის უნდა ნერვიულობდეს, შენ კი არა.
– ჰოო?! ვერ ნახე, როგორ ნერვიულობს? – დამცინავად ჩაილაპარაკა ანამ.
– რომ ვნახე, იმიტომაც გეუბნები. მაგრამ, მთლად ისეც არ არის საქმე, როგორც შენ გგონია.
– რას გულისხმობ? – ანამ სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და სოფოს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– იმას, რომ ის გოგო ეგრევე მიაბრძანა აქედან და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
– თვალში რომ აღარ გვეჩხირება, იმიტომ გადაწყვიტე ასე? გამორიცხული არ არის, ნომერში ელოდებოდეს, საწოლზე წამოწოლილი.
– არა, დავინახე, სასტუმროდან როგორ გაემგზავრა, – იდუმალი ხმით ჩასჩურჩულა სოფომ, – დიდად კმაყოფილი და ბედნიერი სახე არ ჰქონდა.
– ნაკლებად მაინტერესებს მისი სახის გამომეტყველება... ისეთი გამწარებული ვარ, ისეთი... რა მოვიფიქრო, რომ მეც ისევე მოვუკლა გული, როგორც მან მომიკლა? ის ვახო რომ არის აქ. ვნანობ, რომ მის ყურადღებას არ ვუპასუხე... ბარში რომ დავეპატიჟე, ცუდი არ იქნებოდა.
– გინდა, ნიკას ვეტყვი და ბარში მართლა დავაპატიჟინებ შენს თავს...
– არა, გადაირიე?! მე ეს ისე ვთქვი... ნეტავი ეგ მართლა შემეძლოს... – ამოიოხრა ანამ, – შენ გგონია, ბავშვი მართლა აინტერესებს? ახლა ნიკას დასანახად ეთამაშება. აქაოდა, თუ ანა გეტყვით, რომ უნამუსო ვარ, მთლად ასეც არ არის საქმეო. ნაძირალაა, ყოველი ნაბიჯი გათვლილი აქვს მაგ საზიზღარს... ის ქალიც იმიტომ გაუშვა, რომ, სკანდალს თუ მოვუწყობ, თავი ადვილად შეგაცოდოთ... ჰო, ვიცი, შვილი არასდროს ნდომებია, ოჯახზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... იცი, რას ვფიქრობ ზოგჯერ? იქნებ დამნაშავე მეც ვარ?
სოფომ პროტესტის ნიშნად ენერგიულად გააქნია თავი:
– რა სისულელეა! უბრალოდ, მამაკაცებს პასუხისმგებლობის არსი საერთოდ არ ესმით... თითქმის მარტო ქალებზეა მშობლის ვალდებულებების მთელი ტვირთი... ამას როდისმე ექნება დასასრული?
– ექნება, როცა კაცები აღმოაჩენენ, რომ უფასო სექსი, შეიძლება, ძალიან, ძალიან ძვირი დაუჯდეთ, – თქვა სოფომ და შეცბა, – მაპატიე, მგონი, არც ისე კარგად გამომივიდა.
– ანუ, რას მთავაზობ... ვუჩივლო და დიდი ალიმენტი დავაკისრო?
სოფომ მხრები აიჩეჩა:
– პრინციპში, ცუდი აზრი არ არის...
– ჰო, ვიფიქრებ მაგაზე... – ანამ შუბლი მოისრისა და კოლოფიდან კიდევ ერთი სიგარეტი ამოაძვრინა...
***
... ლაშა ისე დაბარბაცდა, თითქოს წონასწორობას კარგავდა... ანამ საოცარი სიმშვიდე იგრძნო. იდგა და კაცს პირდაპირ სახეში შესცქეროდა.
– შეგიძლია, წყალი დამალევინო? – თქვა ლაშამ და სავარძლის კუთხეში ჩამოჯდა... – ანა, წყალი მომიტანე.
ანა აუჩქარებლად გაემართა სამზარეულოსკენ, ჭიქა წყლით შეავსო და უკანაც აუჩქარებლად დაბრუნდა. ლაშა ხარბად დაეწაფა წყალს და ორ კლუპად გამოცალა.
– მითხარი, რომ მეხუმრები.
– არა, მართლა ორსულად ვარ. ზუსტად სამი დღის წინ დავრწმუნდი ამაში...
– რანაირად, ვერ ვხვდები... ჩვენ ხომ ეს არ დაგვიგეგმავს?
– ხანდახან ბავშვები დაუგეგმავადაც ჩნდებიან, – უნებლიეთ გაეღიმა ანას.
ლაშა გაფითრდა:
– ესე იგი, გააჩენ?! – თქვა ხრინწიანი ხმით და ისევ ჭიქისკენ გაიწოდა ხელი.
– ჰო, სხვა ვარიანტზე არც მიფიქრია.
– მე არაფერს მეკითხები? ანუ, ჩემი აზრი არ გაინტერესებს? – ნაძალადევად გაიღიმა ლაშამ და ტუჩები მოებრიცა.
– არა, რატომ... შენი აზრი მაინტერესებს და იმიტომაც გითხარი ჩემი ორსულობის შესახებ. ახლა ველოდები, რას იტყვი.
ლაშა გაჩუმდა. ორივე ხელი თავზე იტაცა და ცოტა ხანს ასე იჯდა.
ანა იდგა და უყურებდა. თვითონაც უკვირდა ის სიმშვიდე, რომელიც სრულიად მოულოდნელად დაეუფლა. ხვდებოდა, რომ ამ სიახლით კაცი შოკში ჩააგდო. ის ახლა მახეში მომწყვდეულ თაგვს ჰგავდა – აქეთ-იქით რომ აწყდება და გამოსავალს ეძებს, მაგრამ ისიც იცის, რომ თავს ვერ დააღწევს...
– მეგონა, გაგიხარდებოდა, – თქვა ანგარიშმიუცემლად.
– გავგიჟდი სიხარულით, – უკმეხად მიუგო ლაშამ, – მომისმინე! როდისმე, თუნდაც ერთხელ მაინც, მითქვამს შენთვის, რომ შვილი მინდა?
–  მაგრამ, შენ ისიც არ გითქვამს, რომ შვილი არ გინდა, – წარბშეუხრელად მიუგო ანამ.
– ჰმ, მშვენიერი ლოგიკაა. ახლა რას ელოდები? გგონია, მუხლებზე დავეცემი და ცოლობას გთხოვ?
– არა, ასეთი რომანტიკა საჭირო არ არის. შეგიძლია, უბრალოდ მითხრა, რომ ერთად ვიცხოვრებთ და ბავშვს გავზრდით.
– არა, არა... უნდა დავფიქრდე. ახლა წავალ და დაგირეკავ, – ლაშა წამოხტა და კარისკენ გაემართა. ანას არც უფიქრია მისი გაცილება. ისე იჯდა, თითქოს კაცის ბოლო სიტყვები საერთოდ არ გაუგონია...
***
– რაზე ფიქრობ? – ფრთხილად ჰკითხა სოფომ და მუხლზე შეახო ხელი...
– რაღაც გამახსენდა... იცი, მართალი იყავი, მათთან უნდა ჩავიდეთ. რატომ უნდა იგრძნოს თავი გამარჯვებულად? – ანა კარადასთან მივიდა და კარი გამოაღო, – რაღაც ისეთი მჭირდება, განსაკუთრებული... ცუდია, რომ არცერთი კაბა არ წამოვიღე... მაშინ, შორტებს ჩავიცვამ... ჰო, შორტებს და, აი, ამ მაისურს.
... ნიკამ ბავშვებს ნაყინი მიუტანა და ლაშას მიუბრუნდა:
– ახლა მაინც არ გინდა, რამე დავლიოთ?
– არა, ფხიზელი გონება მჭირდება. გმადლობთ, რომ ჩემ მიმართ ყურადღებას იჩენ.
– უჰ, ხომ გითხარი, შენს ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი-მეთქი. თანაც, ქალური ემოციების აფეთქებების ძალიან მეშინია. ანა ჩემი ცოლის უფროსია, მეგობრობენ კიდეც... მოკლედ, ხომ გესმის... თუნდაც ისტერიკა ძალიან გადამდებია...
– ყოველთვის ვცდილობდი, ისეთ ქალთან არ დამეჭირა საქმე, რომელიც სერიოზულ პრობლემას შემიქმნიდა, თავს დამნაშავედ ან სინდისის ქენჯნას მაგრძნობინებდა... მაინც არ გამომივიდა, მაინც გავები და ახლა ვნანობ ამას. რატომ ართულებენ ქალები ყველაფერს? რატომ არ შეუძლიათ, იცხოვრონ ისე, რომ მათგან მიღებული სიამოვნება ქარს არ გაატანონ?
– ჰო, ეგ მეც ყოველთვის მაინტერესებდა, – მხრები აიჩეჩა ნიკამ, – ზოგჯერ სოფოც ისე „ჭედავს“ ხოლმე...
– არა, შენ ვერ გამიგე... ყველა ცოლი „ჭედავს“ და ამიტომაც არ მინდოდა, რომ ცოლი მყოლოდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს – ანა სტატუსიც გარეშეც მშვენივრად ახერხებს, სიცოცხლე გამიმწაროს.
ნიკამ ისე გადახედა, თითქოს ეუბნებოდა, გულახდილები რომ ვიყოთ, შენც არ აკლებო, მაგრამ თქმისგან თავი შეიკავა.
ვერანდაზე ვახო გამოვიდა:
– აი, სად ყოფილხარ, მე კი მთელ სასტუმროში გეძებ. მობილურს მაინც რატომ არ პასუხობ?
– ტელეფონის ზარი გამორთული მაქვს და იმიტომ.
– წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შენთან ჩვენი მოლაპარაკების რაღაც დეტალები უნდა განვიხილო.
– არ გინდა, თბილისში დავილაპარაკოთ? ახლა რაღაც ვერ ვარ კარგად... – ლაშამ შუბლზე მოისვა ხელი.
ვახოს გაეცინა:
– კარგად აშკარად ვერ იქნები – დავინახე „ის“... მაინც, სად პოულობ ასეთებს?
– თვითონ მპოულობენ, – უხალისოდ მიუგო ლაშამ.
– კარგი, მე წავედი, – ვახო ნიკას დაემშვიდობა და სასტუმროს ეზოში ვერანდის კიბიდან ჩავიდა.
– ძალიან სერიოზულია, – თქვა ლაშამ ვახოზე, – მაგრამ, კარგი პარტნიორია. საქმეში ბადალი არ ჰყავს,  ისეთი იდეები აქვს. მოლაპარაკებებზეც უცვლელია...
– და, სულ ეგ არის, ხო? გართობაში ვერ აიყოლიე... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა ნიკამ და იქით გაიხედა, საითაც ბავშვები გაიქცნენ.
– მოდიან!  – განაჩენივით წარმოთქვა ნიკამ. ლაშამ მათკენ მომავალი ანა და სოფო დაინახა.
– რაც გინდა თქვი, მაგრამ, ფეხები უნაკლო აქვს, – თქვა და ამოიოხრა.
ნიკამ გაიცინა.
***
... ანამ კარი გააღო და უკან დაიხია, ლაშას საშუალება მისცა, ოთახში შესულიყო. კაცმა მდუმარედ გაიარა მთელი ჰოლი და სავარძელში ჩაჯდა.
– არ მელოდებოდი? – ჰკითხა ანას.
– წყალი მოგიტანო თუ მშვიდად შევძლებთ ლაპარაკს?
– არ გინდა ირონია. მოვედი, ეს არაფერს ნიშნავს?
– რაღაცას ნიშნავს, ოღონდ, კარგს თუ ცუდს, ეს ჯერ არ ვიცი.
ლაშამ ამოიოხრა:
– მინდა, რაღაც გკითხო, მაგრამ...
– მაგრამ, რა, გამბედაობა არ გყოფნის? – ანა თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ გაერია ხმაში გესლი.
– ჰო, შეიძლება, გამბედაობა არ მყოფნის, შეიძლება – სხვა რაღაც, რასაც სახელს ვერ ვუძებნი. ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ, რომ წარმოვიდგენ, როგორ მახეში გამაბი, ტანში ჟრუანტელი მივლის, სული მეხუთება და სუნთქვა მიჭირს.
– საწყალო, რა საშინელ დღეში ყოფილხარ. ახლა რა ვქნა, ბოდიში მოგიხადო თუ კუთხეში დავდგე? რა გავაკეთო, რომ თავი დამნაშავედ აღარ იგრძნო? თუ გინდა, გეტყვი, რომ ჩემს დაფეხმძიმებაში მარტო მე მიმიძღვის წვლილი.
– სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე, აჯობებს, დავსხდეთ და ერთად მოვიფიქროთ რამე.
– ჰო? მაინც რას გულისხმობ ამ „რამეში“?
– თუ მაგ გესლიან ტონს არ მოიშორებ, წავალ.
ანამ მხრები აიჩეჩა.
– ანუ, წავიდე? ეს გინდა? – ლაშა ადგა, ქალთან სულ ახლოს მივიდა და მოეხვია, – არ მინდა დაგკარგო, გაიგე ეს...
ანა წამით გაინაბა მის მკლავებში, მერე თითქოს რაღაცამ შეაშფოთა, ორივე ხელი მკერდზე ჰკრა და მოიშორა.
– რომ არ დამკარგო, რა უნდა გავაკეთო?
ლაშა ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა, რამდენიმე ნაფაზის შემდეგ კი დაიწყო... ლაპარაკი უჭირდა, სიტყვებს არჩევდა:
– შენ ჩემთვის სულერთი არ ხარ... უფრო მეტიც, რაღაცნაირად შეგეჩვიე და მენატრები ხოლმე... მინდა, რომ ერთად ვიყოთ, მაგრამ, ისე არა, როგორც ეს შენ წარმოგიდგენია. ანუ, შენი და ჩემი გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა. უფრო სწორად, შენ გაქვს რაღაც გეგმები, მე – არა. მაგრამ ამან ერთად ყოფნაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს, თუკი რაღაც შეთანხმებამდე მივალთ...
– მოიცა, თუ სწორად გავიგე, მთავაზობ...  – ანას ტუჩები აუკანკალდა.
– არაფერს არ გთავაზობ, მხოლოდ გეუბნები, რომ ჩვენი ერთად ყოფნა შესაძლებელია... იცი, შეიძლება, შვილიც მომინდეს, მაგრამ ახლა – არა...
– მე რომ ახლა ვარ ფეხმძიმედ? – ანას ნერვიულმა სიცილმა სახე გაუწითლა...
– სწორედ მაგას გეუბნებოდი – შეუფერებელ დროს დაფეხმძიმდი, – თქვა ლაშამ და ამოისუნთქა. აშკარად დიდხანს ემზადებოდა ამის სათქმელად. ანამ შეხედა, სამზარეულოში გავიდა, წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა და ლაშას წინ დაუდგა.
– წყალი არ მითხოვია... – გაოცებით შეხედა ლაშამ.
– დაგჭირდება, ახლა ისეთ რამეს ვიტყვი... მოკლედ, მე შვილი მეყოლება, აუცილებლად მეყოლება და თანაც სწორედ ეს. შეგიძლია, წყალი დალიო და წახვიდე.
– ეგ ჩემი შვილიც არის! – გააპროტესტა ლაშამ, – მეც უფლება მაქვს...
– რისი უფლებაც გქონდა, უკვე გამოიყენე, – ხელის მკვეთრი აქნევით გააჩერა ანამ, – გიმეორებ, ბავშვს გავაჩენ. სალაპარაკო აღარაფერია; ჰო, ჯერჯერობით და, პრინციპში, არც მერე, შენგან არაფერი მჭირდება, გარდა ერთისა – ჩემ გვერდით საჯაროდ უნდა გამოჩნდე... ნუ გეშინია, ჩემი ქმრის როლის თამაში დიდხანს არ მოგიწევს, მხოლოდ რამდენიმე თვე...
– ანა, რატომ არ გინდა, რომ მომისმინო?
– უკვე საკმარისად მოგისმინე...
– არა, შენ არ გინდა, გამიგო, მხოლოდ შენსას გაიძახი. გინდა, ურჩხულად გამომიყვანო?
– მორჩა, ლაპარაკი დავამთავრე. ძალიან დავიღალე. წადი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.
ლაშამ შუბლი მოისრისა... წასვლას აყოვნებდა. ანა შებრუნდა და ოთახიდან გავიდა...
***
ნიკა ქალებს  მიეგება... ისეთი მონდომებით იღიმებოდა, რომ სოფოს გაეცინა:
– ყველა კბილი გიჩანს. ასე რამ გაგამხიარულა?
– კარგი ქენით, რომ ჩამოხვედით, გამiხარდა.
– აბა, ნომერში ხომ არ ვისხდებოდით მთელი საღამო, – ხმამაღლა, ლაშას გასაგონად გადაიკისკისა სოფომ და ქმარს წასჩურჩულა: – შენ ამ ნაძირალასთან ერთობი? ვატყობ, საერთო ენა გამოგინახავთ...
– აუ, ეგღა გაკლდა, რა, – შეიჭმუხნა ნიკა, – რა მექნა, გოგო, წადი აქედან-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი? ვიცნობ, ბოლოს და ბოლოს... გავებუტო თუ რა გავაკეთო?
– არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ, ვახშამზე ეგ კაცი ჩვენს სუფრასთან რომ დავინახო, იცოდე, გავგიჟდები, – გააფრთხილა სოფომ. ნიკამ ამოიოხრა. მერე, ერთბაშად სახე გაუნათდა და ცოლს მსუბუქად უბიძგა გვერდში:
– მოიცა, იქნებ, ერთად ვახშმობის იდეა კარგიც კი იყოს. მარტოა, ის ქალი გაუშვა... თან, მგონი, ცოტათი სინდისიც უნდა აწუხებდეს... ეგება, შერიგდნენ კიდეც...
– გააფრინე, ხო? რა უნდა შერიგდნენ!.. მე რომ შენ ნაშასთან ერთად დამენახე  ეგეთ სიტუაციაში, აუზში ჩაგახრჩობდი!
– ეჭვიც არ მეპარება, – მწუხარედ დაუქნია თავი ნიკამ და ლაშას გახედა, ანას ნელი ნაბიჯით რომ უახლოვდებოდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3