ეპილაცია და დეპილაცია
ეპილატორის მეშვეობით ხდება თმის ღერის მოწყვეტა (და არა ფესვიანად ამოღება, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ). ეფექტი დაახლოებით 3-5 კვირა გრძელდება. ამ აპარატის გამოყენება არ შეიძლება მგრძნობიარე კანზე, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, კანის გაღიზიანების ან კანის ნებისმიერი დაავადების დროს.
დეპილაციის პროცედურა გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება, თუკი დაიცავთ ელემენტარულ წესებს.
ეპილაციის გაკეთებისას (პროცედურამდეც და პროცედურის შემდეგაც) არ შეიძლება გარუჯვა და თუნდაც მოკლე დროით მზის აბაზანების მიღება. ასევე, სიფრთხილეა საჭირო დეპილაციის შემდეგაც, მაგალითად, საპარსის გამოყენების შემდეგ, მით უფრო, თუ არსებობს ღერების ჩაზრდის შემთხვევები, კატეგორიულად იკრძალება გარუჯვა. ზოგადად კი, ბრიტვა გამოიყენეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (მაგალითად, როცა ხელთ არ გაქვთ სხვა საშუალება).
ეპილაციისა და დეპილაციის ყველა პროცედურის ჩატარებამდე, აუცილებელია ღერების გაზრდა. მათი სიგრძე დამოკიდებულია ეპილაციის აპარატზე ან დეპილაციის საშუალებებზე. ამიტომ, სასურველია, ამის შესახებ ჰკითხოთ სპეციალისტს.
დეპილაციის ან ეპილაციის პროცედურის შემდეგ 1-2 დღე ნუ წახვალთ აბანოში ან საუნაში. თუ გაჩნდა გამონაყარი, მაშინვე მიმართეთ სპეციალისტს. შესაძლოა, ეს იყოს ალერგია და არა ბანალური გაღიზიანება.
მაქსიმალური შედეგი, რომელიც შეიძლება, მიიღოთ სახლში გაკეთებული დეპილაციით – ერთი თვეა, შემდეგ კი ისევ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ. თუ გსურთ უფრო ხანგრძლივი ეფექტის მიღება, მიბრძანდით სალონში, გამოცდილ სპეციალისტთან. ეპილაცია დეპილაციისგან იმით განსხვავდება, რომ თანამედროვე აპარატი ანადგურებას არა მხოლოდ გაუხეშებულ ღერს, არამედ ფესვსაც. სწორედ ამის გამო, ეპილაციის შედეგი ხანგრძლივია და მისი რეგულარულად გაკეთებით, შეგიძლიათ, თმიანობა 90 პროცენტით მოიშოროთ, თანაც სამუდამოდ.
რაც შეეხება ამ პროცედურების ჩატარების ასაკს: ეპილაციაც და დეპილაციაც რეკომენდებული არ არის მანამ, სანამ არ გამყარდება ჰორმონული ფონი. მოზარდ ასაკში საპარსი მხოლოდ გააძლიერებს თმის ზრდას და, ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს გაღიზიანება ან გაჩნდეს პიგმენტური ლაქები.
ეპილაციაც და დეპილაციაც ნებადართულია 18 წლის ასაკიდან, გარდა გამონაკლისი, ინდივიდუალური შემთხვევებისა, როცა სპეციალისტის ნებართვით, უფლება გექნებათ, ეს პროცედურები 16 წლიდან ჩაიტაროთ.