ინტიმური საუბრები
ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე
ვარ საკმაოდ ცნობილი და შეძლებული მშობლების ერთადერთი შვილი, საკმაოდ კარგი განათლების, კარგი გარეგნობისა და არცთუ ცუდი ხასიათის. მაქვს არაჩვეულებრივი სამსახური, მყავს ძალიან კარგი მეგობრები – მოკლედ, როგორც იტყვიან, სასურველი სარძლო ვარ და, შესაბამისად, არც თაყვანისმცემლები მაკლია და არც მაჭანკალი მამიდა-ბიცოლები. ვიღას აღარ მირიგებენ, ვიღა აღარ მირეკავს, ვიღა აღარ ცდილობს ჩემი გულის მოგებას (თუ მოსყიდვას), მაგრამ არავინ არ მოჰკარებია ჩემს გულს, რადგან, კანით ვგრძნობ, რომ ყველას ჩემი მშობლების სტატუსი, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა და სხვა მსგავსი მონაცემები აინტერესებს – მახინჯიც რომ ვიყო, გაუნათლებელიც, უზრდელიც და უხეშიც, მაინც ასე ირუზრუზებდნენ ჩემ გარშემო. ამ ჩემს თაყვანისმცემლებს შორის ჩემი ტოლებიც არიან, ჩემზე ბევრად უფროსებიც და უმცროსებიც, მაგრამ არცერთს არ აქვს ის რაინდული ხიბლი, რამაც შეიძლება ახალგაზრდა ქალი დააინტერესოს. ჯერ, „მონადირე“ ქალი რა ასატანია და, კაცი ხომ – მთლად ამაზრზენი საშინელებაა. ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში არათუ მოდაში შემოვიდა, თითქოს ნორმად დამკვიდრდა კაცების „გათხოვება:“ ლამაზი ბიჭები თხოულობენ შეუხედავ, თავისზე უფროს ქალებს; ზედსიძედ შედიან ოჯახში, არ მუშაობენ, ცოლის, სიდედრის ან სიმამრის კმაყოფაზე არიან თვითონაც და თავიანთ მშობლებსა და და-ძმასაც მათ არჩენინებენ; თან, საზოგადოებაში გამოსვლაც ნებავთ და წვეულებებზე ყოფნისას ისე იბრიქებიან და იბღინძებიან, თითქოს მთელი ქვეყნის რჩენა და საზრუნავი თვითონ ადევთ კისერზე. არადა, თითის თითზე დამდები არ არიან, უსაქმურობითა და ტრაბახით ლამის სული ამოსძვრეთ. მოკლედ, ვერ ვიტან ასეთ კაცებს და, შესაბამისად, ყველა მოვიშორე თავიდან. სამაგიეროდ, შემიყვარდა ერთი თანამშრომელი, ძალზე სერიოზული, დახვეწილი და მორიდებული ახალგაზრდა კაცი – ერთადერთი მამაკაცი ამდენ თანამშრომელს შორის, რომელსაც ერთხელაც არ უცდია იაფფასიანი არშიყობითა და ქათინაურებით მოეგო ჩემი გული. ერთხელაც არ „გადახტომია“ წინ დანარჩენ მოარშიყეებს, რათა ჩემი ყურადღება მიექცია; ერთხელაც არ დაუწყია უაზრო რევერანსების კეთება; პირიქით, ჩემთან ურთიერთობისას იყო ყოველთვის უბრალო, ბუნებრივი, უშუალო და გულწრფელი და სწორედ ამით მომხიბლა. მერე თანდათან დავახლოვდით და მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ის სულაც არ იყო ორიენტირებული ჩემი ოჯახის სახელსა და სიმდიდრეზე, თუმცა ნამდვილად არ გადასდიოდა თავზე. მატერიალური მხარე მისთვის მეასე ადგილზე იყო, სნობური რაღაცეები კი საერთოდ არ ახასიათებდა.
ყველას გაუკვირდა, ჩემი არჩევანი რომ გაიგო: არც ცნობილი ბიჭია, არც მდიდარი; ქვეყანა თავს გეხვეოდა და რაღა მაგაზე დაგიბრმავდა თვალებიო, – ესეც კი მითხრეს, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით და, რაც მთავარია, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან გვერდით ნამდვილი მამაკაცი მიდგას: ძლიერი, მზრუნველი, ერთგული და მოსიყვარულე, რომელსაც თვალდახუჭული ისე გავყვები ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, რომ გული არ შემიტოკდება.
მერიკო, 26 წლის.