კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-36(767)

  კიტია ჩაფიქრდა, შემდეგ თავი გააქნია და თქვა:
– არა, უფროსო, ნამდვილად არაფერი.
– სახელი ან გვარი ხომ არ უხსენებია თქვენთან? ან იმ ქალის ქმარზე ხომ არაფერი უთქვამს? – არ ეშვებოდა კაპიტანი პატიმარს.
– არა, უფროსო, ნამდვილად არა.
კაპიტანმა გააბოლა და კიტიას ჰკითხა:
– ნოდარ მდივანს ხომ არასდროს უთქვამს თქვენთვის, ან ვინმესგან ხომ არ გსმენიათ, რომ მას შვილი ჰყავდა?
– შვილი?!
– დიახ.
– არა, უფროსო არც მას უთქვამს ასეთი რამ და არც ვინმესგან მსმენია, – თქვა კიტიამ, მხოლოდ დედ-მამა ჰყავდა იმ ცხონებულს და ისინიც დაეხოცა, კუკიაზე დაასაფლავა და ხშირადაც ადიოდა სასაფლაოზე. ერთხელ მეც ვახლდი, სხვათა შორის, იმის წინა დღეს, მე რომ წეღან მოგიყევით.
– ანუ, კაბინეტში რომ მიხვედით მასთან და, ორცეცხლშუა ვარო, რომ თქვა?
– დიახ, უფროსო. სწორედ მაშინ.
– გასაგებია, – თქვა კაპიტანმა და კიტიას ჰკითხა: – სასაფლაოზე რატომ წაჰყევით?
– მთხოვა.
– გთხოვათ?
– დიახ, უფროსო. ესკიზის გაკეთება უნდოდა და სასაფლაო მანახვა.
– რა ესკიზის?
– მე ხომ პროფესიით მხატვარი ვარ და აკლდამის ესკიზის გაკეთება მთხოვა, სასაფლაოზეც ამიტომ ავედით.
– აკლდამის?
– დიახ, უფროსო. მაშინ მოდაში იყო აკლდამები. უფრო სწორად, დახურული საფლავები და ნოდარსაც უნდოდა, რომ მისი მშობლების სასაფლაო გალიაში ჩაესვა.
– გალიაში?
– დიახ. მაგრამ, ლამაზად უნდოდა გაეკეთებინა და ამიტომ წამიყვანა.
– მერე, გაუკეთეთ?
– ესკიზი გავუკეთე, მაგრამ, აღარ დასცალდა გაკეთება – სულ რამდენიმე დღეში დაიჭირეს.
– ხომ არ გახსოვთ, როგორი იყო თქვენი ესკიზი?
კიტიამ გაოცებული მზერა ესროლა კაპიტანს და უთხრა:
– კი, მახსოვს.
– ამიწერეთ.
პატიმარმა კიდევ უფრო გაოცებით შეხედა კაპიტანს და უთხრა:
– ოთხ ფოლადის სვეტში ვერტიკალური გისოსები იყო ჩასმული. კუთხოვან სახურავზე კი ჯვარი იყო გამოსახული. კარი გორგოლაჭებზე უნდა დამდგარიყო ჩაკეტილ მდგომარეობაში. წინ ჯვარი იყო გამოსახული.
– გასაგებია, – თქვა ჩხიკვაძემ. პატიმარმა კი მას ჰკითხა:
– ბოდიში, უფროსო, მაგრამ, ასეთი წვრილმანები რაში გჭირდებათ?
– გამოძიებაში წვრილმანები არ არსებობს, – მიუგო ჩხიკვაძემ და ჰკითხა: – საფლავის ადგილმდებარეობა გახსოვთ?
– დიახ.
– სად მდებარეობს?
– იქვე, შემოსასვლელთან. ტანკისგან ხელმარცხნივ.
– კარგი, – თქვა ჩხიკვაძემ და კიტიას ჰკითხა: – კიდევ რამეს ხომ არ გაიხსენებთ?
– მეტი ისეთი არაფერია, მე მგონი... – მხრები აიჩეჩა პატიმარმა და სთხოვა: – შეიძლება, კიდევ ერთი ღერი მოგიწიოთ?
– ინებეთ, – მიუგო ჩხიკვაძემ და, კიტიამ რომ გააბოლა, ჰკითხა, – სახლში თუ ხართ ნამყოფი მდივანთან?
– არაერთხელ, – მიუგო კიტიამ, კვამლი გამოუშვა და დაამატა: – ფანტასტიკურად ცხოვრობდა. დიდი, ნათელი ბინა ჰქონდა, რომელიც  ძალიან გემოვნებით იყო მოწყობილი, თუმცა, ყველაფერი ჩამოართვეს.
– ბოლოს როდის ნახეთ?
– დაჭერის დღეს. სწორედ მასთან უნდა შევსულიყავი კაბინეტში, რაღაც რომ შემეთანხმებინა, როდესაც ორმა უფორმო მილიციელმა ის „პოდრუჩკით“ გამოიყვანეს კაბინეტიდან. მე პირი დავაღე, მან კი გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და მას მერე აღარ მინახავს. ეტყობა, ფიქრობდა, რომ საქმეს ჩააწყობდა და გამოუშვებდნენ, მაგრამ, არ გამოუვიდა.
– კარგი, კიტია. დღეისთვის კმარა. წადით და დაისვენეთ, მოგვიანებით გამოგიძახებთ, – უთხრა ჩხიკვაძემ პატიმარს და ბადრაგი გამოიძახა.
– უფროსო, ერთ ღერსაც ავიღებ, რა!
– სულ წაიღე, – უთხრა კაპიტანმა პატიმარს, სიგარეტი და ასანთი მიაწოდა და, კარი რომ მიიხურა, საათს დახედა. შემდეგ გაიზმორა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა და კიტიასთან საუბრის გაანალიზებას შეუდგა.
***
გენერალს რომ გაეღვიძა, დღის სამი საათი სრულდებოდა. პოპოვმა ჩაიცვა და საძინებლიდან გამოვიდა.
– როგორ გეძინათ, ვასილ ანდრეევიჩ? – ჰკითხა ნუცამ სტუმარს.
– კარგად, ნუციკო. ამდენი არასდროს მძინებია.
– მოშიებული იქნებით და სუფრას გავშლი.
– კი. ხელ-პირს დავიბან და გამოვალ, – მიუგო პოპოვმა და სააბაზანოს მიაშურა.
– გამოიძინე, მამიკო? – ჰკითხა დიმკამ სამზარეულოში შესულ პოპოვს.
– ზომაზე მეტად, – თქვა გენერალმა.
– რას ფიქრობთ, ვასილ ანდრეევიჩ, როგორ აპირებთ ჩვენს აქედან გაყვანას? – თქვა დიმკამ.
– ჯერ დანაყრდეს და საქმეზე მერე ვილაპარაკოთ, – უთხრა დიმკას ნუცამ.
ჭამა რომ დაასრულა, პოპოვმა გააბოლა და დიმკას უთხრა:
– როგორ ვაპირებ, შვილიკო და მატარებლით, ჩემი მუნდირისა და ქსივის დახმარებით. ერთ კუპეს ავიღებთ, რომ უცხო თვალი არ მოგვხვდეს. ჩავსხდებით „ჩრდილოეთ პალმირაში“ და სამ დღეში ადგილზე ვიქნებით.
– ჰმ... რა დროს დაიჭირეს კიტია, – ჩაილაპარაკა დიმკამ, – ჩვენი პასპორტების დამზადება მაინც მოესწრო.
– პირიქით, – თქვა გენერალმა.
– რა პირიქით? – ჰკითხა დიმკამ.
– რა და, ვფიქრობ, ასე უმჯობესია.
– რას გულისხმობთ? – ვერ მიხვდა დიმკა.
– რას და, იმ კიტიას რომ თქვენთვის საპასპორტე სურათები გადაეღო, მერე დაეჭირათ და სურათები ან ნეგატივები ეპოვა მილიციას, მაშინ ნუცას იცნობდა ჩხიკვაძე. მთელი სქემა გაიშიფრებოდა და ყველას აგვყრიდნენ.
– ეგ კი მართალია, მაგრამ უვიზოდ და უპასპორტოდ როგორ გავემგზავრებით უცხოეთში?
– სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ.
– რამე გეგმა გაქვთ?
– მონახაზი.
– მონახაზი? – გაიმეორა დიმკამ და ჰკითხა, – რა მონახაზი, ვასილ ანდრეევიჩ?
– ვფიქრობ, ნუციკო სრულიად ლეგალურად უნდა გაემგზავროს, დანარჩენები კი, არალეგალურად უნდა გადახვიდეთ. დაახლოებით ისე, როგორც ამას ჯაშუშები აკეთებენ. შემდეგ კი ყველანი იქ შეხვდებით ერთმანეთს.
– ჯაშუშებივით? – გაიმეორა დიმკამ.
– მე სხვა გზას ვერ ვხედავ, – მხრები აიჩეჩა პოპოვმა, – შენ, სედოი და ფიგარო გაშიფრულები ხართ. იციან, რომ უცხოეთში გასვლას აპირებთ ყალბი საბუთებით. ამიტომ, თქვენ სამის სურათი და აღწერილობა ყველა გამშვებ პუნქტზე იქნება და საზღვრის გადაკვეთის პირველივე მცდელობაზე ჩაგავლებენ.
– ჯაშუშური გზით გაგვიშვებენ? – ჩაეცინა დიმკას.
– თქვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ეს ვარიანტი ჯობია.
– მერე და, ვინ გადაგვიყვანს საზღვარზე არალეგალურად, თქვენ გყავთ ასეთი კაცი?
– ერთ ასეთს ვიცნობდი ადრე. კარგა ხანია, არ მინახავს და მოსაძებნია.
– მერე, მოძებნეთ.
– მოძებნით კი მოვძებნი, მაგრამ ცოტა სახიფათო მარშრუტია და ეს მაფიქრებს.
– მარშრუტი?
– ჰო, მარშრუტი.
– მაინც, რა მარშრუტია, ასე რომ გაფიქრებთ? – ჰკითხა პოპოვს დიმკამ.
– ავღანური.
– რა ავღანური.
– რა და, იმ კაცს შეუძლია, ტაჯიკეთიდან ავღანეთში გადაიყვანოს ხალხი. იქიდან კი რამდენიმე ვარიანტია ევროპაში, ან ამერიკის კონტინენტზე გასამგზავრებლად.
– ასეთ მეგზურს სად მიაგენით?
– ის მეგზური არაა, მაიორია. საჰაერო-სადესანტო ნაწილის ოფიცერი. თუმცა, ახლა შეიძლება, პოლკოვნიკიც იყოს.
– ხალხის საზღვარზე გადაყვანით აკეთებს ფულს?
– რა ფულს. უბრალოდ, ვალშია ჩემთან და რომ ვთხოვო, უარს არ მეტყვის.
– ვალში?
– ჰო, ვალში. ამ ათიოდე წლის წინ მისმა ძმამ ერთი ნაძირალა მოკლა, რომელმაც მისი ცოლი გააუპატიურა, გაძარცვა და მოკლა. მე ის დაჭერილი მყავდა. ეს კაცი კი კაბინეტში მეწვია და დიდი ფული შემომთავაზა ძმის გაშვების სანაცვლოდ, მე პატიმარს გაქცევა მოვუწყვე და კაპიკიც არ ამიღია ამაში. გაქცეულის მაიორმა ძმამ კი მითხრა:
– ვასილ ანდრეევიჩ, შენთან ვალში ვარ და თუკი ოდესმე ჩემი სიცოცხლე დაგჭირდება, უყოყმანოდ გაჩუქებ.
– შენი სიცოცხლე შენს ოჯახს მოახმარე, – ვუთხარი მაიორს და ვკითხე:
– რას უპირებ შენს ძმას, ხომ იცი, ძებნას დაუწყებენ და მისი აქ გაჩერება სახიფათოა.
– ზეგ ავღანეთში ვბრუნდები. ტაჯიკეთიდან გადავიყვან. იქიდან კი რამდენიმე ვარიანტი მაქვს ევროპაში ან, სულაც, ამერიკის კონტინენტზე გასამგზავრებლად.
– მშვიდობით იარეთ.
– ვასილ ანდრეევიჩ, თუკი ოდესმე თქვენ ან თქვენს ახლობლებს უცხოეთში გაქცევა დაგჭირდათ, ამ გზით ერთი ბატალიონი ხალხი შემიძლია, გადავიყვანო, – მითხრა მაიორმა და ასე დავშორდით ერთმანეთს. მას მერე კიდევ ორჯერ შევხვდი იმ კაცს და მითხრა, რომ მისი ძმა კანადაში მოეწყო და კარგად ცხოვრობს. თან, თავისი პირობაც გამახსენა.
– ლენინგრადელია? – დაინტერესდა დიმკა.
– კი.
– ესე იგი, ლენინგრადში რომ დავბრუნდებით, იმ კაცს მოძებნით.
– კი. ასე ვიზამ.
– სხვაგან რომ იყოს. ან, სულაც ცოცხალი აღარ იყოს?
– ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა უფრო გართულდება, – მიუგო პოპოვმა დიმკას. ბიჭმა კი ჰკითხა.
– როდის მივემგზავრებით?
– ხვალ. დღეს მე და ნუციკო რკინიგზის სადგურზე წავალთ და ბილეთებს მოვიტანთ.
– უკვე მოვემზადო, ვასილ ანდრეევიჩ? – ჰკითხა პოპოვს ნუცამ.
– ჰო. ისე განსაზღვრე, რომ ექვსზე გავიდეთ, – მიუგო გენერალმა.
– მაშინ, ჯერ ადრეა, – თქვა ნუცამ და სამზარეულოში გავიდა.
***
ღამენათევმა ვასო ჩხიკვაძემ დეტალურად გაიხსენა ნოდარ კიტიასთან ბოლო საუბრის შინაარსი. ამასობაში დილის ცხრა საათი შესრულდა. კაპიტანმა კაბინეტის კარი გამოიხურა, დერეფანში გავიდა და კიბეებზე დაეშვა. გასასვლელში მას მაიორი თოიძე შეეფეთა.
– ზდაროვა, გივი! – მიესალმა კაპიტანი მაიორს და ხელი ჩამოართვა.
– გაგიმარჯოს. შენ რა, სახლში არ წასულხარ? – ჰკითხა თოიძემ.
– მთელი ღამე ვიმუშავე.
– ახლა მიდიხარ?
– სახლში არა. მალე დავბრუნდები.
– კარგი. რომ მოხვალ, შემეხმიანე, თუ რამე ახალი იქნა, გეტყვი, – უთხრა ძებნის სამსახურის უფროსმა ჩხიკვაძეს და კიბეებს აუყვა.
კაპიტანი თავის „სამარაში“ ჩაჯდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოდან გამოვიდა. ვასო ჩხიკვაძემ ნახევარი ქალაქი გაიარა და კუკიის სასაფლაოზე ავიდა. მანქანა შესასვლელში გააჩერა. კვარცხლბეკზე მდგომ ტანკს თვალი შეავლო და ნოდარ მდივნის მშობლების სასაფლაოსკენ გაემართა. საფლავი ადვილად იპოვა. შეჩერდა და ყურადღებით დაათვალიერა იქაურობა. ბოლოს სიგარეტი გააბოლა და ჩაილაპარაკა: „არ შევმცდარვარ. ცოტა ხნის წინ საფლავი ვიღაცამ გათხარა და თუ ჩემი ვერსია სწორია, გამოდის, რომ სწორ გზაზე ვადგავარ“.
ვასო ჩხიკვაძე რომ სამინისტროში დაბრუნდა, მაიორ გივი თოიძეს შეუარა და ჰკითხა:
– ახალი არაფერია?
– არა. სად იყავი ასე უთენია?
ვასო ჩხიკვაძე წინასწარ იყო მომზადებული და მაიორს მიუგო:
– კუკიაზე.
– კუკიაზე?
– ჰო.
– იქ რა გინდოდა?
– ძაღლების გამყიდველთან ავედი. მეცხვარის ლეკვი მინდა წყნეთის აგარაკისთვის და დღეისთვის დამიბარა, – მიუგო ჩხიკვაძემ, რომელიც მართლაც იმყოფებოდა ძაღლის გამყიდველთან, როცა სასაფლაოდან წამოვიდა.
– მერე იყიდე?
– ჯერ არ ჩამოსულა მთიდან და ტყუილად მივედი. ამაღამ ჩამოვა და ლეკვსაც ჩამოგვიყვანსო, – ასე მითხრა იმ კაცის ცოლმა, – თქვა კაპიტანმა და დაამთქნარა, – ძალიან დავიღალე და მეძინება.
– წადი და დაიძინე.
– ჯერ ჩემთან შევივლი და თუ რამე სასწრაფო არაა, მაშინ სახლში წავალ.
– კარგი. თუ ჩემთან იქნა სიახლე, შეგატყობინებ.
კაპიტანი გივი თოიძისგან გამოვიდა და თავის უშუალო უფროსს შეუარა. შემდეგ კიტიას საქმის ანგარიში ჩააბარა. გაეთავისუფლა და სამსახურიდან გამოვიდა. ღამისთევის მიუხედავად, კაპიტანს საერთოდ არ ეძინებოდა. პირიქით, აღგზნებული იყო. მონადირის აზარტით შეპყრობილი შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. გეგმა კი ვასო ჩხიკვაძემ ნოდარ მდივნის მშობლების საფლავის დათვალიერების შემდეგ შეიმუშავა და დაუყოვნებლივ შეუდგა მის განხორციელებას. კაპიტანი ჯერ ჭაღარას ყოფილ ბინაში მივიდა და იქიდან მალევე წამოვიდა. შემდეგ თვალის კლინიკას ეწვია. ბოლოს ვაკის ერთ-ერთ ბინაში გამოიარა და სახლისკენ აიღო გეზი.
– ხომ მშვიდობაა, ვასიკო? – ჰკითხა მეუღლეს თინამ, – სად ხარ ამდენი ხანი?
კაპიტანი მეუღლეს თმებზე მიეფერა.
– ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ხომ არავის დაურეკავს?
– არა. მოშიებული იქნები და სუფრას გაგიწყობ.
– მიდი, – უთხრა ცოლს ვასომ. თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა და ჩაფიქრდა. სამიოდე წუთის შემდეგ, მოულოდნელად წამოხტა და კარისკენ გაემართა.
– სად გარბიხარ, ვასიკო?! – მიაძახა მეუღლეს თინამ, რომელიც ღრმა თეფშზე წვნიანს ასხამდა.
– აქვე, ახლოს და მალე მოვალ!
– გეჭამა და ისე წასულიყავი.
– მალე მოვალ. მალე. შენ სუფრა გაშალე, – გამოსძახა ცოლს და სახლის კარი გაიხურა.
***
პოპოვი, დიმკა და ნუცა თბილისი-ადლერი-ლენინგრადის მატარებლით გაემგზავრნენ თბილისიდან და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად ჩააღწიეს ლენინგრადში.
– მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, ჩამოხვედით, – უთხრა სედოიმ ახალმოსულებს.
– სწორედაც რომ, მადლობა ღმერთს, თორემ ახლა ყველანი საკნებში ვიქნებოდით გამომწყვდეულები, – მიუგო სედოის პოპოვმა. ყავარჯენი კედელზე მიაყუდა და სავარძელზე მოკალათდა.
– მაინც, რა მოხდა? – დაინტერესდა სედოი.
– რა და, ის ყალბი საბუთების დამამზადებელი ააგდეს.
– მერე?
– მერე ის, რომ შენი და ფიგაროს ფოტოები მილიციას აქვს, – პოპოვმა დიმკასა და ნუცაზე მიანიშნა სედოის და დაამატა, – ამათმა კი შემთხვევით მოახერხეს თავის დაღწევა.
– ძაღლებს გაექცნენ?
– არა, ხელში არ ჩაუვარდნენ. იმ ადგილზე ტაქსით გაიარეს და მანქანიდან არ გადმოსულან. ამ დროს კი კიტია ჰყავდათ აგდებული და მიჰყავდათ.
– კიტია, ალბათ, ყალბი საბუთების დამამზადებელი, ხომ? – დააზუსტა სედოიმ.
– სწორედ ეგ.
სედოი ჩაფიქრდა და თქვა:
– გამოდის, რომ ძაღლებმა იციან ჩვენი გეგმის შესახებ, ანუ, ის, რომ უცხოეთში ვაპირებთ გამგზავრებას.
– კი, – მიუგო პოპოვმა. ფიგარომ კი ჰკითხა:
– ვინ უთხრა ძაღლებს ამის შესახებ?
პოპოვმა მწველი მზერა ესროლა ფიგაროს. სედოის კი გაეცინა და უთხრა:
– ჩემსა და შენს სურათებს რომ ყალბი საბუთების დამამზადებელთან აღმოაჩენდნენ, რა ძნელი მიხვედრა უნდა იმას, რომ აქედან ათესვას ვაპირებთ?
– ახლა საზღვრებზე უფრო მეტად გაამკაცრებენ კონტროლს და გასვლა გაგვიძნელდება. თანაც, არც საბუთები გვაქვს და არც მათი დამზადების შანსი.
– საბუთები დაივიწყე. სხვა გზით უნდა გახვიდეთ, – უთხრა სედოის პოპოვმა.
– კონკრეტულად? – ჰკითხა სედოიმ.
– პირდაპირ საზღვარზე უნდა გადახვიდეთ და განძიც გადაიტანოთ.
– ჯაშუშურად?
– სწორედაც.
– კი მაგრამ, ამას საიმედო კაცი სჭირდება.
– მყავდა ერთი ასეთი და თუ ცოცხალია და ისევ ძველ ადგილზე მუშაობს, მაშინ დაგვეხმარება.
– ვინაა?
– სამხედრო. ავღანეთში შეეძლო ხალხის გადაყვანა. იქიდან კი – ევროპაში, ან ამერიკის კონტინენტზე.
– ავღანეთი ცოტა სახიფათოა, მაგრამ ასარჩევად არ გვაქვს საქმე.
– სწორედაც რომ, – დაეთანხმა სედოის პოპოვი, – დღესვე დავიწყებ მის ძებნას.
ფიგარომ, რომელიც მანამდე  უხმოდ, თვალებგაფართოებული ისმენდა მეგობრების დიალოგს, პაუზით ისარგებლა და პოპოვს ჰკითხა:
– ვასილ ანდრეევიჩ, ომში მივდივართ?
– რა ომში, რას ბოდავ, ფიგარო! შეუღრინა გენერალმა.
– ავღანეთში ხომ ომია, – თქვა ფიგარომ.
სედოიმ ფიგაროს ხელით ანიშნა, – გაჩუმდიო და პოპოვს ჰკითხა:
– ნუცაც ჩვენთან ერთად წამოვა?
– კი, მაგრამ ამ მარშრუტით არა. ის სრულიად ლეგალურად გაემგზავრება უცხოეთში და ერთმანეთს იქ შეხვდებით.
– კარგად მოგიფიქრებია. ასე ჯობია, – თქვა სედოიმ და გააგრძელა, – სიომკა, სამი დღეა, ვიღაც გაბმულად რეკავს. ზარის მიხედვით, საქალაქთაშორისოა.
– ჩემი ვაჟი ან რძალი იქნებიან და ალბათ, გერმანიიდან რეკავენ.
– მეც ასე ვიფიქრე, – დაეთანხმა სედოი. ამ დროს ტელეფონმა გაბმულად დარეკა და სედოიმ ხელი გაიშვირა:
– აი, ალბათ, ისევ ის რეკავს.
პოპოვმა ფიგაროს ხელით ანიშნა, ტელეფონი მომიტანეო. შემდეგ ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენთ.
– ვასილ ანდრეევიჩ, გამარჯობა! – მოესმა პოპოვს კაპიტან ვასო ჩხიკვაძის ხმა.
– გაგიმარჯოს, ძვირფასო. თუ არ ვცდები, კაპიტანი ვასილ ჩხიკვაძე მირეკავს, ხომ? – თქვა პოპოვმა.
– არ ცდებით, ამხანაგო გენერალო, სწორედ მე ვარ.
– ვასო, ძვირფასო, ძალიან გამიხარდა. როგორ ხარ? სად დაიკარგე?
– ვასილ ანდრეევიჩ, სამი დღეა, გირეკავთ.
– აგარაკზე ვიყავი და ახლახან ჩამოვედი. ხომ მშვიდობა გაქვს, ვასო?
– მშვიდობა, მშვიდობა, ვასილ ანდრეევიჩ. უბრალოდ, თინაა ერთი კვირა ბალტიისპირეთში წასული და იმიტომ გირეკავდით, რომ გამეგო, სამი დღის მერე, თუ ლენინგრადში იქნებოდით, შემოგივლიდათ და გინახულებდათ.
– ვიქნები, ვიქნები... მოუთმენლად ველოდები. შემომიაროს კი არა და რამდენიმე დღე დარჩეს აქ. ყველაფერს მოვატარებ და დავათვალიერებინებ. ისევე, როგორც თინამ მოგვატარა ყველგან. თანაც, აქ მარტო არ ვარ და ნუციკოც აქაა.
– გოგონა ბავშვთა სახლიდან, ხომ?
– სწორედ ეგ.
– როგორაა ნუცა?
– მშვენივრად. აქაურობა ძალიან მოეწონა და ჯერ მის გამოშვებას არც ვაპირებ.
– ვალერკა როგორაა, თქვენი ვაჟი?
– მადლობა, კარგად. ახლა ის გერმანიაშია.
– თვალების პრობლემა მოეხსნა?
– ბევრად უკეთაა და წამლებს იღებს.
– ძალიან კარგი. თქვენ როგორ ხართ, ვასილ ანდრეევიჩ? ფეხი როგორ გაქვთ?
– ბევრად უკეთესად. მალე თაბაშირს მომხსნიან. ნუციკო მივლის.
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ვასილ ანდრეევიჩ. ჩემი ბრალია, რომ ასეთ დღეში ხართ.
– ზოგი ჭირი მარგებელია. შენ რომ ჩემთვის ფეხი არ მოგეტეხა, ერთმანეთს ხომ არ შევხვდებოდით და ასეთ კარგ ხალხს ვერ გავიცნობდი?
– ვასილ ანდრეევიჩ, ამას წინათ სვერდლოვსკში ვიყავი სამსახურებრივი მოვალეობით და პოლკოვნიკი ოლეგ მასლოვი გავიცანი.
– კბილა, ხომ?
– დიახ. სწორედ ეგ და ოლეგი გაღმერთებთ. თქვენს მზეს ფიცულობს.
– ვიცი, ჩემო ვასო, ვიცი. ოლეგი მაგარი ვინმეა. ამას წინათ ველაპარაკე კიდეც. მშვენიერი გოგონა ჰყავს, გალია, – მიუგო პოპოვმა კაპიტანს და დაამატა, – სხვათა შორის, ლენინგრადში ყოფილხარ და ჩემთან არ შემოგივლია.
– მართალია, ვასილ ანდრეევიჩ, მაგრამ წამითაც კი არ მქონდა დრო და ვერ მოვიცალე. ვეცდები, უახლოეს დროში მოგინახულოთ. ახლა კი ძალიან ვარ დაკავებული.
– რას იზამ, კაპიტანო, ასეთია ჩვენი ცხოვრება. როცა მოიცლი, მესტუმრე. თინას კი სამი დღის მერე ველოდები და პატივისცემა ჩემზე იყოს.
– კარგი. ამ საღამოს დამირეკავს და ვეტყვი. აბა, დროებით, ვასილ ანდრეევიჩ. ნუციკო მომიკითხეთ. ნახვამდის...
– ნახვამდის... – მიუგო პოპოვმა. ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო. ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ თქვა:
– დროებით აგარაკზე მოგიწევთ გადასვლა და თინას რომ გავისტუმრებთ, ისევ უკან დაბრუნდებით. ზეგ საღამოს ჩაგიყვანთ მე და ნუციკო.
– ვასილ ანდრეევიჩ, საეჭვოდ ხომ არ გეჩვენებათ ვასოს ზარი? – ჰკითხა პოპოვს დიმკამ.
– შენ გაეჭვებს? – კითხვა შეუბრუნა პოპოვმა.
– აბა, როგორ გითხრათ, – მხრები აიჩეჩა დიმკამ და გააბოლა.
– რა ვიცი, არ მგონია, რომ რამე საეჭვო იყოს. თუმცა, აგარაკზე იქნებით, სანამ თინა აქ იქნება და ეჭვს ვერავინ აიღებს, – თქვა პოპოვმა და კვლავ ჩაფიქრდა, – თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
– რას გულისხმობ, ვასკა? – ჰკითხა პოპოვს სედოიმ.
– ვთქვათ და ვასომ ხომ არ გაგშიფრათ-მეთქი? – მიუგო გენერალმა.
– თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც თქვენ ყვებით, მაშინ ჩვენი გაშიფვრა თითქმის შეუძლებელია, – თქვა სედოიმ.
– კი. მასეა, მაგრამ ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ. არ მგონია, ვასოს ან ვინმეს გავეშიფრეთ, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, – თქვა პოპოვმა, – მოდი, ახლა ვისადილოთ და ცოტა დავისვენოთ. შემდეგ კი მე და ნუციკო რომან სიზოვის მოსაძებნად წავალთ.
– სამხედროზე ამბობ? – ჰკითხა გენერალს სედოიმ.
– კი. სწორედ მასზე.
– რა წოდება აქვს?
– მაშინ მაიორი იყო. ახლა, ალბათ, პოლკოვნიკია. თუ ცოცხალია, რა თქმა უნდა, – მიუგო პოპოვმა სედოის და ნუცას უთხრა:
– კი ხარ, შვილო, დაღლილი, მაგრამ გვაჭამე რამე. შემდეგ დავისვენოთ, საღამოს კი წავიდეთ.
ნუცამ სუფრა გაშალა და განძის მაძიებლებმა ისადილეს. შემდეგ დაისვენეს. საღამოს ექვს საათზე კი ნუცა და გენერალი რომან სიზოვის საძებნელად გაემართნენ. ნუცა „ვოლგის“ საჭეს მიუჯდა და პოპოვს ჰკითხა:
– საით წავიდე, ვასილ ანდრეევიჩ?
– გრიბოედოვის არხთან. იქ ერთი პატარა შესახვევია და სიზოვის ბინა იქ იყო. დაიძარი და გეტყვი, როგორ უნდა მიხვიდე.
ნუცამ „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და სიზოვის სახლში რომ მივიდნენ, შეიტყვეს, რომ პოლკოვნიკი სამხედრო ჰოსპიტალში იწვა.
– რომან მიხაილოვიჩი მხარშია დაჭრილი. ორი კვირის წინ ჩამოიყვანეს აქ და ამ დილით მისმა მეუღლემ მითხრა – ერთ კვირაში გამოწერენო, – სხაპასხუპით უთხრა პოპოვს სიზოვის შუახნის მეზობელმა ქალმა, რომელმაც ცნობისმოყვარე მზერა გააყოლა კიბეებზე ჩამავალ გენერალსა და ნუცას.
პოპოვის თხოვნით, ნუცამ ბაზარში შეიარა და ხილი იყიდა. შემდეგ ნახევარი ლიტრი არაყიც შეიძინა მაღაზიაში და ამის მერე მათ სამხედრო ჰოსპიტლისკენ აიღეს გეზი. პოლკოვნიკი მესამე სართულზე, ერთადგილიან პალატაში იწვა. თეთრ ხალათებში გამოწყობილი სტუმრები რომ  დაინახა, ჯერ ნუცას გაუღიმა და მიესალმა, შემდეგ კი საწოლზე წამოჯდა, გენერალს გადაეხვია და ჰკითხა:
– ფეხზე რა გჭირს, ვასილ ანდრეევიჩ?
– არაფერია. ავარიაში მოვყევი. შენ რა გჭირს, ღრმა ჭრილობაა?
– კოღოს ნაკბენია, – ხელი ჩაიქნია სიზოვმა, – ერთ კვირაში გამომიშვებენ.
– მაინც, რა შეგემთხვა?
– „დუხებმა“ ალყაში მოგვაქციეს და დაგვიშვეს. მე ყუმბარის ნამსხვრევები მომხვდა.
– მაგარი გადარჩენილი ხარ.
– ეგ არაფერი... შენ ის მითხარი, შენთან ხომ მშვიდობაა.
– შენი დახმარება მჭირდება.
– მზად ვარ, გემსახუროთ, ამხანაგო გენერალო.
– მოკლედ, ჩემო რომან, საზღვარზეა ჩემები გადასაყვანი და თუ შეგიძლია, რომ დამეხმარო?
– შემიძლია, – მოკლედ მიუგო პოლკოვნიკმა და ნუცას მიაპყრო მზერა.
პოპოვს გაეცინა და სიზოვს უთხრა:
– ეს ნუცაა. ჩემი უახლოესი ნათესავი და შეგიძლია, თავისუფლად ილაპარაკო.
– ძალიან კარგი. რამდენი ადამიანია?
– სამი.
– ძებნილები არიან?
– ორს ოფიციალურად ეძებენ. მესამეც მათნაირია.
– გასაგებია, – თქვა სიზოვმა და ჰკითხა, – ძალიან საჩქაროა?
– რაც მალე იქნება, მით უკეთესი.
– კარგი. ვეცდები, მალე ვქნა. თუმცა, ორ კვირაზე ადრე არ მოხერხდება.
– იყოს ორი კვირის მერე.
– შევთანხმდით. ორ კვირაში გამომიარეთ, ოღონდ უკვე სახლში.
– კეთილი. ორ კვირაში გამოგივლით, მაგრამ აქ, ერთი რამაა, – თქვა პოპოვმა.
– თქვი.
– მათ ტვირთი აქვთ.
– რა ტვირთი?
– რა და, ოქრო და ძვირფასი თვლები. ყველაფერი ეს კი ოქროს კუბოშია მოთავსებული. სამოც კილოზე მეტია.
პოლკოვნიკმა დაუსტვინა და თქვა:
– მაგარია. ეგ, ალბათ, მილიონების ქონებაა.
– კი. ასეა.
– არაა პრობლემა. გადავიყვან.
– შენ, რა თქმა უნდა, შენს წილს მიიღებ.
– მე არაფერს ვთხოულობ. ხოლო თუ რამეს მომცემენ, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.
– ახლა უკვე ყველაფრის საქმის კურსში ხარ. ჩვენ წავედით და ზუსტად ორ კვირაში გამოგივლით, – უთხრა პოპოვმა. გამოემშვიდობა და ნუცასთან ერთად წამოვიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3