კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარა 5 ცალი ცნობილი ცისფერი ალმასი, კრიმინალმა მეტსახელად „ჭორფლიანმა“

გაქცევა
1974 წლის 3 ივნისს ჩრდილოეთ ურალის ¹9 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან 34 წლის ირაკლი კალატოზიშვილი, მეტსახელად „ჭორფლიანი“ გაიქცა. პატიმარმა სატვირთო მატარებელში მოახერხა შეპარვა, რომელიც კოლონიაში ჩამოდგა. სანამ ეშელონს პატიმრების მიერ დამზადებული საკანცელარიო კარადებით ტვირთავდნენ, ჭორფლიანი ერთ-ერთ კარადაში დაიმალა, რომელიც შემდეგ ვაგონში აიტანეს და ამგვარად მოახერხა ზონიდან თავის დაღწევა. პატიმრის გაქცევის შესახებ საპყრობილეს ადმინისტრაციამ მხოლოდ 8 საათის შემდეგ შეიტყო. ფეხზე დააყენეს მთელი ჩრდილოეთ ურალის შინაგანი ჯარის გარნიზონი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კალატოზიშვილმა დრო მოიგო – გასცდა სახიფათო ზონას, სადაც შეიძლებოდა  ის მდევარს შეეპყრო და სამშვიდობოზე გავიდა. ჭორფლიანს 15-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ბანკის გაძარცვისთვის და ხუთწლიანი რეჟიმი „დახურული („კრიტი“) ციხის“ სოლიკამსკის ცნობილ საპყრობილეში – „ბელი ლებედში“ ჰქონდა მოხდილი. ¹9 საპყრობილეში კი კალატოზიშვილი სულ რაღაც ორი თვის გადაყვანილი იყო – 63-ე დღეს მან გაქცევა მოახერხა.
„ჭორფლიანმა“ და მისმა თანამზრახველმა, 30 წლის სიუ კოკორიამ, 1968 წლის თებერვალში ქალაქ სოხუმის შემნახველი ბანკის მთავარი სეიფი გაძარცვეს, იქიდან 419 ათასი მანეთი, 6 კილოგრამი ოქრო და 2 კილოგრამი პლატინა გაიტაცეს და მიიმალნენ. ორმა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობაში საკანალიზაციო ჭიდან შეაღწია, მანამდე კი ჭორფლიანმა ჯერ ეგრეთ წოდებული გარე სიგნალიზაცია გათიშა. შემდეგ კი ნიღბიანმა მძარცველებმა სამი შეიარაღებული დარაჯი იარაღის მუქარით გაანეიტრალეს მათსავე სამორიგეო ოთახში, იარაღი აართვეს, გაკოჭეს და რადიატორებზე მიაბეს. შემდეგ კალატოზიშვილმა უკვე მთავარი სეიფის სიგნალიზაცია გამორთო და სეიფის გახსნას შეუდგა. ჭორფლიანმა სეიფი 80 წუთში გახსნა და, მას მერე, რაც მისი შიგთავსი გაასუფთავეს, იქაურობას გაეცალნენ. მთლიანად ამ საქმეს 5 საათი დასჭირდა და მხოლოდ დილის 8 საათსა და 30 წუთზე გახდა ცნობილი მილიციისთვის ძარცვის შესახებ. თუმცა, მძარცველები უკვე შორს იყვნენ – კოკორიას კუთვნილი „მოსკვიჩითა“ და ნაძარცვით თბილისისკენ მიემართებოდნენ.
მილიცია ბოროტმოქმედების კვალს მხოლოდ ორი თვის შემდეგ, 1968 წლის აპრილში დაადგა, თანაც, სრულიად მოულოდნელად. ორგანოებს ძარცვის შესახებ მექალთანე სიუ კოკორიას ცოლმა, ესმა ცირამუამ აცნობა – ქალმა ქმარი საყვარელთან ერთად გამოიჭირა და სიუ დააჭერინა. სიუ კოკორიასგან მილიცია, რა თქმა უნდა, ჭორფლიანზეც გავიდა, მაგრამ, ის მხოლოდ 9 თვის შემდეგ, 1969 წლის 7 იანვარს შეიპყრეს თბილისში, კუკიაზე, სადაც ის თავის საყვარელთან, ანა მიქაბერიძესთან იმალებოდა. კალატოზიშვილს ორი პისტოლეტი და სოხუმის ბანკიდან წამოღებული დანარჩენი ფული და ძვირფასი ლითონი ჩამოართვეს, გაასამართლეს და „ბელი ლებედში“ უკრეს თავი. თუმცა პატიმარმა ხუთი წლის შემდეგ მაინც მოახერხა გაქცევა.
ცისფერი ალმასები
ჩრდილოეთ ურალის ¹9 კოლონიიდან გაქცეულ ირაკლი კალატოზიშვილს მილიცია ინტენსიურად ეძებდა. ჭორფლიანი კი ამ დროს მოსკოვში იმალებოდა და თან ახალი საქმისთვის ემზადებოდა. საბჭოეთის დედაქალაქში კალატოზიშვილმა ვინმე ანტონ ერდმანთან შეაფარა თავი. ერდმანი იუველირი იყო და ჭორფლიანმა ის „ბელი ლებედში“ გაიცნო. 60 წლის იუველირს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი ძვირფასი ქვებით სპეკულაციისთვის.  მას განსაკუთრებული ლტოლვა გააჩნდა ძვირფასი ქვებისადმი და მათ მოსაპოვებლად დანაშაულზეც იყო წამსვლელი. სწორედ ერდმანმა შესთავაზა გაქცეულ ჭორფლიანს ძვირფასი ქვების გამოფენის გაძარცვა. გამოფენა 1974 წლის 15-16 აგვისტოს უნდა გამართულიყო მოსკოვის ეგრეთ წოდებული „ბროლის სახლში“, რომელიც ძველ არბატზე მდებარეობდა და სხვადასხვა სახის გამოფენების გასამართავად იყო განკუთვნილი.
– ირაკლი, ეს იქნება ზღაპრული სანახაობა. ძვირფასი ქვების ნამდვილი ფოიერვერკი და, რაც მთავარია, იქ იქნება გამოფენილი ის ხუთი ცალი ცისფერი ალმასი, რომლებიც 1908 წელს აღმოაჩინა აკადემიკოს კარცევის ექსპედიციამ ციმბირში, – აღფრთოვანებას ვერ მალავდა ერდმანი და თვალები უელავდა.
– ძია ანტონ, მე სიგნალიზაციისა და „ბროლის სახლის“ სქემა, აგრეთვე, საკანალიზაციო ჭის ზუსტი აღწერილობა მჭირდება. მე ხომ ჯერ შენობაში უნდა შევაღწიო, შემდეგ სიგნალიზაცია გამოვრთო, ბოლოს კი სეიფი გავხსნა. თქვენ არ ამბობთ, რომ ყოველი ჩვენების შემდეგ ძვირფას ქვებს დილამდე სეიფში ჩაკეტავენო? – მიუგო ერდმანს ჭორფლიანმა.
– რა თქმა უნდა, ირაკლი, არის ასეთი კაცი. ის ჩემი ძველი ნაცნობია და სწორედ ის გაგარკვევს ყველაფერში, – უთხრა კალატოზიშვილს ერდმანმა, რომელსაც უკვე ელანდებოდა ცისფერი ალმასების ციალი.
– სანდოა ის კაცი?
– კი, კი, სანდოა, სანდო... – თქვა ერდმანმა.
საქმის მიმცემი 43 წლის ვინმე იური კრუპინი აღმოჩნდა. ის ალმასის ფონდის თანამშრომელი იყო, ხშირად მიუღია მონაწილეობა „ბროლის სახლში“ გამართულ სხვადასხვა დონის გამოფენებში და კარგად იცნობდა მის სისტემას. კრუპინმა ჭორფლიანს როგორც საკანალიზაციო სისტემის, ასევე სიგნალიზაციის დეტალური სქემა მიუტანა, გასამრჯელოდ კი სრული წილი მოითხოვა. ერდმანი და კალატოზიშვილი დათანხმდნენ კრუპინს და გაისტუმრეს.
1974 წლის 15 აგვისტოს, ღამის 23 საათსა და 30 წუთზე, ჭორფლიანმა „ბროლის სახლში“ გაუქმებული საპირფარეშოდან შეაღწია. მან ჯერ სიგნალიზაცია გამორთო, შემდეგ აირწინაღი გაიკეთა, დასაძინებელი გაზი გაუშვა და მილიციელთა რვაკაციანი ჯგუფი იქვე მიაძინა, მერე სასწრაფოდ გაკოჭა დაძინებულები და სეიფს მიაშურა. კალატოზიშვილმა მძიმე სეიფი ორ საათში გახსნა, იქიდან ძვირფასი ქვები გამოიღო, ტყავის ჩანთაში მოათავსა და იმავე გზით დაბრუნდა უკან, რომლითაც შემოვიდა. დილის 4 საათზე ჭორფლიანი უკვე ერდმანის ბინაში იმყოფებოდა. ძველმა იუველირმა სულმოუთქმელად გახსნა ტყავის ჩანთა, იქიდან ცისფერი ალმასები ამოიღო, სერვანტზე განალაგა. სანთელი აანთო და მათი ჯადოსნური ციალით ტკბებოდა...
– ძია ანტონ, ძალიან დავიღალე და დავიძინებ, – უთხრა მასპინძელს კალატოზიშვილმა.
– დაიძინე. შუადღისთვის კრუპინი მოვა და თავის წილს წაიღებს, – მიუგო მასპინძელმა ჭორფლიანს.
ირაკლი კალატოზიშვილი გასროლის ხმამ გამოაღვიძა. თვალი რომ გაახილა, დაინახა, როგორ დაეცა იატაკზე მასპინძელი. იქვე იდგა პისტოლეტმომარჯვებული კრუპინი, რომელსაც მეორე ხელში ძვირფასი ქვებით სავსე ტყავის ჩანთა ეკავა და ჭორფლიანს უმიზნებდა. კალატოზიშვილი წამოხტა და კარადის უკან ამოფარება სცადა, მაგრამ, კრუპინმა მას ორი ტყვია ესროლა მკერდში და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
სროლის ხმაზე გამოძახებულმა მილიციამ ცოცხალ-მკვდარი ძებნილი ჭორფლიანი საავადმყოფოში გადაიყვანა, მოკლული იუველირი კი – პროზექტურაში... კალატოზიშვილი გადარჩა, კრუპინი კი მილიციის ოპერჯგუფმა იუველირის სახლიდან გაქცევიდან ხუთი წუთის მერე ერთ-ერთ სადარბაზოში მოიმწყვდია და ურთიერთსროლისას მოკლა... ამოღებულ ტყავის ჩანთაში მათ ყველა ძვირფასი ქვა იპოვეს, გარდა ხუთი ცალი ცისფერი ალმასისა...
ჭორფლიანი რომ გამოჯანმრთელდა, გაასამართლეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან სრულად მოიხადა სასჯელი და 1989 წლის დეკემბერში გათავისუფლდა ციხიდან. ექვსი თვის მერე კი ყოფილმა პატიმარმა მსხვილი კოოპერატივი დააარსა, რომელიც ხორბლითა და მარცვლეულით ვაჭრობდა და ძალიან მალე დიდი კაპიტალი შეაგროვა...
75 წლის ირაკლი კალატოზიშვილი დღესაც ცოცხალია. რუსეთში ცხოვრობს და მის ბიზნესს მისი შთამომავლები განაგებენ.  ცისფერი ალმასები კი დღემდე ვერ აღმოაჩინეს. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, სწორედ ამ ძვირფასი ქვების მეშვეობით ააწყო ბიზნესი ყოფილმა ქართველმა „მედვეჟატნიკმა“...

скачать dle 11.3