იყო თუ არა შოთა რუსთაველი გვარად ბაგრატიონი და ეწამებოდა თუ არა ის ცოტნე დადიანთან და კოხტასთავის ამბოხებულებთან ერთად
ბორჯომში ქვაბისხევის ხეობაში, მაღალ მთაზე, პატარა ბაზილიკა დგას, რომელიც მერვე-მეცხრე საუკუნით თარიღდება. ამ სამლოცველოში ქართველი მეცნიერებისთვის მეტად საინტერესო ფრესკაა შემონახული, რომელზეც ახალგაზრდა ვაჟი და შუახნის ქალია გამოსახული. სამნავიანი ბაზილიკის კედელზე არსებული ფრესკა, სავარაუდოდ, მე-12 საუკუნისაა, ხოლო მასზე გამოსახულ პიროვნებებად კი, შოთა რუსთაველსა და დედამისს მოიაზრებენ. არსებული ფრესკის მიმართ ინტერესი და კვლევები ჯერ კიდევ ნიკო ბერძენიშვილმა დაიწყო. ცნობილმა მკვლევარმა და მწერალმა პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელმა დაასაბუთა, რომ ფრესკაზე ნამდვილად შოთა რუსთაველი და დედამისი – იაა გამოსახული.
– ბატონო პეტრე, რით მტკიცდება, რომ ფრესკაზე გამოსახული პიროვნებები შოთა რუსთაველი და დედამისია?
– შოთა რუსთაველზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, ამიტომ ვერც ნიკო ბერძენიშვილმა და ვერც სხვა მეცნიერმა ვერ გაბედეს ზუსტად ეთქვათ, რომ ფრესკაზე შოთა და დედამისი – იაა გამოსახული. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე მრავალი მკვლევარი მუშაობდა. არსებულ კითხვაზე პასუხს, თავად შოთა იძლევა „ვეფხისტყაოსანში”, რომელიც ქართველთა სახარებაა. შოთამ საოცარი ჰიპოსტასი შექმნა ქართველთათვის: სიყვარული, მეგობრობა და ერთგულება. მე-12 საუკუნეში გამოთქმული მისი აზრები, სავსებით არ არის განხორციელებული დღესაც და მთელი მოწინავე კაცობრიობის იდეალს წარმოადგენს. რაც შეეხება ასმათისა და ტარიელის შეხვედრის ადგილის აღწერილობას, ზუსტად ემთხვევა ის ქვაბისხევის სამნავიანი ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიას – მდინარე, ტყე, ხედი, ორიგინალიდან შეიძლება ითქვას, ერთი-ერთშია გადმოტანილი ფურცელზე:
„დღისით ვლეს და საღამოს-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანდადენი.
წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შაბი იყო თუ რასდენი.
ხე დიდრონი, თვალ-უწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.”
იქვე ვკითხულობთ:
„რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა”.
აქ კი უკვე, გარდა ადგილის აღწერისა ასმათის ჩაცმულობასაც ვხვდებით…
გარდა ამისა, იმ პერიოდში წესი იყო ასეთი – დიდგვაროვანი, რომელიც ეკლესიას ააშენებდა, ან შესწირავდა რაიმეს, საკუთარ თავს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გამოსახავდა ტაძრის კედელზე. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აღნიშნულ ფრესკაზე გამოსახულია ასაკოვანი ქალი და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შოთა ჰქვია. სახელები – შოთა და ია თავად ფრესკაზეა მითითებული. ორივეს მდიდარი სამოსელი ამკობთ. ქალს მონაზვნის სამოსი აცვია, რაც გამორიცხავს მის გვერდით ქმრის არსებობას – მონაზონთან ერთად მეუღლეს არავინ გამოსახავდა. ახალგაზრდა ვაჟი შვილი უნდა იყოს ამ მანდილოსნის. როგორც ყველასთვის ცნობილია, „ვეფხისტყაოსნის” გმირებიდან, ტარიელი მოიაზრება შოთად, ხოლო ასმათის პერსონაჟი კი დედამისის – იას პროტოტიპია. ამ დროს შოთას მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და იზრდებოდა დედულეთში, ჯაყელების მამულში, რომელთაც ეკუთვნოდათ არა მარტო ქვაბისხევის მონასტერი. „ვეფხისტყაოსანში” წერია, 15 წლის იყო ტარიელი, მამა რომ გარდაეცვალა. ერთი წლის შემდეგ კი მეფემ მამამისის თანამდებობა ამირბარობა შესთავაზა. ეს იგივე სახლთუხუცესობაა. მეფე იქვე დასძენს, რომ ტარიელი მისი გვარისაა. შესაბამისად, შოთა ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელია, ოღონდ ტაოს, ანუ უფრო სწორად მესხეთის ბაგრატიონია. აი, აქედან იღებს სათავეს რუსთაველის თითქოსდა „არმენული” წარმომავლობა.. სომხითი ანუ სომხეთი ქართლის სამხრეთ ნაწილია. ხოლო „არმენი”კი სულ სხვა ჯიშია (ეს ძალიან დიდი თემაა და სხვა დროს განვიხილავთ)... სომხითის მკვიდრი ისეთივე ქართველია, როგორიც იმერელი, მეგრელი და სხვა. შოთასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეფე გიორგი მეცამეტის ვაჟი, თეიმურაზ ბატონიშვილი: „ხოლო შოთა რუსთაველი იყო შობილივე რუსთავსა შინა, თუმცაღა წერილთა შინა, რომელთა მე მეხილვა და სიტყვისა მსმენოდა ნამდვილ ჭეშმარიტებით შოთა რუსთველისა, რომელი იგი იყო ადგილით ჰერეთით ქალაქით რუსთავით და ქალაქიცა იგი იყო სამთავროთ მისსა მიცემული, მეფისა თამრისასგან. გარნა აწ, ახლად ვიპოვეთ რა მოთხრობად საქართველოისა, აღწერილი ფარსადან გორგიჯანიძისა, მასშინა წერილ არს რუსუდან მეფისა, მოთხობასა შინა შემდგომი ესე სიტყვანი: „მეფემან რუსუდან მოინება წარგზავნა თათართა თანა ძისა თვისისა დავითისა, და აღიღო შანა და ფიცი მათგან უვნებოლობისა, ხოლო მოციქულად გაუგზავნნა თათართა მიმართ, მთავარნი თვისი დიდებულნი კაცნი შანშე და ავაქ და ვარამ გურიელი და ჰერეთის ერისთავი შოთა, რომელიც მელნის სეფობისათვის კუპრობით იხსენიების”.
– კუპრი, შეიძლება ითქვას, რომ შოთა რუსთაველის მეტსახელი იყო?
– დიახ, ამის შესახებაც უფლისწული თეიმურაზი გვამცნობს, როგორც უკვე აღვნიშნე. უფრო მეტსაც გეტყვით, შოთა რუსთაველი ცოტნე დადიანთან ერთად ეწამებოდა. როდესაც ცოტნე დადიანი კოხტასთავის ამბოხებულებთან მივიდა და თაფლი წაისვა, მის გვერდით ვარლამ გაგელთან, ყვარყვარე ჯაყელთან და სხვებთან ერთად შოთა კუპრიც იჯდა. თეიმურაზი წერს: „შოთა, რომელიც მელნის სეფობისათვის კუპრობით იხსენების. სეფე სხვათა და სხვათა დიდებულთა, გინდა მეფეთა, მთავართა, ნათესაობასა, გინდა ნივთსა რაისამე, შესაფერსა მათსა, სახელედების, ხოლო სეფობისათვის ამას ნიშნავს, ესე იგი დიდებულად გამოჩინებისათვის საქმისასა. კუპრობით იხსენიებს სიშავისათვის მელნისა, ვინაითგან რუსთავისა ქალაქისა მახლობლად არს წყაროი, ვითარცა მელანი გამომდინარე, რომელიცა იხმარების საწერადცა და მახლობელთა მათ ადგილთა იპოვებიან გამომდინარენი ვაკესა ადგილსა ზედა კუპრი მრავალი და ყოველსა ადგილსა შინა საქართველოისასა მუნით წარიღებენ ყოველთვის კუპრთა, სახმარად ტიკთა ღვინისათა.” ეს ამონარიდი ნათლად ადასტურებს ყოველივე ზემოთქმულს. შოთას მამის მამული იყო ჰერეთი. ბავშვობაში იზრდებოდა ჯაყელებთან (ისტორიიდან ცნობილია ჯაყელთა და ბაგრატიონთა ურთიერთობა). თავად იყო ბაგრატოვანი, დედა კი ჯაყელი ჰყავდა. თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეაქვთ ექვთიმე თაყაიშვილს, პავლე ინგოროყვას, მარი ბროსეს და ასევე მეც. ბატონიშვილის სიტყვას თუ არ ვენდეთ, სხვას ვის უნდა დავუჯეროთ.
– განიხილება თუ არა სხვა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც შოთა რუსთაველის გარდა, სხვაც შეიძლება, მოიაზრებოდეს ფრესკაზე?
– ნახეთ, რას გვაწვდის შოთას ქველობის შესახებ თეიმურაზ ბატონიშვილი: „შოთა რუსთაველმან დაუტევა სოფელი ესე და ყოველივე დიდება და შვება საწუთროსა ამის, და წარვიდა წმიდად იერუსალემად, და შევიდა მონასტერსა შინა... და განაახლა მონასტერი იგი შოთა რუსთაველმან, რამეთუ ფრიადნი სიმდიდრენი შესწირნა მონასტერსა მას და ქრისტეს საფლავსა და ყოველთა მათ თვითოეულად ქართველთა მონასტერთა, გინა სხუათა.” ვფიქრობ, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, რომ ქვაბისხევის მონასტრის მოხატულობა, რომელიც შემორჩენილია დღესაც, მისი ქველობის შედეგია. სწორედ ამიტომ არის შოთასა და დედამისის ფრესკაც ბაზილიკის კედელზე.