რატომ მოხდა დაპირისპირება ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის და როგორ გაიყვეს საქართველო დავით ულუმ და დავით ნარინმა
მონღოლებმა არ გააუქმეს ქართული სახელმწიფოებრიობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილად შეეძლოთ, რადგან რუსუდან მეფის ხელისუფლება, ფაქტობრივად, არც კი არსებობდა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში; ხოლო ადგილობრივი გამგებლები კი, მეფის გვერდის ავლით ეყმნენ თათრებს. მონღოლებმა მოითხოვეს მეფესთან შეთანხმება, მისი ვასალობა, რაც გულისხმობდა მათ მიერ საქართველოს მეფის დამტკიცებას და სხვა, ვასალობისთვის დამახასიათებელ ვალდებულებებს. სამაგიეროდ, სახელმწიფოებრიობა შენარჩუნდებოდა.
1245 წელს რუსუდან მეფე გარდაიცვალა. მისი ვაჟი ურდოში იყო მეფედ დასამტკიცებლად. ამ პერიოდში ცოცხალი აღმოჩნდა ლაშა-გიორგის ძე და ისიც ყარაყორუმში გაემგზავრა მეფობის მისაღებად.
მონღოლებმა ორივე პრეტენდენტი დაამტკიცეს მეფედ, დავით რუსუდანის ძე და დავით ლაშას ძე.
რუსუდანის ძეს ეწოდება დავით მეექვსე, რადგან ის უფრო ადრე აკურთხეს მეფედ. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როცა დედამისმა გადაწყვიტა, საბოლოოდ ჩაეგდო ხელში ტახტი, რომელიც ძმამ დროებით დაუტოვა. ამიტომ, თავისი ვაჟი თანამეფედ გამოაცხადა. ძმის, მეფე ლაშა-გიორგის ანდერძის თანახმად კი, რუსუდანს უნდა გაეზარდა ძმისშვილი და როცა სრულწლოვანებას მიაღწევდა, მისთვის დაეთმო ტახტი. საკუთარი გეგმის აღსრულებისთვის კი რუსუდანმა ძმისწული გააგზავნა იკანიაში, რუმის სასულთნოში, თავის სიძესთან, სულთან ყიასდინ ქეი ხუსრევ მეორესთან და ფარულად მისწერა, მოეკლა ლაშას ვაჟი. ყიასდინმა უფლისწული დააპატიმრა და საშინელ საპატიმროში ჩააგდებინა. ლაშას ძე გადარჩა. წლების შემდეგ დიდებულებმა შეიტყვეს, რომ ცოცხალი იყო, დააბრუნეს საქართველოში და მონღოლებს მისი გამეფება მოსთხოვეს.
მონღოლებს არც ერთი პრეტენდენტის განაწყენება არ უნდოდათ, თან, აწყობდათ კიდეც საქართველოს ხელისუფლების ორად გაყოფა და ორივე კანდიდატი მეფედ დაამტკიცეს. რადგან ლაშა-გიორგის ვაჟი უფროსი იყო და თან ლაშას ძე გახლდათ, მონღოლებმა უწოდეს ულუ, რაც უფროსს ნიშნავს მონღოლურად, ხოლო რუსუდანის ვაჟს უწოდეს ნარინი – უმცროსი.
ქართველები დიდი სიხარულით მიეგებნენ ყარაყორუმიდან დაბრუნებულ თავის მეფეებს. დავითი და დავითი მოვიდნენ ტფილისში და დასხდნენ სამეფო ტახტზე. მიუხედავად რუსუდანის მიერ ჩადენილი საქციელისა, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ერთმანეთისადმი სიყვარული ჰქონდათ.
უმეტესი პატივი და ზედაჯდომა დავით ულუს ჰქონდა, რადგან უფროსი იყო და ლაშას ძე. ულუ იყო დიდი და ახოვანი, მსხვილი და მაგარი მოისარი, გულუბრყვილო, გულწრფელი და მალემრწმენი, ბოროტების შემნდობი. ცოტა ენას უკიდებდა, რაც 5-7 წლის განმავლობაში ხაროში პატიმრობამ და წამებამ დაუტოვა.
ნარინი იყო საშუალო სიმაღლის, ზომიერი ტანით და თხელი, თხელი თმით, ფეხმარდი, რჩეული მონადირე, ენატკბილი და საუბრის მოყვარული, უხვი და თავმდაბალი, კარგი ცხენოსანი, ლაშქრობის დროს სარდლების დამჯერე, სამართლიანი.
ქართველები ძალიან გაწვალდნენ ილხან ჰულაგუს დაუცხრომელ ომებში მონაწილეობის გამო. უამრავი ადამიანი იხოცებოდა მონღოლების ინტერესებისთვის. ნარინი არ ემორჩილებოდა თათრებს და აუჯანყდა კიდეც.
მონღოლთა დროინდელი უცნობი მემატიანის თქმით, ერთხელაც ჰულაგუ ყაენს საზაფხულო სადგომში ესტუმრა დავით ნარინი, ალბათ გამოიძახეს, რათა პასუხი მოეთხოვათ. მემატიანის თქმით, ილხან ჰულაგუს თურმე უფრო უყვარდა ლაშას ძე, რუსუდანის ძე კი სძულდა. ჰულაგუს ბრძანებით, შეიპყრეს დავით ნარინი და ჰულაგუს სხვა რეზიდენციაში, საზამთრო სადგომში, ბარდავში გააგზავნეს. ჩინგიზ ყაენის შვილიშვილს არ მოსწონდა დაუმორჩილებელი ნარინი.
როცა ნახჭევანში მივიდნენ, დავით მეფემ შეძლო გაქცევა ორ მხლებელთან, გურკლელ მახუნჯაგისძესთან და ბეგა სურამელთან ერთად. ბეშქენ გურკლელი და ბეგა სურამელი იყვნენ მისი თანაშეზრდილები და ერთგული თანამებრძოლები. ისინი 1243 წელს ყარაყორუმშიც ახლდნენ დავით რუსუდანის ძეს და რამდენიმე წელი დარჩნენ იქ. ბეშქენი სამეფო კარზე ამირეჯიბი გახდა. ბეგა სურამელს თათრები სალინბეგს უწოდებდნენ, რაც კარგ ბეგას ნიშნავს. მან მამის მსგავსად მიიღო ქართლის ერისთავობა და მსახურთუხუცესობა.
მეფე და მისი ორი დიდებული გაემგზავრნენ აფხაზეთისკენ, ქუთათისისკენ. ავაგ მხარგრძელი ათაბაგის საგამგებლოში, უბრალო ტანსაცმელში გადაცმული ნარინი და მისი ორი მხლებელი ნადირობისას იცნო 1177 წელს შერისხული ორბელების ერთმა შთამომავალმა, სუმბათ ორბელიანმა. ნარინმა აჩუქა დედამისის მიერ ურდოში გატანებული უძვირფასესი თვალი და სთხოვა, არ გაეთქვა ის. სუმბათ ორბელიანმა ნარინი და მისი მხლებლები გამოაცილა. მიაღწიეს თორს, სადაც ლიპარიტ თორელმა ისტუმრა დევის-ყურში.
ლიპარიტ თორელმა მისცა მეფეს შესაბამისი ტანსაცმელი, ცხენები და თან წაჰყვა ქუთათისში.
დასავლეთ საქართველოს დიდებულებმა რომ გაიგეს მისი ქუთაისში მისვლა, ეახლნენ დიდი სიხარულით და აფხაზთა, ანუ დასავლეთ საქართველოს მეფედ გამოაცხადეს ლიხის ქედამდე.
მონღოლები ვერ ბედავდნენ დასავლეთში გადასვლას.
ასე შეიქმნა საქართველო ორ სამთავროდ. თუმცა, მაინც ერთ სამეფოდ ითვლებოდა. მეფეები კი ერთმანეთისადმი კვლავ ძმური სიყვარულით იყვნენ განწყობილნი. აღმოსავლეთ საქართველო ულუს დარჩა, დასავლეთი კი ნარინს.
დავით ულუმ დიდი ქონება იშოვა მონღოლთა ლაშქრობებში და მშვიდად აცხოვრებდა სამეფოს, თუმცა მერე, მონღოლთა მიერ ქვეყნის აღწერისა და დიდი გადასახადების გამო, აუჯანყდა თათრებს, როგორც ცოტა ადრე მისი მამიდაშვილი, ნარინი.
1260 წელს, მას შემდეგ, რაც დავით ულუს აჯანყება, რომელსაც მეთაურობდა სარგის ჯაყელი, მონღოლებმა დაამარცხეს ქართველი დიდებულების დახმარებით, მეფე გადავიდა შავშეთსა და კლარჯეთში. მოიხმო თავისი ერთგული დიდებულები და ეთათბირა, რა ვქნათო.
სარგის ჯაყელმა-ციხისჯვარელმა ურჩია: სამცხე პატარაა და მეფეთა სადგომად შეუფერებელი. გირჩევ, წახვიდე ლიხთ-იმერეთში რუსუდანის ძესთან, რადგან ეს სამეფო ორივეს თანაბრად გეკუთვნით. მე თავს გადავდებ შენთვის, მთელი ჩემი საქონელი და სამხედრო ნაწილები შენია, როგორც გინდა, გამოიყენე. თუ კარგად მიგიღებს დავითი, კარგია, თუ არა და აჰა ჩემი ქონება, ნუ დაზოგავ, მოვეთათბიროთ იმერელ თავადებს, გავცეთ საჩუქრები და ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთო.
მოეწონა ეს აზრი ლაშას ძეს და გააგზავნა მოციქული რუსუდანის ძესთან, რათა მიეღო თათართაგან დევნილი. ნარინმა თანხმობა შემოუთვალა.
მივიდნენ ქუთათისში. მიეგება მამიდაშვილი ბიძაშვილს და მშვენიერი მასპინძლობა გაუწია. ასე გავიდა ერთი წელიწადი. კეთილად მასპინძლობდა ნარინი ულუს, მაგრამ გაუცხოებული იყვნენ უკვე.
დავით ულუს ხალხი მოეთათბირა, ასევე, რაჭის ერისთავ კახაბერ კახაბერისძეს, რომელიც დავით ულუს სიმამრი იყო, ქვებულისძეებს, სარგის ფარაჯანიანს, რათა იმიერ საქართველოში ულუ გაემეფებინათ. დაიწყო განდგომილება, დაპირისპირება იმერეთში.
ზოგი ულუს მხარეს დადგა, ზოგი კი ნარინის მხარეს. ბედიან (ბედან) ჯუანშერის ძე დადიანი რუსუდანის ძეს მიემხრო. ბედიანი ყოფილა ძალიან კარგი პიროვნება, ზნეობრივი ადამიანი და უხვი, გონიერი. ისეთი წესრიგი ჰქონდა დამყარებული ოდიშში, ქურდობა და დანაშაული არ ხდებოდა. სვანები ორად გაიყვნენ.
თუმცა, შეტაკება არ მომხდარა და ერთმანეთს არაფერს ავნებდა ბიძაშვილ-მამიდაშვილი. არც ჯარს სურდა შეტაკება, არც მეფეები გასცემდნენ მეომრებისთვის საჩუქრებს ამ საქმესთან დაკავშირებით.
იყო აშლილობა და შფოთი იმერეთ-აფხაზეთში.
სხვა გზა ვეღარ მოიძებნა და გადაწყვიტეს, მეფეებმა გაეყოთ სამეფო და სამეფო ხაზინა ორად.
გამოარჩიეს თავადები და გაყვეს ორად. ტფილისი ორად, ქუთათისიც ორად. თავადები და ერისთავები გაათანასწორეს. ასე მოხდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. გაყვეს სამეფო და გაყვეს ხაზინა. მაგრამ, საიდუმლო საცავები თითქმის ხელუხლებლად დატოვეს.
თავიდან დავით ულუ ვერ აკონტროლებდა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ მერე შეურიგდა მონღოლებს და გადმოვიდა ტფილისში, ნარინი კი ქუთათისში დარჩა.
ასე გაიყო დავით აღმაშენებლის მიერ გაერთიანებული დიდი სახელმწიფო ორად.