რატომ გაანადგურეს ზურაბ ჟვანიას არქივის მასალები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და რატომ აპირებდნენ ფოთის პორტის მიყიდვას ადამიანისთვის, რომელიც იყო ბინ ლადენის კომპანიის მმართველი და „შავი” იარაღის ბარონი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვის საქმე კვლავ გაუხსნელია, თუმცა ამის გარშემო არც ბინძური ჭორების ნაკლებობაა და ლოგიკური მოსაზრებაც არსებობს, რომლებიც აძლიერებს მკვლელობის ვერსიას. თებერვილის იმ კვირის დასაწყისში, როდესაც ზურაბ ჟვანია დაიღუპა, პრემიერ-მინისტრმა დიდი საპრივატიზაციო დოღი დააანონსა (სატელევიზიო არქივებში მისი ეს გამოსვლა შემონახული იქნება), რადგან გასაყიდად ერთიან პაკეტში ყველაზე მსხვილი ობიექტები გამოდიოდა, ფოთის პორტისა და თბილისის აეროპორტის ჩათვლით. მაგრამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, საპრივატიზაციო დოღი ვერ შედგა, თუმცა დაპირებულზე მოკრძალებული პრივატიზაცია მოგვიანებით შედგა. მთელი ამ წლების განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ტრაგედიასთან პრივატიზაციის ამბავს ნაკლებად აკავშირებდნენ და აქცენტს მხოლოდ პოლიტიკურ შემადგენელზე აკეთებდნენ. იღებდა თუ არა მონაწილეობას ტრაგედიაში დიდი ფული და ვინ იდგა მის უკან? – ამ თემაზე ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
– პრივატიზაციის თემა აქტიურად არ ხსენებულა ამ ტრაგედიის კონტექსტში, თქვენ რა ვერსია გაქვთ და რას გულისხმობდა დაანონსებული დიდი საპრივატიზაციო დოღის პოლიტიკურ სარჩულად?
– საქმე ისაა, ვინ იდგა იმ კომპანიების უკან, რომლებიც აპირებდნენ იმ ობიექტების პრივატიზაციას. ზუსტად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს პრივატიზაცია ჩატარდა, მე მაინც პირდაპირ ვამბობ, ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მკვლელობის შემდეგ. ზუსტად მახსოვს, რომ, დაახლოებით, ერთ თვეში ორი ობიექტის პრივატიზაცია მოხდა: თბილისის აეროპორტი გადაეცა თურქულ კომპანია „ტავს“, ფოთის პორტი კი – არაბულ კომპანია „რაკიას“, რომელიც ისევე გაქრა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როგორც შარშანდელი თოვლი და დღემდე უცნობია, რა ძალები იდგა ამ კომპანიის უკან. თუმცაღა, შემიძლია, გითხრათ, რომ საკმაოდ სერიოზული ძალები იდგნენ; ისეთები, როგორიც არის, მაგალითად, ადნან ხაშოგისნაირი ავანტიურისტები, საკმაოდ ცნობილი იარაღით მოვაჭრე, რომელიც გარეული იყო არაერთ მსხვილ საერთაშორისო სკანდალში, მათ შორის, ისეთ მსხვილ სკანდალში, როგორიც იყო 1986 წლის ირან-კონტრას სკანდალი, რომელსაც შეეწირა ამერიკის უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანი ოლივერ ნორტი, რომელმაც ჩვენება მისცა ამერიკის სპეციალურ საგამოძიებო კომისიას და ამის შემდეგ დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში. საინტერესო მომენტია, რომ ადნან ხაშოგის კვალი ფიგურირებდა ლიბანის პრეზიდენტ ჰანანის მკვლელობაშიც, რომელიც, ასევე, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
საინტერესო საკითხია, თუ ვინ გაიყვანა მიხეილ სააკაშვილი საუდიტების დინასტიის მაღალი დონის წრეებთან: გვახსოვს, რომ საუდის არაბეთის მეფემ პირადად მიულოცა მიხეილ სააკაშვილს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე და მიხეილ სააკაშვილმა თვითონვე გვანახვა ის ხმალი, რომელიც მას აჩუქეს და რომელიც საუდიტების ყველაზე მაღალი სახელმწიფო ჯილდოა. მას საუდიტების დინასტიის წარმომადგენლები ასეთ ჯილდოს არ მისცემდნენ ლამაზი თვალების გამო. დადასტურებული ფაქტია მისი ხშირი ვოიაჟები საუდის არაბეთში. ერთი სიტყვით, კომპანია „რაკია“ ისევე გაქრა საქართველოდან, როგორც ლიბანსა და კვიპროსში ქრებოდა ხაშოგის კომპანიები, რომლებიც პრივატიზაციას ახორციელებდნენ და, როდესაც საქმე კეთდებოდა, კომპანიები ქრებოდა.
– რას გულისხმობთ „საქმის გაკეთებაში“?
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ადნან ხაშოგი იყო შავი ბიზნესის ბარონი და იარაღით უკანონო ვაჭრობის მთავარი დილერი, ბუნებრივია, მას ეს კომპანიები სჭირდებოდა ამ მიზნების შესასრულებლად.
– იმას ამბობთ, რომ ფოთის პორტით „რაკია“ გადაზიდავდა კონტრაბანდულ იარაღს?
– არა "რაკია იყო მხოლოდ ოპერატორი კომპანია, იარაღის შემოტანას ახორციელებდნენ სხვა კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ცნობილ "იარაღის ბარონებთან", მაგალითად, ვიქტორ ბუტის ახლო პარტიორ ტეჟიჩის კომპანია "Melvale" Corporation–თან, რომელიც დარეგისტრირებული იყო სეიშელის კუნძულებზე. ბუნებრივია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს. როგორ შედიოდა ეს იარაღი ფოთის პორტში ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე და ერთ-ერთი კონტრაქტი შესრულდა უშუალოდ ომის დროს, ეს იარაღი წამოვიდა იორდანიიდან.
– და დოკუმენტებში წერია, რომ იარაღი იყო? და თუ წერია, რომ იარაღია, შავი როგორღა გამოდის?
– დოკუმენტებში სულ სხვა რამ წერია და სულ სხვა რამ გადაიზიდა. მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოიწერდა რაღაც დონის იარაღს, რომელიც ჩამოდიოდა, მაგრამ, არავინ იცის, სად ქრებოდა. ეს იარაღი შეიძლებოდა, ჩამოწერილიყო, მაგალითად, რომ ის გამოიყენეს საბრძოლო ოპერაციების დროს.
– ან იყო იმ სამხედრო ბაზებში, რომლებიც ოკუპანტებმა დაიკავეს?! საინტერესო თემაა, რა შეიარაღება იყო ომამდე ჩვენს არსენალში და რა გაანადგურეს ოკუპანტებმა, თუმცა ჩვენ ამას უკვე ვეღარასდროს გავიგებთ.
– ეს ძალიან სენსიტიური თემაა, მით უმეტეს, რომ ეჭვი მეპარება, იარაღის გარკვეული სახეობა, რომლებიც საქართველოში შემოდიოდა ფოთის პორტით, ოდესმე ჰქონოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ იყო.
– რა ადასტურებს, რომ ხაშოგი იდგა „რაკიას“ უკან? რა გაფიქრებინებთ ამას?
– მაქვს ჩემი ვარაუდები, რომლებიც არგუმენტებითაა განმტკიცებული. მე ზურაბ ჟვანიას აპარატში ვმუშაობდი, ვიყავი პოლიტიკური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი და ერთ პერიოდში ვასრულებდი პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობასაც. საინტერესო ის არის, რომ მე ვიყავი ბატონი ზურაბ ჟვანიას რეფერენტი და ვუმზადებდი სპეციალურ ანალიტიკურ მოხსენებებს. მახსოვს, 1997 წელს ზურაბ ჟვანიამ დამიძახა და მთხოვა, მომემზადებინა ანალიტიკური მასალა, რომელიც შეეხებოდა ერთიანი კავკასიური ბაზრის შესახებ. გემახსოვრებათ ეს ინიციატივა.
– მახსოვს, იმაზეც იყო საუბარი, რომ სააკაშვილმა მოჰპარა გამსახურდიას ერთიანი კავკასიური სივრცის იდეა.
– ყოველდღიურ საინფორმაციო მასალებს ისედაც ვუმზადებდი, მაგრამ მთხოვა, რომ ერთიანი კავკასიური ბაზრის შესახებ ვრცელი მასალა მომემზადებინა. საუბარი იყო კავკასიაში საერთო ბაზრის, საერთო ბანკის შექმნაზე... მოვუმზადე დეტალიზებული ინფორმაცია ამის შესახებ და როდესაც მივუტანე, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ მთხოვა ადნან ხაშოგის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მითხრა, რომ ეს იყო „ბაბუს“, ანუ პრეზიდენტ შევარდნაძის დავალება. მოვუმზადე ინფორმაცია ხაშოგზე. მე მაშინ არ ვიცოდი, რომ ხაშოგი მონაწილეობის მიღებას აპირებდა ამ ერთიანი კავკასიური ბაზრის შექმნაში. დოკუმენტებიც არსებობს: არის ფოტო, რომელზეც ამ ინიციატივის ავტორი და ხაშოგი ერთად სხედან შეხვედრისას. ხაშოგი აპირებდა, რომ ამ ინიციატივაში ჩაედო 10 მილიონი დოლარი, ეს თანხა უნდა გაზრდილიყო 100 მილიონ დოლარამდე და ამ საერთო კავკასიური ბაზრის სქემაში იყო ფოთის პორტიც.
– ეს მინდოდა, მეკითხა: სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რა ობიექტები მოიაზრებოდა ამ ერთიანი კავკასიური ბაზრის სტრუქტურაში?
– აქ მოიაზრებოდა ნავთობის გადაზიდვის ერთიანი სისტემის, ერთიანი საფინანსო ბირჟის შექმნა, სატრანზიტო გადაზიდვების უზრუნველყოფა. დასავლეთის სახელმწიფოებიდან უნდა მოზიდულიყო ინვესტიციები. დასავლეთში გარკვეული პოლიტიკური წრეები ლობირებდა ამ იდეას. მაშინ ნუხაევი იყო ამ იდეის ინიციატორი – ცნობილი მილიარდერი, იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერი. ჩეჩნეთს სჭირდებოდა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება. 1997 წელს საქართველოში რომ ჩეჩნური ნავთობი გამოჩნდა, რამაც დააგდო ნავთობის ფასი, სწორედ ამ ინიციატივის შედეგი იყო.
– შევახსენოთ მკითხველს, რომ ამ დროს პირველი ომი რუსეთ-ჩეჩნეთს შორის დასრულებულია და მეორე არ დაწყებულა.
– ეს ის პერიოდია, როდესაც კრემლმა ცნო იჩქერიის დამოუკიდებლობა ხასა-ვიურტის ხელშეკრულებით, როდესაც ჩატარდა ლეგიტიმური არჩევნები ჩეჩნეთში და აირჩიეს იჩქერიის ლეგიტიმური პრეზიდენტი მასხადოვი. რუსეთს კი ჰქონდა მინიჭებული ჩეჩნეთისთვის სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მაგრამ, ფაქტობრივად, ბლოკადაში ჰყავდა. ამიტომ ჩეჩნეთს სჭირდებოდა ისეთი ეკონომიკური ინტერესის წამოწევა, რაც მათ დამოუკიდებლობას მიანიჭებდა.
– გასაგებია, რომ აქედან გავიდოდა ჩეჩნური ნავთობი სხვა ქვეყნებისკენ. ჩრდილო კავკასიიდან მხოლოდ ჩეჩნეთი იყო ჩართული ინიციატივაში?
– დიახ, ინიციატივას აზერბაიჯანიც უჭერდა მხარს და დასავლეთის გარკვეული წრეებიც. თურქეთიც იყო დაინტერესებული. ლაპარაკი იყო სატრანზიტო-საკომუნიკაციო კვანძების შექმნა-განვითარებაზე და ამ სქემაში იგულისხმებოდა ფოთის პორტიც. ამ დროს, რატომღაც, გამოიკვეთა საუდის არაბეთის ინტერესებიც და აქტიურობდა ხაშოგი. არ მივაქცევდი ყურადღებას ხაშოგის შესახებ ჩემ მიერ მომზადებულ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიასთვის, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: 2005 წლის თებერვლის დასაწყისში, 1-დან 5-მდე, ბაქოში უნდა ჩავსულიყავი ბრიუსელიდან, რათა მონაწილეობა მიმეღო „ნატოს“ ღონისძიებაში – მე „ნატოს“ რაპორტერი ვიყავი. ამ დროს დამიკავშირდა ადამიანი და მითხრა, რომ ზურაბ ჟვანიას ჩემთან შეხვედრა უნდოდა 5-დან 7 თებერვლამდე. ბაქოში უნდა ჩავსულიყავი 1-დან 5-მდე, ამიტომ უკან წამოსასვლელი ბილეთები გადავწიე, რადგან თბილისში უნდა გამომევლო. მაგრამ ბაქოში 3 თებერვალს შევიტყვე ამ ტრაგედიის შესახებ. მე, მოგეხსენებათ, 2009 წლის მაისში დამაპატიმრეს და ერთ-ერთი ღამეული დაკვითხვისას ოთახში შემოვიდა კონტრდაზვერვის ორი თანამშრომელი. ერთ-ერთმა, დაბალი, მელოტი და შავგვრემანი კაცი იყო, სხვათა შორის, ძალიან ჰგავდა გარეგნულად ხაშოგს, მკითხა, საიდან ვიცოდი ხაშოგის შესახებ და საიდან მივიღე მასზე ინფორმაცია. ბუნებრივია, მიდიოდა ძალოვანი დამუშავებაც. დაინტერესდა, რატომ გადავცვალე ბრუისელში დასაბრუნებელი ბილეთი. ასევე, დაინტერესდა კავკასიური ინიციატივის შესახებ, დამიდო ჩემი ანალიტიკური მოხსენება და მითხრა, რომ ჩემ მიერ მომზადებული მასალები ნანახი ჰქონდა. მე სისტემატიზებული მქონდა ჩემი არქივი, მათ შორის, ცალკე დირექტორიაში ვინახავდი ბატონი ზურაბისთვის მომზადებულ ანალიტიკურ არქივს.
– ანუ, ორ ეგზემპლარად იყო ეს მასალები: ერთი თქვენ გქონდათ, მეორე – ზურაბ ჟვანიას?
– ძირითადად ასე იყო, გარდა გამონაკლისისა, როდესაც ერთ ეგზემპლარად მას ვუმზადებდი ინფორმაციას. მაგრამ ხაშოგის შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საიდუმლო დოკუმენტაციას და მოხდა საინტერესო რამ: მე მომისაჯეს 2010 წლის ნოემბერში, 2011 წლის აპრილში კი სასწრაფო წესით იკრიბება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩემი ეგრეთ წოდებული არქივი, ჩემი კომპიუტერი და მასში არსებული მთელი ინფორმაცია განადგურდეს.
– რა მოტივით?
– არ ვიცი. წარმოიდგინეთ, მომისაჯეს ჯაშუშობა და ეს ჩემი კომპიუტერი იყო მტკიცებულება. სულ სამი მტკიცებულება ჰქონდათ: ჩემი კომპიუტერი, „ფლეშკა“, რომელზეც იგივე ინფორმაცია იყო, რაც კომპიუტერში და, წითელი ფერის წიგნაკი, სადაც ეწერა, რომ ვითომ მე ვიყავი სუკის გენერალ-პოლკოვნიკი. ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, რადგან, გავიგე მას შემდეგ, რაც გავთავისუფლდი და საშუალება მომეცა, გადამეხედა ჩემი საქმისთვის, რომელსაც ახლაც ადევს გრიფი „საიდუმლოდ“. იქ წერია, რომ კოლეგია შეიკრიბა სასწრაფო წესით და გაანადგურეს ნივთმტკიცება. არადა, ჯაშუშის სამხილი, მინიმუმ, 100 წელს მაინც უნდა ინახებოდეს არქივში, თუკი ეს სახელმწიფო დანაშაულია. მაგრამ აქ სხვა რამ იკვეთება: გახსოვთ, რომ ხარშილაძემ გაიტანა ზურაბ ჟვანიას დოკუმენტები და გაანადგურა. ასევე, 2011 წლის თებერვალში ¹17 დაწესებულებაში მოდიან მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე, აჰყავთ ალექსანდრე თედეევი და ავალებენ ჩემს ლიკვიდაციას ზონაში. თედეევს მიცემული აქვს ჩვენება, რომ მას მისცეს ბლანტი სითხე, რომელიც ჩემთვის ყავაში უნდა ჩაესხა და მე ვითომ გული გამიჩერდა. კონტრდაზვერვის თანამშრომლის მიერ ხაშოგით დაინტერესებამ მაფიქრებინა, რომ „რაკიისა“ და ფოთის პორტის უკან ხაშოგი იდგა.
– იმის თქმა გინდათ, რომ ეს ინფორმაცია აღარ არსებობს?
– ამობეჭდილი სახით არსებობს საქართველოს საქალაქო სასამართლოს საიდუმლო განყოფილებაში და იმდენადაა გასაიდუმლოებული, რომ მე არ მაძლევენ მისი ხელახლა წაკითხვის უფლებას; ორ თვეს არ მისცეს ამის საშუალება სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს.
– თქვენ ვარაუდობთ, რომ ზურაბ ჟვანიას არ უნდოდა ხაშოგის შემოყვანა?
– როგორც ჩანს, ასეა. ხაშოგი იყო ბინ ლადენის კომპანიის მმართველი. მას ეკრძალება შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ოფიციალურად ეძებენ ამერიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.
– ახლაც შეიძლება იკვეთებოდეს ხაშოგის ინტერესები?
– ბუნებრივია, ბოლოს და ბოლოს, „თალიბანის“ ნარკოტიკი როგორ მოხვდა საქართველოში?! ცნობილია, რომ ხაშოგი უზრუნველყოფდა თალიბებისთვის იარაღის ექსპორტს. ის ფაქტი, რომ ბოლოს 3 ტონა თხევადი ჰეროინი დააკავეს, მოწმობს, რომ თალიბანი საქართველოს კარგა ხანია იყენებდა ნარკოტიკების ტრანზიტად. თალიბანის ნარკოტიკი კი უშუალოდაა დაკავშირებული ხაშოგთან.