რით აინაზღაურებს საქართველოს მოსახლეობა ფულადი გზავნილების 400 მილიონი დოლარით შემცირებასა და ელექტროენერგიის გაძვირებით გამოწვეულ 300-მილიონლარიან დამატებით ხარჯს
ლარის კურსიც მიექანება გაურკვეველი მიმართულებით და მას ახლა უკვე ელექტროენერგიის ტარიფიც მიუერთდა, ხოლო, რადგან დოლარისა და ელექტროენერგიის ფასს არცთუ მცირე ადგილი უჭირავს, ზოგადად, პროდუქციის ფასებში, ფაქტია, ფასების მატებაზე აწ უკვე ეს ორი ფაქტორი იმოქმედებს. ლარის, ელენერგიისა და პროდუქციის ღირებულების საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებზე ზემოქმედების პერსპექტივაზე, ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რამდენად ადეკვატურად გაიზარდა ლარის გაუფასურების კვალდაკვალ სამომხმარებლო ფასები და, ბუნებრივია, ელექტროენერგიის ტარიფიც?
– ჩვენ დენზე გვაქვს აქცენტი, თორემ ბევრი საქონელი ძვირდება თანდათან. ჩვენი ეკონომიკა, სამწუხაროდ, ტრადიციულად იმპორტდამოკიდებულია და იმპორტის თანაფარდობა მთლიან შიგა პროდუქტთან არის საკმაოდ მაღალი – ნახევარზე მეტია. ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი შემცირდა, ოღონდ ეს არ არის კარგი ცხოვრების შედეგი და მთლიანობაში არ ცვლის სურათს. ამიტომ ნებისმიერ ქვეყანაში, ისრაელი იქნება, ნორვეგია თუ იაპონია, იქაური ეროვნული ვალუტების გაუფასურება შედარებით ნაკლებად აისახება იმ ქვეყნების სამომხმარებლო ბაზარზე, ვიდრე ჩვენთან. საკმარისია, ერთი-ორი პუნქტით დაეცეს ლარი, რომ ეს 6-7-ბალიან რყევებს იწვევს ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე.
– ჩვენთან ის ტენდენციაც არის, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომ იმ პროდუქციის ფასებიც იზრდება, რომლებსაც ვალუტის კურსთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
– აქ რამდენიმე მიზეზია: ჯერ ერთი, საქონელი რომ მზადდება, ის მზადდება იმ მიზნით, რომ გაიცვალოს. თუ ადამიანი ყიდის ადგილობრივი წარმოების რაღაც საქონელს, ვთქვათ, ხორცს, იქიდან მიღებული თანხით უნდა იყიდოს იმპორტირებული საქონელი, რომელიც გაძვირებულია და იძულებულია, გააძვიროს ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც, რომ ძველი საფასო წონასწორობა შეინარჩუნოს. და კიდევ ერთი მომენტი: როდესაც ასეთი რყევებია, ნებისმიერი მწარმოებელი, თუ აქვს საშუალება ბაზრისთვის საკუთარი პირობების კარნახისა, მონოპოლიური იქნება, ოლიგოპოლიური თუ უბნის ბაზარი.
– უბნის მონოპოლიური.
– დავარქვათ ასე პირობითად, ის ცდილობს, გარკვეული უსაფრთხოების ბალიში ჩადოს, ანუ ფასნამატი ჩადოს არა მდგომარეობის პროპორციულად, არამედ გაცილებით მეტი.
– მარტივად ვიტყვი, როდესაც 1, 67 იყო დოლარი-ლარის მიმართება, გარიგებები იდებოდა 1,8-ში, როგორც ცნობილია.
– ეს არის უსაფრთხოების ბალიში და, ფაქტობრივად, იგივე გააკეთა სემეკმა ენერგეტიკოსების მოთხოვნით, როდესაც დენი ერთი მესამედით გააძვირა. სხვათა შორის, ჟურნალისტები და ყველანი ვცოდავთ იმით, რომ ვლაპარაკობთ, თუ რამდენი თეთრით გაძვირდა კილოვატსაათი ელექტროენერგია, თუმცა უნდა ვისაუბროთ, თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა. რადგან დენის ხარჯი და მისი მონაწილეობა ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში საკმაოდ მაღალია: 7-8 პროცენტის დონეზეა და იმ 7-8 პროცენტს რომ კიდევ ვაძვირებთ 31 პროცენტით, ეს საკმაოდ სოლიდური მატებაა. და ჩვენს მოსახლეობას, თუ ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეიცვლება, ერთ წელზე გაანგარიშებით, დაახლოებით, 300 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოუწევს მოხმარებულ ელექტროენერგიაში. მართალია, ბოლო კუნძული, კახეთი, ჯერჯერობით ინარჩუნებს თავის პოზიციას, მაგრამ არ მგონია, ამან დიდხანს გასტანოს.
– თქვენი ვარაუდით, დაეცემა უკანასკნელი ბასტიონი ელექტროენერგიის გაძვირების გზაზე?
– სამწუხაროდ, დაეცემა, უბრალოდ დროის ამბავია, მაგრამ ეს ელექტროენერგია ცალკე რომ იდგეს და არ ახდენდეს გავლენას ფასებზე…
– სანამ ელექტროენერგიის საფასურზე გადავალთ, ლარის გაუფასურების ადეკვატურად გაიზარდა ფასები სამომხმარებლო ბაზარზე? იმიტომ რომ ლარის გაუფასურება პირდაპირპროპორციულად არ აისახება ხოლმე პროდუქციის ფასზე, როგორც წესი. თუ ლარი გაუფასურდა 30 პროცენტით, ეს არ ნიშნავს, რომ ფასებიც უნდა გაიზარდოს 30 პროცენტით.
– თანხვედრა არ ხდება აბსოლუტური სააფთიაქო სასწორით. თან, გავითვალისწინეთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება საზაფხულო სეზონი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასების შემცირება. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფასები სეზონური ფაქტორის გავლენით ყალიბდება. ამდენად, მინიმალურია ამ სეზონზე ვალუტის კურსის დაცემა, სხვა თვეებთან შედარებით.
– ანუ ვალუტის კურსის ვარდნის გავლენაა ფასებზე?
– დიახ, მაისიდან სექტემბრამდე მინიმალურია ვალუტის ვარდნის გავლენა სამომხმარებლო ფასებზე, თუმცა ის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც ვახსენე, ამ დროსაც მოქმედებს.
– ელექტროენერგიის ფასის გაზრდა ენერგოკომპანიებმა ლარის გაუფასურების გამო მოითხოვეს და, მართლაც, ელექტროენერგია გაიზარდა იმდენივე პროცენტით, რა პროცენტითაც გაუფასურდა ლარი. ასეთი გაძვირება ადეკვატურია?
– ქართულ ანდაზეოლოგიაში ვეძებ და მიჭირს შესაფერისის მოძებნა. დაახლოებით, ასეა: ურია წყალს მიჰქონდა და გზაც იქით ჰქონდაო.
– ან საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი.
– საბაბს ეძებდნენ და იპოვეს... ფაქტია, რომ გაგვიძვირდა, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომელ კონტინგენტსა და კატეგორიას გაუძვირდა ყველაზე მეტად. ის სამსაფეხურიანი მახინჯი ფორმულა არა პროგრესული, არამედ ფულის ამოღების რეპრესიული ფორმაა. მოსახლეობის ყველაზე ღარიბ კატეგორიას, რომლებიც 101 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი გაეზარდა 3,5 თეთრით; ყველაზე მაღალი კატეგორიის მომხმარებლებს, ანუ ვინც 301 კილოვატსაათზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს თვეში, კილოვატსაათის საფასური გაეზარდათ 3,8 თეთრით და შუა ნაწილი ყველაზე მეტად დაიჩაგრა. არ ვიცი, გამოდგება თუ არა ამ შემთხვევისთვის ცნობილი გამონათქვამი, შუა უნდა გაიკრიფოსო, მაგრამ ფაქტია, რომ მათ 4,5 თეთრით, ანუ ყველაზე მეტად გაეზარდათ ელექტროენერგია.
– რომ ისინიც 101 კილოვატსაათის მომხმარებლთა რიგებში ჩამოიყვანონ?!
– საქმე ის არის, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მომხმარებელი, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი აბონენტია, მათ შორის, თბილისში 420 000-ზე მეტი და ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტია შუა. ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით, თბილისში, საშუალოდ, 280 კილოვატსაათამდე ელექტროენერგია იხარჯება, რეგიონებში, საშუალოდ, 220-230 კილოვატსაათი და, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამ ფენიდან მოხდება ყველაზე მეტი თანხის ამოღება. ამის გათვალისწინებით, გაძვირება გაცილებით მეტია, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი, იმიტომ რომ, ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორიაა საშუალო კონტინგენტი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაჩაგრულები.
– ელექტროენერგიის მომხმარებელი საშუალო კონტინგენტის რაოდენობა თითქმის ემთხვევა საშუალო ფენას? მათი ჯიბეების დამძიმება არის სახელმწიფოებრივი ხედვა?
– მაღალი კორელაცია არსებობს შემოსავლებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის, მაგრამ ტოლობის ნიშნის გავლება რთულია.
– გამოდის, რომ საშუალო კონტინგენტის ნაწილი უნდა ჩამოვიდეს 101 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიის მოხმარების ჯგუფში, სახელმწიფოსთვის რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი საშუალო ფენის დამძიმება? ეს ლოგიკაა გაუგებარი.
– მახსენდება ის ამბავი, დეკაბრისტები რომ უნდა ჩამოეხრჩოთ პეტრე-პავლეს სიმაგრეში და თოკები ჩამოწყდა, ჩამოხრჩობაც ვერ ისწავლესო. თუ ტარიფების ფასების მომატებაზეა საუბარი, ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა მათი მომატება საზაფხულო სეზონის დაწყებამდე, როდესაც ენერგიის მოხმარება ზოგადად მცირდება და ამიტომ გაძვირებას შედარებით უმტკივნეულოდ აიტანდა მოსახლეობის დიდი ნაწილი. რა თქმა უნდა, მაღალშემოსავლიანი ფენისთვის, რომლებიც ჰაერის კონდიცირების სისტემებს იყენებენ, ზაფხულში დენის მოხმარება არაფრით ჩამოუვარდება ზამთარში მოხმარებას, მაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევებია. ყველა დანარჩენისთვის ზაფხულის თვეები გარკვეული შეღავათია და ხარჯებიც ნაკლები აქვთ. ახლა კი გამოვიდა, რომ დაბალშემოსავლიანებს მოუწევთ 4 ლარით მეტის გადახდა თვეში, საშუალო კატეგორიას, დაახლოებით, 8 ლარით მეტის გადახდა და მაღალ კატეგორიას, სულ მცირე, 12 ლარით მეტის გადახდა. მაგრამ დენი ისეთი სამომხმარებლო დოვლათია, რომელიც გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა დანარჩენი სამომხმარებლო დოვლათის ფასზე.
– ანუ ერთია, რომ ფასები იმატებს ლარის გაუფასურების გამო და ამას ემატება ელექტროენერგიის გაძვირების კომპონენტიც.
– ელექტროენერგიის გაძვირება, დაახლოებით, სამი პროცენტით გაზრდის მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს. მეორე მხრივ, ავიღოთ ისეთი პროდუქტი, როგორიც პურია: პურის ღირებულებაში ელექტროენერგიას დიდი წილი უჭირავს და მისი გაძვირება გამოიწვევს პურის 7-10 პროცენტით გაძვირებას. ეს მოსახლეობის ერთ სულზე, თვეში, საშუალოდ, გამოდის 1,8-2 ლარი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, ერთი წლის განმავლობაში, თუ არაფერი შეიცვალა, 100 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯის გაღებას მოსახლეობის მიერ.
– ანუ მხოლოდ ელექტროენერგიისა და პურის გაძვირება მოსახლეობის წლიურ ხარჯს, საშუალოდ, 400 000 ლარით გაზრდის.
– იმ 300 000 მილიონსაც ხომ თავისი ეფექტიანობის საზომი აქვს?! ეს რომ ის თანხა იყოს, რომელიც ინვესტირდება, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ფორმულირება იყო შემდეგნაირი: გაზრდილი ხარჯების დასაფარავად. ამდენად, მინიმალურია შანსი, რომ ეს მოსახლეობისგან ამოღებული 300 000 ლარი უკან ჩაბრუნდეს და წაადგეს ელექტროსისტემის გაუმჯობესებას.
– მხოლოდ პური ვთქვით, მაგრამ მხოლოდ პური ხომ არ არის? სამომხმარებლო ფასების ზრდის გათვალისწინებით რამდენი დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევს მოსახლეობას ყოველთვიურად?
– მთლიანობაში ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება ორნიშნასთან მიახლოებული ან ორნიშნა ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა. 10-პროცენტიანი ინფლაციაც კი გვაძლევს, დაახლოებით, 90 ლარით მეტი ხარჯების გაღებას ყოველთვიურად ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
– და საიდან უნდა მოიტანოს მოსახლეობამ ეს ფული?
– წყაროები საკმაოდ დაძაბული და შემცირებულია. მართალია, თითქოს გაიზარდა ქვეყნის შიგნით სამუშაო ადგილების რაოდენობა 40 000-50 000-ით, მაგრამ ამ კვარტალურ ინფორმაციას ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი, იმიტომ რომ, აქ დიდ როლს ასრულებს სეზონური ფაქტორი. ამიტომ უნდა ვნახოთ, როგორ სურათს მივიღებთ მთელ წელზე გადაანგარიშებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება. მეორე მხრივ, შეგვიმცირდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა. საბერძნეთის ამბავი ცნობილია, რუსეთიდანაც თითქმის განახევრდა შემოსული თანხები და ტენდენცია შენარჩუნდება. საერთო ჯამში, შემოსული თანხა შეგვიმცირდება, სულ მცირე, 350 – 400 მილიონი დოლარით. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხარჯების გაზრდა მოგვიწევს, სულ მცირე, 400 მილიონი ლარით.
– მხოლოდ პური რომ მივირთვათ და შუქი ავანთოთ.
– და ფულადი ტრანზაქციებიც უცხოეთიდან საქართველოში საგრძნობლად მცირდება. ამით სერიოზული პრობლემა ექმნება კეთილდღეობის არსებული დონის შენარჩუნებასაც კი, არ არის ლაპარაკი მის ზრდაზე.