ძველი დიდების ნაშთი
„ვაჰ, დრონი, დრონი“
რაკი წვრილმანი ქურდობა ყოველი სახელმწიფოს თანამდევი, შეიძლება ითქვას, უკვდავი სულიც კია, ისე მოხდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს, თუმცა ქართული პოლიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დამნაშავე რამდენიმე დღეში გასკვანჩეს.
როგორც ოფიციალური ქრონიკა იტყობინება, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული მ. ა. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.“
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კომპიუტერი ამავე ოფისის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თანამშრომელს მოუპარავს. პოლიციამ კვალს ლომბარდში მიაგნო, ხოლო ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
ეს კონკრეტული კრიმინალი არაფრითაა საინტერესო, რომ არა, სულ მცირე, ორი „მაგრამ“: ჯერ ერთი, რომ „ერთიანი ნაიცონალური ორგანიზაციის“ თანამშრომლებს ისე გასჭირვებიათ, საკუთარი ოფისებიდან იპარავენ სამსახურებრივ ტექნიკას და ალომბარდებენ (ჭეშმარიტად, დრონი მეფობენ და არა მეფენი…) და, რაც მთავარია, პარტიას ავტორიტეტი ფრიად დასცემია, არადა, ერთ დროს მათ უკითხავად ცაში ჩიტს ვერ შეეფრთხიალა, იმის პარალელურად, რომ ნაფეშქაშები (კომპიუტერებს ვინ იკადრებდა) მილიონიანი ქონებები მისდიოდათ ზღვად: „ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად, წარილტვნენ, გაჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად“…–