ნატურით
ანუ აგურები ვჭამოთ?!
თითქოს დასავლური სანქციები არ ჰყოფნიდათ, რაკი ისეც ხდება, რომ თვით იმპერიალისტებსაც კი ქვა აღმართში მიეწევათ, შევიტყვეთ, რომ ტულის სამშენებლო ქარხნის ხელმძღვანელობამ თანამშრმომლებისთვის ხელფასის აგურებით ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.
იმ მიზეზით, რომ ქარხნის ხელმძღვანელობას თანამშრომლების 4,41 მილიონი რუბლი ჰმართებს, თურმე, აი, ასეთი არაორდინარული გამოსავალი მოიძებნა: ვალს გაისტუმრებენ, არც მეტი, არც ნაკლები, ნატურით.
დღეის მდგომარეობით, 900 000 რუბლი უკვე გაუსტუმრებიათ აგურ-აგურ. ამ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ ქარხნის აქტივები დაყადაღებულია, რადგან ქარხანას 47-მილიონრუბლიანი ვალი აქვს. რაკი შემთხვევა ამოვარდნილია ნორმის საერთო კონტექსტიდან, ყოველი შემთხვევისთვის, სრულ ისტორიას გიამბობთ: გამოშვებული აგურისთვის ქარხანა ფულს არ იღებდა, პროდუქციით მევალე კომპანიის დავალიანება იქვითებოდა.
ასეა თუ ისე, ჩვენ არ ვიცით, სახელდობრ, რამდენი აგური შეხვდა თითოეულ თანამშრომელს, მაგრამ, ორ-ორი რომ შეხვდებოდათ, ნათელია! –