მორალი – არაბულად
ხარკი
სირიელი ლტოლვილების თემა კვლავ აქტუალურია, მათ შორის, ჩვენთანაც, იმ მიზეზით, რომ კვლავაც არიან გულჩვილნი, რომლებიც სახელმწიფოს (თავისი დევნილებისთვის რომ ვერ მოუვლია ჯეროვნად) უკიჟინებენ, რომ ახლა გვმართებს კეთილშობილების გამოჩენა და ლტოლვილთა მიღება.
მეორე მხრივ, აღმოსავლელ ლტოლვილთა ბედი რეალურადაა გულისმომკვლელი, თუმცა, ემოციები რომ გვერდზე გადავდოთ, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში ევროპაში დაახლოებით 400 000 ლტოლვილი ჩავა, 2016 წლისთვის კი ეს რაოდენობა 450 000-მდე გაიზრდება. ნავარაუდებია, რომ ლტოლვილთა უმეტესობა საცხოვრებლად გერმანიას აირჩევს.
საკუთრივ ევროკავშირის მონაცემებით კი: წლის დასაწყისიდან დღემდე ევროკავშირის ქვეყნებმა 350 000 დევნილი მიიღეს ახლო აღმოსავლეთდან (ძირითადად, სირია-ერაყიდან), ცენტრალური აზიიდან (ძიირთადად, პაკისტან-ავღანეთიდან) და აფრიკიდან.
ხოლო ამასობაში გაირკვა, რომ საუდის არაბეთი მზადაა, გერმანიაში 200-მდე მეჩეთი ააშენოს, რომ ლტოლვილები რელიგიური რიტუალების აღსრულებაში არ შეფერხდნენ (მოტივით – ეს ჩვენი მორალური ვალიაო). ფაქტია, რომ მორალზე საუდის არაბეთში ფრიად ორაზროვანი წარმოდგენა ჰქონიათ: რადგან, 2011 წლიდან, როგორც კი სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, საუდის არაბეთმა სამუშაო ნებართვების გაცემა შეწყვიტა, ხოლო 2014 წელს 561 ლტოლვილი მიიღო და მათგან მხოლოდ 100-ს მისცა თავშესაფარი.
ჩვენ, უდავოდ, გაგვიმართლა, რადგან ლტოლვილები ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას იწუნებენ, თუმცა ევროკავშირისკენ ლტოლვილთა ნაკადის მიმართვას აქვს თავისი ლოგიკა: სირიის სამოქალაქო ომი და არეულობა ერაყში დასავლური პოლიტიკის შედეგიცაა, ამიტომაც სამართლიანი იქნებოდა, თუ მსხვილ-მსხვილი მოთამაშეები (ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ჩათვლით) ამ ტვირთს გაიზიარებდნენ, ანუ ლტოლვილებს გაინაწილებდნენ.