ევროსამართლის ხიბლი
ანუ ქართველი დამსაქმებელი – ღვთის „საჩუქარი“
სანამ რფ-ში, კერძოდ, ტულაში თანამშრომლებს ხელფასს ნატურით, ანუ აგურით უნაზღაურებენ, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დრო, რომელსაც დასაქმებული სამსახურამდე მისასვლელად ხარჯავს, სამუშაო საათებად უნდა ჩაითვალოს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც სამსახურებამდე მისასვლელად დრო სჭირდებათ. ხოლო გადაწყვეტილება ევროკავშირის პოლიტიკაზე ყოფილა დაფუძნებული, რომელიც დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
მოკლედ, ევროპული სამართლის პათოსი ასეთია: „ათასობით დამსაქმებელი არღვევს სამუშაოს განაწესს.“
ყველაზე მტკივნეული (ჩვენთვის, საქართველოში დასაქმებულებისთვის) ადვოკატის შეფასებაა: „თუ თქვენ დაიანგარიშებთ, რა დროს ხარჯავენ ისინი გზაში, მიხვდებით, როგორი დაბალია მათი ანაზღაურება სამუშაო დროსთან შედარებით.“
მტკივნეული, რადგან ქართველი დამსაქმებლების პათოსია: იმითაც უნდა იყო ბედნიერი, რომ მასთან ხარ დასაქმებული, ამდენად, ხელფასი, საერთოდაც, რა მოსატანია?! –
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებეთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების ეგიდით, ჯერ იყო და, ამ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს ძალისხმევით, ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვა აკრძალეს სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს; მოგვიანებით კი, დისკრიმინაციული კანონიც მიიღეს, იბადება კითხვა: ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებაზე რა აზრისა ბრძანდებიან ჩვენი რჩეულები?! თუ, ქვეყნის ეკონომიკას კვლავაც მხოლოდ პატიოსან გვამთა მაღალ-მაღალი ხელფასების დასაფინანსებელი ფული აქვს?! –