რის გამო დატოვა ანრი ჯოხაძემ „რუსთავი 2“ და რა თანხის სანაცვლოდ გადაბარგდა ის „იმედში“
სექტემბრის ბოლოს ტელეკომპანია „იმედზე“ ერთდროულად აცრემლდებიან „ტირიფები“, „ვოისის“ კონკურსანტები და მაყურებელი, რომლებიც სიცილისა და სიხარულის ცრემლს დაღვრიან. ანრი ჯოხაძე „რუსთავი 2-დან“ „იმედში“ გადაბარგდა და ამის შესახებ პირველ ვრცელ ინტერვიუს იძლევა.
– ბანალურია მაგრამ, საინტერესოა და ამიტომ პირველ ყოვლისა, გკითხავ: სად და როგორ დაისვენე?
– ბათუმში ჯაზ-ფესტივალისთვის სამი დღით ჩავედი და ერთი თვე დავრჩი. ამდენ ხანს ბათუმში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ წელს ისე გამიტკბა იქ ყოფნა, რომ არა დიადი საქმეები, ჯერ კიდევ არ ჩამოვიდოდი.
– საზაფხულო რომანები?
– მაგას, ჩემო ოქრო, ბოზობა ჰქვია და არა რომანი (იცინის). რომანი არ მქონია და, ბოზობა – რა ვიცი... რა ვიცი...
– ისე, დიადი საქმე დასვენების პერიოდშიც გააკეთე და ახალი კლიპი გადაიღე – ამაზე რას გვეტყვი?
– ეს დიადი საქმე ქალბატონ მანანა გოგლიჭიძის დამსახურებაა, რაც აბსოლუტურად სპონტანურად, ჭიქა ყავაზე დაიგეგმა. წელს პირველად გაიმართა ბათუმში „აჭარის მოდის კვირეული,“ რომელიც ამ უნიჭიერესმა ქალბატონმა გააკეთა. ის თავად ქმნის სამოსის საინტერესო დიზაინს და სტუმრის სტატუსით მიმიწვია. გახსნაზე ვიმღერე კიდეც და კარგად მოვილხინე მაღალი მოდის უცხოელ თუ ქართველ წარმომადგენლებთან ერთად.
– და, ამ მოლხენა-მოლხენაში გადაწყვიტე, კლიპი გადაგეღო?
– რაღაც პერიოდი დალი ჩიტალაძესთან ჩავსახლდი გრიგოლეთში, მის აგარაკზე და, აღმოჩნდა, რომ ქალბატონ მანანას იქაც ჰქონია ვილა, სადაც გადაგვიპატიჟა კიდეც ჭიქა ყავაზე. კარგი ბიზნესვუმენის გარდა, შემოქმედებითად საკმაოდ საინტერესო ქალბატონია და, აი, მაშინ, თვითონ შემომთავაზა ერთი ლამაზი კლიპის გადაღება. რამდენიმე ვერსია განვიხილეთ, თუმცა, არჩევანი მანაგაძის უკვდავ სიმღერაზე – „ტირიფებზე“ გაკეთდა, რომელსაც თავის დროზე ჩემი კუმირი ბესო კალანდაძე გენიალურად ასრულებდა. მე ბედნიერება მქონდა, რომ ეს სიმღერა მასთან ერთად დუეტში მემღერა, რომელიც საახალწლო კონცერტზე შევასრულე.
– როგორც დღეს მოდაშია თქმა: კლიპი „გადაღებულ და მომზადებულ იქნა“ ერთ დღეში?
– არა. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი და უპრეტენზიო კლიპია, საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. გადაღებები სამი დღე ფოთში, მალთაყვის ტყე-პარკში და გრიგოლეთის სანაპიროზე გაგრძელდა და მხოლოდ ორი უკვდავი ხელოვანი მონაწილეობს – კრისტი ყიფშიძე და მე (იცინის). სხვათა შორის, ქალბატონი ეკა ბესელია რომ არ ყოფილიყო, დღეს გრიგოლეთის სანაპიროზე ზღვიდან გამორიყულს მიპოვიდნენ (იცინის). ასევე, ფოთის თეატრსა და მერიას მინდა მადლობა გადავუხადო, თორემ მტირალა ტირიფების ნაცვლად მზისგან გადაბუგული ბუჩქები მექნებოდა კადრში. სახანძრო სამსახურმა დახმარებაზე უარი რომ მითხრა, თავის ჩამოხრჩობა მინდოდა. ეკა ბესელიას დავურეკე და ვუთხარი, თუ არ დამეხმარები, „ქართულ ოცნებას“ და ესტრადას ერთი ხმა გამოაკლდება, საკუთარი ხელით მიაყრით მიწას და ჩემი სიცოცხლე ფოთში აღესრულება-მეთქი (იცინის).
– და ამასობაში საიდუმლოდ იხარშებოდა ამბავი, რომელსაც ჰქვია The Voice და შენი „იმედში“ გადაბარგება. ორი დღის წინ გახდა მენტორების ვინაობა ცნობილი და ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა შენი „იმედზე“ ხილვა.
– ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, რადგან, არ ველოდი ასეთ შემოთავაზებას. ახლახან დამთავრდა ერთ-ერთი მეგაპროექტი – „X ფაქტორი“ და, როგორც წესი, ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ, მიხარია, რომ ეს შემოთავაზება მივიღე და ტელეკომპანია „იმედთან“ დავიწყე თანამშრომლობა.
– რაღაცნაირად უკვე „რუსთავი 2-თან“ ასოცირდებოდი და ამიტომ გამიკვირდა „იმედზე“ შენი გამოჩენა.
– არა მგონია, რომ ვინმესთან ასოცირდებოდა ჩემი სახელი. მე არც „რუსთავი 2-ის“ კუთვნილება ვარ და არც „იმედის“ კუთვნილება გავხდები. მე ვარ დამოუკიდებელი მომღერალი და, თუ მექნება იმის პატივი, რომ ხშირად მიმიწვიონ ასეთი მაღალი დონის პროექტებში, ამას მხოლოდ მივესალმები და გულწრფელად პატივად მივიღებ ყველა მსგავს წინადადებას.
– ყველაზე მეტად რით მოიხიბლე?
– პროექტის მნიშვნელობით და შესაძლებლობებით! მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყურებადი კონკურსია. თან, ვკვდები, ისე მაინტერესებს ღილაკზე ხელის დაჭერა (იცინის). ასევე, სიახლეა ახალი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები და, რატომაც არა?
– ფინანსურმა დაინტერესებამ ხომ არ იქონია გავლენა?
– ასე არ დავწვრილმანდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფინანსური შემოთავაზებაც არ იყო ურიგო. არიან ტიპები, ვისაც სხვისი ჯიბე უფრო აინტერესებს, ვიდრე საკუთარი წარმატება და მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ნამდვილად იმუშავა ფინანსურმა ფაქტორმაც, რადგან, ტელევიზია, გარდა ცნობადობის ამაღლებისა, არის ფულიც, შემოსავალი, რომელსაც ასეთ შრომატევად საქმეში იღებ გასამრჯელოდ. ასეთი მაღალი დონის პროექტში ხდები ადამიანი, რომელმაც გადაცემის ერთგვარი თამასა უნდა ასწიოს ყველა ასპექტში.
– როგორც ჩანს, „იმედმა“ ვერ გადაიტანა, როცა დაიწერა: „რუსთავი 2-მა“ ანრი ჯოხაძე „იმედს” აახიაო და ახლა სამაგიერო გადაუხადა?
– მაშინ მართლა ისე მოხდა, რომ „ერთი ერთში“ ჟიურის წევრობაზე თანხმობა მქონდა მიცემული, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე „რუსთავი 2-მა“ შემომთავაზა საკმაოდ მაცდური წინადადება და ბოლოს „X ფაქტორის“ ჟიურიში აღმოვჩნდი. სხვათა შორის, ეს ამბავი აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვა „იმედის“ პროდიუსერმა გვანცა კილასონიამ და გამიგო, რომ ამხელა მეგაპროექტზე, როგორიცაა „X ფაქტორი“, უარს ვერ ვიტყოდი.
– ჟიურის მეოთხე წევრს ასაიდუმლოებენ თუ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვინ იქნება?
– როგორც ვიცი, ასაიდუმლოებენ და, მინდა გითხრათ, რომ მისი ყოფნა შოუში არნახულად ყურებადს გახდის პროექტს. პირადად ჩემთვის საამაყოა მასთან მუშაობა. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვი, თუმცა, ასევე, მინდა ვთქვა, რომ არანაკლებ საინტერესო იქნება ნუცა შანშიაშვილის პიროვნება. მიმაჩნია, რომ ეს ქალი მოვლენაა, ასევე, ნოდიკოც საინტერესო იქნება, ვინაიდან, პროფესიონალი მომღერალია და თავად აქვს კონკურსებში მონაწილეობა მიღებული.
– პირადად შენ რით იქნები წინა პროექტისგან განსხვავებული?
– მე სხვანაირი ანრი ჯოხაძე ვერანაირად ვერ ვიქნები. არ ვარ ის ტიპი, რომ წინასწარ დავგეგმო ჩემი გამოსვლა ან მოვამზადო ტექსტი. რაც ვარ – ეს ვარ და, როგორიც ვარ, ზუსტად ასეთი მოვწონვარ მაყურებელს.
– მაინც, რა მოსწონს მაყურებელს შენში ყველაზე მეტად?
– დაუსრულებელი პოზიტივი. გარდა კარგი მომღერლობისა, ჩემი გულწრფელობა ხიბლავთ მათ, ჩემი თავისუფლების ხარისხი, უკომპლექსობა და, რაც მთავარია, სამართლიანობასთან ერთად, პირდაპირობა.
– როგორი ჯგუფი გინდა შეკრა, როგორ მომღერლებს მოუტრიალდები?
– მართალი მომღერლები მჭირდება. ბოლო დროს მივხვდი, რომ მძულს კოპირებული მომღერლების კასტა და ის მომღერლები, რომლებიც ქართულ სიმღერას უარყოფენ. პირველი, რაც ზუსტად ვიცი, ნამდვილად არ შემოვუბრუნდები ვითომ ემოციურად მომღერალ მჩხავანა კატებს და მომღერლების იმ კატეგორიას, რომლებიც ქართულ ბგერას ვერ ამოუშვებენ.
– მე მგონია, რომ ევროამერიკული სტილის მომღერლების ჩამოყალიბების პოპულარიზაციას ტელევიზიებმა და ასეთმა კონკურსებმა შეუწყო ხელი – თითქოს უფრო „ეტიპებოდათ“ ასეთი შემსრულებლები.
– მე ასე ვერ ვიტყოდი, რადგან, ტელეკომპანიებს, რომლებსაც ეს შოუები აქვთ, მგონია, რომ არასდროს ჰქონდათ არჩევანი, მოეგროვებინათ კონკურსანტთა გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ქართულად სიმღერა შეუძლიათ და სწორედ კონკურსანტებმა გადმოიყვანეს თავიანთ რელსებზე ტელევიზიებიც. სხვათა შორის, რაც ჩვენთან პროექტებია, ყველა უცხოურის ანალოგია და ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ რომელიმე ასეთ კონკურსში ამ დოზით მღეროდნენ ეგრეთ წოდებულ „ქავერებს”. ყველა ქვეყნის შოუს პრიორიტეტად საკუთარი ეროვნული სიმღერები აქვს. ამიტომ, ვინც აპირებს, ბედი სცადოს „ვოისის“ პროექტში, პირველ ყოვლისა, უნდა შეეძლოს ქართულად ქართულის ქართულით მღერა – ესაა ჩემი კომენტარი (იცინის).