რას შეცვლის ქრისტინე მარტიაშვილის ცხოვრებაში უკრაინულ „X ფაქტორში” გამარჯვება და ვის ეხუტება ის სცენაზე გასვლის წინ
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო – ქართველი მომღერალი გოგონა უკრაინულ „X ფაქტორში” იღებს მონაწილეობას და შესარჩევ კონკურსზე სცდის ბედს. ეს ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა, გაიზიარა და ბევრი დადებითი კომენტარიც არ დაიშურა. ქრისტინე მარტიაშვილი ქართველ მსმენელს სატელევიზიო პროექტის – „ახალი ხმის” კონკურსიდან დაამახსოვრდა, სადაც მას საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, თუმცა ბოლოს რინგიდან გამოეთიშა. ახლა ქრისტინემ უცხოეთში სცადა ბედი, ექვსი საკონკურსო დღე წარმატებით გაიარა, ნახევარფინალშიც მოხვდა და საკმაოდ მკაცრი ჟიურის სიმპათიებიც დაიმსახურა. 27 წლის ქართველ მომღერალს ჟურნალი „თბილისელები” გამარჯვებას უსურვებს და შორიდან გულშემატკივრობს.
ქრისტინე მარტიაშვილი: ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი, რომ უკვე ვღიღინებდი, რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი და ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი დიდ სცენაზე გასვლაზე. ღამით ჩავიდგამდი მაგნიტოფონს საწოლში, ვუსმენდი მუსიკას და მეც ავყვებოდი ხოლმე. თვალდახუჭულს წარმომედგინა, როგორ ვიდექი დიდ სცენაზე გრძელი კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, როგორ მიკრავდა ტაშს ხალხი და ამ ოცნებით ვიძინებდი. ხუთი წლის წინ საინვესტიციო კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ, დავანებე თავი მუშაობას, საცხოვრებლად ბათუმში გადავედი და იქ გავაგრძელე სიმღერა. იმდენად მინდოდა თბილისიდან წასვლა, მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, თუნდაც მიმტანად მიშოვე სამუშაო და მანდ გადმოვალ საცხოვრებლად-მეთქი. მოკლედ, მისი დახმარებით ჩავედი ამ ქალაქში, სადაც დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება და ლაუნჯ-ბარში სიმღერა. 16 წლიდან ვიბრძოდი დამოუკიდებლობისთვის: ვმუშაობდი, ჩემი ფული მქონდა, მაგრამ, ბათუმში გადასვლით მივხვდი, რომ ამ ქალაქში ვიპოვე ჩემი საქმე. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ – გვჯერა, სასიმღერო კარიერაში ბევრს მიაღწევო. მეც მიზანდასახული ადამიანი ვარ, მჯერა ოცნებების ახდენის, თუმცა, დღეს ბედნიერი და ცოტა გაოცებული ვარ, იმდენად კარგი ამბები ხდება ჩემს თავს.
– როგორ მოხვდი უკრაინულ „X ფაქტორში” და, მიუხედავად საკმაოდ მაღალი დონის კონკურენციისა, როგორ შეძელი ნახევარფინალში გადასვლა?
– სანამ უკრაინულ „X ფაქტორში” მივიდოდი, მანამდე ქართულ „ახალი ხმის” კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ქალბატონ ლელა წურწუმიას ჯგუფში მოვხვდი, რინგამდე ვიბრძოლე და შემდეგ დავტოვე პროექტი. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემს სასიმღერო კარიერაში. ერთი ცუდი თვისება მაქვს – ძალიან ემოციური ვარ და, როცა სცენაზე გავდივარ, ნერვიულობა მემჩნევა. ეს თვისება ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ, ვერ დავამარცხე. როცა კონკურსზე გავდივარ და ვიცი, რომ ჩემი ბედი ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ნერვებს ვეღარ ვთოკავ და ამას სხვებიც ამჩნევენ. ეს, რასაკვირველია, ხელს მიშლის, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავანახვო მსმენელსა თუ ჟიურის. თუმცა, უკრაინაში გამიმართლა. მოკლედ, „ახალი ხმის” ერთ-ერთმა კონკურსანტმა მითხრა, რომ თბილისში ტარდება უკრაინული „X-ფაქტორის” პრექასთინგი და იქნებ ბედი გეცადაო. კი ვუთხარი, დამანებე თავი, აღარ მინდა კონკურსები, დავიღალე ამდენი ნერვიულობით-მეთქი, მაგრამ, გულში ვიფიქრე, მაინც ხომ არ მეცადა-მეთქი (იცინის). წინა დღეს კორპორაციულ საღამოზე ვმღეროდი, ძალიან დაღლილი მივედი სახლში და დავიძინე. დილით თავი ვერ ავწიე. ვფიქრობდი, ავდგე და წავიდე თუ არ წავიდე-მეთქი. ბოლოს, გიჟივით წამოვხტი, რაც ხელში მომხვდა, გადავიცვი და უმაკიაჟოდ წავედი ქასთინგზე. რომ მივედი, ცოტა შევშინდი – ჟიურიში ისხდნენ ნინო ქათამაძე და უკრაინული პროექტის ჟგუფის წევრები და, რაც მთავარია, დამხვდნენ, უძლიერესი კონკურენტები. კანკალმა ამიტანა და დავიწყე ნერვიულობა, მაგრამ, როგორც კი სცენაზე დავდექი და დავიწყე სიმღერა, დავინახე, რომ ჟიურის წევრებმა თვალები დახუჭეს და... მივხვდი, რომ მათზე ზეგავლენა მოვახდინე, ტრანსში ჩავყარე (იცინის). მათ რეაქციებზე მივხვდი – მოვეწონე. პროექტის პროდიუსერმა ქალმა თვალი რომ გაახილა, გავიგონე, როგორ გადაუჩურჩულა ნინო ქათამაძეს: „კაკაია ანა კრასივაია”... ამის მერე იმედი მომეცა, ვიფიქრე, მე თუ შევძელი და ნინო ქათამაძეს ჩემი სიმღერის დროს თვალები დავახუჭვინე, ესე იგი, შანსი მაქვს-მეთქი (იცინის). სანამ საბოლოო პასუხს გავიგებდი, მანამდე ამერიკის საელჩოში შევედი – ამერიკაში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, იქ მინდოდა კარიერის გაგრძელება. ვიფიქრე, თუ ბარში და რესტორანში მიწევს სიმღერა, იქ მაინც ვიზამ ამას-მეთქი, მაგრამ, ვიზა არ ჩამირტყეს და უარით გამომისტუმრეს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ, აქ თვითრეალიზების ნაკლები შანსი აქვს მომღერალს. შემოსავლის წყაროს რომ თავი დავანებოთ, სცენა გენატრება, ხალხის რეაქცია, ტაში... არ დავმალავ, მაქვს ამბიცია – მინდა, მეტი გავაკეთო, წინ წავიწიო და ეს სურვილი, ჩემი აზრით, ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს. მოკლედ, დაღონებული, განადგურებული მოვედი სახლში და უცბად ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, გადასული ხარ უკრაინულ „X ფაქტროში” და გილოცავთო. რა დამემართა, ვერ გეტყვით, შოკში ჩავვარდი. იმხელაზე ვიყვირე სიხარულით, თავად შემეშინდა (იცინის). თუმცა, მიუხედავად სიხარულისა, ახალი საფიქრალი გამიჩნდა.
– რაზე ფიქრობდი?
– უკრაინაში გასამგზავრებელი ფინანსები არ მქონდა. ვუთხარი კიდეც იქაურ პროდიუსერს, ვერ ჩამოვალ და ვერ მივიღებ მონაწილეობას შემდეგ ტურებში, ფინანსური პრობლემები მაქვს, თან, ამხელა გზაზე რომ ჩამოვიდე, ხარჯი გავწიო და ვერ გადავიდე შემდეგ ტურებში-მეთქი, და, იცით, რა მოხდა? თვითონ მიყიდეს თვითმფრინავის ბილეთი და ისე გავემგზავრე. ეს მეორე შოკი იყო ჩემთვის. ჩავედი კიევში, უძილო, უჭმელი, მოუწესრიგებელი და პირდაპირ აეროპორტიდან მივედი ტელევიზიაში. დავდექი ჟიურის წინ, ისევ ვინერვიულე, მაგრამ, ვიმღერე და ოთხი „კი” დავიმსახურე. არ შემიძლია, არ ვახსენო ქალბატონი ვიქტორია – ფსიქოლოგი, რომელიც ძალიან დამეხმარა. დღესაც კი, როცა სცენაზე უნდა გავიდე, გულში მიხუტებს და ამით ვგრძნობ, როგორ მაძლევს საკუთარ ენერგიას, როგორ მამშვიდებს და მეხმარება სტრესისა და ნერვიულობის დაძლევაში.
– ქრისტინე, შენი გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთმა სიმპათიურმა ჟიურის წევრმა მამაკაცმა ნინო ქათამაძეს გადაუჩურჩულა – უცოლო რომ ვიყო, ახლავე ავიდოდი სცენაზე და ამ გოგოს აუცილებლად ვთხოვდი ხელსო.
– (იცინის) სხვათა შორის, ეს არ ვიცოდი და, ვიდეო რომ ვნახე სოციალურ ქსელში, მაშინ გავიგე. მიხარია, რომ ასეთი იღბლიანი ვარ, ამხელა გზა გავიარე და უძლიერესი კონკურენციის ფონზე დღეს ნახევარფინალში ვარ. ნინო ქათამაძემ კი კულისებში მითხრა, ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქვეყნიდან ასეთი კარგი კონკურსანტები ჩამოდიან და, დიდი მადლობა, რომ სიყვარული სცენიდან აგვიხსენიო.
– გამარჯვებულისთვის რა პრიზია დაწესებული და, ეს პროექტი რომ მოიგო, იმ თანხას რაში დახარჯავ?
– როგორც ვიცი, გამარჯვებულს 50 ათასი დოლარი ერგება, პლუს, გაპიარება, სიმღერის ჩაწერა და ასე შემდეგ. მძიმე ტურები გადავლახე და, ვიცი, წინ უფრო სანერვიულო ტურები მელის. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე, მოგებული თანხით აუცილებლად ვიყიდი ბინას თბილისში, თუმცა, კარიერას უკრაინაში გავაგრძელებ. 12 კონკურსანტი დავრჩით და ეს დიდი მიღწევაა ჩემთვის, როგორც ქართველი კონკურსანტისთვის სხვა ქვეყანაში. ეს გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს შეცვლის, გამაბედნიერებს და ამისთვის მზად ვარ. თუმცა, ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ და გამოღვიძება არ მინდა (იცინის). უკრაინულ სამოთხეში მოვხვდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ ჩემი ადგილი დავიკავო.