როდის გამოთქვა თამთა ლიპარტელიანის მშობლებთან შეხვედრის სურვილი „ნატოს” გენერალურმა მდივანმა და რა პოსტი ეკავა მას ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის დროს
2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიელმა ულტრამემარჯვენე ფანატიკოსმა ანდრეი ბრეივიკმა მასობრივი მკვლელობა მოაწყო, რომელსაც 70-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო 23 წლის ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი. ბრეივიკს ამ ქმედების გამო, მისი ქვეყნის კანონმდებლობით უმაღლესი სასჯელი – 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თამთა ლიპარტელიანის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. მისმა მშობლებმა იშვილეს გოგონა, რომელიც უკვე მესამე წელია, მათთან ერთად ცხოვრობს. 27 აგვისტოს საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა „ნატოს” გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც ლიპარტელიანების ოჯახი მოინახულა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თამთა ლიპარტელიანის დედას, ქალბატონ ლეილა ასათიანს დავუკავშირიდით.
– ქალბატონო ლეილა, გვიამბეთ „ნატოს” გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ.
– შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა, სწორედ იმ დღეს გავიგე, როცა უნდა შევხვედროდით. ორის ნახევრისთვის დამირეკეს კანცელარიიდან და სრულიად მოუმზადებლად წავედით. როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს სურვილი იენს სტოლტენბერგს პრემიერთან ვიზიტის დროს გამოუთქვამს. მოხარული იყო, რომ მიეცა შესაძლებლობა, პირადად ვენახეთ და სამძიმარი ეთქვა. თავადაც ნორვეგიელია და ტერაქტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ყოფილა. აღნიშნულ ბანაკში მისი მიწვეულები იყვნენ ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან წუხდა მომხდარის გამო. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა, რომ ასეთ მოკლე დროში მოხერხდა ჩვენი შეხვედრა. ეს მორალური მხარდაჭერაა ჩვენთვის. როდესაც გვესაუბრებოდა, ვიგრძენი, რომ მართლა დამწუხრებული იყო მომხდარის გამო.
– რამდენიმე წლის წინ იშვილეთ გოგონა. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეთ თუ ახლობლების ინიციატივა იყო?
– მესამე წელია, ნინო ჩემთანაა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ მსგავსი რამ მოხდებოდა ჩემს თავს, თამთას გარდა კიდევ თუ შევძლებდი ვინმეს აღზრდას. წელიწად-ნახევრის განმავლობაში სახლში ველოდებოდი სიკვდილს, გარეთ გახედვაც არ მინდოდა. იგივე მდგომარეობაში იყო ჩემი მეუღლეც. ბავშვი რომ გვეშვილა, სანათესაოს უნდოდა, კერძოდ, ჩემს ბიძაშვილს. ერთხელ მეზობელმა ისიც კი მითხრა, რომ თამთა უნახავს სიზმარში: ბავშვი შემოიყვანა ეზოში, 9-10 წლის გოგონა იქნებოდაო. სადარბაზოსთან დააყენა, გადათვალა შვიდი სართული და ბავშვს უთხრა, მეშვიდეზე ადიო. ჩვენი ბინაც მეშვიდე სართულზეა. არ დავიჯერე ეს ამბავი, გავუბრაზდი კიდეც მეზობელს – მაშინ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. ამ ამბიდან მოკლე დროში ნინოც გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ნინოს არ ჰყავდა დედა, სამი დედმამიშვილი იყვნენ და სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ, ამიტომ, შევთავაზეთ, ჩვენთან გადმოსულიყო საცხოვრებლად. სიხარულით დაგვთანხმდა და მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ.
– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ნინოს გამოჩენის შემდეგ?
– ჩემთვის არაფერი შეცვლილა. საკუთარიც რომ მყოლოდა, არაფერი შეიცვლებოდა. თამთას ვერავინ შემიცვილის, რამდენი წელიც უნდა გავიდეს. უბრალოდ, უფუნქციოდ ვიყავით დარჩენილები – დილა გათენდებოდა და ღამდებოდა ისე, რომ ვერაფერს ვაკეთებდით. ჩვენი საზრუნავი მხოლოდ თამთა იყო, რომელიც აღარ გვყავდა. ამიტომ, ვარჩიეთ, ვინმეს გამოვდგომოდით და ეს ადამიანი ჩემი ნინო აღმოჩნდა. საოცრად კარგი ბავშვია.
– თავიდან შეგუების მომენტი რთული არ იყო? თამთას თუ ახსენებს ხოლმე ნინო?
– იყო, როგორ არა. ბავშვი ამას ვერ გრძნობდა, მაგრამ, შინაგანად განვიცდიდი. ნინო პირველი დღეებიდანვე შეგვეჩვია – ხომ გეუბნებით, საოცარი ბავშვია-მეთქი. ახსენებს ხოლმე, უფრო მეტიც, მერიამ თამთას ხსოვნის პატივსაცემად წიგნი გამოსცა, რომელიც სულ გადაშილი აქვს და კითხულობს. მგონია, რომ ძალიან უყვარს თამთა. ერთი სული აქვს, მის ტანსაცმელს როდის ჩაიცვამს. წელს ფეხსაცმელი მოერგო და ძალიან უხარია. თამთას ბევრი სურათი გვაქვს, განსაკუთრებით – მის ოთახში. ამიტომ, თავიდან რომ მოვიყვანეთ ნინო, ვუთხარი, ჩამოვიღოთ, იქნებ არ მოგწონს და შეგაწუხოს-მეთქი, მაგრამ, არაო, მიპასუხა. შემდეგ რამდენიმე სურათი მე თვითონ ჩამოვხსენი – ვიფიქრე, ალბათ, მოერიდა ბავშვს თქმა და არ შეეშინდეს-მეთქი. ეს რომ შეამჩნია ნინომ, მოძებნა ჩამოღებული ფოტოები და საკუთარი ხელით დაკიდა თავის ადგილზე. მისივე სურვილი იყო, თამთას ლოგინში რომ დაეძინა და ეს ძალიან მესიამოვნა – რატომღაც, არ მინდოდა, თამთას ლოგინი გაცივებულიყო; თან, რაღაცის მოლოდინი მქონდა მაშინ და, მინდოდა, მისი ლოგინი თბილი ყოფილიყო. ალბათ, ყველა შვილმკვდარი დედა ასეა – დღესაც მოლოდინში ვარ, მაგრამ, დღეს უფრო გავუსწორე თვალი რეალობას. თამთას გარეშე ცხოვრებას ჩვენ ვერასოდეს ვისწავლით, ამიტომ, ყოველდღე მასთან ვართ.
– ნინო რამდენი წლისაა? როგორც გავიგე, რაღაცით ჰგავს კიდეც თამთას.
– ნინო 13 წლის გახდება ოქტომბერში, მერვე კლასში გადავიდა. ხმა მიუგავს ძალიან – „დეს” რომ დამიძახებს ხოლმე, ხანდახან თამთა მგონია. საქციელსა და თვისებებშიც იგრძნობა მსგავსება. ნინოც ძალიან კეთილი და თავმდაბალია, ჭამაშიც კი ვამსგავსებ. ხშირად მეკითხება ხოლმე, რა უყვარდა თამთას და რა არა, მაგრამ, ამ თემაზე ყოველთვის მოკრძალებულად მესაუბრება. ბევრჯერ მინახავს თამთას ფოტოების დათვალიერებისას თვალცრემლიანი. ხანდახან მეუბნება, თამთას ვევედრები, ხელი შემიწყოს, მეც მისნაირი გონიერი რომ ვიყო და კარგად ვისწავლოო. გვეხმარება ნინო, ბევრ რამეში გვეხმარება. ზრუნვა რომ სჭირდება, მეცადინეობა, ჭამა-სმა, ჩაცმა – მასზე ვართ გადართულები. თამთასთან ყოველდღე ვართ – სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს. თუ ნინო წაგვყვება, ვერავინ ასწრებს სანთლისა და საკმევლის ანთებას. მეუბნება ხოლმე, შენ ილოცე და მე ამას გავაკეთებო. თამთამ ბაკალავრიატი რომ დაამთავრა, ინგლისურში ამზადებდა ბავშვებს. იმ წელსვე მოეწყო მალმოში მაგისტრატურაში, იქაური 65-პროცენტიანი დაფინანსებით, მაგრამ, ვინ გაცადა, შვილო, წასვლა! 3 500 ევრო ჩვენ უნდა გადაგვეხადა, ამიტომ, გვითხრა, მომდევნო წელს ჩავაბარებ და 100-იანს ავიღებ, ახლა კი, მეცადინეობის პარალელურად, ბავშვებსაც მოვამზადებო. თავის ოთახში ასწავლიდა ბავშვებს, ერთი პარტია რომ წავიდოდა, მაშინვე შევიდოდი, ხალიჩას გავფერთხავდი და თავიდან დავაფენდი – მტვერი ან რაიმე არ ჩაეყაროთ ბავშვებს-მეთქი. ახლაც ასე ვარ, როცა თამთასთან მივდივარ – ხელოვნური მოლი მაქვს და ვაკრიალებ იქაურობას, ოთახს ვერ ვულაგებ, მაგრამ, მტვერს არ ვაკარებ ახლა სადაც მყავს. შეიძლება, ეს ნორმალური ადამიანის ქმედება არაა, მაგრამ, სხვაგვარად არ შემიძლია. შოკი იყო ეს ამბავი ჩვენთვის, მაშინ გავიგე, რა ყოფილა უბედურება და ტანჯვა. ახლა ის მახარებს, მის „ფეისბუქზე” კომენტარების კითხვისას, ყველა სითბოსა და სიყვარულს რომ გამოხატავს. სადაც გაუვლია ჩემს გოგოს, ყველგან სიყვარულის მარცვალი დაუტოვებია.
– გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბრეივიკს დაღუპულების მშობლებთან სურს შეხვედრა...
– ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, მაგრამ, მითხრეს, ტყუილიაო. ნორვეგიაში ჩვენი ნაცნობი თარჯმანია და მას მივწერე ამის შესახებ, მან კი მითხრა, ცრუ ინფორმაციააო. შეიძლება, სიმართლეც არის, მაგრამ, რა პირით უნდა შეხედოს მშობელს, რომელსაც შვილი მოუკლა? ან, იმ მშობელმა როგორ უნდა შეიკავოს თავი, თუკი ახლოს იდგება მისი შვილის მკვლელი, რომ თვალები არ დასთხაროს?!