კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჰყავდათ ევროპაში გაღმერთებული ერეკლე მეორე, რით აღაფრთოვანა ეკატერინე ჭავჭავაძემ ინგლისელები და რა ოქსფორდულ წყაროებს მიაკვლია გიორგი კალანდიამ ქეთევან წამებულის შესახებ

ცოტა ხნის წინ, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ირლანდიიდან დაბრუნდა, სადაც სამეცნიერო მივლინებაში იმყოფებოდა. მან ძალიან დიდი მოცულობის და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის უნიკალური მასალა ჩამოიტანა, რომელიც აქამდე ირლანდიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახებოდა, ჩვენთვის კი აბსოლუტურად უცნობი იყო.

 გიორგი კალანდია: ცოტა უცნაურია, როცა ქართველი მეცნიერი, მით უმეტეს, მუზეუმის დირექტორი, ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკითა და მუზეუმით ინტერესდება. თუმცა, ეს იმან განაპირობა, რომ ჩემი ოჯახის ძალიან ბევრი წევრი იქ ცხოვრობს და ამიტომ მეც ხშირად მიწვეს ჩასვლა. ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი და ძველი ბიბლიოთეკა. წინა წელს საშუალება მქონდა, დამეთვალიერებინა და შემესწავლა ამ ბიბლიოთეკის მეჩვიდმეტე საუკუნის პრესა და ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა მასალა, რომელიც აქაა დაცული საქართველოს მეფის – ერეკლეს შესახებ. ესაა 110-ზე მეტი ცნობა. ქართველი მეფე ირლანდიურ და ინგლისურ პრესაში გაღმერთებულია. ერეკლე მეორე ალექსანდრე მაკედონელთანაა შედარებული. მაგალითისთვის რამდენიმე წინადადებას მოვიყვან: „ეს არის მეფე, რომელმაც მთელ მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია“; „საქართველო, ეს არის აზიის უდიდესი ქვეყანა“; „ერეკლე მეფე არის ქრისტიანთა იმედი“ და ასე შემდეგ. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება, ეს ყველაფერი გვეთარგმნა და მალე მის გამოცემასაც ვგეგმავთ. წელს რომ წავედი ირლანდიაში, ვიფიქრე, თუკი ერეკლეზე არსებობდა ცნობები, შეიძლებოდა, სხვებზეც იყოს-მეთქი და გადავწყვიტე, მასალები კიდევ მენახა. ასეც მოხდა და, ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვე, ძირითადად სამი სახისაა: პირველი და აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ქართული ანბანის ნიმუშების აღმოჩენა, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. ეს არის ქართული ანბანის ოთხი ასოს ნიმუში, რომელიც მანამდე არ გვინახავს არც მე და არც ჩემთვის ნაცნობ მეცნიერებს. ისინი ფართო აუდიტორიისთვის დღემდე უცხო იყო. ესაა უნიკალური ნიმუშები, რომელთა მსგავსიც ჩვენ არ გვაქვს. ისტორიკოსმა თემო ჯოჯუამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს, შესაძლოა, არის ლონდონში დაცული სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, რომელიც გრიგოლ ფერაძეს აქვს ნანახი. ახლა სად არის, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, 1970 წლისათვის ეს ხელნაწერი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, რადგან ის კემბრიჯში აქვს გამოქვეყნებული მეცნიერ ალენს. ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად განვაგრძობთ დანარჩენი ნიმუშების ძებნას და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ნიმუში აღმოჩნდება.
მეორე სახის მასალა, რომელსაც ირლანდიაში მივაკვლიეთ, ქრისტეფორე კასტელის ალბომია. ქრისტეფორე კასტელი გახლდათ მეჩვიდმეტე საუკუნის მისიონერი, რომელიც საქართველოში მოგზაურობდა და, იმდროინდელი საქართველოს შესახებ თუ რამე ვიზუალური  წარმოდგენა გვაქვს, ეს სწორედ მისი დამსახურებაა. მას არა მარტო ტექსტუალური მასალები აქვს, არამედ, ჩანახატებიც, რომლებიც დიდ ინფორმაციას გვაწვდიან. მისი ალბომი საქართველოში 70-იან წლებში ბეჟან გიორგაძემ გამოაქვეყნა. გარადა ამისა, მისი ფოტოასლები გრიგოლ ფერაძესაც აქვს ჩამოტანილი, მაგრამ, ყველაზე უცნაური ისაა, რომ თვითონ ეს ხელნაწერი დაცულია პალერმოს მუზეუმში. მე პალერმოსთან ურთიერთობა არ მაქვს, თუმცა, მის ფოტოასლს ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივაკვლიე და იქაც ძალიან ბევრი რამ აღმოჩნდა ისეთი, რაც დღემდე არ გამოქვეყნებულა.
– უკვე თუ შეიძლება იმ ინფორმაციაზე საუბარი, რასაც ეს მასალა გვაწვდის?
– ეს მასალა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა, მაგრამ, მე, როგორც საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ჩემი მხრივ გეტყვით, რითაა ის უნიკალური და საინტერესო: ის შეიცავს ძალიან საინტერესო ცნობებს ქართული სახალხო ანუ თეატრალური და საცირკო წარმოდგენების შესახებ. მაგალითად, აქ არის ნახატი – ჟონგლიორი ქალი, რომელიც პირიდან ცეცხლს აფრქვევს. ეს მასალები თეატრის ისტორიის სპეციალისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. აქაა ძალიან ბევრი ნიმუში, რომელიც მანამდე ცნობილი არ იყო. მომავალში აუცილებლად მოვაწყობთ მის პრეზენტაციას, მთავარია, რომ უკვე ხელოვნების სასახლეშია ჩამოტანილი.
მესამე სახის მასალა, რომელიც ირლანდიიდან ჩამოვიტანეთ, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ესაა ეგრეთ წოდებული „დადიანის არქივი.” პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დადიანებზე ვმუშაობდი. ეს არქივი ასამდე დოკუმენტს მოიცავს და სამი თვალსაზრისითაა საინტერესო: ერთია – ცნობები სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის შესახებ. ვიცოდი, რომ ის ძალიან ლამაზი ქალი იყო, მის შესახებ ძალიან ბევრ რამეს წერდნენ ქართველები – გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მაგრამ, გულწრფელად ვამბობ, არ ვარ ისტორიკოსი და ისეთი პატრიოტი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს შესახებ მხოლოდ სადღეგრძელოების თქმა უყვარს, რომლებიც არაფრით არაა გამაგრებული. არ მეგონა, თუ ინგლისელები ასე აღფრთოვანდებოდნენ ან ეკატერინეს გარეგნობით, ან მისი კაბით, ამალით და ასე შემდეგ.
– კონკრეტულად რას წერენ მის შესახებ?
– მაგალითად, წერენ, რომ რუსეთის იმპერატორის კორონაციაზე ჩამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში. მას აცვია საოცარი კაბა და მოჰყვება ამალა, რომლებსაც საოცრად ლამაზი აზიური კოსტიუმები აცვიათ (როგორც ჩანს, ჩოხები არ იციან რა არის). მათი გრაციის, გამოხედვის, ცეკვისა და სიმღერის შესახებ ინფორმაცია ინგლისის გაზეთების პირველ გვერდებზეა დაწერილი. როგორც ჩანს, ეკატერინეს მხოლოდ ქართველები არ აღმერთებდნენ, ის ევროპელებშიც დიდ ემოციებს იწვევდა. მის შესახებ სპეციალური კორესპონდენციებია გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ისიც წერია, რომ სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი უმაღლესი რანგის სტუმრებს შორისაა. ცნობების მეორე ნაწილი ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟს, ნიკოლოზ დადიანს შეეხება, რომელიც გახლდათ ბულგარეთის ტახტის პრეტენდენტი. 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა ის ბულგარეთის ტახტის კანდიდატად წარადგინა და ამის შემდეგ, მსოფლიო და, მათ შორის, ინგლისურ პრესაში, ძალიან აქტიურად დაიწყეს მისი პიროვნების განხილვა. ნიკოლოზ დადიანი ერთადერთი ქართველი თავადია, რომელზეც მსოფლიო პრესა ძალიან აქტიურად წერდა. განხილულია მისი გარეგნობა და ჩაცმულობაც. წერენ, რომ ის ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანია და განათლება ევროპაში აქვს მიღებული. ჩანან მისი მოწინააღმდეგეებიც, მაგალითად, ავსტრიული პრესა აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს ნიკო დადიანის კანდიდატურას, რადგან მან თავის ნებით თქვა სამეგრელოს ტახტზე უარი, ამიტომ ეშიანიათ, რომ ბულგარეთის ტახტზე ის იქნება რუსეთის იმპერატორის ნების აღმსრულებელი და ასე შემდეგ. სამეგრელოს ისტორიას ძალიან კარგად ვიცნობ და, დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ამ პერიოდის ცნობები არ გაგვაჩნია. წელს ვერა, მაგრამ, მომავალ წელს აუცილებლად დავიწყებთ მის თარგმნას და ხელოვნების სასახლე მას გამოსცემს წიგნად – „დადიანები ინგლისურ პრესაში“. მესამე ნაწილი პრესისა ეხება სალომე და აშილ მიურატების ქორწინებას. იცით, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ მესამის ნათესავს, ნეაპოლის ტახტის მემკვიდრესა და საფრანგეთის პრინცს, აშილ მიურატს გაჰყვა ცოლად. საფრანგეთის იმპერატორმა დიდი ქორწილი გადაუხადა, შემდეგ ახალდაქორწინებულებს ტიულერის სასახლე აჩუქა და, ეს ყველაფერი – როგორ გამოიყურებოდა ქართველი დედოფალი სალომე, რა ეცვა ქორწილში, როგორი იყო იმპერატორთან შეხვედრა – პრესაში ძალიან საინტერესოდაა აღწერილი. პრესის მცირე ნაწილი ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროს ვაჟს, ანდრია დადიანს ეხება, რომელიც მოჭადრაკე იყო. იქ აღწერილია მისი ბრწყინვალე საჭადრაკო პარტიები. ნათქვამია, რომ ის მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირის პრეზიდენტი იყო, რაც ჩვენთვისაც ცნობილია, მაგრამ, რაც შეეხება საჭადრაკო პარტიებს, ვფიქრობ, რომ ის მკვლევრებს დააინტერესებს.
– გარდა ამისა, ქეთევან წამებულის შესახებაც ელოდით დოკუმენტებს.
– ქეთევან წამებულის შესახებ დოკუმენტები ჩამოტანილი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით გახმოვანებას თავს ვარიდებ. ვფიქრობ, რომ ის არის ძალიან ძვირფასი წყარო, რომელიც  გამოუქვეყნებელია. ქეთევან წამებულის შესახებ ერთი სიტყვაც კი მნიშვნელოვანია, მაგრამ, როცა საუბარია მთელ წყაროზე, რომლის წარმომავლობაც ოქსფორდიდანაა, ბუნებრივია, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჯერ ცოტა დრო კიდევ გვჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად ჩამოვაყალიბოთ, რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.
– როგორც ვიცი, ლაზებზეც მოიძიეთ გარკვეული ინფორმაცია...
– დიახ, ლაზებზეც ბევრი ინფორმაციაა და ის რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდს ეხება, როდესაც ლაზისტანის გათავისუფლება მიდიოდა. აქ დაცულია ბევრი საინტერესო ცნობა ლაზური ეთნოგრაფიის, ყოფა-ცხოვრებისა და გარეგნობის შესახებ. ჩვენ ბევრი კარგი თანამედროვე მეცნიერი გვყავს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და ვფიქრობთ, მათი ამ პროექტში ჩართვით, ძალიან საინტერესო შედეგი გვექნება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ვიზიტსა და აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას ვერ მოვახერხებდი, რომ არა საქართველოს საელჩო ირლანდიაში და მისი თანამშრომელი, ქალბატონი ნათია კალანდია, რომელიც ასევე ჩემი ბიძაშვილია. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს 150-ზე მეტი უნიკალური დოკუმენტი გადმოსცემოდა, რისთვისაც,  მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.  ორი წლის წინ ირლანდიაში გაიმართა გემების ფესტივალი, სადაც მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო. შედგა „სუხიშვილების” კონცერტი და, მახსოვს, პოლიციამ გამოაცხადა, კონცერტზე ასი ათასი ადამიანი მივიდაო. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ირლანდიაში ძალიან სწრაფად გაიზარდა საქართველოს ცნობადობა. ეს „რივერდანსის” ქვეყანაა და, ძალიან რთულია, ირლანდიელი ცეკვით გააოცო, მაგრამ „სუხიშვილებმა” ეს მოახერხეს. ირლანდია ძალიან ჰგავს საქართველოს, მასაც ჰყავდა დიდი და ამბიციური მეზობელი და უწევდა ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ისევე, როგორც ჩვენ და, ხშირად მას დიდი ერები ჩაგრავდნენ ხოლმე, მაგრამ, მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში ისეთივე თავისუფლებისმოყვარეები იყვნენ, როგორებიც ჩვენ ვართ და ამით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომავალში იქ ძალიან საინტერესო გამოფენას გავაკეთებთ და ურთიერთობებიც გაგრძელდება და გაღრმავდება.

скачать dle 11.3