კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიანიჭებს ჭიათურას, ზესტაფონსა და ფოთს „იუნესკო“ ძეგლის სტატუსს და რისთვის იწერება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ახალი კანონი

ენგურჰესის კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს იქნება ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი, სადაც საინფორმაციო-სამუზეუმო სივრცე და ვიზიტორებისთვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. ამ ძეგლის მშენებლობა 1977 წელს დასრულდა, შესაბამისად, მას ხანგრძლივი ისტორია არ აქვს, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა მსჯელობა – რა ხანგრძლივობის ისტორია უნდა ჰქონდეს ობიექტს, ზოგადად რა პრინციპებით უნდა მიენიჭოს მას აღნიშნული სტატუსი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ რომელი ობიექტებისთვის იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება.

 თია ონიანი (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი): ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ენიჭება მისი განსაკუთრებული: მხატვრული, ესთეტიკური, მემორიალური, არქიტექტურული ან სხვა ღირებულების გამო, რომელიც დაკავშირებულია, დავუშვათ, მეცნიერების, ტექნიკის ან საინჟინრო ხელოვნების განვითარებასთან. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი არის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა, რომელიც არის ენგურჰესის შემადგენელი ნაწილი; თვითონ ენგურჰესი კი უზარმაზარი კომპლექსია, რომელიც ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული და ნაგებობებს შავ ზღვამდე მოიცავს. თაღოვანი კაშხალი თავისი ტიპის კაშხლებს შორის სიმაღლით მსოფლიო ხუთეულშია შესული.  ამ ძეგლის მარტო დაპროექტება ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და, წარმოიდგინეთ, რამდენი დრო და ენერგია დასჭირდებოდა მის აგებას. დღესდღეობით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი „იუნესკო“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნაგებობებს, რომლებიც დაკავშირებულია მეცნიერების, ტექნიკის ან ზოგადად ინდუსტრიის განვითარებასთან. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ ამ კუთხით უკვე დაიწყო მუშაობა სხვა ძეგლებთან მიმართებითაც. მაგალითად, ვმუშაობთ ფოთის, როგორც გამორჩეული ინდუსტრიული ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის აღიარებაზე; ასევე, ზესტაფონსა და ჭიათურაზე. აქ მხოლოდ ფაბრიკა-ქარხნებზე კი არაა საუბარი, არამედ, გარემოზე, რომელიც ინდუსტრიულმა მემკვიდრეობამ ჩამოაყალიბა, ანუ, მთლიანად ქალაქზე. თანამედროვე მსოფლიოში ასეთი ტიპის ქალაქებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა. მაგალითად,  იტალიაში არის ქალაქი ივრეა, რომელიც წარდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად. ამ ქალაქში გამომთვლელი მანქანების ინდუსტრია იყო ჩამოყალიბებული. ის ოლივეტებმა დააფუძნეს და დღეს იტალიელები იბრძვიან იმისთვის, რომ ეს ქალაქი, თავისი ინფრასტრუქტურით, მსოფლიო მემკვიდრეობად იქნას აღიარებული. ვინაიდან ჩვენ ფაქტობრივად, მზა, რეაბილიტირებული და მოქმედი ასეთი მნიშვნელოვანი ნაგებობა გაგვაჩნია, რომელიც არის საინჟინრო ხელოვნების გამორჩეული ნიმუში საქართველოში, ის აღიარებულ იქნა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობად. თუმცა, ინდუსტრიული მნიშვნელობის ძეგლი ჩვენ აქამდეც გვქონდა, მაგალითად – ზაჰესი. ის არის საქართველოში პირველი ჰიდროელექტრონაგებობა, რის გამოც გასულ წლებში ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.
– განხილვის საგანი იყო ენგურჰესის ასაკი. ამ სტატუსის მინიჭებისას ნაგებობის ისტორიის ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა?
– კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინჭებისას, კანონით, ასაკობრივი ცენზი არ არსებობს. ახლა კულტურული მემკვიდრეობის ახალი კოდექსი იწერება და თუ იქ დავადგენთ ამ ცენზს, ეს სხვა ამბავია. მსგავსი პრეცედენტი საბჭოთა პერიოდშიც იყო. მაგალითად, სასტუმროებს – „ივერიასა“ და „აჭარას,“ მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგან მაშინ თბილისში ყველაზე მაღალი შენობები იყო და გამორჩეული საინჟინრო ნაგებობა ჰქონდათ, თუმცა მათი აგებიდან  50 წელი არ იყო გასული.  
– სამრეწველო ქალაქების კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება რა პრივილეგიებს ითვალისწინებს ამ ქალაქებისთვის და რა ვადებშია ამის მიღწევა შესაძლებელი?
– ეს სტატუსი იქნება დამატებითი სტიმული ამ ქალაქებში ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად, რაც ხელს შეუწყობს მათ გამოცოცხლებას, ახალი ფუნქციის მინიჭებას, ინფრასტრუქტურისა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდება.
– როგორც ვიცი, ენგურჰესზეც უკვე დაიწყო დამთვალიერებლისთვის საინტერესო ობიექტებზე მუშაობა.
– დიახ. ჩვენ უკვე ვიწყებთ მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობას, რომელიც ენგურჰესზე იარსებებს. იმიტომ, რომ ასეთ ძეგლებზე მსგავსი ტიპის მუზეუმები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს და მათში, ფაქტობრივად, კონკრეტული ნაგებობის მთელი ისტორიაა მოყოლილი. ასევე, იგეგმება დამთვალიერებლისთვის სხვადასხვა ტურისტული ბილიკის მოწყობა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით კაშხალი ჩვეულებრივი დამთვალიერებლისთვის დახურულია, რადგან ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი და, ბუნებრივია, ყველა მსურველის იქ შესვლა არ შეიძლება. თუმცა, ახლა უკვე ენგურჰესის ადმინისტრაციასთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები და განისაზღვრება, თუ სადამდე შეიძლება ჩასვლა და კაშხლის მონახულება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ძეგლის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
– კიდევ რომელი ობიექტებისთვის იგეგმება ამ სტატუსის მინიჭება?
– საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის სამი ძეგლი გვაქვს: ქალაქი მცხეთა, რომელშიც შედის სვეტიცხოველი, ჯვარი და სამთავროს მონასტერი; ქუთაისში – ბაგრატისა და გელათის ტაძრები და ზემო სვანეთში, უშგულში – ჩაიჟაში. თუმცა, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ვარძია, ხერთვისი, ოდა, ალავერდი თავისი ისტორიული ლანდშაფტით იქნას აღიარებული. დღეს „იუნესკოს” ძეგლის შეფასების გარკვეული კრიტერიუმები აქვს. ძეგლთა ნუსხაში შეტანისას ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ კონკრეტულ ობიექტზე, არამედ, მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსა და ლანდშაფტზეც.  ჩვენ გვაქვს ძეგლები, რომლებიც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ესაა ვარძია თავისი ხერთვისით, ოლოთი და მთელი ისტორიული ლანდშაფტით, რომელიც დღემდე უცვლელი სახითაა შემორჩენილი. ასევე ნოქალაქევი და უფლისციხე. თუ დამუშავდება ამ ძეგლების კონსერვაციისა და მართვის გეგმები, ისინი, შესაძლებელია, უახლოეს მომავალში წარადგინონ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესატანად.
– თუმცა, ეს სტატუსი, რიგ შემთხვევაში, დამაბრკოლებელიც ხდება. მაგალითად, როცა საქმე ეხება ძეგლს, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენება, მაცხოვრებელს კი არ აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები.
– კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ, აუცილებელი პირობაა – ძეგლს შეუნარჩუნდეს ისტორიული იერსახე და განსაკუთრებული მხატვრული ელემენტები, რისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ასეთი რესტავრაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ვერ ხერხდება მასზე რამდენიმე სართულის დადგმა, ამიტომ ინვესტორს მის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვს. შეზღუდვები ძირითადად ფასადებს ეხება, მაგრამ, არამხოლოდ. შეიძლება, ზოგ სახლს სადარბაზო ჰქონდეს ღირებული ან სხვა რამ და, ამ შემთხვევაში, ფასადთან ერთად მისი პირვანდელი სახით შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და არა მხოლოდ საქართველოში. კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულებას საერთაშორისო კონვენცია განსაზღვრავს, რასაც მას მისი წევრი ყველა ქვეყანა ემორჩილება. თბილისში 1 700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთა შორისაც საცხოვრებელ ნაგებობებთან ერთად სხვა ობიექტებიც იგულისხმება და სწორედ ეს წარმოადგენს თბილისის უნიკალურობას. სავალალოა, რომ შეუსაბამო ჩარევებმა განაპირობა ის, რომ ძველი თბილისი ვერ იქნა წარდგენილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად, რადგან 90-იანების შემდეგ განხორციელებულმა ჩარევებმა ძველ უბნებს ავთენტურობა დააკარგვინა და შეუსაბამო ნაგებობების გაჩენამ მათი დეგრადაცია მოახდინა. სამწუხაროდ, ამის გამოსწორება ძალიან რთულია და კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. მთავარია, ეს პროცესი ახლაც არ გაგრძელდეს და არსებული მდგომარეობა მაინც შენარჩუნდეს.

скачать dle 11.3