კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყურებდა ინდოეთში ხალხი ლაკო ბუკიასა და მის მეუღლეს როგორც უცხოპლანეტელებს და სად ცხოვრობდა ის დედოფალივით

ნიჭიერ და წარმატებულ დიზაინერს, ლაკო ბუკიას, სწავლიდან და კარიერიდან გამომდინარე, დიდხანს უწევდა უცხოეთში ყოფნა. ამჟამად კი ის თბილისშია, გადაწყვეტილი აქვს, გარკვეული პერიოდი საქართველოში დარჩეს და თავის საქმეს უკვე სამშობლოში მიხედოს აქტიურად. თუმცა, ახლო მომავალში ის კვლავ აპირებს უცხოეთში გამგზავრებას. 

 ლაკო ბუკია: გარკვეული მიზეზების გამო მომიწია საქართველოში დარჩენა.
– ერთ-ერთი მიზეზი დაოჯახება ხომ არ არის?
– დიახ, გათხოვებაც ერთ-ერთი მიზეზია. კარგია, რომ საქართველოში ვარ, ჩემს საქმეს აქ უფრო აქტიურად მივხედავ. რა თქმა უნდა, როცა წასული ვიყავი, მაშინაც აქტიურად ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, ისე ვერ გამოდიოდა ყველაფერი, როგორც ჩემი აქ ყოფნით გამოვა. ძირითადად ვმუშაობ შეკვეთებზე, სხვა ქვეყნებში გატანაზე; ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულზეც გამოვდივართ. მუშაობას განვაგრძობ ჩემი სადიპლომო ნამუშევრის მიხედვით და აქცენტს მაინც გავაკეთებ პრინტზე, ფერად ქსოვილებზე. მეც ვიქნები პირადად და ეს უფრო მეტად საპასუხისმგებლო იქნება.
– რთული აღმოჩნდა გათხოვებისა და საქმის შეთავსება?
– რთულია იმ მხრივ, რომ, თუ მანამდე მხოლოდ საქმეს ვუთმობდი ბევრ დროს, ახლა ორ რაღაცას უნდა დავუთმო. ჩემი მეუღლე არაფერში არ მიშლის ხელს, პირიქით, გვერდში მიდგას და ძალიან უნდა, რაც შეიძლება აქტიური ვიყო, რადგან თავადაც არ არის პასიური ადამიანი. აი, ბავშვები რომ იქნებიან, მერე ვნახოთ. რთულია, მაგრამ, ჩემი მეუღლე არ არის ის ტიპი, რომ დღეში რამდენჯერმე ვუკეთო სადილი. უნდა, რომ საუზმე მოვუმზადო და, ცხადია, ვუმზადებ. მაგრამ, საუზმეს რომ შეჭამს, მერე უკვე თავისუფალი ვარ ამ მხრივ. მიმაჩნია, რომ საჭმლის კეთებაც პროფესიაა; იმასაც დრო სჭირდება, დახელოვნება, როგორც სხვა საქმეს. ჯერჯერობით ამის დრო და ფუფუნება არ მაქვს, შაბათ-კვირას უფრო შეიძლება.
– ნიუ-იორკში საკმაოდ წარმატებულად დაამთავრე მაგისტრატურა და, მახსოვს, იქ  აპირებდი კარიერის გაგრძელებას. რა ხდება ამ მხრივ?
– ჯერჯერობით ამ მხრივ პაუზა მაქვს – გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებ წასვლას. თუმცა, ამით არაფერი დამთავრებულა – ის დიპლომიც სამუდამო და გამოსადეგია ნებისმიერ შემთხვევაში. მთავარია, შრომა განაგრძო და ყველა ხედავდეს, რომ არ ჩერდები და აქტიურად მუშაობ. ჩემს მომავალ გეგმებში აუცილებლად არის ამერიკაში დაბრუნება. იქ გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში. თუნდაც ის, რომ დავკეტე მაღაზია და გავხსენი სტუდია „შოუ-რუმი“ – ჯერჯერობით ასე უკეთესია. იმას, რასაც მინდა, მივაღწიო, აქტიური სტუდიური მუშაობა სჭირდება, რათა გავიზარდო როგორც დიზაინერი. ვმუშაობ კოლექციებზე, მომწოდებლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებს.
– არ შემიძლია, შენი ქორწილის თემას არ შევეხო, რომელიც ძალიან მასშტაბური და ლამაზი იყო.
– მამას ძალიან უნდოდა, რომ ჯვარი დაგვეწერა სამეგრელოში, მის აშენებულ მონასტერში. ეს მეც მინდოდა, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა ერთ დღეში ამ ყველაფრის გაკეთება და ვღელავდი – გრძელი გზაა და დავიღლებით-მეთქი, მაგრამ, ყველაფერი ისე კარგად იყო ორგანიზებული, რომ დაღლა ვერ ვიგრძენით. დავიწყეთ წყალტუბოდან, სადაც მამას სასტუმროს კომპლექსი აქვს. ოჯახის წევრები ვიყავით და მამას პარტნიორები უცხოეთიდან. დაათვალიერეს ქუთაისი, სათაფლია, ლამაზი ადგილები, დაისვენეს, მერე კი წავედით სამეგრელოში და  დავიწერეთ ჯვარი. იმ სახლში, სადაც მამა გაიზარდა, სუფრა გაგვიშალეს. ძალიან ლამაზი იყო. იქიდან წავედით ჩაქვში და 7 საათზე დაიწყო ქორწილი.
–  ყველაფერში თავიდან ბოლომდე იყავი ჩართული?
– აბსოლუტურად. ქორწილი ორი თვის განმავლობაში იგეგმებოდა, შტაბივით გვქონდა მოწყობილი: ვიკრიბებოდით ჩემი და რეზოს მშობლები, მამას მეგობრები, ორგანიზატორები და ვგეგმავდით ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ლამაზად დასრულდა. მახსოვს, რომ ძალიან კარგად გავერთეთ. კიდევ მინდა, ეს განმეორდეს და, ვთქვით კიდეც, რომ ხუთი წლის იუბილეზე ეს ყველაფერი გავიმეოროთ. რაც მთავარია, ყველა ბედნიერი იყო და ერთობოდა.
– ორივე კაბა შენი დიზაინით იყო შეკერილი?
– რადგან სამეგრელოში ვიწერდით ჯვარს, გადავწყვიტე, მცმოდა კაბა, რომელსაც ტრადიციული დეტალები ექნებოდა. ასეთიც შევქმენი და ყველას ძალიან მოეწონა. თუმცა, ვაღიარებ, ძალიან ძნელი იყო. იმდენჯერ შევიცვალე აზრი... მინდოდა,  თეთრი კაბა გრანდიოზული ყოფილიყო, ამიტომ, ას მეტრზე მეტი ტიული გამოვიყენე, ანუ, მთლიანად ტიულით იყო გაკეთებული და ზევიდან დაკერებული ჰქონდა ფენებად დაწყობილი, ამოჭრილი მაქმანის ყვავილები – ამაზე ძალიან იწვალეს.
– საქორწინო მოგზაურობაც ლამაზ ადგილებში დაგეგმეთ.
– იმდენად არ მინდოდა, პასიური საქორწინო მოგზაურობა გვქონოდა, რომ ძალიან აქტიური გამოგვივიდა. ბოლოს რეზო მეუბნებოდა, ბევრი მოგივიდაო, რადგან, ყველაფერი ჩემი დაგეგმილი იყო. 25 დღე ვიყავით წასულები, აქედან ორი კვირა – ტაილანდში. მოვიარეთ ბანგკოკი, სხვადასხვა კუნძული... ერთ ადგილას არ ვჩერდებოდით. ტაილანდი ულამაზესია, ეგზოტიკური და ძალიან საინტერესო. ხალხის დამოკიდებულებამაც გამაგიჟა – ბევრი გაჭირვებულია, მაგრამ, ისეთი დადებითი აურა აქვთ, სულ გიცინიან, მადლობლები არიან. მერე „ფეისბუქშიც“ დავწერე: ტაილანდში ერთი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე – როგორ შეგიძლია, გიყვარდეს და იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს. იქიდან წავედით ინდოეთში, მეგობრის ქორწილში. საოცარი ქვეყანაა – რამდენნი არიან, როგორ სიბინძურეში ცხოვრობენ და რამხელა კულტურა და ისტორია აქვთ. თითქოს ორი სამყაროა. მართლაც საოცრად ცხოვრობენ, ეს თუ არ ნახე, ვერც წარმოიდგენ. ჩენაი, სადაც ქორწილი იყო, მეოთხე ქალაქია სიდიდით, მაგრამ, აბსოლუტურად მოუვლელი იყო. მე და ჩემი მეუღლე ქუჩაში რომ გავდიოდით, როგორც უცხოპლანეტელებს, ისე გვიყურებდნენ. ქორწილი ძალიან ტრადიციული იყო, რელიგიური ოჯახია. გავოცდი იმით, რომ არ იყო ალკოჰოლი, არანაირი მუსიკა და ცეკვა. ყველაზე მეტად გამაოცა იმან, რომ დარბაზი ორად იყო გაყოფილი: ერთ დარბაზში, სადაც პატარძალი იჯდა, შედიოდნენ ქალები; მეორეში, სადაც ნეფე იყო – კაცები. აეროპორტშიც ქალები ცალკე გადიოდნენ, კაცები – ცალკე, ამან ცოტა შეურაცხმყო. იქ დამახვედრეს ძალიან ლამაზი ინდური კაბა, იქაური ცნობილი დიზაინერის შეკერილი. მარტო ამ კაბის გამო ღირდა იქ წასვლა. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ყველა იღებდა საჭმელს, მერე სხდებოდნენ და პატარძალს უყურებდნენ მიშტერებულები, ის კი ცალკე იჯდა.  მე და რეზო ტაჯ-მაჰალის სანახავად წავედით – გვითხრეს, მზის ამოსვლა ულამაზესიაო. მართლაც საოცარი ემოცია გვქონდა, სასწაული სილამაზე ვნახეთ. მარმარილო ირეკლავს სხვადასხვა ფერს, თან იქვე წყალია, ისიც ირეკლავს და საოცარი სილამაზეა. მეგობარმა გვირჩია, რომ უნდა გვენახა ერთი ადგილი, სადაც ტბაში დგას  სამი საუკუნის სასახლე, რომელიც ახლა სასტუმროდ არის გადაკეთებული. წავედით და ისეთი სილამაზე დაგვხვდა, სამი დღე დავრჩით. გგონია, რომ მართლა დედოფალი ხარ, რადგან, ისე გექცევიან, როგორც დედოფალს – ყველაფერი ისეა დატოვებული, როგორც წინათ იყო  სასახლეში. აქაც დიდი გამოცდილება მივიღე. ტაილანდის კუნძულები ხომ საოცარი სილამაზით გამოირჩევა. გემით წავედით იმ ადგილას, სადაც ფილმი „სანაპიროა“ გადაღებული, ულამაზესია. შთაბეჭდილებებითა და ინსპირაციით სავსე დავბრუნდი. ინდოეთი მომეწონა, მაგრამ, ტაილანდში აუცილებლად დავბრუნდები.

скачать dle 11.3