რომელ პერიოდში დაწურული ყურძენი მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე ცუდად და რატომ არ შეიძლება 23 სექტემბრის შემდეგ ყურძნის მოკრეფა
შემოდგომა დადგა და მოსავლის აღება დაიწყო. ვინაიდან საქართველო ვაზის ქვეყანაა, უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა რთველიც. იმისთვის, რომ მთელი წლის შრომა დაუფასდეთ, მეურნეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ასტროლოგიური რუკა, რომელიც კონკრეტული კულტურის დარგვა-დაბინავებისთვის სასურველ დროზე მიგვითითებს. მზისა და მთვარის პერიოდების გათვალისწინება კარგი მოსავლისა და ჯანსაღი პროდუქტის საწინდარია. ასტროლოგიისა და სოფლის მეურნეობის ურთიერთკავშირის შესახებ უფრო დაწვრილებით ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ვესაუბრეთ.
– მოსავლის აღება დაიწყო. რა უნდა გაითვალისწინონ მეურნეებმა ამ დროს ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით?
– სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ასტროლოგიის გამოყენება უძველესი დროიდან დაიწყეს და, ყველაზე პრიმიტიული კალენდრებიც კი, თავდაპირველად, ამ დანიშნულებისთვის შექმნეს. უფრო მეტიც, ეგვიპტურ კალენდარში ღმერთების გაძლიერების პერიოდებიც კი იყო აღნიშნული, რომლებიც კონკრეტულ კულტურასთან ასოცირდებოდნენ. სოფლის მეურნეობაში კალენდრის შექმნა იყო ასტროლოგიური პროგნოზის პირველი მცდელობა, რომელიც როგორც მთვარის, ასევე მზის პოზიციებსაც აღწერდა. მზე, მთვარე და სხვა პლანეტები დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე, თითოეულ არსებაზე და, მათ შორის – მცენარეებზეც. ამიტომ, ყველა კულტურაში არსებობს ასტროლოგიური მიდგომა, რომლის მიხედვითაც ხდება კონკრეტული მცენარის მოვლა-პატრონობა. ამ მხრივ საყურადღებოა მზისა და მთვარის ფაზები.
– რა გავლენას ახდენს ეს ფაზები მოსავლიანობასა და მოსავლის აღებაზე?
– როგორც მზის, ასევე მთვარის ფაზები, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ნათესებზე. ჩვენი წინაპრები სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით არკვევდნენ, როდის სჯობდა თესვა, მკა, მოსავლის აღება, ყურძნის მოკრეფა, დაწურვა და ასე შემდეგ. არსებობს ოთხი ძირითადი ასტრონომიული წერტილი, რომლებიც კალენდარშია გათვალისწინებული. მათ შორისაა დღეღამსწორობა მარტში და შემოდგომაზე.
– რთველის დაწყება როდის არის სასურველი მთვარის ფაზების მიხედვით?
– ბუნიაობიდან 23 სექტემბრამდე ნაყოფი სრულად მწიფდება, ამ პერიოდში იწყება რთველიც და მოსავლის აღებაც. 23 სექტემბრამდე პერიოდი საუკეთესო დროა რთველის დასაწყებად, შემდეგ მოსავალი იწყებს გადამწიფებასა და ლპობას. ჩვენთან რთველი სექტემბერ-ოქტომბერში იწყება, მაგრამ, თუ ყურძნის კრეფას 23 სექტემბრამდე მორჩებიან, საუკეთესო მოსავალი ექნებათ. არა მარტო ყურძნის, არამედ ნებისმიერი ნაყოფის მოსაკრეფად საუკეთესო პერიოდია, როცა მთვარე წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებში იმყოფება. ამ დროს მეურნე ხარისხიან პროდუქტს იღებს. რაც შეეხება მთვარის ფაზებს, მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მცენარე, რომელიც ნერგით ხარობს ჯობია იმ პერიოდში დარგოთ, როცა მთვარე შევსების ფაზაშია, ბოლქვების დარგვა კი უმჯობესია მთვარის მილევისას. ნაყოფი, რომელიც მიწის ზემოთაა, კარგია, დაიკრიფოს ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე პერიოდში, ხოლო მიწისქვეშა ნაყოფი – სავსემთვარეობის შემდეგ. მთვარის პერიოდი არა მხოლოდ მცენარეებზე ახდენს გავლენას, არამედ, მეცხოველეობაზეც: ცხოველი არ უნდა დაკლათ მთვარის მილევის ფაზაში, რადგან ამ დროს ის ენერგიის კლების პროცესშია და მიღებული პროდუქტიც არასასურველი შედეგის მომტანი იქნება. ყველაზე ცუდი პერიოდი ცხოველის დასაკლავად არის სავსემთვარეობიდან ახალმთვარეობამდე მონაკვეთი, ანუ, მთვარის მილევის ფაზა. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ენერგიით ივსება მთვარის შევსების პროცესში, მილევისას კი, პირიქით – ენერგია ეცლება.
– რა მნიშვნელობა ენიჭება მოსავლის აღებისას მთვარის პოზიციას ზოდიაქოს ნიშნებში?
– ანთროპოსოფიის ფუძემდებელმა, ფილოსოფოსმა რუდოლფ შტაინერმა, ასტროლოგიური ენერგიების ოთხი სტიქია – მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი – გააიგივა მცენარეების სხვადასხვა სახეობასთან: მიწის სტიქიები (კურო, ქალწული, თხის რქა) განაგებენ მცენარის ფესვებს; შესაბამისად, ისეთი კულტურის ნაყოფის შეგროვება, რომელიც მიწის გრუნტშია, სასურველია, დაემთხვას იმ პერიოდს, როდესაც მთვარე იმყოფება კუროში, ქალწულში ან თხის რქაში;
ჰაერის სტიქია განაგებს ყვავილებს. ყვავილების გადარგვა კარგია მთვარის შევსების პერიოდში – ამ დროს მთვარე სასწორში, მერწყულში ან ტყუპებში უნდა იყოს;
ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება თესლი, ხორბალი, ბრინჯი და სხვა. შესაბამისად, ხორბლის დათესვა უმჯობესია მაშინ, როცა მთვარე მილევად ფაზაშია და იმყოფება ვერძის, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოში;
წყლის სტიქიას განეკუთვნებიან ფოთლები და ისეთი კულტურები, რომელთა ფოთლებსაც საკვებად გამოვიყენებთ, მაგალითად – ჩაი. მსგავსი მცენარის მოსავლის აღება უნდა მოხდეს მაშინ, როცა მთვარე შევსების ფაზაშია და მორიელში, კირჩხიბში ან თევზებში იმყოფება.
– ყურძნის დაწურვის საუკეთესო პერიოდი რომელია?
– ძველბერძნულ მითებში არსებობს ინფორმაცია, თუ როდის იწურებოდა ღვინო. თურმე მაშინ ყოველ ნოემბერში იმართებოდა დიონისეს რიტუალები (დიონისე იყო ბახუსის ღმერთი). აქედან გამომდინარე, ნოემბერში ღვინო უკვე დაწურული ჰქონდათ. კრეფის საუკეთესო პერიოდია 23 სექტემბრამდე, ხოლო დაწურვის – 23 სექტემბრის შემდეგ. ამ დროსაც აუცილებლად გასათვალისწინებელია მთვარის ფაზები, ვინაიდან, მათი ზემოქმედებით, შესაძლებელია, ღვინომ კარგად ან ცუდად იმოქმედოს ადამიანზე.
– ანუ, როდესაც ღვინო მთვარის ფაზის მიხედვით არ არის დაწურული, ცუდი სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს?
– დიახ. ყურძენი მიწის ზემოთაა, ამიტომ, მასზე ნებისმიერი მანიპულაცია სასურველია მთვარის შევსების პერიოდებში მოხდეს. რაც შევსებადი მთვარის პერიოდში ხორციელდება, სასარგებლოდ ხმარდება ორგანიზმს და მათ შორის ყურძნის წვენსაც დადებითად ირგებს ადამიანი. თუ კლებადი მთვარის პერიოდებში დაიწურება ღვინო, მაშინ ორგანიზმი ეცდება მის განდევნას, ანუ, ადამიანსა და ყურძის წვენს შორის შეუთავსებლობა წარმოიქმნება. ყოველივე ამან, შეიძლება, კაცი არ მოკლას, მაგრამ, ცუდად იმოქმედებს მასზე.