რაში გადაუხადა 2 000 დოლარი იაპონელმა ბიზნესმენმა კემოს და როგორ მოხვდა ის საუკეთესო კარიკატურისტთა შორის მეორე ადგილზე
ამბობენ, ხატვის ნიჭი ღვთის ერთგვარი საჩუქარია, რადგან ასე შეგიძლია ტილოზე გადმოიტანო ის, რასაც ხედავ და აღიქვამ და შენი ხედვა სხვებისთვისაც თვალსაჩინო გახადო. როგორც მხატვარ-კარიკატურისტი, პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი კემო ამბობს, ის ერთგვარი ფსიქოლოგიცაა, რადგან შეუძლია, ადამიანის შინაგან ბუნებას ჩასწვდეს, შიგნიდან ამოიკითხოს მისი თითოეული ნაკვთი და შემდეგ ეს კარიკატურის სახით გადაიტანოს ფურცელზე. კემო მსოფლიოს საუკეთესო კარიკატურისტთა შორის მეორე ადგილზეა.
– სანამ შენთან საუბარს დავიწყებ, მინდა გკითხო: ყველა კემოთი გიცნობს, შენი ნამდვილი სახელი და გვარი კი უცნობია.
– ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია ნიკა კემულარია. ბაღში რომ დავდიოდი, გვარიდან გამომდინარე, კემო დამიძახეს და არ მომეწონა. მერე სკოლაში მეძახდნენ კემოს და არც იქ მსიამოვნებდა. ბოლოს, სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროსაც კემოთი რომ მომმართეს, მაშინ უკვე მომეწონა და დღემდე ეს სახელი შემომრჩა როგორც ფსევდონიმი. ალბათ დღეს ვინმემ ნიკა რომ დამიძახოს, არც კი მივიხედავ და მეწყინება კიდეც (იცინის), იმდენად უცხოა ჩემთვის ნამდვილი სახელი. ვფიქრობ, ფსევდონიმი უფრო ხელსაყრელია. ბევრჯერ მიფიქრია, რომ არა კარიკატურისტი, ვინ ვიქნებოდი-მეთქი და პასუხიც მაქვს – ალბათ, მუსიკოსი, რადგან, სამოყვარულო დონეზე კარგად ვუკრავ. მოკლედ, ხოლოვნების გარეშე რომ ვერ გავძლებდი, ეს ზუსტად ვიცი. ზოგადად, არ მჯერა სიცოცხლის განმეორებების, მაგრამ, თუ წინა ცხოვრება არსებობს, იმ პერიოდში, ეგვიპტის პირამიდების ამშენებელი ვიქნებოდი.
– წინა ცხოვრებისა და პირამიდების მშენებლობისა რა მოგახსენო, მაგრამ, კარიკატურისტობით რომ მსოფლიოში ცნობილი გახდი, ფაქტია. თუ უცხოელ კარიკატურისტებს გადავხედავთ, საქართველოში ეს პროფესია, დამეთანხმე, მაინცადამაინც, მომგებიანი არ არის. არასდროს გიფიქრია უცხოეთში წასვლაზე?
– გეტყვით, რომ საქართველოში სულ სამი-ოთხი კარიკატურისტია, რომლებიც შედარებით აქტიურად მოღვაწეობენ და საზოგადოებაც იცნობს. სხვათა შორის, მივაგენი ისეთ მეთოდს საქართველოში, რომ არ გახდა ჩემი უცხოეთში წასვლა საჭირო. 2009 წელს გავხდი მსოფლიოში რიგით მეორე კარიკატურისტი. რის შემდეგაც გამომეხმაურნენ კარიკატურისტთა საიტიდან. ეს საიტი ირჩევს კარიკატურისტებს და შემდეგ ხდება მათთან დაკავშირება და დასაქმება. დღესაც მათთან ვთანამშრომლობ და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მაქვს. მთელი მსოფლიოდან იღებენ შეკვეთებს და შემდეგ რომელ კარიკატურისტსაც აირჩევს შემკვეთი, მას უკვეთენ. ფინანსურად მომგებიანია. ვხუმრობ ხოლმე, ვირტუალურად უცხოეთში ვარ და იქ ჩასვლა აღარ მჭირდება-მეთქი (იცინის). ზოგადად, 25-მდე ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის უცხოეთშიც; ასევე, 4 პერსონალური გამოფენა მქონდა საქართველოში. კონკურსებში არც ისე ხშირად ვიღებ მონაწილეობას, კერძოდ, 2009 წელს კალიფორნიაში ჩატარებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა – მთელი მსოფლიოდან 147 მხატვარს უნდა დაეხატა ერთი ჩოგბურთელის კარიკატურა და მე მეორე ადგილი ავიღე. შემდეგ, 2013 წელს, შევედი მსოფლიოს საუკეთესო კარიკატურისტთა ათეულში და დავიკავე მეშვიდე ადგილი, რაც დიდი სტიმული იყო; მესამე, ბოლო კონკურსი კალიფორნიაში 2014 წელს ჩატარდა, რომელშიც 150-ზე მეტი მხატვარი იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დავხატე მსახიობი სერგო ზაქარიაძე და მეორე ადგილი ავიღე, პირველი ადგილი კი მიანიჭეს, ასევე ქართველ, ჩემს კოლეგას, ბესიკ დუღაშვილს. ამის შემდგომ, ჰოლანდიის წამყვანი გამოცემისგან მივიღე შემოთავაზება, რომ ჩემი კარიკატურა დაებეჭდათ პრესაში. ეს არის პუტინის გამოსახულება, რომელიც იყურება სარკეში და ხედავს სტალინის ანარეკლს.
– ახლა გამახსენდა: ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს, მხატვარმა საჩუქრად მიართვა კარიკატურა. დახედა პოლიტიკოსმა, არ მოეწონა თავისი გამოსახულება, გაიღიმა და თქვა: ეს არის ბოროტი ხუმრობა, მაგრამ არ მაქვს უფლება არ გავიღიმოო.
– (იცინის). ასეა, იშვიათად, რომ ადამიანს თავისი კარიკატურა მოეწონოს. სავარაუდოდ, 25 ათასი კარიკატურა მაქვს დახატული და იშვიათად შემხვედრია ადამიანი, თავის კარიკატურას იუმორით შეხედოს. ჩემი აზრით, ხელოვნების აღქმის უნარი უნდა ჰქონდეს ადამიანს და იუმორიც უნდა უჭრიდეს. როცა სახის ნაკვთებს ვხატავ, უბრალოდ, მის უტრირებას ვახდენ. ეს საწყენი არ არის.
– ამბობენ, კარიკატურისტებს აქვთ ნიჭი, ადამიანის ბუნება „გააშიშვლონ”, შეძვრნენ მის ტყავში, დაინახონ ის, რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ და შემდეგ ეს, ერთი ფუნჯის მოსმით, იუმორით გადმოსცენ ფურცელზე... ესე იგი, 25 ათასი ადამიანის ტყავში ხარ შემძვრალი?
– (იცინის) რა თქმა უნდა! უკვე დიდი ხანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღარ ვმგზავრობ და, იცით რატომ? ძალიან ბევრ კარიკატურას ვხედავ და ზედმეტად „ვიგრუზები”. არ დამავიწყდება, დამწყები რომ ვიყავი, მოდელის კარიკატურა უნდა დამეხატა და გამიჭირდა. იმდენად პროპორციული ნაკვთები ჰქონდა და არაფერი გამოკვეთილი, ვერ მივხვდი, აქცენტი რაზე გამეკეთებინა. ერთხელ კი, პოლიტიკოსს ვხატავდი (გამყრელიძეს) და, კარიკატურა რომ დავხატე, ნოღაიდელს დაემსგავსა. ანუ, კარიკატურაში ეს ორი პოლიტიკოსი ერთმანეთს ჰგავს. ჩემს მეგობარ კარიკატურისტ ზალიკო სულაკაურს რომ მოვუყევი, გაეცინა – ეგეთი რამ მეც დამემართაო. ზოგადად, არ მიყვარს პოლიტიკოსის კარიკატურის ხატვა, მირჩევნია, მსახიობი, შოუმენი ან მხატვარი გავაშარჟო. თუმცა, ბევრი პოლიტიკოსი დამიხატავს შეკვეთით. ზოგადად, მიმაჩნია, საკუთარი ინიციატივით რომ დახატო პოლიტიკოსი, მასზე შეყვარებული უნდა იყო (იცინის). მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანის და, მათ შორის პოლიტიკოსის სახლში კიდია ჩემი ნახატები.
– ყველაზე ძვირი, რაც შენთვის გადაუხდიათ კარიკატურაში, რამდენია? რასაკვირველია, თუ საიდუმლო არ არის.
– იაპონელმა ბიზნესმენმა 2010 წელს კარიკატურისტების საიტი ნახა და ჩემი ნამუშევრები მოეწონა. შემიკვეთა თავისი კარიკატურა ნაციონალურ სამოსში და ამაში 2 000 დოლარი გადამიხადა. ეს თანხა კი ძალიან დამეხმარა მანქანის შეძენაში.
– ვიცი, რომ საკუთარი კარიკატურაც გაქვს დახატული. არ არის ძნელი საკუთარ გარეგნობას იუმორის თვალით შეხედო?
– ახლახან ჩემს მეუღლესთან ერთად დავხატე ჩემი კარიკატურა და საერთოდ არ გამჭირვებია, სარკეშიც კი არ ჩამიხედავს, ისე კარგად ვიცი საკუთარი თავი. როდესაც ახალ სახეებს ვხატავ, თითოს დასამგვანებლად 3-5 წუთი მჭირდება და საკუთარი თავის დახატვა რა პრობლემაა. სხვათა შორის, ჩემს სახლში 170 კემო ცხოვრობს (იცინის), ანუ, სხვადასხვა უცხოელი კარიკატურისტის მიერ შექმნილი ჩემი კარიკატურები. ეს ჩემთვის შეუფასებელი განძია, ყველაში მე ვარ გამოსახული. როგორც დამინახეს, ისე დამხატეს და ეს არის სწორედ დასაფასებელი. ასე რომ, ჩემს სახლში, 170 განსხვავებული ხედვაა და ყველა ნახატიდან მე ვიყურები (იცინის). უახლოეს მომავალში ვაპირებ, ჩემი კარიკატურების გამოფენა მოვაწყო.
– ველოსიპედი უკვე გამოგონილია, თუმცა შენ ახალი ველოსიპედის გამოგონება შეძელი, ანუ, სტუდია „ველოსიპედს” ვგულისხმობ. ვისი იდეა იყო ეს?
– დიახ, ანიმაციაშიც ვცადე ბედი და ახლაც აქტიურად ვმონაწილეობ. მე და ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა გიორგი მარშანიამ გავაკეთეთ სტუდია „ველოსიპედი” და გადავიღეთ ორგანზომილებიანი აპლიკაციური და ორგანზომილებიანი ანიმაციური ფილმები. ახლა შეკვეთებსაც ვიღებთ. სტუდიას კი „ველოსიპედი” იმიტომ დავარქვით, რომ, ველოსიპედი ყველაფერ სიახლესთან არის დაკავშირებული. ასევე, ხომ იცით, ეს ტრანსპორტი უკან ვერ მიდის და ეს ჩვენს სიტუაციას ძალიან ერგებოდა, რადგან მხოლოდ წინ გვინდოდა წასვლა და არა უკან. და, ასეც მოხდა.