კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერევა თუ არა ღმერთი ადამიანის მიერ აღსრულებულ სამართლიანობაში და გვსჯის თუ არა ის ჩვენი ცოდვების ან ქცევების გამო

„სიყვარული აღემატება სიტყვას, სიტყვა უსიყვარულოდ უშედეგოა, პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ სიფრთხილეა, სამართლიანობა უსიყვარულოდ გულქვაობაა, სიჭკვიანე უსიყვარულოდ მლიქვნელობაა, წესრიგი უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა, პატივი უსიყვარულოდ ქედმაღლობაა, ქონება უსიყვარულოდ სიხარბეა, რელიგია უსიყვარულოდ ფანატიზმია, იზრდება სიყვარული რწმენით“...
სიყვარულის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ღვთის შიშის მიმართ ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ძველ აღთქმაში „სიბრძნე სოლომონისა” გვაუწყებს, რომ დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა არს. ზოგმა შეიძლება იკითხოს: როგორ შეიძლება, სიბრძნის დასაბამი შიში იყოს? თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ვიცით, რომ ახალ აღთქმაში ღმერთს სიყვარული ეწოდება, მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება. ანუ, როცა ვიცით, რომ ღმერთი სიყვარულია, შევეცდებით, სიყვარულის ღმერთს არაფერი ვაწყენინოთ: ისე მოვიქცეთ, ისეთი ცხოვრების წესი არ გვქონდეს, რომ ღმერთისგან განკიცხვა დავიმსახუროთ. ძველ აღთქმაში ღმერთი ებრაელებს მოუწოდებდა: კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ, ანუ, არ დაუთმო არავის არაფერიო. ეს სწავლება გადმოვიდა კათოლიკურ სამყაროშიც. კათოლიციზმი ქადაგებს: თუ ადამიანი კარგად იქცევა, მას ღმერთი წაახალისებს; თუ ცუდად იქცევა – სჯის. მართლმადიდებლურ სამყაროში კი ღმერთს ცოდვილიც და მართალიც ერთნაირად უყვარს. ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში იოანე ოქროპირი შეაგონებდა ქრისტიანებს: იუდეველებს მიემსგავსეთ – ღვთის შიში იმიტომ გაქვთ, რომ ღმერთმა არ დაგსაჯოთო. ჩვენი შიში სიყვარულის მიმართ უნდა იყოს, რომ ჩვენი ქმედებით არ დავშორდეთ ღმერთს. კათოლიკური სწავლებით, ცოდვა ღმერთის შეურაცხყოფაა. მართლმადიდებლური თვალსაზრისით კი, ყოველი ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, საკუთარ თავს აზიანებს, ცოდვაში აგდებს. ღმერთი ისეთი რომ იყოს, როგორც სხვადასხვა კონფესია წარმოგვიდგენს, მაშინ ყველა დასჯილი იქნებოდა.
– ბევრი ამბობს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ მისი არ ეშინია, რადგან ის არაფერს დაუშავებს. სწორია ასეთი მიდგომა?
– რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. ეშმაკიც იცნობს ღმერთს, იცის მის შესახებ, მაგრამ არაფერს აღასრულებს. თუ არ გვინდა, ჩვენი რწმენა იყოს დამცრობილი, არ ვკაკანკალებდეთ ღმერთის წინაშე, მთელი ჩვენი ცხოვრება სიყვარულის კეთება უნდა იყოს. ეკლესიაში სიარული, ოჯახის წევრებთან, მოყვასთან ურთიერთობა – სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული. ღმერთი სიყვარულია და, არ შეიძლება, ის განრისხდეს ადამიანზე. უბრალოდ, როდესაც წერია: „განრისხდა ღმერთი”, ეს არის იმისთვის, რომ ადამიანი მიხვდეს თავის ცოდვას, თავის საქციელს. დღეს ბევრი აღიარებს, რომ მას აქვს სიყვარული, ყველგან ამბობენ, რომ სიყვარული გააჩნიათ. მაგრამ, თუ კარგად დავუფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ის სიყვარული, რასაც სიყვარული ჰქვია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამი სახის სიყვარული არსებობს: პირველი – ეს არის ბუნებრივი სიყვარული, რომელიც პირდაპირ ჩადებული აქვს ადამიანს, ცხოველს – ბუნებამ აჩუქა მათ; მეორე არის რომანტიკული სიყვარული, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია და, სამწუხაროდ, მისი დიდი პროცენტი ცუდად, კრახით მთავრდება – სევდა, ტრაგედია და დეპრესია მოჰყვება; და მესამეა – ღვთაებრივი სიყვარული: ღმერთს ანტიქრისტე, ღვთისმშობელი, იუდა, კათოლიკოს-პატრიარქი – ყველა ერთნაირი სიყვარულით უყვარს. თუკი ღმერთი მეტად ან ნაკლებად შეიყვარებს ვინმეს, ის უკვე ღმერთი აღარ იქნება. რადგან, მეტნაკლებობა, გამორჩეულობა არ არის ღმერთში. ღმერთს ერთნაირად უყვარს ყველა ერი, ყველა ქვეყანა. თუ ქართველებს ოდითგანვე მართლმადიდებლობა გვიპყრია და ვიცავთ, ეს ღმერთის წყალობა კი არ არის, ჩვენი დამსახურებაა. თუ ვინმემ უღალატა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მიიდრიკა სხვა სარწმუნოებისკენ, ეს მათი ბრალია და არა ღმერთის. ღმერთი ყველასთვის იგივეა, მთავარია ადამიანის მიმღეობა. ადამიანს, რომელიც სხვას განიკითხავს, როგორ შეიძლება, სიყვარული გააჩნდეს, მოყვასი უყვარდეს? როცა ადამიანს არ უყვარს ღმერთი, ის საკუთარ ცოდვებსაც ვერ ხედავს და სხვებს ადვილად განიკითხავს. თუ ადამიანს ღმერთი უყვარს, ის საკუთარ თავზე მუშაობს. ღმერთი იმდენად დიდი სიყვარული, ჭეშმარიტება და სიმდაბლეა,  რომ მისი სიყვარული არ ერევა ადამიანის უკანონობაში. ჩვენ უსამართლობას რომ ვხედავთ, მაშინვე ჩხუბს ვიწყებთ; გვინდა, სამაგიერო მივუზღათ, მაგრამ ღმერთი იმდენად უვნებოა, რომ მას არ აღიზიანებს უსამართლობა, უბრალოდ, ის ელოდება ადამიანის ქცევას. წარმოიდგინეთ, ღმერთი უზენაესი მოსამართლეა, რომელსაც სიყვარული არ გააჩნია. რომელი ვიქნებოდით ახლა ცოცხალი? ადამიანი განსაცდელში რომ ჩავარდება, ვამბობთ – ცოდვებმა რა უყოო. ჩვენ უცოდველები ვართ? ღმერთი თითქოს უზენაესი მოსამართლეა და, როგორც კი ვინმეს მხრიდან უსამართლობას დაინახავს, მაშინვე მის დასჯას იწყებს. რა თქმა უნდა, არა. ის, რომ ადამიანს არ გააჩნია სიყვარული, რომ არ არის თავმდაბალი და თავისი უგუნურობის გამო ვარდება ცოდვაში, ეს აყენებს მას ზიანს. ადამიანი 24 საათის განმავლობაში სასმელს რომ იღებს და აღმოჩნდება, ღვიძლი აქვს დაზიანებული, ღმერთმა დაუზიანა? რა თქმა უნდა, არა. სამწუხაროდ, არ გვინდა, რომ ეს ბოროტება საკუთარ თავს დავაბრალოთ და ღმერთს ვაბრალებთ – ნახეთ, ღმერთმა რა უყო, როგორ დასაჯაო. ღმერთი სამაგიეროს კი არ უხდის ვინმეს, ყველა ადამიანს გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. მაგრამ ადამიანს ხომ უჭირს საკუთარი თავის რამეში დადანაშაულება, თავისი ცოდვილი მდგომარეობის დანახვა.
– დღეს ძალიან იოლი გახდა თქმა, განსაკუთრებით – სოციალურ ქსელებში: „მიყვარხარ“, „მომენატრე“, რაც ხშირად ზედაპირულია და არაგულწრფელი.
– გამოუხატავი სიყვარული არ არსებობს. დღეს ვის მოატყუებ, რომ გიყვარს? ეს გადაცმული ეგოიზმია – მე მიყვარს ის, ვისაც ვუყვარვარ. სამწუხაროდ, თუ ის შენიშვნას მომცემს ან რაღაც აღარ მომეწონება მასში, უკვე აღარ მიყვარს. ადამიანის აურა გრძნობს, უყვართ თუ არა ის. თვალებითაც შეიძლება განკითხვა და ამის დანახვა ძალიან მარტივია. „ღმერთს ებარებოდე“, „მიყვარხარ“ – უკვე შაბლონურ, ტრაფარეტულ სიტყვებად იქცა. იოანე ოქროპირი როცა მოხუცდა, მხოლოდ იმას ამბობდა: „ღმერთი სიყვარულია“. გაღიზიანდნენ მისი მოწაფეები – უფრო მეტი გვითხარიო. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათო? თუ გული ბოღმით გაქვს სავსე, არ ლოცულობ, არ მიუტევებ, როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი? ან, როგორ შეიძლება, მღვდელი არ გიყვარდეს და მისი ღმერთი გიყვარდეს? თუ ცუდი მღვდელია, მაშინ, მისთვის უნდა ილოცო. თუ ღმერთი გიყვარს, რატომ არ ხარ დედაეკლესიაში? თუ სამშობლო გიყვარს, რატომ არ უვლი შენს ქვეყანას? თუ დედა გიყვარს, რატომ არ სცემ მას პატივს? ისე გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ ბუნებრივ და რომანტიკულ სიყვარულში ვართ. მაგრამ, ბუნებრივი სიყვარულიც დავკარგეთ. ბავშვებში თავიდანვე უნდა ჩავდოთ სიყვარული, პირადი ქმედება კი სწავლების ყველაზე კარგი საშუალებაა. თუ ადამიანს არ აქვს სიყვარული, სთხოვოს ღმერთს: „ღმერთო, შენ ხარ სიყვარული და ჩემშიც გამოსახე სიყვარული.” ყველა ადამიანში ღმერთი ბავშვობიდანვე დებს სიყვარულს, როგორც ნექტარს ბარძიმში, მაგრამ ის არასწორი ცხოვრების შედეგად ღვრის მას და რჩება უსიყვარულოდ. ამიტომ, ღმერთს უნდა სთხოვოთ: „დამიბრუნე, ღმერთო, სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან ჩადე ჩემში.” მამა გაბრიელი ამბობდა: სიყვარული ისწავლებაო.  ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიყვარული, რომელიც უფალთან მიგვიყვანს, დაგვამდაბლებს და მცნებებს დაგვაცვევინებს – სხვანაირად ჩვენ ვერ ვცხონდებით.

скачать dle 11.3