როდის ემსახურება სნეულება მარადიულ ცხოვრებას
ყოველი ექიმი, თუ ის მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას კი არ ასრულებს, არამედ პაციენტის ბედზე ფიქრობს, ავადმყოფობაში ღვთის განგებულებას დაინახავს.
ექიმს, სამედიცინო ფსიქოლოგსა და თეოლოგს კ. ვ. ზორინს თავის წიგნში „გნებავსა რათა განიკურნო?“ (იოანე 5,6) ჩამოყალიბებული აქვს მართლმადიდებლობაზე ორიენტირებული მედიცინის კონცეფციები. ის ერთ ასეთ ეპიზოდს იხსენებს, რომლის გახსენებით, მისი სიტყვებით თუ ვიტყვით – სული უთბება.
კ.ვ. ზორინი იგონებს: „როცა კარდიოლოგიის განყოფილებაში ორდინატორად ვმუშაობდი, ღვთის წყალობით, ერთი შემთხვევის მოწმე გავხდი. საავადმყოფოს დერეფანში, საწოლში იწვა ერთი ხანშიშესული ქალი – მეტად მძიმე მდგომარეობით (მიოკარდის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი და თანმხვედრი გართულებების მთელი ნაზავი). თავიდან კიაფობდა იმედი, რომ გამოსავალს მოვძებნიდით, მაგრამ შემდეგ აშკარა გახდა, რომ ავადმყოფს ვკარგავდით. იქვე იყო მორწმუნე ექიმი და როდესაც დაინახა, რომ ფორმალური საუბრები სრულიად უადგილოა, მას ღმერთზე ესაუბრა. ამან ავადმყოფის გულში ცოცხალი გამოძახილი ჰპოვა, საკუთარი თავი იგრძნო, როგორც ღვთის მხევალმა პარასკევამ.
მას მისცეს ბროშურა სინანულის შესახებ, მოკლე ლოცვები და ოპტელ მამათა ლოცვა. მაგრამ, როგორც გაირკვა, ძლიერი ტკივილებისა და გამუდმებული გულისრევის გამო კითხვა არ შეეძლო, თუმცა ეს გულწრფელად სურდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ბოლომდე ვერ გაეცნობიერებინა, ამის საჭიროებას გრძნობდა. შემდეგ აუხსნეს, რომ მძიმე ავადმყოფისგან ღმერთი რწმენისა და სინანულის გარდა, არაფერს ითხოვს. სულ ერთია, უკვე შეუძლებელი იყო გაკეთება რაიმე კეთილი საქმისა, რაც გამოასწორებდა და გამოისყიდდა ყველაფერს, მის სინდისს რომ სტანჯავდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი: რწმენა იმისა, რომ უფალი იესო ქრისტე არის მხსნელი და რომ ის საკუთარ თავზე იღებს ყველა ცოდვას, რომელსაც ეს ქალი გულწრფელად ინანიებდა.
ავადმყოფმა აღსარება და ზიარება მოინდომა. მით უმეტეს, რომ ბოლო ზიარებიდან დიდი დრო იყო გასული. მისმა ქალიშვილმა, რომელიც საწოლთან მორიგეობდა, ღვთისმსახური მოიწვია და მის მოსვლამდე დედის წიგნიდან ლოცვებს და სახარებიდან ნაწყვეტებს უკითხავდა. მომაკვდავი ისმენდა, გარკვეულ ადგილებს კი აზუსტებდა, გამეორებას ითხოვდა. მის სულში უხილავი მუშაობა მიდიოდა.
და აი, მოვიდა მღვდელი; აღსარებისა და ზიარების შემდეგ, მოხდა სასწაული. ექიმები და მედდებიც მოწმობენ, რომ ავადმყოფი მაშინვე დამშვიდდა; როგორც კი წმიდა ზიარება მიიღო, შფოთვა იმწუთას შეწყვიტა. ფიზიკური ტკივილები დარჩა, მაგრამ სულიერი ტანჯვა და მძიმე განცდები გაქრა. მომაკვდავი უკვე აღარ იყო ჩვენთან, უფრო სწორედ, ერთდროულად იყო აქაც – საწოლზე და სადღაც – სხვაგანაც. ის, ექიმების დიაგნოზის მიხედვით, სულ ცოტა ორი დღის წინ უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ გულთამხილავი უფალი რაღაცას ელოდა. ახლა ჩვენ ვიცით – რასაც. წმიდა ზიარებიდან ორი საათის შემდეგ, მხევალი ღვთის პარასკევა ყოველგვარი აგონიის გარეშე, მშვიდობიანად წავიდა უფალთან. მშვიდობა მის მარადიულ ნეტარ მიძინებას“.
როგორც ვხედავთ, თუკი ავადმყოფობა ადამიანს ფერისცვალებას კი არ განაცდევინებს, არამედ აავებს, მაშინ ის საშინელი ბოროტებაა, მაგრამ თუკი ქრისტიანულად გადაიტანენ, მაშინ რაღაც ასპექტში ის უფრო ემსახურება ხსნის საქმეს, ვიდრე ჯანმრთელობა, რამდენადაც სნეულება „ტანჯვის შესაძლებლობას“ გვანიჭებს. უკვე თვით ადამიანზეა დამოკიდებული, ამ მადლს ის კეთილად მოიხმარს თუ ბოროტად. იმისთვის, რომ ავადმყოფობიდან ნამდვილი ზნეობრივი სიკეთე მივიღოთ, სულ ცოტა – მორჩილება და უდრტვინველობაა საჭირო. ჩვენი გარეგანი მდგომარეობით გამოწვეულ მწუხარებაზე პასუხისმგებლობა ხალხს და ეშმაკებს არ უნდა გადავაბაროთ.