ჭეშმარიტი სარწმუნოება
ფერნაცვალი ავაზაკი
სასუფეველი სავსეა ფერნაცვალი ქრისტიანებით. მრავალი ქრისტეს მდევნელის გულის კარს შეხებია უფალი, მაგრამ ყველა სავლე პავლე არ გამხდარა. მრავალი ცოდვილისთვის მოუხმია ღმერთს, მაგრამ ყველა როდი გაჰყოლია მას... ღვთის მადლი მზესავითაა – ცოდვილს და მართალს ერთნაირად დაჰნათის, მაგრამ, ვაი რომ, ყველა გაყინულ გულს ვერ ათბობს... კაცმა შეიძლება, ისე განვლოს ცხოვრება, რომ სულიერად ვერ გაიზარდოს, მაგრამ თუ ცხონება გვინდა, უნდა დავუტევოთ ძველი კაცი და ქრისტესთვის შევიმოსოთ – ფერი ვიცვალოთ. ეს რომ შეუძლებელი არ არის, ამის იმედს ღმერთშემოსილ მამა-დედათა ცხოვრება გვაძლევს.
***
ეგვიპტეში, ერმოპოლის უდაბნოში ერთი სასტიკი ავაზაკი ბინადრობდა. ერთხელ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად რომ იჯდა, გაიხსენა, რამდენი ბოროტება ჰქონდა ჩადენილი და უეცრად ძალიან შეეშინდა ღმერთის. დაუტევა ხელქვეითნი, მონასტერს მიაშურა და ბერად აღკვეცა ითხოვა. მოხუცი ხარ, ასკეტურ ცხოვრებას ვერ შეძლებო, უთხრა იღუმენმა. თხოვნით რომ ვერაფერი გააწყო, ავაზაკი დაემუქრა: იცოდე, მამაო, მე ყაჩაღთა მეთაური დავითი ვარ. მოვედი, რომ ჩემი ცოდვები ვიგლოვო, მაგრამ თუ არ მიმიღებ, წავალ, ჩემს ხალხს მოვიყვან და ერთიანად გაგწყვეტთო. იღუმენმა მიიღო ავაზაკი.
წმიდა დავითი თავისი ასკეტური ცხოვრებით მაგალითად ექცა სხვა ბერებს. ერთხელ მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ამცნო, რომ ღმერთმა ცოდვები მიუტევა. დავითს არ სჯეროდა, რომ უფალმა ასე მალე შეუნდო. მთავარანგელოზმა გააფრთხილა, რომ ურწმუნოებისთვის დამუნჯდებოდა. როცა ვყაჩაღობდი და ადამიანის სისხლს ვანთხევდი, მაშინ არ შემიბორკე ენა და ახლა მამუნჯებ, როცა ჩემი უფლის მსახურება მსურსო? – შეჰღაღადა დავითმა. მთავარანგელოზმა ბრძანა: ილაპარაკებ მხოლოდ მაშინ, როცა ილოცებ და უფალს ადიდებ, სხვა დროს კი უტყვი იქნებიო.
მართლაც ასე განვლო ცხოვრება ავაზაკყოფილმა: მხოლოდ ლოცვის ჟამს აეხსნებოდა ხოლმე ენა. შემდგომში წმიდა დავითს ღმერთმა სასწაულმოქმედების ნიჭი მიჰმადლა.