იწერება თუ არა ჩვენი ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით და რა პერიოდში ნანახი სიზმარი გვაძლევს მინიშნებას მომავალ საფრთხეებზე
თუ კარგად დააკვირდებით, ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ისეთ განწყობაზეა, როგორც ღამით გამოიძინებს. ძილის დროს, ადამიანის ტვინი მუშაობას არ წყვეტს და სწორედ ამ დროს იღვიძებს მასში ჩალექილი ძველი ამბები, თავს გადახდენილი ისტორიები და სიზმრის სახით გვახსენებს თავს. როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაირა ამბობს, ჩვენ სიზმრით ვიღებთ საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც ამოუცნობი სამყარო ქვეცნობიერის დახმარებით გვაწვდის. ასე რომ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას ხედავთ ღამით, ზმანებაა ეს თუ უბრალოდ, გაფრთხილება, რომელიც მომავლის ინფორმაციას გვაწვდის.
– ქალბატონო ნაირა, ძილის ფენომენზე ბევრს საუბრობენ. იქნებ განგვიმარტოთ პარაფსიქოლოგიურ-ეზოთერულ დონეზე, რას უნდა მივაქციოთ ღამით ყურადღება, როგორ მივიღოთ ინფორმაცია მომავალზე ძილში და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ?
– ჩემ გვერდით ბევრია ისეთი, სიზმარს, არასერიოზულად რომ აღიქვამს, ყურადღებას არ აქცევს და საერთოდაც უგულებელყოფს. არადა, შესაძლებელია, რომ ის მომავალზე ინფორმაციას გვაწვდიდეს, მნიშვნელოვან ფაქტზე მიგვითითებდეს და მისი გათვალისწინებით, ბევრ საფრთხესაც კი ავიცილებდით თავიდან. მინდა გითხრათ, რომ ასევე, ვერ ერკვევიან, ღამით სიზმარს ხედავენ თუ ზმანებას.
– რა განსხვავებაა ზმანებასა და სიზმარს შორის და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან?
– ამის გარჩევა აუცილებელია. თუ ძილში ფერად სიზმარს მკვეთრ ფერებში ხედავთ და გარდაცვლილი ადამიანები გევლინებიან, რომელთა სახესა და სხეულს მკაფიოდ არჩევთ, ეს სიზმარი კი არა ზმანებაა. ხოლო, თუ ძილში შავ-თეთრ ფერებში ხედავთ მოვლენებს, ადამიანებიც მკაფიოდ არ აღიქმებიან, ანუ ისეთი სიზმარია, დილით გაღვიძებულს მისი გახსენება რომ გიჭირთ, ესე იგი ზმანება კი არა, უბრალოდ, სიზმარია. თუმცა, ზმანებასაც და სიზმარსაც, ორივეს ერთნაირად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
– ბევრისგან გამიგია, სიზმარს იშვიათად ვხედავო...
– ვინც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული და ინტუიციაც განვითარებული აქვს, ხშირად ხედავს სიზმარს. მინიშნება ღამით ყველა ადამიანს მიეწოდება და ამიტომ ვამბობ, ღამით უმნიშვნელო დეტალსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ-მეთქი. ხშირად მეკითხებიან, გარდაცვლილი ადამიანი რომ გვესიზმრება და რაღაცას გვარიგებს, როგორ მოვიქცეთ, ხომ არ გვაფრთხილებს, რომ რაიმე გველის და რა უნდა გავითვალისწინოთ დილით, გაღვიძებულზე. ღამის სიზმარმა, შესაძლოა საფრთხე აგვაცილოს თავიდანო?! თქვენი ჟურნალის საშუალებით მათ ვეტყვი, რომ გააჩნია, როგორ გაქვთ დაცდილი გარდაცვლილის დასიზმრება; მკაფიოდ თუ ხედავთ ან გასაგებად თუ გესმით მისი საუბარი. მაგალითად, თუ გარდაცვლილი მშობელი, დედმამიშვილი ან შვილი დაგესიზმრათ, მათ რჩევას ყური აუცილებლად უნდა დაუგდოთ, რადგან ისინი იმის თაობაზე გაფრთხილებენ, რაც უახლოეს მომავალში გელით.
– თუ სხვა ადამიანებზე მიგვანიშნებენ?.. და, როდის ახდება ღამით ნანახი რეალურ ცხოვრებაში?
– თუ ისინი თქვენ კი არა, სხვის სახელს ახსენებენ სიზმარში, მისთვის ხორცის კერძს ამზადებენ, სუფრას შლიან და მის ბინაში არიან, იმ ადამიანისთვის ეს ძალიან ცუდია. თქვენ კი, სიზმარში გარდაცვლილმა ოჯახის წევრმა, მისი ცუდი მომავალი წინასწარ გამცნოთ. კიდევ ვამბობ, სიზმარი გაფრთხილებაა როგორც მომავალზე ისე, აწმყოზე. შესაძლოა, სიზმარი გაღვიძებისთანავე აგიხდეთ, ან ერთი კვირის, ერთი ან სამი თვის, ერთი წლის შემდეგაც კი. მაგალითად, თუ მღვრიე წყალში დგახართ, ეს ძალიან ცუდია და გაფრთხილებთ, თქვენი ავადმყოფობის შესახებ. თუ სიზმარში ხორცს ჭამთ, ესეც ძალიან ცუდია. მაგრამ, თუ თოვლში დგახართ, ან კამკამა მდინარეში ბანაობთ, ეს ძალიან კარგია თქვენი მომავლისთვის. თოვლი სიზმრად ახალი, სასიამოვნო ამბის მომასწავებელია. კამკამა წყალი კი სიახლეა პირად ცხოვრებაში. თუ შავი ფეხსაცმელი გაცვიათ სიზმარში, გზაზე წასვლა არ აგცდებათ. თუ სიზმარში საკუთარ თავს შიშველს ნახავთ, ესეც ცუდის მაუწყებელია. ფრთხილად უნდა იყოთ, არ არის გამორიცხული, ღალატის მსხვერპლი გახდეთ ან სასიყვარულო პარტნიორს სკანდალით დაშორდეთ. ასევე, ცუდია, როცა გარდაცვლილ ადამიანს ხედავთ და ის ძალიან კარგად გამოიყურება. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ის იმქვეყნად ამქვეყნიდან ელოდება ახლობელსო. ხოლო, თუ გარდაცვლილი ცუდად გამოიყურება სიზმრად, ამ შემთხვევაში, სანერვიულო არაფერია. უბრალოდ, ყური უგდეთ, რას გეუბნებათ ის და რაზე მიგანიშნებთ. შესაძლოა, სიზმრად მოსულმა პირდაპირ არ მიგანიშნოთ რაიმეზე, მაგრამ, იმის უნარი უნდა გქონდეთ, გაღვიძებულმა თავად გააანალიზოთ, რა იგულისხმებოდა მის სიტყვებში.
– ხშირად, ადამიანები მომავალ საბედოსაც ხედავენ სიზმრად და გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში მართლაც ხვდებიან მას. გამიგია, თითქოს, მსგავსი მინიშნებისთვის წელიწადის გარკვეული დღეები არსებობს. ამაზე რას გვეტყვით?
– დიახ, იმისთვის, რომ მომავალი მეუღლე თუ სექსუალური პარტნიორი იხილოთ სიზმრად, ამისთვის გარკვეული დღეები არსებობს. მაგალითად: ნოემბრის ბოლო კვირა დღე, მაისის მეორე ნახევარი, დეკემბრის შუა რიცხვები და მთელი იანვარი. არა მარტო ამ მხრივ, არამედ ზოგადად, ამ პერიოდში ნანახი სიმზარი აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ და დააკვირდეთ, რეალურ ცხოვრებაში როგორ ახდება. ზოგადად, ყველა ჩვენი აზრი სამყაროში ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიად და იწერება ჩვენი ცხოვრების ფურცელზე. სხეულის სიკვდილის შემდეგ ჩვენი ენერგეტიკული ველი ორმოცი დღის განმავლობაში რჩება დედამიწაზე. აგროვებს გარშემო მყოფი ახლობლების ინფორმაციას და შემდეგ ტოვებს დედამიწას. ამიტომ ამბობენ, რომ სულის მეორედ მოსვლის შემდეგ ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერებაო. ანუ, ეს ნიშნავს, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის სამაგიეროს მიიღებს მეორედ მოსვლის დროს. ყველა ჩევნგანის კოდი სამყაროსთანაა კავშირში. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი კოდი არსებობას განაგრძობს, მაგრამ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ვერ ვამჩნევთ.
– ზოგადად, ადამიანები შინაგან ხმას უფრო ენდობიან, ვიდრე ღამით ნანახი სიზმრის ფენომენს. თუ არსებობს პერიოდი, როცა ინტუიცია ზღვარს აღწევს და შეგვიძლია, მისი წყალობით მომავალი დავგეგმოთ?
– დიახ, არსებობს პერიოდები, როცა ნებისმიერი ადამიანის ინტუიცია ზღვარს აღწევს და ამ დროს მომავლის პროგნოზი, ანუ ფაქტების წინასწარმეტყველება, საკმაოდ ადვილია. ანუ, ინტუიციურად ზუსტად ხვდები, სად არის შენი ადგილი, საიდან გელის საფრთხე, რომელი ადამიანისგან უნდა ელოდო ბოროტებას, როდის არ უნდა დაუშვა შეცდომი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, შინაგან ხმას ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. თუ გაქვთ წინათგრძნობა, მაგრამ თავს იკავებთ, ან საპირისპიროს აკეთებთ, ამ დროს წინაპართა ცოდვების კოდი აქტიურდება თქვენში და ეს შესაძლოა, საკმაოდ ცუდად დასრულდეს. ამიტომ, ინტუიციის იგნორირება არ შეიძლება. ხომ არსებობს გამაფრთხილებელი სიზმრები. მაგალითად, როცა გესიზმრება და თან, სიზმარშივე განიცდი მოსალოდნელ საფრთხეს, ან პირიქით, დიდი ბედნიერების მოლოდინში ხარ. გამოღვიძებულს კი ეს გრძნობა გამოყოლილი გაქვს ღამის წინასწარმეტყველებიდან. ეს მინიშნებებია და ამის იგნორირება არ შეიძლება.