სოციალური განსხვავებები
არსებობენ ქალები, რომლებსაც რისკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ, პარტნიორებად არასტაბილურ, უპასუხისმგებლო, უპრინციპო მამაკაცებს ირჩევენ. შეიძლება, ზოგიერთმა ეს ინანოს კიდეც, მაგრამ ადრენალინის მოზღვავება თავის საქმეს მაინც აკეთებს. თუმცა, პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა ფასეულობის, ღირებულების მქონე ადამიანების ერთ ჭერქვეშ დიდხანს ცხოვრება. ადრე თუ გვიან მოსახდენი მაინც მოხდება. პირველი იმედგაცრუება განსაკუთრებით მტკივნეულია. თუმცა, მისი გადალახვა შეიძლება. ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ სოციალური განსხვავებები არსებობს და ისინი სერიოზულ გავლენას ახდენს ურთიერთობებზე. შეუფერებელი წყვილების კლასიკური მაგალითები მოწმობს იმას, რომ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. პირიქით, რაც შეიძლება, ფართოდ უნდა გაახილოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. თანაც, ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მტკივნეული აღმოჩნდება. მაგალითად, ვერანაირი ადრენალინი ვერ გააჩერებს ჩვეულებრივი ხულიგნის გვერდით დახვეწილი მანერების მქონე ქალს. ისინი ერთმანეთს ვერ გაუგებენ, როგორ ძალიანაც არ უნდა შეეცადონ. სურვილიც ვერ უშველის საქმეს – თავიდან ყველაფერი შესანიშნავად იქნება, მაგრამ ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ.
გასაგებია, რომ ზოგჯერ სიყვარული რეალობის შეგრძნებას გვაკარგვინებს და ვიჯერებთ, რომ ყველაფერს შევძლებთ, ყველა სიძნელეს გადავლახავთ, მაგრამ მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში „სოციალური განსხვავებები“ არ იქცევა კატასტროფად. ასე რომ, დაფიქრებად ნამდვილად ღირს...
შეიძლება, ვერ
გაუძლო
ცდუნებას ვერ გაუძლო და „გიღალატათ?! ენდობოდით, გიყვარდათ... ზრუნავდით მასზე, პატივს სცემდით... მან კი, მაინც გული გატკინათ. ცოლიანი მამაკაცების 11,6 პროცენტს უჭირს „ერთგულების ტესტის“ გავლა. საკმარისია, მეუღლემ ერთი დღით მაინც დატოვოს მეთვალყურეობის გარეშე, რომ ღალატზე უჭირავს თვალი. ფსიქოლოგებმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ღალატი გარემოებების პროდუქტია, ანუ ზოგიერთ კაცზე (ასევე, ქალზე) ძალიან მოქმედებს გარემო ფაქტორები, ესე იგი, არც ქალები გამოირჩევიან მტკიცე ფსიქიკითა და ერთგულების ჰიპერმაღალი ხარისხით. მარტო დარჩენილების (როცა, მაგალითად, ქმარი მივლინებაშია ან რაღაც მიზეზებით, ქალი მარტოა კურორტზე) 9,6 პროცენტი ღალატობს ქმარს. სხვათა შორის, ქმრები, რომლებიც დარწმუნებულები არიან ცოლის ერთგულებაში და ყურადღებას ადუნებენ, რისკის ქვეშ არიან, რომ მეუღლე მათ უღალატებს. რატომღაც უცოლო მამაკაცების უმრავლესობას ურჩევნია, გათხოვილ ქალთან ჰქონდეს სასიყვარულო ინტრიგა და პირიქით, ცოლიან მამაკაცებს ქარაფშუტა, თავისუფალი გოგონები იზიდავთ. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობენ... მაგრამ, ეს საქმის მთავარ არსს არ ცვლის.
მოდი, ვთქვათ ასე – საშიშროება თავიდან რომ ავიცილოთ, აჯობებს, რისკზე არ წავიდეთ – მეუღლე მარტო არ დავტოვოთ, თუკი ამის აუცილებლობა არ არსებობს. თავისუფალი დრო მასთან ერთად გაატარეთ. დაისვენეთ მასთან ერთად და ერთად გაერთეთ. მეგობრები კარგია, მაგრამ ქმარი – მნიშვნელოვანი!
ვინ არის
დამნაშავე?
ოჯახში ბევრი რამ მხოლოდ ცოლზეა დამოკიდებული. ჭეშმარიტად ძალიან ბევრი. მაგალითად, თუ ქმარს დაარწმუნებთ, რომ ღალატის შემთხვევაში, ნამდვილად მიატოვებთ მას... თან, იდეალურ გარემოსაც შეუქმნით, აუცილებლად დაფიქრდება, სანამ ამაზე წავა. მოერიდება ფეთქებადსაშიშ სიტუაციებს. შეიძლება, რაღაც პროცენტში თვალი გაექცეს, მაგრამ ბევრად დაცული იქნებით. ანუ, რა გამოდის? ცოლს ერთდროულად რბილი და მტკიცე ხასიათი უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, აუცილებლად დასჭირდება ქალური მომხიბვლელობა. კიდევ მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცზე არანაირად არ იყოთ დამოკიდებული. ანუ, გქონდეთ საცხოვრებელი და საკუთარი შემოსავალი. ასეთ დროს ქალი გაცილებით მყარად დგას ფეხზე. თავდაჯერებულია, პრინციპული და შეუვალი. მამაკაცი კი ხვდება, რომ მას ასე ადვილად ვეღარ დაჩაგრავს. ის, უბრალოდ, ადგება და წავა. იმიტომ, რომ შესახვეწი არაფერი აქვს.
არ დაიჯერებთ, მაგრამ ზოგჯერ ცოლები უბიძგებენ ქმრებს ღალატისკენ. როცა ცოლი უკიდურესობაში ვარდება და ქმარს ჩიხში ამწყვდევს, ის ინსტინქტურად, გასხლტომას ცდილობს. ანუ, მეტისმეტი კონტროლი მამაკაცს უქმნის განცდას, რომ გალიაში მოამწყვდიეს, შეურაცხყოფილია და თავმოყვარეობაშელახული.
ასევე, არ შეიძლება, ზედმეტად კრიტიკული იყოთ საკუთარი თავის მიმართ – ქმრის თანდასწრებით ილაპარაკოთ საკუთარ ფიზიკურ ნაკლზე ან იმაზე, რომ არ მოგწონთ სხეულის ფორმები. აჯობებს, ქმარს ისეთი „სარეკლამო კომპანია“ ჩაუტაროთ, რომ თქვენს შეუდარებლობაში დარწმუნდეს.
კრიზისი თუ მითი?
არსებობს თუ არა მამაკაცებში შუა ხნის ასაკის კრიზისი... იქნებ, ეს მხოლოდ მითია?! ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მამაკაცს ორმოცი წლის შემდეგ რაღაც ემართება. გამონაკლისები არსებობენ, მაგრამ მათ დიდ უმრავლესობას, პანიკურად ეშინია სიბერის. ეს განსაკუთრებით პირადული პრობლემაა და კავშირში არ აქვს ქალთან, რომელიც კონკრეტულ მომენტში კაცის გვერდითაა... მამაკაცებსაც, ისევე, როგორც ქალებს, უნდათ, იცოდნენ, რომ სხვა ქალებსაც მოსწონთ. ანუ, მათი მამაკაცური მიმზიდველობა ხელშეუხებელია. ზოგჯერ კაცს, რომელიც დიდი ხანია, ქორწინებაშია და ცოლისთვის არასოდეს უღალატია, უჩნდება ფიქრი: „ნუთუ ისე უნდა მოვკვდე, რომ ძალიან მაგარ „ნაშასთან“ ყოფნით გამოწვეული სიამოვნება არ განვიცადო? სხვა კაცები ხომ ასე არ იქცევიან? რა თავში ვიხლი ამ ერთგულებას, თუკი კარგს ვერაფერს ვნახავ“... ასეთი ფიქრები ძალიან საშიშია. შეიძლება, კაცს ისე აერიოს გონება, სისულელე სისულელეზე ჩაიდინოს. ისეთი შეცდომა დაუშვას, რომლის გამოსწორებაც ადვილი არ იქნება. დაკვირვებულმა ცოლმა უნდა შეამჩნიოს ქმარში მომხდარი ცვლილებები და დროულად მიიღოს პრევენციული ზომები... ანუ, შუახნის ასაკის კრიზისი, მითიც რომ იყოს, თქვენ მაინც მზად უნდა იყოთ მის დასახვედრად და დასაძლევად.