კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ ახერხებენ ქალები ქორწინებაში და რა შედეგებამდე მიდიან ამის გამო

მთავარი სირთულე, რასაც წყვილები ქორწინებაში აწყდებიან, არის კომუნიკაციის პრობლემა. ერთი შეხედვით თითქოს ესმით ერთმანეთის, მაგრამ რეალურად ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ: რაც არ აღიზიანებს ქმარს, ზუსტად იმას ცოლი ჭკუიდან გადაჰყავს და პირიქით. ზოგადად, კაცები გაცილებით მარტივად უყურებენ ცხოვრებას, ყოველდღიურობას და, მით უმეტეს – არეულ სახლს. ქალებს კი ძალიან უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა, მამაკაცის ისეთად მიღება, როგორიც ის არის რეალურად და, ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა ამით ჩიხში შედის.

 მაგდა (34 წლის): ძალიან ვიყავი შეყვარებული. გაგეცინებათ ჩემზე, მაგრამ, ბევრ რამეზე ვიყავი თანახმა; მაგალითად, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ, თუ გამიმართლებდა და საყვარელ ადამიანს გავყვებოდი ცოლად, მისი არანაირი საქციელი არ გამაღიზიანებდა. ეს, რა თქმა უნდა, სისულელე იყო – თავიდანვე მარცხისთვის გავიმეტე ჩვენი ურთიერთობა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ იდეალურად მშვიდი ადამიანები არ არსებობენ. ნერვები ყველას გვაქვს. რანაირად შეიძლებოდა, თავიდანვე მცოდნოდა, რომ არასოდეს ვიჩხუბებდით? ერთ ჭერქვეშ განსხვავებული ხასიათის, ჩვევების, პრინციპების, მიდრეკილებების მქონე ორი ადამიანის ცხოვრება უკვე რისკია, მით უმეტეს, როცა საქმე ქალსა და კაცს ეხება. სანამ მარტო (ანუ  გასათხოვარი) ვიყავი და მიყვარდა ეს ადამიანი, არც მიეჭვია, რომ ვერ შევძლებდი, მოთმინებით მიმეღო უსიამოვნო სიახლეები.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად, იმას, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავს, ეჩხუბო საყვარელ ადამიანს რაღაც სისულელეზე. ვფიქრობდი, ნუთუ ასეთი ძნელი იქნება, გავჩუმდე და მოვითმინო-მეთქი? მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, მე ეს საზღვარი ძალიან ახლოს გადმოვწიე და ლამის ოჯახიც დავანგრიე. ვაღიაროთ, რომ ქალებს მეტი მოგვეთხოვება. თანასწორობაზე ფუჭი სიტყვები მხოლოდ გვირთულებს საქმეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხრე ვარ, ქალებმა მამაკაცები თავზე დავისვათ და ყველაფერი მოვუთმინოთ, მაგრამ, არის რაღაცეები, რაზეც თვალი უნდა დავხუჭოთ, თუკი გვინდა, რომ ოჯახი და ქმარი შევინარჩუნოთ. ვხვდები, რასაც იფიქრებენ ჩემზე ქალები, მაგრამ, ვიყოთ რეალისტები. მოვყვები, როგორ მივედი განქორწინებამდე და მერე განმსაჯონ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კაცების გარეშე დავიხოცებით, თუმცა, საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება ცუდია. ამიტომაც, სანამ პირს გავაღებთ და ჩხუბს დავიწყებთ, უნდა დავფიქრდეთ, სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს და, ღირს თუ არა ურთიერთობის რისკის ქვეშ დაყენება.
ჩეულებრივი ცოლი ვარ, მაგრამ ქმარი ძალიან მიყვარს. მიუხედავად ამისა, მაინც ვუწყობდი სკანდალებს არეული სახლის, მიყრილ-მოყრილი ტანსაცმლისა და წინდების გამო. ვწუწუნებდი და ვყაყანებდი, როცა სახლში მისულს დასარეცხი ჭურჭლით სავსე  ნიჟარა მხვდებოდა. ერთი-ორჯერ ხმა არ გამცა, მხოლოდ კარი გაიჯახუნა და ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში, მაგრამ, ესეც არ აღმოჩნდა ჩემთვის გაფრთხილება. ნამდვილი სკანდალი მაშინ მოვუწყვე, როცა ჩემი სახლში არყოფნის დროს მეგობრები მოიყვანა და ისეთი ბარდაგი მოაწყო, ჩემი ახალნაყიდი, კრემისფერი ხალიჩა გადასაგდები გახდა.  მთელი საღამო და დილა ვალაგებდი და კიდევ ვერ დავამსგავსე სახლი სახლს. გაგვგიჟდი. ჩემი მთვრალი ქმარი გავაღვიძე და საშინელი დღე დავაწიე. ვწიოდი და ვკიოდი: უნამუსო და დეგენერატი ხარ, საერთოდ არ გეცოდები, ფეხებზე გკიდივარ, ეგოისტურად იქცევი. რაც შენი ცოლი ვარ, ერთხელაც არ გაგითვალისწინებია ჩემი ინტერესები-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა, მაშინ რატომ ხარ ჩემთანო. მე კი სულელურად წამოვისროლე – კი ბატონო, დავშორდეთ-მეთქი. შემომხედა და მიპასუხა: არც მე მინდა ისტერიჩკა ცოლი. თუკი ქმარს სუფთა ხალიჩა გირჩევნია, კი ბატონო. ისეთ ქალს ვიპოვი, ვისთვისაც მე ვიქნები მნიშვნელოვანი და არა, იდეალურად მოწესრიგებული სახლიო. ცხელ გულზე გავიფიქრე, რადგან ასე უნდა და ჩემი არ ესმის, წავიდეს, მეც ვიპოვი ისეთ კაცს, რომელიც ჩემს შრომას გაუფრთხილდება-მეთქი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ძალიან ცუდ დღეში ჩავიგდე თავი.
– რეალურად იფიქრეთ, რომ გაგეყრებოდათ?
– რატომ არ უნდა მეფიქრა? მისი მოთმინების ფიალაც ხომ ივსებოდა. იცით, რაშია საქმე? ჩვენ ჩვენსას კი გავიძახით, მაგრამ, მამაკაცებსაც აქვთ თავიანთი სიმართლე და უნდა გავუგოთ, სხვანაირად არ გამოვა, თორემ, წავლენ და უკან აღარ მოიხედავენ.
– ანუ, ყველანაირ მსხვერპლზე უნდა წავიდეთ, ოღონდ კი კაცმა არ მიგვატოვოს?
– გააჩნია, ეს კაცი ჩვენთვის რამდენად ღირებულია. მე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ქმარი გარეცხილ ხალიჩას ნამდვილად მირჩევნია. მით უმეტეს, რომ ბავშვის უქმროდ გაზრდა ნამდვილად არ მინდა. რა უნდა კაცის გულის აცრუებას, ისედაც სულ გაქცევაზე არ უჭირავთ თვალი? ქალებსაც ნადირობა აქვთ გამოცხადებული კაცებზე და, სულ არ აინტერესებთ, ამ კაცებს ცოლი ჰყავთ თუ არა.
– მაინც ვერ მივხვდი: სხვა ქალს რომ არ დაუთმოთ, მარტო ამიტომ უნდა მოუთმინოთ ქმარს ის, რაც თქვენთვის მიუღებელია?
– გააჩნია, რას მოუთმენ. საკუთარ სახლში ის უნდა აკეთოს,  რაც მოსწონს და, მე რომ ვუშლიდი, არ იყო  სწორი. დათმობა და ზოგჯერ „დაკიდება” აუცილებელია, ეს ისევ ჩვენთვის არის კარგი.
– „კარგი,” ანუ?
– ნერვები ნაკლებად მოგვეშლება. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ამიტომ ერთმანეთი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორებიც ვართ რეალურად. რომ მიყვარს, მთავარი მართლა ეს უნდა იყოს და არა დალაგებული სახლი. ზოგჯერ ცოლები თითიდან ვიწოვთ პრობლემებს და მერე ვნანობთ, როცა კაცს ჩვენი დანახვა აღარ უნდა. კაცს სისუფთავე და დალაგებული სახლი კი არა, მოსიყვარულე და მშვიდი ცოლი სჭირდება, რომელიც არ ეწუწუნება და დივანზე თავისუფლად გაშხლართვის საშუალებას მისცემს. ჩემი ქმარი დიდხანს იყო გაბუტულ-გაფუყული, ცალკე ოთახში ეძინა, ხმას არ მცემდა და, მეც არ ვიცოდი, საიდან მივდგომოდი და როგორ დამეწყო მასთან ლაპარაკი. ერთხელაც, ძალიან დააგვიანა სახლში მოსვლა. ისიც შევნიშნე, რომ ვიღაცას დიდხანს ემესიჯებოდა. კი გავარკვიე, რომ ქალი არ იყო, მაგრამ, მაგრად დავფეთდი. ჯერ თუ არ ჰქონდა ნაფიქრი სხვაზე, აუცილებლად იფიქრებდა და მართლა დავკარგავდი. რა უნდა მეთქვა ჩემი მშობლებისთვის და მეგობრებისთვის – ბავშვი უმამოდ იმიტომ დავტოვე, რომ ჩემი ქმრის ძმაკაცებმა ხალიჩა დამილაქავეს-მეთქი?
– რატომღაც, მგონია, რომ ამარტივებთ პრობლემას.
– პირიქით, რეალურად აღვიქვამ იმას, რასაც ადრე ვართულებდი. განა არ მესმის, რომ რთულია, შეეგუო იმას, რაც ძალიან გაღიზიანებს – ეს ხომ ჩვენი ხასიათის ნაწილია, მაგრამ, სასწორზე არ უნდა დადო ის, რაც ძალიან, ძალიან გეძვირფასება. არ მეთანხმებით?
– მამაკაცებმაც რომ დათმონ რაღაც, არ შეიძლება?
– ისინიც თმობენ პირად თავისუფლებას. თუ ერთგული ქმრები არიან, ეს მათ ძალისხმევად უჯდებათ, რაც კარგად უნდა გავაცნობიეროთ და დავუფასოთ, ყოველ შემთხვევაში, წვრილმანების გამო ცხოვრება კოშმარად არ უნდა ვუქციოთ.

скачать dle 11.3