როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ცივაძე
გვარი დაფიქსირებულია ბობოყვათში, ქობულეთის რაიონში.
ცივაძეების სოფელია შუახევის რაიონში.
ცივ ფუძისაა საკუთარი სახელი – ცივა, რომელიც გვხვდება გვარში ცივაძე.
ასევე, გვხვდება მეტსახელები: ცივკვირა, ცივნარა, ცივქარა; აქედან კი, გვარი ცივქარაშვილი.
საქართველოში 458 ცივაძე ცხოვრობს: ქობულეთში – 329, ბათუმში – 61, შუახევში – 16. არიან სხვაგანაც.
ზანდარაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზანდარი.
დიღმელი ზანდარაშვილები ციციშვილების ყმები იყვნენ. მათი დაბრუნების პირობა ვახტანგ მეფემ იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს 1658 წელს მისცა.
1658 წელს მოიხსენიება გიორგი ზანდარაშვილი, რომელმაც დიმიტრი პაპაშვილს ორი დღის მიწა მიჰყიდა კოლოტაურის ვენახამდე, აღებული თანხით თავი დაიხსნა ციცი ციციშვილის ყმობიდან და მეფეს ეყმო.
ზანდარაშვილები ძირითადად სასულიერო პირები იყვნენ.
საქართველოში 288 ზანდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, მცხეთაში – 78, ყვარელში – 56. არიან სხვაგანაც.
შამრელაშვილი-მრელაშვილი
შამრელაშვილი ართრონიზებული გვარია. სულხან-საბა ორბელიანი ბრძანებს: „ართრონი არიან ასოები, რომელნიმე წინა მიუბავები ან სიტყვათა და რომელიმე უკანა და გუარიან ჰყოფენ და დაატკბობენ“.
ადრინდელი გვარი უნდა ყოფილიყო მრელაშვილი (აქედანვეა გვარი მრულობელი), მიგრაციის პროცესში დაემატა ართრონი შა.
„მრელა-ს, ვიღაცამ წაუმძღვარა შამრელ და წავიდა ახალი გვარი შამრელაშვილი“.
შამრელაშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია.
საქართველოში 24 შამრელაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 20, თელავში – 4.
373 მრელაშვილი: თელავში – 242, თბილისში – 56, ახმეტაში – 48. არიან სხვაგანაც.
დათონაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დათონა. ეს „დავითის“ კნინობითი ფორმაა.
1721 წლის აღწერით, ბურვილში მოიხსენიება ყაფლანიშვილების ყმა, ბერა დათონაშვილი.
1523 წელს ბარათაანთ გაყრის სიგელში მოიხსენიება აზნაური დათონაშვილი.
საქართველოში 1 254 დათონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 441, გურჯაანში – 283, ქუთაისში – 90. არიან სხვაგანაც.
ქარჩავა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქარჩა.
გვხვდება ტოპონიმები: ნაქარჩუ – უბანი ამავე სახელის სოფელში, ლუქარჩე – უბანი იორიმეში. აქაური ქარჩავების წინაპრები ჩამოსულან ნაკიანის ლექარჩედან საუკუნის წინათ და თან ჩამოუტანიათ სოფლის სახელწოდება.
საქარჩა უბანია ჩხოუშის მარცხენა ნაპირზე, საქარჩიო კი – უბნები მოცირში, ჭითაწყარში და აბასთუმანში.
ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გვარის ფუძეა მეტსახელი ქარჩა. სიტყვა ქარჩა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ქარჩავას 235-ე ადგილი უჭირავს, სამეგრელოში კი – 43-ე.
საქართველოში 2 836 ქარჩავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 005, ჩხოროწყუში – 426, თბილისში – 371. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით