კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძიმე მემკვიდრეობა

სახლი იმ გასაღებით გააღო, ადვოკატმა რომ მისცა... ასეთ სიურპრიზს არ ელოდა. სახლი ლონდონის პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა და საკმაოდ ძვირიც ღირდა. ლაბადა გაიხადა, საკიდზე ჩამოკიდა და ვრცელ, სასტუმრო ოთახში შევიდა, რომელიც მთლიანად ანტიკური, ძვირფასი ხის ავეჯით იყო მოწყობილი. კმაყოფილმა მიმოიხედა, ნელი ნაბიჯით ოთახში სიარულსა და თვალიერებას მოჰყვა, უცებ რაღაცამ გაიტკაცუნა და გარკვევით გაიგონა:
– შემოდი და აქ დადექი, მაგიდასთან.
შეცბა. ლამის მუხლები მოეკვეთა შიშისა და მოულოდნელობისგან. აშკარად მარტო იყო. გარშემო არავინ ჩანდა, მაგრამ ხმა ნამდვილად ისმოდა.
– აბა, გაგიხარდა, როცა ჩემი სიკვდილისა და მემკვიდრეობის ამბავი გაიგე? ვიცოდი, ვიცოდი... შენ ხომ ფულზე გიჟდები. სწორედ ეს გამოვიყენე შენს აქ შემოსატყუებლად. თქვი, რომ გაგიკვირდა მემკვიდრეობის ამბავი.
– ჩემს შემოსატყუებლად? – ნელა გაიმეორა და შუბლი მოისრისა, – გამიკვირდა, თანაც ისე, ტაუერის ხიდი რომ ჩამნგრეოდა ფეხქვეშ ასე არ გამიკვირდებოდა...
– ფულის სუნზე ყოველთვის გერეოდა თავგზა, – ხმა ისე აგრძელებდა საუბარს, თითქოს ესმოდა მისი... – მოკლედ, ჩემო კარგო... შენ იმსახურებ იმას, რასაც მიიღებ... მოკვდები და არავის დაენანები, არადა, რა კარგად დაიწყო ყველაფერი?! არაჩვეულებრივი გუნდი ვიყავით. ჩვენზე გაზეთებშიც წერდნენ. ვინ არ იცნობდა „პაპადოპულოსის კომპანიას“. ათენში დიდი ფული ვიშოვეთ და ლონდონში გადმოვედით. აქაც გაგვიმართლა, მაგრამ შენ მაინც არ გეყო, იმიტომ რომ, ყოველთვის ღორმუცელა იყავი – ფულშიც და ქალებშიც. გახსოვს, ჩემი ცოლი მეგი?! თუმცა, შეუძლებელია, არ გახსოვდეს... მე განაჩენი გამოგიტანე.
„მეგი... ნეტავი, ვინ იყო მეგი?“ – მეხსიერება დაძაბა, თან აქეთ-იქით აწყდებოდა. გაქცევა უნდოდა ამ მოჯადოებული სახლიდან, მაგრამ აღმოაჩინა, რომ კარის სახელური არ ემორჩილებოდა. მერე საერთოდ მოძვრა და რკინის მასიური კარი საიმედოდ ჩაიკეტა. ოთხ ვეება ფანჯარაზე ისეთი გისოსები ეყენა, შეიარაღებული რაზმიც ვერ უზამდა ძვრას. სასოწარკვეთილმა დაიღმუვლა, თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რა ელოდა...
ხმა თითქოს ხედავდა მას და აფიქსირებდა მის ყველა მოძრაობას.
– შენი იდეები ყოველთვის გენიალურად მიმაჩნდა. რატომ მიღალატე და რატომ ჩამიშვი პოლიციასთან? იმიტომ ხომ არა, რომ შენზე ეჭვები აგერიდებინა?! თუმცა, ყოველთვის ლაჩარი იყავი, შეხედე ბუხარზე დადგმულ მარმარილოს საათს – ორმოცდახუთი წუთი დაგრჩა. საათი შენი სიცოცხლის წუთებს ითვლის. ზუსტად ორმოცდახუთი წუთის შემდეგ, თვალის მომჭრელი ფოიერვერკის მოწმე გახდები... არა მარტო მოწმე, მონაწილეც. შენგან, ისევე, როგორც ამ სახლისგან, აღარაფერი დარჩება. კარინგტონის ციხეში დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა შურისძიებაზე. მარტო მეგის გამო გეკუთვნის სასიკვდილო განაჩენი. ციხიდან მძიმე ავადმყოფობის გამო ვადაზე ადრე გამომიშვეს. მაინც მოვასწარი შენზე შურისძიება დამეგეგმა და მომემზადებინა. მაგრამ, მე შენზე პატიოსანი ვარ, პატიოსნად თამაში მიყვარს. თან, იქნებ, შენი სიმართლე გაქვს. ღმერთმა განგსაჯოს.
შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ტუჩები და მთელი სხეული აუკანკალდა. მახეში მომწყვდეულივით აწყდებოდა კედლებს. შიშმა ტვინის ხვეულებში შეაღწია. მეგი – ვინ იყო მეგი? რა კავშირი ჰქონდა მასთან? – მეხსიერებას ძაბავდა. ცდილობდა, გაეხსენებინა, ვინ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა მისი წყალობით.
ხმა ცოტა ხანს ჩუმად იყო. ამ ხანმოკლე სიჩუმის განმავლობაში საშუალება მიეცა, მთელი სახლი შემოერბინა. დარწმუნდა, რომ გასასვლელი არსად იყო და მეორე სართულზე ავარდა. იქ სულ ორი საძინებელი, ორი სააბაზანო და ერთი სასტუმრო ოთახი იყო. გემოვნებით მორთულ საძინებელში რომ შევიდა და აივანზე გასასვლელ კარს დაეჯაჯგურა, შიშით გაოგნდა. დაფეთებულმა ირგვლივ მიმოიხედა. ხმა აქაც სდევდა და შიშის ზარს გვრიდა.
– შენ ახლა მეგის საძინებელში ხარ. თუმცა, ისედაც მიხვდებოდი, ხომ მართალია?! ო, ჯონ, რატომ მიღალატე, რატომ გამხადე იძულებული, შურისძიებასა და სამაგიეროს გადახდაზე მეფიქრა.
– ჯონი?! ო, ღმერთო, მე სტელტერი ვარ, დევიდ სტელტერი. – აღმოხდა შიშისგან გაფითრებულს, რადგან მიხვდა, რომ საშინელ, საბედისწერო გაუგებრობაში აღმოჩნდა. ერთბაშად ვერც გააცნობიერა, რა კავშირში შეიძლებოდა, ყოფილიყო ვინმე ჯონი მასთან და როცა ამას მიხვდა, კიდევ უფრო დაფეთდა. ჯონი ბოლრეორი ბიძამისი იყო – დედამისის ძმა. ერთი კვირის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. არავინ დარჩენია – არც ცოლი, არც შვილი. ნოტარიუსმა დღეს დილით მიაკითხა, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს და გასაღები გადასცა. არც კი იცნობდა ბიძას წესიერად. სულ ორ-სამჯერ ჰყავდა ნანახი, ისიც ბავშვობის ასაკში და როგორც ნახევრად უცნობი ნათესავის მიმართ, განსაკუთრებულად გამორჩეული გრძნობა არ გააჩნდა. მაგრამ მემკვიდრეობის მიღებამ ძალიან გაახარა. სახლი ძალიან უნდოდა. შორიდან რომ დაინახა, მაშინვე ის გაიფიქრა, ამ შესანიშნავ ვილაში ბედნიერად ვიცხოვრებ, ცოლს მოვიყვან, შვილები გვეყოლებაო... ახლა კი უნდა მომკვდარიყო. მერე და, რისთვის? – შეეცადა, ღრმად ესუნთქა. აზრები მოეკრიბა და ისე ეფიქრა გამოსავალზე, რომელიც შესაძლოა, არსებობდა კიდეც. ოთახი კიდევ ერთხელ კარგად დაათვალიერა და მიხვდა, როგორ ხედავდა ხმა. რამდენიმე ადგილას ფოტოსენსორები იყო დამონტაჟებული. აშკარად ძალიან ჭკვიანურად დაიგეგმა ბიძამისის ლიკვიდაცია.
– მომისმინე, ჯონ, გითხარი, სახლში ერთი უსაფრთხო გასასვლელი დავტოვე-მეთქი, შეგიძლია, ტვინი გაანძრიო და იპოვნო. ვნახოთ, შენი იდეები აქ თუ იმუშავებს. გულმოწყალეც ვიქნები და პატარა მინიშნებას მოგცემ – გახსოვს მეგი? კარგად გაიხსენე.
დევიდმა თავზე იტაცა ხელები, მორჩა, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თანაც სრულიად დაუმსახურებლად. ვინ იყო მეგი ან რას წარმოადგენდა, მისთვის არასდროს გახდებოდა ცნობილი. დევიდმა საათს შეხედა – აღსასრულამდე თხუთმეტი წუთი რჩებოდა. კიბეს მივარდა და სარდაფში ჩაირბინა, იქნებ ის ერთადერთი გასასვლელი ეპოვა. სენსორმა მაშინვე დააფიქსირა მისი გადაადგილება და ხმაც ალაპარაკდა.
– აქ რატომ მოხვედი, იმაზე უფრო სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. იმედი გამიცრუე, უფრო სწორად, შენ თავს გაუცრუე. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ გადარჩენა არ გიწერია. თვალი ფოლადისგან ჩამოსხმულ კოლბას შეავლო. იცი, ეგ რა არის, ჯონ? მასში ქიმიური ნარევია, რომელიც ჟანგბადთან შერევისას თვალისმომჭრელ და უძლიერეს აფეთქებას გამოიწვევს, ხომ კარგად მოვიფიქრე? მეც ხომ ვიყავი ერთხელ კრეატიული? ეს ზუსტად შუაღამისას მოხდება... მშვიდობით, ჯოჯოხეთში შევხვდებით!.. ხმა შეწყდა და რაღაცამ გაიტკაცუნა. დევიდი მიხვდა, რომ ყველაფერი მორჩა, სარდაფის კიბეზე ჩამოჯდა, სახე ხელისგულებში ჩამალა და მთელი ხმით ატირდა. ტრყვიაგაუმტარი მინები და მჭიდროდ დაგმანული დარაბები, საგულდაგულოდ დახშული კარები მის ხმას ახშობდა და სახლთან ადამიანს რომც გაევლო, მაინც ვერ გაიგონებდა დევიდის გულისმომკვლელ ბღავილს.

скачать dle 11.3