ღალატი სიყვარულისთვის
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-35(766)
სიურპრიზებს ჩვენ არ ვგეგმავთ, მათ ცხოვრება გვიმზადებს, თანაც სრულიად მოულოდნელად და ყველაზე შეუფერებელ მომენტში. ჩვენ კი ძნელად ვსწავლობთ, როგორ გავუმკლავდეთ მათ...
ანა აივანზე იჯდა, ახლად ამოსული მზის სხივებით ტკბებოდა და სიგარეტს ეწეოდა. კარზე მორიდებით დააკაკუნეს. ანა წამოდგა და სტუმრის მისაღებად გაეშურა. გზად შვილს მზრუნველად წააფარა საბანი შიშველ მხრებზე.
ზღურბლზე სოფო იდგა...
– აივანზე დაგინახე. შეიძლება, შემოვიდე? ჩემებს ჯერ სძინავთ...
– შემოდი. ჩემსასაც სძინავს და მიკვირს – ადრე იღვიძებს ხოლმე
ეტყობა, გუშინ დაიღალა.
– ჰო, გუშინ ყველანი დავიღალეთ, – ამოიოხრა ანამ.
– გუშინდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო. ნიკა ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ როცა სვამს... მოკლედ, რომ გაიღვიძებს, მაგრად ვეჩხუბები.
– არ გინდა, არაფერი დაუშავებია, – ნაძალადევად გაიღიმა ანამ, – ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ნიკას ხუმრობასთან კავშირში არ არის, უბრალოდ მოვიწყინე.
– აქაურობა არ მოგწონს?
– როგორ არა. მადლობელიც ვარ, რომ წამოსვლა შემომთავაზე... – ანა გაჩუმდა. კოლოფიდან სიგარეტის ახალი ღერი ამოიღო და მოუკიდა.
– ვახო არ მოგეწონა? ცოტათი მაინც... – ყოყმანით ჰკითხა სოფომ.
– სოფო, საყვარელო, არც კი შემიხედავს წესიერად. ახლა არც ვახოსი და არც სხვა ვინმეს თავი არ მაქვს.
– ისე, სიმპათიური ტიპია, – შეაპარა სოფომ და მაშინვე დაამატა, – ნუ, თუ არ შეგიხედავს, ვერ შეამჩნევდი. აუზზე ჩავიდეთ?
– კი, ოღონდ ბავშვები რომ გაიღვიძებენ და ვასაუზმებთ.
– მაშინ, ახლა წავალ. შეიძლება, ნიკამ გაიღვიძა, ქვემოთ შევხვდებით.
სოფომ კარი ჩუმად გააღო და ნომერში ფეხაკრეფით შეიპარა. ნიკას ეღვიძა.
– სად იყავი? გირეკავდი, შენ კი მობილურიც აქ დაგიტოვებია.
– ანასთან გავედი. მაინტერესებდა, გუშინდელი საღამოს შემდეგ როგორ იყო.
– აუჰ, როგორ იქნებოდა, ისეთი რა მოხდა... კაცმა მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა, წესით, უნდა გახარებოდა.
– ჰო, გადაირია სიხარულით და მეც იმიტომ მივედი, რომ დამემშვიდებინა. მაინც, როგორი უგულო ხარ...
– მე ვარ უგულო, გოგო? ლამის თავდაყირა დავდექი, რომ შენი დაქალისთვის პარტნიორის, თანაც საიმედო პარტნიორის „დათრევის“ შანსი მიმეცა და მაინც უკმაყოფილო ხარ...
სოფოს გაეცინა:
– ჩემო მზრუნველო მეუღლევ, არაფერს შემომთავაზებ, სანამ ბავშვს სძინავს?
– შენი აზრით, რატომ გეძებდი? – ხელები მოიფშვნიტა ნიკამ და საწოლიდან ისე ადგა, ბავშვი რომ არ გაეღვიძებინა. ცოლთან მივიდა, ხელი ჩასჭიდა და სააბაზანოსკენ გაიყოლა.
– სად მიგყავარ? – ვითომ ვერ მიხვდა სოფო.
– შხაპი უნდა მივიღო. შენ კი ზურგს გამიხეხავ.
– თბილისშიც მთხოვე ხოლმე, რა, ზურგის გახეხვა, – სოფო ქმარს მიეხუტა და კისერში აკოცა.
– მაგაზე გეტყვი უარს? შენ ოღონდ არ მეჩხუბო და საერთოდ არ გამოგიყვან შხაპიდან, – დაჰპირდა ნიკა.
***
ნინიმ სავარძელში ჩაძინებულ ირინკას მხარზე მოჰკიდა ხელი და ფრთხილად შეანჯღრია.
– ირიშ, უკვე ძალიან გვიანია, იქნებ დარჩენილიყავი.
– ჰო, დავრჩები. გიო მოვიდა?
– არა. ეტყობა, ბავშვებთან დარჩა.
ირინკა საბოლოოდ გამოფხიზლდა.
– და, ამას ასე მშვიდად ამბობ?
– რომ ვიყვირო და ვინერვიულო, რამე შეიცვლება? დილით წავუკითხავ ლექციას, როცა მობრძანდება, მაგრამ მომდევნო კვირას იგივე გამეორდება. მხოლოდ ნერვებს მოვიშლი.
– იცი, რას ვფიქრობ? – უნდა წავყოლოდი ლაშას, ხომ არ დავურეკო და მოვიკითხო...
– არ გინდა. მერე თავში აუვარდება. ხომ იცი, როგორ ხდება ხოლმე.
– აბა, ხვალ რა გავაკეთო, მოვიწყინო? მთელი კვირა დღე წინაა, რა გავაკეთო. ის შეშლილებიც არ ამოვიდნენ.
– ჰო, მაკუნამ დამირეკა – თავი ვეღარ მოვაბითო. აქ იყავი და მოვიფიქრებთ რამეს.
– აუ, არა... გიო მოვა და, სურვილი არ მაქვს, თქვენი ჩხუბის მოწმე ვიყო.
– სანამ აქ იქნები, ხმასაც არ გავცემ, – დაჰპირდა ნინი.
– არ ვიცი, ვნახოთ. გათენდეს და მოვიფიქრებ რამეს. შეიძლება, საყიდლებზე წავიდე. დამამშვიდებს.
– „იმას“ საერთოდ აღარ ხვდები?
– თითქმის არა, ოღონდ ძალიან წესიერი ვინმეა. ფულს რეგულარულად მირიცხავს. თან, მირეკავს კიდეც. რაც თანამდებობაზე დაინიშნა, მერიდება, რეპუტაციას უფრთხილდება. მაგას კეთილგონიერება ჰქვია... ალბათ, რამდენს მუშაობს „სურვილების ჩახშობაზე“... – ირინკას გაეცინა, – რა სისულელეებზე ვლაპარაკობ. ეტყობა, მართლა მეძინება.
***
ნიკამ შეზლონგზე პირსახოცი დააფინა და ჩამოჯდა.
– აუზში არ ჩამოხვალ? – ჰკითხა მზეზე მონებივრე ცოლს.
– ჩამოვალ... – მიუგო სოფომ და სათვალე შეისწორა.
– არ მესმის, რატომ იხრუკები მზეზე. წამოდი, გავცუროთ.
– რატომ გაქვს სურვილი, მუდმივად შენი დირექტივების მიხედვით ვიარო? შეგიძლია, ახლავე ჩახტე აუზში, მერე შემოგიერთდები. ბავშვსაც მიხედავ. დამცავი რგოლი კი უკეთია, მაგრამ ყურადღება მაინც სჭირდება.
– ჰო, კარგი, – ნიკა ადგა, აუზისკენ შებრუნდა და უცებ წაუსტვინა.
– ერთი ამას უყურე! – საკმაოდ ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი.
– რა მოხდა? – სოფო შეზლონგზე წამოჯდა და სათვალე მოიხსნა.
– ეს ის არ არის? ლაშა – ანას ყოფილი ქმარი, თუ რაც არის. რა „ნაშა“ ახლავს, შეხედე, რა დღეში არიან...
– ღმერთო, – სოფომ შემოსასვლელისკენ გაიხედა, – როგორმე ანამ არ უნდა დაინახოს.
– გვიანია, – ნიკამ ცოლს აუზის კიდესთან მდგარი ანა დაანახვა. გაშეშებული შესცქეროდა აუზში მონებივრე აღტკინებულ წყვილს. გოგონა მთელი ხმით კისკისებდა. შეუძლებელი იყო, მისთვის ყურადღება არ მიგექცია.
– რა სირცხვილია! – აღმოხდა სოფოს, – ნაძირალა, რაღა ვქნა, ანა გაგიჟდება.
– აშკარად... იმას არც დაუნახავს.
– რას დაინახავს, როცა თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული, – ბრაზით ჩაილაპარაკა სოფომ, – სიამოვნებით ჩავახრჩობდი აუზში ორივეს.
– ანასაც აშკარად მაგისი სურვილი აქვს და მისი მესმის, მაგრამ შენ რატომ გინდა, უცხო მამაკაცის მოკვლა, ვერ ვხვდები. შენ რა დაგიშავა?
– ქალური სოლიდარობის შესახებ არაფერი გსმენია, ხომ? – სოფო ისე ელაპარაკებოდა ქმარს, მისკენ არ იხედებოდა. მთელი ყურადღება ანასკენ და აუზში მობანავე წყვილისკენ ჰქონდა...
– წარმოდგენა არ მინდა, რა შეიძლება, ახლა აქ მოხდეს, – ჩაილაპარაკა დამფრთხალი ხმით.
– ესე იგი, ვახო ამათ გულისხმობდა, როცა ამბობდა, ჩემი პარტნიორი ნაშასთან ერთად არის ჩამოსულიო, – თქვა ნიკამ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – მხრები აიჩეჩა სოფომ, – არ ვიცი, როგორ მოვიქცე. აი, ეს არის პრობლემა... მივიდე ანასთან?
– საჭირო არ არის, თვითონ მოდის აქეთ. აბა, შენ იცი, არ გადარიო, პირიქით, როგორმე ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავუტანოთ.
– მაინც, რაზე ან როგორ, როცა ის ბოზი მთელი ხმით ჭყლოპინებს. აიკლო აქაურობა. მაგისთანებს ხომ სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ. გულისამრევები არიან.
– მაგარი მკერდი კი აქვს და რაც გინდა, ის უძახე, – წამოსცდა ნიკას და მაშინვე ინანა, მაგრამ უკვე გვიან იყო. სოფო გაანჩხლებული კატასავით დააცხრა.
– შენც ზუსტად ისეთი კრეტინი ხარ, როგორიც ყველა კაცია. მე მელაპარაკები, თვალები კი აუზისკენ გაგირბის. აშკარად გშურს ლაშასი და შეიძლება, ნანობ კიდეც, მის ადგილას რომ არ ხარ.
– სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე, – შეუბღვირა ნიკამ და კიდევ ერთი შეზლონგის მოსატანად წავიდა. შეზლონგი, რა თქმა უნდა, მიზეზი იყო. რეალურად არ უნდოდა ანას ისტერიკის მოწმე ყოფილიყო.
სოფოს შეებრალა მეგობარი, შეზლონგი მიუჩოჩა და თანაგრძნობით უთხრა:
– ვიცი, რაც ხდება... ნიკამ ლაშა იცნო. ძალიან ვწუხვარ.
– ხედავ? ხედავ, რა დღეშია? მე ახლა რა უნდა ვქნა? – ანას ჩამწყდარი ხმა ჰქონდა. აშკარად ეტყობოდა, რომ განადგურებული იყო.
– ტირილი მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ უნდა გავაკეთო, არავითარ შემთხვევაში. ისე ცუდად ვარ... ისე ცუდად, ვგრძნობ, რომ გული გამისკდება.
– გეხვეწები, ასეც ნუ ნერვიულობ. ვიცი, ძნელია, მაგრამ ამად არ ღირს, დამიჯერე.
– არ ღირს... ამად არ ღირს, – გაიმეორა ანამ. თან, ლაშას არ აშორებდა ანთებულ მზერას, წელზე რომ ჰქონდა იმ გოგოსთვის ხელი შემოხვეული და ვითომ ცურვას ასწავლიდა. სინამდვილეში კი, აშკარად, ყველას დასანახად ეალერსებოდა.
– ნაძირალა, როგორი ნაძირალაა! იქვე, ნახევარ მეტრში მისი შვილია და არც კი დაუნახავს, – ანას ტუჩები აუკანკალდა და ერთიანად გაფითრდა.
– ის გოგო ვინ არის, იცნობ? – ჰკითხა სოფომ და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე მოუჭირა ხელი.
– წარმოდგენა არ მაქვს. ეგეთი, იცი, რამდენი ჰყავს? რატომ ფეხი არ მომტყდა, რომ წამოვედი.
– ასე, ნუ ამბობ, გინდა, ზემოთ ავიდეთ?
– რა აზრი აქვს... ახლა უკვე ბავშვიც შენიშნა.
– იცი, მგონი, უნდა დაიკიდო. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება.
– შენ შეძლებდი ამას? ერთი წუთით წარმოდგინე, ნიკა ნაშასთან ერთად აუზში.
სოფოს შეაჟრჟოლა. ხელებიც კი დაუბუჟდა, მუხლებში სისუსტე იგრძნო და ისეთი სიძულვილით ახედა თავზე წამომდგარ ნიკას, რომ საცოდავს ღიმილი სახეზე „შეეყინა“.
– კოქტეილი მოგიტანეთ, – ჩაილაპარაკა შემცბარი ხმით, – ცოტას გავამხიარულებ-მეთქი. ანასაც ესიამოვნება ცოტა ალკოჰოლი.
– ანას არაფერი ესიამოვნება, სულ არაფერი... გაქრობა მაინც შემეძლოს, ახლავე ავორთქლდებოდი აქედან. ნიკა, შეგიძლია, ბავშვები აუზიდან ამოიყვანო?
– დალიე კოქტეილი, ბავშვებს კი ახლავე მოვიყვან, – ნიკამ ანას კოქტეილიანი ჭიქა გაუწოდა და მისი თხოვნის შესასრულებლად აპირებდა წასვლას, რომ გზა ლაშამ გადაუღობა. შვილისთვის ხელი ჩაეჭიდა და მათკენ მოჰყავდა.
– აი, თურმე ვისთან ერთად ყოფილა აქ ჩემი შვილი. გამარჯობა, ისვენებთ? – ლაშა ნიკას მიესალმა.
– რამდენიმე დღით ჩამოვედით, სიცხეებს გამოვექეცით. თუმცა, ვხედავ, შენ აქაც საკმაოდ გცხელა, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაულაპარაკა ნიკამ და აუზიდან ამოსულ გოგონაზე ანიშნა.
– დიდი არაფერი, ჩვეულებრივი ნაშაა... სახელიც არ ვიცი წესიერად, – ლაშა ძალიან ცდილობდა, არ შეემჩნია ნერვიულობა, მაგრამ წითელი ლაქები სახესა და ყელზე გასცემდნენ მის მღელვარებას.
– არ ვიცოდი, ანას თუ იცნობდი, – ჩაილაპარაკა დაბნეულმა.
– ჩემი ცოლის უფროსია. მეც ვერ წარმოვიდგენდი, აქ თუ გაგვეჩითებოდი, თანაც ასეთი დიდმკერდიანი სიურპრიზით.
– შენ როგორ ფიქრობ, სკანდალი არ ამცდება?
ნიკამ მხრები აიჩეჩა.
– ჰო, – ამოიოხრა ლაშამ, – შენ ვერაფრით დამეხმარები. იმასაც ვერ მირჩევ, რა აჯობებს, – მივიდე და გამოველაპარაკო თუ არა...
– წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გააკეთო, – უთხრა ნიკამ, – თუმცა, ერთი ვიცი, – არ ვისურვებდი შენს ადგილას ყოფნას.
ლაშამ ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა, მერე დაიხარა, ბავშვს აკოცა. შებრუნდა და აუზის იმ მიმართულებით წავიდა, საიდანაც გოგონა ამოვიდა წყლიდან. მასთან მივიდა და რაღაც ხმადაბლა უთხრა. გოგონა უკმაყოფილოდ დაიღრიჯა, წელზე პირსახოცი შემოიხვია და ლაშას უკან უხალისოდ აედევნა.
ანამ კოქტეილი მოსვა და თავი შეზლონგის საზურგეს მიაყრდნო. მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები, როცა მასთან ბავშვი მივიდა და მოეხვია. სოფომ ნიკას ისე გადახედა, თითქოს ამ ყველაფერში მარტო ის იყო დამნაშავე... ნიკამ ამოიოხრა და ხელები გაშალა, თითქოს მის მზერას პასუხობდა, რა შუაში ვარ საერთოდ, მე რაც შემეძლო, გავაკეთეო.
***
როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, ჯერ გაუხარდა, მერე კი ისე შეეშინდა, სავარძელზე დაჯდა და დიდხანს არ განძრეულა. ვერ მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. დიდხანს ატრიალა მობილური ხელში. ვერ გადაწყვიტა, უნდა დაერეკა თუ არა... ლაშა როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს, ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. მაგრამ ჯერ თავად უნდა გაეაზრებინა, მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი სიახლე. ნამდვილი სასწაული. თუმცა, რა იქნებოდა, ხვალ ან ზეგ, ამაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. მხოლოდ ერთ რამეში იყო დარწმუნებული – ბავშვს გააჩენდა, რის ფასადაც არ უნდა დაჯდომოდა და რაც უნდა მომხდარიყო. ლაშამ სამი დღის შემდეგ დაურეკა. გაოცებულმა იმით, რომ ანა ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ გამოჩენილა, მესიჯიც კი არ მოუწერია. ეგრევე შეხვედრა სთხოვა და მასთან სახლში ავიდა... ბინაში შესული არ იყო, რომ მოეხვია და კოცნა დაუწყო. ანა ჯერ წინააღმდეგობას უწევდა. მერე ერთბაშად ხელი ჰკრა და ოთახის სიღრმისკენ დაიხია.
– რა მოგივიდა? – ლაშა მასთან მივიდა, მკლავზე მოჰკიდა ხელი და თავისკენ მიატრიალა, – ანა, რამე მოხდა?
– არაფერი... – ანამ სახე მოარიდა.
– მატყუებ... სამი დღეა, არ დაგირეკავს. ამას შემთხვევითობას ვერ დავაბრალებ. გაბუტული ხარ? კი, მაგრამ, რატომ?
– არ ვარ გაბუტული, უბრალოდ, შენი ნახვა არ მინდოდა.
– ვერაფერი გავიგე, მაგრამ, რადგან ასეა, წავალ... – ლაშა შებრუნდა. კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ანას მოულოდნელად გული აუჩუყდა...
– არ წახვიდე... ძალიან ცუდად ვარ, მარტო ვერ დავრჩები.
– ჩემი ნახვა რომ არ გინდოდა, ვიფიქრე, იქნებ მარტო ყოფნა ურჩევნია-მეთქი, – მხრები აიჩეჩა ლაშამ.
– ფეხმძიმედ ვარ, – თქვა უცებ ანამ.
– რა?! – გაშრა ლაშა, – რა თქვი?!
– ფეხმძიმედ ვარ, შენგან... – გაიმეორა ანამ და შვებით ამოისუნთქა, თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მოეხსნა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში