ინტიმური საუბრები
ჩემი ძმა ძალიან ძუნწი და ხარბი გამოდგა
ჩემი ძმა, შეიძლება ითქვას, რაც ფეხი აიდგა და ლაპარაკი დაიწყო (ამას ფიგურალურად ვამბობ), მას შემდეგ ტელევიზორში გამოდის და ხალხს ჭკუას ასწავლის, როგორ იყვნენ კეთილები, როგორ მოექცნენ სუსტებსა და დაჩაგრულებს, როგორ გაზარდონ და აღზარდონ შვილები, როგორ მოუარონ მშობლებს, ერთი სიტყვით, როგორ უნდა იყვნენ ნამდვილი ქრისტიანები. უნდა ვაღიარო, რომ უაღრესად ნაკითხი, განათლებული, ინტელექტუალური და მჭევრმეტყველი ადამიანია და შესაბამისად, თავისი მსმენელ-მაყურებელიც ჰყავს. ტრანსპორტშიც კი გამიგია მისი ქება: რა დედამ გაზარდა... რა ბედნიერებაა, რომ ჯერ კიდევ გვყვანან ასეთი ახალგაზრდები... რა მოკლავს მაგის დედას, ასეთი შვილის შემხედვარესო და ასე შემდეგ. მე კი ამ სიტყვების გაგონებაზე გულში მწარედ მეცინება – აბა, ვინ რა იცის, რომ ამ „ღვთისნიერი“ ახალგაზრდა კაცის მოხუცი, უძლური დედა ძალიან ხშირად მშიერი იძინებს იმის გამო, რომ მის სათაყვანებელ და კერპად ქცეულ შვილს ავიწყდება ან, უბრალოდ, ფული ენანება, დედას უყიდოს ის, რაც ენატრება. მით უმეტეს, რომ შეიძლება ითქვას, იმდენი აქვს, სად წაიღოს, არ იცის. ხომ ჩემი ძმაა, თან ჩემი გაზრდილი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ძუნწი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს.
თვითონაც ხომ მე გავზარდე (7 წლით უფროსი და ვარ), შვილებიც მე გავუზარდე და ერთხელ არ მოსვლია აზრად, რამით დამხმარებოდა, მაშინაც კი, როცა მე და ჩემი ქმარი ავარიაში მოვყევით და სამი მცირეწლოვანი შვილი მშიერი გვყავდა. ერთადერთხელ დავურეკე და ვთხოვე, ხელფასამდე ათი ლარი მასესხე-მეთქი (იცოდა, რომ ბავშვების საჭმლისთვის მინდოდა) და, ყოველგვარი მორიდებისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა, გამორიცხულიაო. მეორე დილით კი თავისი სამივე შვილი მომიყვანა (ისე, რომ არც კი შემთანხმებია, მეცალა თუ არა) და მთელი სამი დღით დამიტოვა, რადგან თვითონ და თავისი ძვირფასი ცოლი სადღაც მიბრძანდებოდნენ. მე და ჩემი ქმარი კი ავარიის შემდეგ ახალი „გაცოცხლებულები“ ვიყავით. თან, ისე დატოვა ბავშვები, ხომ იცოდა, რომ კაპიკი არ მქონდა, მათი სამყოფი კარტოფილი და პურიც კი არ მოუტანია. მაშინ ხმა არ ამომიღია, ფული მეზობლისგან ვისესხე და ბავშვებისთვის არაფერი დამიკლია, თუმცა კი ძლივს ვიდექი ფეხზე. ახლაც იმიტომ ვიხსენებ იმ ამბებს, რომ შემომითვალა, ცოტა შენც დახარჯე რამე, მარტო დედაჩემი ხომ არ არისო. არადა, დღეში ხანდახან ორჯერ მივდივარ, სადილიც მიმაქვს, ხილიც და ყველაფერსაც ვუკეთებ. მაგრამ, ჩემს ძმას მაინც ვერაფერი დავანახვე, რადგან ძალიან ძუნწი და ხარბია, ჩემდა სამწუხაროდ. ძალიან მწყდება გული, მაგრამ, ზუსტად ვიცი, დედაჩემი რომ აღარ იქნება, მასთან, არანაირი საერთო აღარ მექნება და ამას ძალიან განვიცდი.
მარინა, 46 წლის.