მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-35(766)
– მოკლედ, ჩემო კარგო, ეს ყველაფერი ერთი დიდი ჯაჭვის რგოლებია. ახლა შანსი გვაქვს, ერთ-ერთ რგოლს მაინც ჩავავლოთ ხელი. ხოლო, ამას თუ შევძლებთ, მაშინ მთელ ჯაჭვსაც ჩავიგდებთ ხელში. ამიტომ, შენ და შენმა ბიჭებმა უნდა იყოჩაღოთ, დიმკას ჩაავლოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. დარწმუნებული ვარ, კანდელაკი თბილისშია და საკმაოდ საიმედოდ იმალება.
– დაკავებულს უჩვენე კანდელაკის ფოტო?
– კიტიას?
– ჰო.
– ვუჩვენე.
– მერე?
– ვერ ამოიცნო. ასე თქვა, – ეგ არააო?
– აბა, რატომ ფიქრობ, რომ ეგ ბიჭი მაინცდამაინც დიმკაა?
– იმიტომ, გივი, რომ დიმკა და სედოი ერთი „სვიაზკაა“. ერთად აპირებენ უცხოეთში გაქცევას, – თქვა კაპიტანმა, – მოკლედ, თავს დავდებ, რომ დიმიტრი კანდელაკი, იგივე დიმკა თბილისშია.
– კარგი, კარგი. თუ თბილისშია, აუცილებლად ვიპოვით. მით უმეტეს, ახლა, პასპორტი და ვიზა დაკარგა. განერვიულებული იქნება. აუცილებლად დაუშვებს შეცდომას და ჩვენც ამით ვისარგებლებთ.
– რა შეცდომას გულისხმობ?
– რას და, თუ ის დიმკაა და თბილისშია, ესე იგი, რუსეთიდან ჩამოვიდა. სავარაუდოდ, თუკი უკან გამგზავრებას დააპირებს, შეცდომაც ეგ იქნება. ყველგან ყველა ყურადღებითაა და აუცილებლად ააგდებენ.
– თუ ფსკერზე დაწვა, მაშინ?
– არც ამ შემთხვევაში დაადგება კარგი დღე. ჩემები ჩაკეტილ ბინებს და საეჭვო ოჯახებს გადაამოწმებენ და ადრე თუ გვიან მაინც იპოვიან. მართალია, ეს დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ არაფერს მაინც ჯობია.
– კარგი. იმედი ვიქონიოთ, რომ გაგვიმართლებს, – თქვა ჩხიკვაძემ და საათს დახედა, – თერთმეტი დაწყებულა. მეც ხომ არ წავიდე?
– მოდიხარ? – ჰკითხა თოიძემ და სკამიდან წამოდგა.
– არა. ცოტა ხნით კიდევ დავრჩები, – უპასუხა კაპიტანმა და თან ჰკითხა:
– ხომ არ იცი, არქივში ვინ მორიგეობს?
– არა... არქივში რა გინდა?
– ვინმე ნოდარ მდივნის საქმე მინდა ამოვწიო. იქნებ რამე საინტერესო აღმოვაჩინო ჩვენთვის. კიტიასთან ის ქალ-ვაჟი მას მიუგზავნია და მაინტერესებს, რა ჩიტია. მით უმეტეს, ახლა „სროკზე“ ყოფილა, – თქვა ჩხიკვაძემ.
– მოიცა, მოიცა, ვინ ნოდარ მდივანი, „ძელეცი“ რომ იყო? – იკითხა თოიძემ.
– არ ვიცი.
– ჰო, ალბათ, ეგ გინდა.
– რატომ გგონია?
– იმიტომ, რომ ის ნოდარ მდივანი, იგივე ჭაღარა, ამ სამი თვის წინ ზონაში მოკვდა ჭლექით. თხუთმეტი წელი ჰქონდა მისჯილი მსხვილი მაქინაციების გამო და ფანტანმა დაარტყა.
– მაინც, რატომ გგონია, რომ სწორედ ეგ მინდა?
– მაიორ თოიძის თანამდებობა დაგავიწყდა, კაპიტანო? – ღიმილით თქვა თოიძემ, – დიმკას ძებნილობის საქმე რომ მივიღე, იქიდან ვიცი.
– მერე?
– მერე ის, რომ ეგ ნოდარ მდივანი დიმკას ჩააკვდა ხელში.
– რას ამბობ?! – წამოიძახა ჩხიკვაძემ.
– კი. მასეა. ამის შემდეგ ორი კვირაც არ იყო გასული, რომ კანდელაკმა ზონის ბადრაგს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რის გამოც დიმკა „ედემში“ გადაიყვანეს. იქიდან კი ის, სედოი და კიდევ ორი პატიმარი გაიქცნენ. შემდეგ იყო მოსკოვის საქმე. ერთი სიტყვით, მოკვლევით დადგინდა, რომ კანდელაკმა შეგნებულად გაარტყა ხელი ბადრაგს, რადგან იცოდა, „ედემში“ გააწესებდნენ, რათა გაქცეულიყო. ესე იგი, ის გასაქცევად ემზადებოდა. ამიტომ, გამოდის, რომ ეს გაქცევა მას ჭაღარამ მოუწყო.
– ჭაღარამ?
– ჰო. ნოდარ მდივანმა.
– რატომ ფიქრობ ასე?
– იმიტომ, რომ ჭაღარა და სედოი ძველი ძმაკაცები იყვნენ. დიმკა კი სედოის არ იცნობდა და როგორც ეტყობა, მდივნის რეკომენდაციით მივიდა კანდელაკი სემიონ სემიონოვთან, იგივე სედოისთან.
– გასაგებია, – თავი გააქნია კაპიტანმა, – პასპორტებისა და ვიზის „ნაკოლიც“ მდივანმა მისცა ბიჭს.
– შეიძლება, კიტიასთან სედოიმ გამოაგზავნა დიმკა, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
– არა, – თავი გააქნია კაპიტანმა, – კიტიამ თქვა, სედოის არ ვიცნობო. უფრო სწორად მისი ფოტო რომ ვნახე, – თქვა, არ ვიცნობო. თუ, რა თქმა უნდა, არ ტყუის. თუმცა, არა მგონია, იტყუებოდეს. ესე იგი, გამოდის, კიტიას მისამართი მართლა მდივანმა მისცა კანდელაკს.
– დავუშვათ ასეა. რა მერე? რას მოგცემს მდივნის საქმის შესწავლა?
– ჯერ არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა, – იქნებ, რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვო?
მაიორმა საათს დახედა და თქვა:
– რა დრო გასულა. წავედი, წავედი. აბა, ნახვამდის.
– ნახვამდის, – ჩხიკვაძემ ხელი ჩამოართვა თოიძეს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
***
ნუცას ბინაში დაბრუნებულმა ქალ-ვაჟმა სული მოითქვა. პირველი ემოციები რომ დაცხრა, ნუცამ დიმკას უთხრა:
– კიდევ კარგი, ვასო ჩხიკვაძემ ვერ დაგვინახა, თორემ ყველაფერს მიხვდებოდა და დაგვიჭერდნენ. ბეწვზე ვართ გადარჩენილები.
– კი. ამჯერად გაგვიმართლა. მაგრამ, ჯერ ადრეა სიხარული.
– კიდევ რამე გვემუქრება? – შიშით იკითხა ნუცამ.
– ყველაფერი კარგად უნდა გავიაზროთ, ნუციკო. ავწონ-დავწონოთ და ისე ვიმოქმედოთ. მცირე შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება. ახლა მთელი ძაღლობა ფეხზე დგას. გვეძებენ და თუ ჩაგვავლეს, ცუდ დღეში ჩავვარდებით.
– მეშინია, დიმკა, – თქვა გოგონამ და სავარძელში მოკალათებულ ბიჭს მიეკრა.
დიმკამ თავზე ხელი გადაუსვა გოგონას და უთხრა:
– ნუ გეშინია. მთავარია, ფრთხილად ვიყოთ, რომ ხელში არ ჩავუვარდეთ ძაღლებს. არ უნდა გავიშიფროთ. ვერ უნდა მოგვაგნონ და ლენინგრადში უნდა დავბრუნდეთ.
– დღესვე გავემგზავროთ.
– არა, რას ამბობ?! დარწმუნებული ვარ, ყველგან გაფრთხილებული ეყოლებათ ხალხი და ჩაგვავლებენ.
– აბა, რა ვქნათ?
– კარგი იქნებოდა, აქ რომ გენერალი იყოს, ის დაგვკრიშავდა. მაგრამ, ლენინგრადიდან ხომ არ ჩამოვიყვანთ?
– რატომაც არა, – მიუგო ნუცამ, – თუ სხვა გზა არ არსებობს, მაშინ ასე უნდა ვქნათ.
– ჯერ ყველაფერი ავწონ-დავწონოთ, – თქვა დიმკამ, – ყველაზე ცუდი ისაა, რომ კიტიასთან სედოის და ფიგაროს ფოტოები დავტოვეთ. მილიცია აუცილებლად იპოვიდა მათ და მიხვდებოდნენ, რომ უცხოეთში ვაპირებდით წასვლას.
– სედოი და ფიგარო კი, მაგრამ, ჩვენზე როგორ გამოვა მილიცია, ანუ, როგორ მიხვდება, რომ ამ საქმეში მე და შენ ვართ გარეულები? კიტიამ ხომ ჩვენი ვინაობა არ იცის? შენ ფიქრობ, რომ აღწერილობით მიხვდებიან?
– აღწერილობაც საშიშია, – თუმცა, არა მგონია, კიტიამ შენი ზუსტი აღწერილობა მისცეს ძაღლებს. იმხელა შავი სათვალე გეკეთა, რომ ნახევარ სახეს გიფარავდა, – თქვა დიმკამ და დაამატა, – მე კი ისეთი გრიმი და პარიკი მაქვს, ალბათ, მშობელი დედაც ვერ მიცნობდა.
– აბა, რამ შეგაშინა?
– იმან, ნუციკო, რომ მე და სედოი ერთი „სვიაზკა“ ვართ. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ თუკი სედოისთვის კეთდებოდა პასპორტი და ვიზა, ჩემთვისაც იყო შეკვეთილი. ჩვენ ძებნილები ვართ. თუ ჩავვარდით, ციხეში ამოგვალპობენ და ერთად ვაპირებთ გაქცევას. ამას საშუალო დონის გამომძიებელიც კი მიხვდება. ყველაზე ნაკლები საფრთხე, ამ მხრივ, შენ გემუქრება. უბრალოდ, მე იმისი მეშინია, რომ მამაშენის, ნოდარ მდივნის მეშვეობით არ გამოვიდნენ ძაღლები შენზე.
– მამაჩემის მეშვეობით როგორ გამოვლენ? მე ხომ არც მის გვარს ვატარებ და არავინ იცის, რომ მისი შვილი ვარ?
– ეგ – ერთი შეხედვით, – მიუგო ნუცას დიმკამ.
– აბა, სხვაგვარად როგორ უნდა იყოს?
– არ ვიცი, მაგრამ, ხომ შეიძლება, გამომძიებელმა მამაშენის საქმე წამოწიოს არქივიდან და იქ რა და როგორ წერია, ხომ არ ვიცით?
– მამაჩემის საქმე რატომ უნდა წამოწიონ?
– თუნდაც იმიტომ, რომ კიტია ეტყვის, ნოდარ მდივანმა გამოაგზავნა ჩემთან ისინიო, ანუ ჩვენ. ხელჩასაჭიდი რომ იპოვონ, წესით, მამაშენის საქმე უნდა ამოწიონ და შეისწავლონ, – თქვა დიმკამ და დადუმდა.
ნუცამ ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ დიმკას წინ შეჩერდა და აცრემლებულმა უთხრა:
– ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი სიშტერისა და სიტუტუცის.
– რას ამბობ, ნუციკო, შენ რა შუაში ხარ?!
– რა და, მე ავიტეხე თბილისში გამომგზავრება. ვასილ ანდრეევიჩისთვის უნდა დაგვეჯერებინა. ხომ გახსოვს, როგორი წინააღმდეგი იყო ჩვენი აქ გამომგზავრების...
– მას სხვა რამის ეშინოდა, – თქვა დიმკამ, – გენერალს ეშინოდა, გზაში არ დავმწვარიყავით და ვინმეს არ ვეცნეთ. შენ რა შუაში ხარ?
– მაინც ჩემი ბრალია! – ჯიუტად თქვა ნუცამ.
– კარგი, კარგი... ამას ახლა მაინც არაფერი ეშველება. მთავარია, არ დავიწვათ. ძაღლებმა არ მოგვაგნონ და მშვიდობიანად ჩავაღწიოთ ლენინგრადში, – თქვა დიმკამ და თავი გააქნია – ჩვენი გამგზავრების საქმე ძალიან გართულდა. ყალბი პასპორტები ან სხვაგან უნდა გავაკეთებინოთ, ან გაქცევის სხვა საშუალება მოვნახოთ. ეს კი ძალიან ძნელია. ძაღლებმა ახლა ზუსტად იციან, რომ მე, სედოი და ფიგარო ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებთ და აქცენტი ამაზე ექნებათ. გაძლიერებულ ძებნას დაგვიწყებენ. საზღვრებზეც ბევრად უფრო ყურადღებით იქნებიან და გამორიცხული არაა, ჩვენით „კაგებე“ დაინტერესდეს.
– „კაგებე“? – გაიმეორა ნუცამ.
– ჰო. უშიშროება. ასეთ საქმეებს ისინი იძიებენ. მაგრამ, ნუ გეშინია, თუ ფრთხილად ვიქნებით და ცოტაც გაგვიმართლებს, მაშინ ვერც უშიშროება დაგვაკლებს რამეს, დაამშვიდა დიმკამ გოგო.
– ყავას დალევ? – ჰკითხა ნუცამ ბიჭს.
– თუ არ შეწუხდები, – მიუგო დიმკამ და გააბოლა.
ნუცა სამზარეულოში გავიდა. ყავის მომზადებას შეუდგა, თან დიმკას სიტყვებზე ფიქრობდა. ოთახში რომ დაბრუნდა, ბიჭს ყავა წინ დაუდო და უთხრა:
– დიმკა, მე მგონი, ჯობია, ლენინგრადში დავრეკოთ.
– ლენინგრადში? – გაიმეორა ბიჭმა.
– ჰოდა, რაც შეიძლება, მალე.
– რატომ?
– ვასილ ანდრეევიჩი რომ ჩამოვიდეს, – თქვა ნუცამ, – მართალია, ძალიან უხერხულია მისი შეწუხება, კაცი ძლივს დადის ყავარჯნებით, მაგრამ სხვა გზა არაა. აბა, შენ თვითონ დაფიქრდი.
– გეთანხმები, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ იქნებ სხვა რამ მოვიფიქროთ?
– მაინც რა?
– მოსაფიქრებელია.
– დიმკა, შენც ხომ კარგად იცი, რომ ყველაზე საუკეთესო ვარიანტს გთავაზობ? ჩვენი აქ გატარებული ყოველი წუთი ჩავარდნის საფრთხეს ზრდის. შენ თვითონ არ იცი, თუ როგორი ძებნა იცის მილიციამ? მით უმეტეს, თუ ამ საქმეში უშიშროებაც ჩაერთო. თბილისში რისთვისაც ჩამოხვედი, ის საქმე ჩაიშალა. შენს აქ ყოფნას აზრი აღარ აქვს და დიდი დარტყმის ქვეშ ხარ, ამიტომ, გენერალი უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ უსაფრთხოდ წაგვიყვანოს აქედან.
დიმკა ჩაფიქრდა. შემდეგ გააბოლა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ნუცა ხმას არ იღებდა, თან თვალს არ აცილებდა ბიჭს. კარგა ხნის შემდეგ დიმკა ნუცას წინ შედგა და უთხრა:
– მართალს კი ამბობ, მაგრამ ძალიან მრცხვენია გენერლის წინაშე.
ნუცას გაეღიმა და დიმკას მიუგო:
– მართალი ხარ. სირცხვილია. მაგრამ ეს, უპირველესად, ჩემი ბრალია, მე ავიტეხე თბილისში გამომგზავრება. ამიტომ, საკუთარ თავზე ვიღებ და გენერალს მე დაველაპარაკები.
– როდის დაურეკავ?
– დღესვე.
– მხოლოდ სახლიდან არა.
– კი. ვიცი. რუსთაველის გამზირზე წავალ და ფოსტა-ტელეგრაფიდან დავრეკავ.
– ასე ჯობია. მაგრამ, ძალიან ფრთხილად იყავი.
– დარდი ნუ გაქვს. ყველაფერს ხუთიანზე შევასრულებ, – მიუგო დიმკას ნუცამ.
გოგონამ ტანსაცმელი გამოიცვალა. წასასვლელად გაემზადა და გასვლის წინ დიმკას უთხრა:
– არ მოიწყინო. მალე მოვალ.
– ყურადღებით იყავი. გელოდები, – მიუგო დიმკამ და ნუცა გაისტუმრა.
ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში რომ მივიდა, ნუცამ ათმანეთიანი თხუთმეტკაპიკიანებად გადაახურდავა. კაბინაში შევიდა და ლენინგრადში, გენერალ პოპოვს დაურეკა.
– გისმენთ, – უპასუხა გენერალმა.
– როგორ ხართ, ვასილ ანდრეევიჩ? – ჰკითხა ნუცამ პოპოვს და გენერალი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.
განძის მაძიებლები წინასწარ შეთანხმდნენ პაროლზე. საგანგებო შემთხვევის დროს ნუცას სწორედ „როგორ ხართ“ უნდა დაეწყო საუბარი და პოპოვმა მიუგო:
– კარგად. შენ, შვილო?
– მეც კარგად. სად ხართ, რატომ არ დამირეკეთ? მოუთმენლად გელოდებით და დღეს რომ არ ჩამოფრინდით, მეც ამიტომ დაგირეკეთ.
ნუცას სიტყვებმა პოპოვი მიახვედრა, რომ გოგონა მას სასწრაფოდ თბილისში ჩამოსვლას სთხოვდა და ჰკითხა:
– სლავკა როგორაა, შვილო? (ანუ, გენერალმა დიმკა მოიკითხა, რაც იმას ნიშნავდა – ხომ არ დაიჭირესო).
– მშვენივრად და გელოდებათ, – მიუგო ნუცამ.
– ბოდიში, რომ განერვიულე. დღის რეისზე ბილეთები არ იყო და ღამის რეისზე ავიღე. ახლა თერთმეტი სრულდება. ჩემი თვითმფრინავი პირველის ნახევარზე მოფრინავს და ოთხის დასაწყისისთვის მანდ ვიქნები. შენ რომ დარეკე, უკვე სახლიდან გამოვდიოდი.
– კარგი. აეროპორტში დაგხვდებით.
– არა. რა საჭიროა. მე თვითონ მოვალ.
– აუცილებლად დაგხვდებით. აბა, მშვიდობიან ფრენას გისურვებთ. შეხვედრამდე, – უთხრა ნუცამ პოპოვს. შემდეგ ყურმილი დაკიდა. კაბინიდან გამოვიდა და გასასვლელისკენ გაემართა.
ქუჩაში ნუცამ ტაქსი გააჩერა და სახლისკენ გაემართა. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერებინა. ფული გადაიხადა და ბინაში ავიდა.
– რა ქენი? – ჰკითხა სახლში დაბრუნებულ ნუცას დიმკამ.
– ველაპარაკე.
– მერე?
– პირველის ნახევარზე გამოფრინდება და ოთხის დასაწყისისთვის აქ იქნება.
– ღამით, ხომ?
– ჰო.
– მოაგნებს აქ?
– უნდა დავხვდე.
– შენ?
– მერე რა? – გაეცინა ნუცას, – მგლები ხომ არ შემჭამენ ღამით?
– ასე გვიან, მარტო, აეროპორტში რა გინდა?
– რა და, გენერალს უნდა დავხვდე.
– როგორ წახვალ?
– ტაქსით. გამოვიძახებ და მომაკითხავს, – მიუგო ნუცამ. შემდეგ ტელეფონზე დარეკა და ღამის ორი საათისთვის ტაქსი შეუკვეთა. მისამართი ჩააწერინა და ყურმილი დაკიდა.
დიმკამ გააბოლა და გოგონას ჰკითხა:
– ძალიან გაბრაზდა გენერალი, როგორ შეატყვე?
– ლაპარაკში არაფერი ეტყობოდა, – მხრები აიჩეჩა ნუცამ.
– გაგიჟებული იქნება. აი, ნახავ, როგორ დაგვცოფავს, აქ რომ ჩამოვა.
– სიმართლე რომ ვთქვა, კი ვარ ისე ამის ღირსი.
– ჩვენ რა შუაში ვართ?! – თქვა დიმკამ, – ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია და ყველაფერი შემთხვევითობის ბრალია.
– გშია? – ჰკითხა დიმკას ნუცამ.
– არა. ყავას დავლევ.
– მეც, – თქვა ნუცამ. სამზარეულოში გავიდა. ათიოდე წუთის შემდეგ კი ყავიანი ლანგრით დაბრუნდა. კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა, თან ყავა მოსვა.
– ნერვიულობ და ამიტომ გააბოლე? – ჰკითხა დიმკამ გოგონას და თვითონაც სიგარეტს მოუკიდა.
– არც ისე, – მიუგო ნუცამ.
– მე კი, სიმართლე გითხრა, ვნერვიულობ. რა გაუძლებს გენერლის ჯიჯღინს. შენ უყვარხარ და არაფერს გეტყვის. მთელ რისხვას კი ჩემზე გადმოანთხევს.
– გიშუამდგომლებ, რომ ლმობიერად მოგექცეს, – გაეღიმა ნუცას და სიგარეტი ჩააქრო, – ცოტა ხანში გენერალი თბილისში გამოფრინდება და ნელ-ნელა მეც მოვემზადები აეროპორტში წასასვლელად.
ღამის ორ საათს გადაცილებული იყო, როცა გამოძახებული ტაქსი მოვიდა და ნუცა აეროპორტში გაემგზავრა. სამის ნახევარზე უკვე ადგილზე იყო. მძღოლმა უთხრა:
– ალბათ, სტუმარს ხვდებით?
– დიახ.
– ხომ არ დაგელოდოთ?
– ორმოცდახუთ წუთში ჩამოფრინდება.
– მერე რა. დაგელოდებით, – მიუგო ტაქსისტმა, – ოც მანეთად წაგიყვანთ უკან. კერძო ტაქსები ნაკლებად არ მგზავრობენ. გაწყობთ?
– მაწყობს.
– მაშ, კარგი. მანქანას მოშორებით გავაჩერებ. გინდათ მანქანაში დაელოდეთ თქვენს სტუმარს, გინდათ მოსაცდელ დარბაზში.
– დარბაზში ვიქნები.
– კეთილი. მე აქ ვიდგები, – მიუგო ტაქსისტმა ნუცას და გაუღიმა.
ლენინგრადის რეისი ზუსტად დანიშნულ დროს ჩამოფრინდა თბილისში. ყავარჯნებიანი პოპოვი ყოჩაღად მოაბიჯებდა თვითმფრინავის მგზავრებთან ერთად. ნუცა რომ დაინახა, გენერალს სახე გაებადრა. გოგონას გადაეხვია და უთხრა:
– დიმკა სადაა?
– ჩემთან, – მიუგო ნუცამ.
– კარგი. დანარჩენზე სახლში ვილაპარაკოთ.
– კეთილი. ტაქსი გველოდება, – უთხრა ნუცამ გენერალს. ტაქსისკენ წაიყვანა და ახლად ჩამოფრენილი სტუმარი წინა სავარძელზე მოათავსა.
ნუცა და პოპოვი რომ სახლში დაბრუნდნენ, დილის ოთხი საათი შესრულდა. გენერალი დიმკას გადაეხვია. შემდეგ სავარძელში მოკალათდა. გააბოლა და თქვა:
– აბა, დაწვრილებით მომიყევით ყველაფერი. ტყუილად არ ჩამომაფრენდით ამ სიშორეზე.
– თქვი, – უთხრა ნუცამ დიმკას და ბიჭმაც თქვა:
– კიტიას თითქმის სამი კვირა ველოდეთ.
– კიტია, ალბათ, ყალბი საბუთების დამამზადებელია, – სიტყვა გააწყვეტინა გენერალმა.
– დიახ, – დაუდასტურა დიმკამ და განაგრძო, – სამი კვირით ბულგარეთში იყო წასული დასასვენებლად. გუშინ ველაპარაკეთ. ხუთი ათასი მანეთი, ანუ ნახევარი თანხა დავუტოვეთ და დღეისთვის დაგვიბარა სურათების გადასაღებად. დღეს რომ მივედით, მის ქუჩაზე მანქანით გავიარეთ დასაზვერად და დავინახეთ, თუ როგორ წაიყვანა ის მილიციამ. აშკარაა, რომ დაიწვა და დააპატიმრეს.
– თქვენ ხომ არ გაშიფრულხართ?
– არა. ჩვენ ტაქსით ჩავიარეთ და მშვიდობიანად დავბრუნდით უკან.
– მადლობა ღმერთს...
– სამაგიეროდ, სედოი და ფიგარო გაიშიფრნენ, – თქვა დიმკამ.
– სურათები დაუტოვე?
– დიახ.
– სამწუხაროა, – თავი გააქნია პოპოვმა, – ეს ვარიანტი გავითვალისწინე და ფიგარო უმკაცრესად მყავს გაფრთხილებული, ჩემი ბინიდან ფეხი არსად გაადგას.
– ჰო. ძალიან საშიშია. მილიცია მიხვდებოდა, რომ ჩვენ უცხოეთში გაქცევას ვაპირებთ და საზღვრებს შეკრავდნენ.
– კი. უკვე გადაცემული ექნებათ ეს ორიენტიროვკაც, – თქვა გენერალმა.
– ვასილ ანდრეევიჩ, იცით, ვინ დააპატიმრა კიტია? – უთხრა პოპოვს ნუცამ.
– ვინ?
– ვასო ჩხიკვაძემ.
– ჩვენმა მასპინძელმა? – ჩაეცინა გენერალს, – ეს ერთიორად ცუდია. კაპიტანი აუცილებლად ააღწერინებდა თქვენს თავს იმ კაცს და არ გიცნოთ.
– არ მგონია, – თქვა დიმკამ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ნუცას უზარმაზარი სათვალე ეკეთა და არც მოუხსნია. მე კი ურიგო გრიმ-პარიკი არ მაქვს. თანაც, სამედიცინო სათვალე მეკეთა. არ მგონია, რომ ვასომ ერთი აღწერით ამოგვიცნოს.
– იმედი ვიქონიოთ... – თქვა პოპოვმა და დაამატა, – აქ კი, ალბათ, იმიტომ ჩამომიყვანეთ, რომ ჩემთან ერთად უსაფრთხოდ გამოემგზავროთ ლენინგრადში, ხომ?
– დიახ, – მიუგო ნუცამ, – ბოდიშს გიხდით, ვასილ ანდრეევიჩ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.
– სწორედაც მოიქეცით, – გენერალი თმაზე მიეფერა გოგონას. შემდეგ თავჩაღუნული დიმკა შეათვალიერა და უთხრა:
– ალბათ, ფიქრობ, რომ ახლა გენერალი მთელ თავის რისხვას დამატეხსო, ხომ?
– ამას რა დიდი მიხვედრა უნდა, – მიუგო დიმკამ.
– არაფერსაც არ დაგატეხ. რა თქვენი ბრალია. შემთხვევითობა მოხდა და მადლობა ღმერთს, რომ გადარჩით.
– მე რომ არ დაგიჯერეთ და თბილისში მაინც გამოვემგზავრეთ? – უთხრა ნუცამ გენერალს.
– რას იზამ. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგონია? მთავარია, გადარჩით. ლენინგრადში რომ დაგაბრუნებთ, რამე სხვა გეგმა უნდა მოვიფიქროთ და უცხოეთში გასამგზავრებლად სხვა გზები უნდა ვეძებოთ. ეს ისეთი საქმეა, რომ გამორიცხული არაა, „კაგებე“ ჩაერთოს – თქვა პოპოვმა და გააბოლა.
– მეც ხომ ასე გითხარი, – უთხრა დიმკამ ნუციკოს. გოგონამ კი პოპოვს ჰკითხა:
– ვასილ ანდრეევიჩ, საჭმელს ხომ შეჭამთ?
– არა, ნუციკო. ლოგინი გამიშალე. საშინლად მეძინება. შენ რომ დამირეკე, უკვე დაძინებას ვაპირებდი და თბილისში გამომგზავრება მომიწია, – მიუგო პოპოვმა ნუცას.
ვასო ჩხიკვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ნოდარ მდივნის საქმე წამოიღო და მთელი ღამე მის კითხვაში გაატარა. კაპიტანს ისე შემოათენდა, არც კი გაუგია. მხოლოდ მაშინ მიხვდა, ღამე რომ გატეხა, როდესაც მზის პირველი სხივი მის კაბინეტში შეიჭრა და მაგიდაზე აირეკლა. ვასომ კითხვა დაასრულა, ბოლო საქაღალდე დახურა, სკამიდან წამოდგა, გაიზმორა და საათს დახედა. ისრები ექვსს უახლოვდებოდა. კაპიტანმა ფანჯარა გამოაღო და გააბოლა. შემდეგ, ბოლთისცემას მოჰყვა, თან წაკითხულ საქმეს აანალიზებდა. ბოლოს სიგარეტი ჩააქრო, ტელეფონს დასწვდა და ბადრაგს ნოდარ კიტიას ამოყვანა სთხოვა.
პატიმარი წესიერად არც კი იყო გამოფხიზლებული, როდესაც კაპიტნის კაბინეტში ფეხი შედგა. თვალები მოიფშვნიტა და ვასო ჩხიკვაძეს გაოცებული მზერა მიაპყრო.
– დილა მშვიდობისა! – მიესალმა კაბინეტის მასპინძელი პატიმარს.
– გამარჯობა, – მიუგო კიტიამ, – დასახვრეტად ამომიყვანეთ ასე უთენია თუ ხაშზე უნდა დამპატიჟოთ, უფროსო?
– დაჯექით, – უთხრა კაპიტანმა პატიმარს, – თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს.
– რა კითხვა? – თქვა კიტიამ და სკამზე დაჯდა.
– ნოდარ მდივნის შესახებ.
– გისმენთ, უფროსო, – მხრები აიჩეჩა კიტიამ და კაპიტანს ჰკითხა: – შეიძლება, მოვწიო?
ვასო ჩხიკვაძემ სიგარეტი და ასანთი მიაწოდა პატიმარს და უთხრა:
– ინებეთ.
– აბა, ბრძანეთ, უფროსო, – თქვა კიტიამ და სიგარეტი გააბოლა.
– ნოდარ მდივანს საიდან იცნობდით? – ჰკითხა კაპიტანმა პატიმარს.
კიტიას ყურადღება არ მიუქცევია, რომ ჩხიკვაძემ მდივანი წარსულ დროში ახსენა და მიუგო:
– ბავშვობაში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და ერთ სკოლაში დავდიოდით. შემდეგ მდივნები ახალ ბინაში გადავიდნენ და ნოდარმა სკოლაც შეიცვალა. ერთმანეთს წლების შემდეგ შევხვდით, უკვე მაუდის ფაბრიკაში. ნოდარი ჯერ რიგითი ინჟინერი იყო, შემდეგ კი მთავარი ინჟინერიც გახდა.
– თქვენ რას საქმიანობდით იქ?
– სამღებრო ცეხში ვმუშაობდი მხატვარ-დეკორატორად. მერე ნოდარმა დამაწინაურა და ცეხის უფროსი გავხდი, – თქვა კიტიამ, ამოიოხრა და დაამატა: – ეეჰ... შემდეგ ნოდარი დაიჭირეს და დიდი სროკი აჰკიდეს, თორემ, იმდენ ფულს ვიშოვიდი, რომ ეს ბინძური და შარიანი საქმე აღარ დამჭირდებოდა. რა დროს ჩამავლეთ, უფროსო?! ნოდარი სულ რაღაც სამ წელიწადში გამოვა და ისევ გაშლის ფრთებს, მით უმეტეს – ახლა, ასეთ ცხოვრებაში. მე კი, ვინ იცის, ციხეში ჩავლპე. არადა, ისევ თავისთან წამიყვანდა და ერთ-ორ კაპიკს მეც ვიშოვიდი.
– არა მგონია, რომ მდივანთან ყოფნა სასურველი იყოს, – უთხრა პატიმარს კაპიტანმა.
– მე ციხეს არ ვგულისხმობდი, – ამოიოხრა კიტიამ.
– ციხეს არც მე ვგულისხმობდი, – თქვა ჩხიკვაძემ.
– აბა, რას? – ვერ მიხვდა პატიმარი.
– სამწუხაროდ, ნოდარ მდივანი ამ სამი თვის წინ კოლონიაში გარდაიცვალა.
– რაო?! – წამოიძახა კიტიამ და გაფითრდა.
– სამწუხაროდ, ასეა, – ხელები გაშალა კაპიტანმა.
– საცოდავი ნოდარი... კარგი კაცი იყო. ღმერთმა აცხონოს, – თქვა კიტიამ და ჩხიკვაძეს ჰკითხა, – რა დაემართა?
– ჭლექი სჭირდა და სისხლი ამოაღებინა.
– საცოდავი, საცოდავი... – გაიმეორა პატიმარმა, – თუ ნოდარი სამი თვის წინ გარდაიცვალა, მაშინ, ეს ბიჭი და გოგო როგორ გამომიგზავნა ნოდარ მდივანმა?
ჩხიკვაძემ მწველი მზერა ესროლა პატიმარს და უთხრა:
– მე მიკიბულ-მოკიბული არ მიყვარს და არცაა ახლა ამის დრო. ამიტომ, პირდაპირ გეტყით.
– თქვით, უფროსო, ხომ გითხარით უკვე, რომ ყურადღებით გისმენთ.
– კიტია, თქვენი საქმე არც ისე მარტივადაა და, ძალიან რომ ჩავყვე, „კაგებესთვის“ მომიწევს მისი გადაცემა, იქ კი სულ სხვაგვარი მიდგომები აქვთ და შეღავათსაც არავინ გაგიწევთ.
– ვიცი, უფროსო. „კაგებესგან“ ღმერთმა გამიფაროს, – პატიმარმა პირჯვარი გადაიწერა და დაამატა: – ისევ მილიციასთან ჯობია საქმის დაჭერა და, მზად ვარ, ყველაფერში დაგეხმაროთ, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს ძალებს არ აღემატება.
– ძალიან კარგი. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ, – გაეცინა კაპიტანს.
– რა თქმა უნდა, გავუგებთ. გისმენთ, უფროსო.
– ძალიან კარგი, – გაიმეორა კაპიტანმა, – თქვენგან ის მინდა, რომ ყველა ჩემს შეკითხვას გულწრფელი პასუხი გასცეთ.
– შევთანხმდით, უფროსო. მკითხეთ.
– მაშინ, დავიწყოთ.
– დავიწყოთ.
– ნოდარ მდივნის პორტრეტი დამიხატეთ.
– პორტრეტი დაგიხატოთ? – ვერ მიხვდა კიტია.
– დიახ, ამიწერეთ, როგორი ადამიანი იყო, რა იტაცებდა და ასე შემდეგ.
– გასაგებია, – გაეცინა კიტიას და დაიწყო: – პირველ ყოვლისა, ნოდარი ძალიან ჩალიჩა და ჭკვიანი კაცი იყო.
– რას ნიშნავს ჩალიჩა და ჭკვიანი?
– ფულის შოვნა ეხერხებოდა და საამისოდ ჭკუაც უჭრიდა; ერთი სიტყვით, შეეძლო, ისეთი კომბინაცია მოეფიქრებინა, რომ დიდი ფული მოეხვეტა. თან, არც საქმეს წაახდენდა და არც გულს დასწყვეტდა ვინმეს. გაყოფაც იცოდა იმ ცხონებულმა – ამას ვგულისხმობ.
– გასაგებია. თქვენ ის მითხარით, შავ სამყაროსთან რა დამოკიდებულება ჰქონდა?
– ზუსტად ვისთან და როგორ ძმაკაცობდა, ნამდვილად არ ვიცი. არც ის ვიცი, ქურდებს წილს თუ უხდიდა. უფრო, ალბათ, არა; მაგრამ, ნოდარს ყველასთან რომ შეეძლო საერთო ენის გამონახვა – ფაქტია. სხვისი პატივისცემაც იცოდა და არც თავზე დაისვამდა ვინმეს. კაცური კაცი იყო, რუსები რომ იტყვიან, ნამდვილი მუჟიკი, – თქვა კიტიამ და დაამატა: – კარგი ცხოვრება უყვარდა ცხონებულს და ფულიც არ აკლდა. მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა და არც ქალები აკლდა.
– ოჯახი არასდროს ჰყოლია?
– ცოლ-შვილს გულისხმობთ?
– დიახ.
– არა, ცოლ-შვილი არასდროს ჰყოლია.
– მუდმივი საყვარელი?
– როგორ, როგორ?!
– როგორ და, ანუ, საყვარელი, რომელსაც შეეძლო, მისთვის შვილი გაეჩინა, – განუმარტა კაპიტანმა კიტიას.
– ეგ ნამდვილად არ ვიცი, უფროსო. ცხონებულ ნოდარს უამრავი ქალი ჰყავდა და, რომ იტყვიან, ზედ ახტებოდნენ, – ჩაეცინა კიტიას. მერე პაუზა გააკეთა, დაფიქრდა და დაამატა: – თუმცა, დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე მითხრა, რომ ვიღაც ექიმი ქალი უყვარდა. მე მგონი, თვალის ექიმი იყო თუ არ ვცდები.
– შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რა ვითარებაში გითხრათ ეს?
– კი, კარგად მახსოვს: მანქანა გამიფუჭდა ქუჩაში. ამ დროს შემთხვევით ნოდარმა გამოიარა. რომ გაიგო, რაში იყო საქმე, ბუქსირზე ჩამიბა და პროფილაქტიკაში წამიყვანა. მანქანა იქ დავტოვეთ და სახლში წამომიყვანა. რომ ვკითხე, იმ ქუჩაზე რა გინდოდა-მეთქი, მიპასუხა, ჩემი სიყვარული მუშაობს იქ და იმის სანახავად ვიყავიო. ჩვენ კი თვალის კლინიკასთან შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ქალი თვალის ექიმი იყო.
– სხვა დროს აღარ უხსენებია ის ქალი?
– კი, ერთხელ ახსენა.
– შეგიძლიათ, გაიხსენოთ?
– უფრო სწორად, მე ვკითხე და მაშინ ახსენა.
– თქვენ ჰკითხეთ?
– დიახ. ერთხელ ნოდარი ძალიან დადარდიანებული მეჩვენა. მე მის კაბინეტში ვიყავი შესული რაღაც საქმეზე, ის კი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ხელით მანიშნა – დაჯექიო. ლაპარაკი რომ დაასრულა, ვკითხე, რა სჭირდა. მან კი მიპასუხა, რომ ორცეცხლშუა იდგა.
– ორცეცხლშუა?
– დიახ, – თავი დააქნია კიტიამ, – ნოდარის თქმით, მის საყვარელ ქალს ქმარი ჰყავდა და ამის გამო გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
– მერე, მერე?
– მერე ტელეფონმა დარეკა, უფროსო და ნოდარი დირექტორმა დაიბარა. ცოტა ხნის შემდეგ კი, სულ რაღაც ათ დღეში, ნოდარი დააპატიმრეს და მასთან აღარ მილაპარაკია.
– იმ ქალის შესახებ მეტი არაფერი უთქვამს თქვენთვის ნოდარ მდივანს?
– არა, უფროსო, მეტი არაფერი.
– აბა, დაფიქრდით და კარგად გაიხსენეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში