როგორ გაიშიფრნენ 17 მილიონის გამტაცებელი ქართველები მოსკოვში
17 მილიონი
– ესეც 17 მილიონი შესრულდა. კარგი ნავაჭრია, – კმაყოფილებით თქვა მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღის მთავარმა მოლარემ, სტეპან საველიევმა. ფული დიდ სეიფში ჩაკეტა და უნივერმაღის საიდუმლო სამსახურის უფროსს, რომან ჟარიკოვს ბანკიდან ინკასაცია გამოაძახებინა.
ზუსტად 16 წუთის შემდეგ 5 შეიარაღებული ინკასატორი საველიევის კაბინეტში იჯდა და ფულს ითვლიდა. ერთი საათის შემდეგ კი მათ მთელი თანხა ტომრებში ჩააწყვეს და წავიდნენ. თავად საველიევიც წასასვლელად გაემზადა, რადგან 1969 წლის 31 დეკემბერი იყო და ახალ წელს ოჯახში უნდა შეხვედროდა. ამ დროს კი ბანკიდან დარეკეს და დაგვიანებული ინკასატორები მოიკითხეს.
– ინკასატორები ერთი საათია, რაც წამოვიდნენ, – მიუგო საველიევმა ბანკის მმართველს.
სულ მალე მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღი მილიციის თანამშრომლებით გაივსო. ისინი 17 მილიონი მანეთის გაუჩინარების ამბავს იკვლევდნენ და ჟარიკოვსა და საველიევს კითხვებს უსვამდნენ. ბოლოს ორივე მათგანს ხელბორკილები დაადეს და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. 21 საათზე კი მოსკოვის გარეუბან სოლნცევოში ბანკის კუთვნილი „რაფი“ აღმოაჩინეს, რომელშიც ხუთი გაკოჭილი ინკასატორი და მძღოლი იმყოფებოდა.
სათადარიგო ქსელი
17 მილიონის საქმეზე „მური“ მუშაობდა. ყველაფერს დეტალურად იკვლევდნენ. სამეცნიერო-ტექნიკურმა ექსპერტებმა კი სპეცკავშირის ქსელში სათადარიგო ხაზი აღმოაჩინეს, რომელიც უნივერმაღის სარდაფში გადიოდა.
– აი, მთელი ფოკუსიც. აშკარაა, რომ ბოროტმოქმედები ამ ხაზის მეშვეობით იგებდნენ ნავაჭრი თანხის რაოდენობას და ინკასაციის მოძრაობის დროს. შედეგად კი 17 მილიონი ცხვირწინ აგვაცალეს, – თქვა მაიორმა გიორგი სამხარაძემ და დაამატა, – დარწმუნებული ვარ, ამ საქმის მომზადებას მათ დიდი დრო მოანდომეს. ნამდვილი გენიოსები არიან და მათი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, თუ ჩავარდნენ, მერწმუნეთ, წვრილმან, სასაცილო რამეზე დაიწვებიან.
სამხარაძემ და მისმა ხელქვეითებმა ნივთმტკიცება „მურში“ წაიღეს და სისხლის სამართლის საქმეში ჩადეს. ოპერებმა კი გამქრალი მძარცველების ძებნა განაგრძეს, თუმცა უშედეგოდ. ცამ ჩაყლაპა ისინი თუ მიწამ, გაურკვეველი იყო. საქმეს ვერც ინკასატორების ჩვენებამ მოჰფინა ნათელი. მართალია, ისინი ბოროტმოქმედებს აღწერდნენ, მაგრამ გამოცდილი გამომძიებლები მიხვდნენ, რომ მძარცველები გრიმით მოქმედებდნენ და მათი სიტყვიერი პორტრეტისგან შედგენილი ფოტორობოტების გავრცელდება, მხოლოდ ავნებდა საქმეს. მილიციამ ზუსტად იცოდა ის, რომ ძარცვაში ექვსი ადამიანი მონაწილეობდა. მათ ინკასატორები გასასვლელშივე შეაყენეს, გაძარცვეს, გაკოჭეს და მანქანით გარეუბანში წაიყვანეს, თავად კი მიიმალნენ.
ინკასატორის ჩანთა
1970 წლის 8 მარტს თბილისის დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგე მილიციის პატრულმა ახალგაზრდა ბიჭი დააკავა და იქვე, ვაგზლის მოედნის მეტროს ქვეგანყოფილებაში მიიყვანა. ყმაწვილი იმის გამო დააკავეს, რომ სიგარეტის ნამწვი დააგდო დახლთან. მილიციელებმა კი მას ჯარიმა დააკისრეს. ბიჭს ხელში ხაკისფერი ტომარა ეჭირა, რომელიც სხვადასხვა ნუგბარით იყო სავსე.
– აი, უფროსო, ბაზარში დავაკავეთ, – უთხრა რიგითმა კვაჭაძემ მაიორ ხორავას, – „პრიმას“ აბოლებდა და ბიჩოკი პოლზე დააგდო...
დაკავებულს პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდა. ამიტომ, 50 კაპიკის ნაცვლად 3 მანეთი მოსთხოვეს. ბიჭმა კი ხუთმანეთიანი უფეშქაშა და ნადავლს დაავლო ხელი, რომ წასულიყო, თუმცა ხორავამ უთხრა:
– რა გაქვს, ბიჭო, მაგ სუმკაში?
– ხორცი, ხილი, ბოსტნეული. ვქეიფობთ და ბაზარში მე გამომგზავნეს.
– დაგვიტოვე რამე. ცოტა ჩვენც შეგეცილებით, – უთხრა ხორავამ.
ბიჭმა მილიციელებს სავსე ტომარა დაუტოვა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
იმავე საღამოს მაიორი ანტონ ხორავა და მისი ორი თანამშრომელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის კაბინეტში ისხდნენ და ახსნა-განმარტებას იძლეოდნენ. საქმე კი ის იყო, რომ ხაკისფერი ტომარა, რომელშიც უცნობი ყმაწვილის მიერ დატოვებული საკვები ელაგა, ინკასაციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა აღმოჩნდა. გვერდებზე მას სახელმწიფო ბანკის შტამპები ერტყა.
ინკასატორის ტომარა იმავე ქვეგანყოფილების რიგითმა, რამაზ მიქაძემ ამოიცნო და მას შემდეგ, რაც კოლეგების მონათხრობმა დააეჭვა, პირდაპირ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შეატყობინა. იქ კი მოსკოვური ძარცვის ამბავი იცოდნენ და ამ სიგნალზე სასწრაფო რეაგირება მოახდინეს. სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ ბრიყვი და მექრთამე მილიციელები მინისტრის კაბინეტში. შევარდნაძემ მათ უთხრა:
– სიბრიყვისთვის გასაყრელები ხართ სამსახურიდან, თუმცა თქვენმა უტვინობამ, მე მგონი, სერიოზული დანაშაულის კვალზე დაგვაყენა. ამჯერად გაპატიებთ. ქრთამი კი აღარ აიღოთ...
იმავე ღამეს ტომარა მოსკოვში გაგზავნეს ექსპერტიზაზე და დადგინდა, რომ ვაგზლის მილიციელებისგან ამოღებული ტომარა, იმ თორმეტიდან ერთ-ერთი იყო, რომლითაც 17 მილიონი მანეთი წაიღეს მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღიდან.
დედიკოს ბიჭები
საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ მას ძარცვაში მონაწილე ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სურათი და დოსიე გაუგზავნა.
ეს პიროვნება გახლდათ 23 წლის თბილისელი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, პროფესიით იურისტი, თორნიკე ჯაბუა. მისი პიროვნება ქართველმა ოპერებმა ხორავასა და მისი ხელქვეითების ზუსტი აღწერილობით დაადგინეს. მოსკოვიდან ჩამოსულმა „მურის“ სპეცჯგუფმა ვაკეში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ბინაში დააკავეს თორნიკე ჯაბუა, ივანე წერეთელი, კოტე შალამბერიძე (ბინის პატრონი) და ნუკრი ქორქია. ბინაში აღმოაჩინეს გატაცებული ფულის ნაწილი – 7 მილიონი მანეთი... მოსკოველი ოპერები გაოგნებულები იყვნენ და მათმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ხარკოვმა, ოპერაციაზე მყოფ გენერალ შევარდნაძეს უთხრა:
– საოცარია, ედუარდ ამბროსოვიჩ, ამ დედიკოს ბიჭებმა ასეთი მსხვილი საქმე როგორ გაჩარხეს?
შევარდნაძემ თავის რუს კოლეგას ჩვეული იუმორით მიუგო:
– ნუ გავიწყდებათ, რომ ეს ყმაწვილები ქართველები არიან. ჩვენ კი არაპროგნოზირებადი ხალხი ვართ. ცხვარი რომ გგონია, ქართველი შეიძლება, უცებ მგელი აღმოჩნდეს.
ჯაბუას მსგავსად, დანარჩენი დაკავებულებიც სტუდენტები აღმოჩნდნენ, რომლებიც მოსკოვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ. ისინი იმავე ღამეს გადააფრინეს მოსკოვში. თუმცა დანარჩენი ორი მძარცველის, ნიკოლოზ ქაჯაიასა და თედო ბასილაძის დაკავება ვერ მოხერხდა. ისინი მილიციას ხელიდან დაუსხლტნენ – 10 მილიონი მანეთი გაიტაცეს და მიიმალნენ.
ოთხივე ქართველს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ქაჯაიასა და ბასილაძეზე კი საკავშირო ძებნა გამოცხადდა. თუმცა, მათი მრავალწლიანი ძებნა უშედეგოდ დასრულდა.
1985 წელს ოთხივე მსჯავრდებულმა ბოლომდე მოიხადა პატიმრობის ვადა და გათავისუფლდა.