როგორ გაიაფდა ტყვე მონა თბილისის ბაზარზე გიორგი მესამის მიერ სომხური ქალაქის – დვინის აღების შემდეგ
1256 წლიდან, დიმიტრი მეფის გარდაცვალების შემდგომ გიორგი მეფე ენერგიულად შეუდგა შვიდ სამეფოდ განწესებული სახელმწიფოს მართვას.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორის თქმით, მეფე გიორგი მესამე ყოფილა გორგასლის ღირსეული შთამომავალი, მაგარი მეომარი და თავისი სხვა წინაპრის, წინასწარმეტყველი დავითის მსგავსად, მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. გვირგვინოსანი და პორფიროსანი, მეფეთ-მეფე გადავიდა შეტევაზე სახელმწიფოს საზღვრების გასაფართოებლად და რეგიონში მაჰმადიანების სრულად დასამარცხებლად, სომხური ქვეყნების მთლიანად შემოსაერთებლად საქართველოს სამეფოსთვის.
თავისი ქვეშევრდომებისადმი სიკეთით სავსე მეფემ, რომელიც დიდ პატივს სცემდა მეომრებს, მხედართმთავრებს, შინაურებსა და უცხო ქვეშევრდომებს, ბრძანა და შეიკრიბა არმია ქალაქ კაღზევანზე და აშორნიის პროვინციაზე გასალაშქრებლად.
კაღზევანი არმენების ქალაქი იყო ოდესღაც, ასევე მთელი აშორნია. ადრე, ეს ტერიტორიები დავით აღმაშენებელმა დალაშქრა და გაანადგურა იქ მდგომი თურქმანული ტომები.
აშორნიის თემი წარმატებით დალაშქრეს ქართველებმა. შემდეგ გიორგი მესამემ მიმართა უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით და გაეშურა სომეხთა ერთ-ერთი ძველი დედაქალაქის, დვინისკენ. ეს ქალაქი მდებარეობს არარატის მთაგრეხილების ძირში. ოდესღაც ამ ქალაქში ცხოვრობდა სომეხთა პართიული წარმოშობის მეფე თრდატ მესამე, წმიდა მირიან მეფის დაუძინებელი მტერი, შემდეგ კი მძახალი.
გიორგი მესამის პერიოდში, რადგან კარგა ხნის გაუქმებული იყო სომხური სახელმწიფოებრიობა, დვინში მაჰმადიანები მკვიდრობდნენ ძირითადად. სომხები კი ცდილობდნენ, საქართვლოს შეეერთებინა მათი მიწები, რათა რელიგიური და ეროვნული ჩაგვრისგან თავი დაეღწიათ.
დვინის მაჰმადიანმა მოსახლეობამ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია ქართულ არმიას, მაგრამ ქართველებმა მაინც აიღეს ქალაქი. ჯარს დიდი განძი ერგო. ტყვეები თბილისში წამოასხეს. იმდენი იყო ტყვე, რომ თბილისის ბაზარზე ფასი დავარდა და თითო ტყვე დრამად და ფუკადაც კი იყიდებოდაო, წერს მემატიანე.
დრამა ვერცხლის ფულის ერთეული იყო. მისი (და დიჰრემის) სახელი მომდინარეობს ბერძნული დრაქმისგან. საქართველოში ამ დროს დიჰრემს დრამას უწოდებდნენ. გარკვეული პერიოდი დრამა და თეთრი ერთდროულად იხმარებოდა ჩვენს ქვეყანაში (სხვათა შორის, დღევანდელ სომხეთში ფულის ერთეულს ჰქვია დრამი). ამ ისტორიაში დრამა ფულის უმცირეს ერთეულადაა ნაგულისხმები. ფუკი ხისგან გამოთლილ ჭურჭელს ნიშნავს. ანუ, იმდენად ბევრი იყო ტყვე, რომ ბაზარზე ძალიან გაიაფდა, ერთ დრამად იყიდებოდა ან ხის ჭურჭეკშიც კი იცვლებოდაო – გვამცნობს მემატიანე. დრამის ფასი ნიშნავს დაბალ ფასს, დაახლოებით ასე: „გროშია მისი ფასი“.
გიორგი მეფემ გაილაშქრა სომხური ქალაქის, ანისის დასალაშქრავად. ეს ოდესღაც ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო სამხრეთ კავკასიაში. მემატიანე წერს, რომ მასში 1001 ეკლესია იდგაო. ანისი თავის დროზე დავით აღმაშენებელმა შემოუერთა საქართველოს, თუმცა დემეტრე მეფის დროს ის ქურთული წარმოშობის მაჰმადიანმა დიდგვაროვნებმა, შადადიანებმა მიიღეს ყმადნაფიცობის პირობით.
მეფე გიორგი არ იყო კმაყოფილი შადადიანებით და ამიტომ შეუტია ანისს. სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქის ალყა და ბრძოლები.
შადადიანები გაიქცნენ. მეფემ თავად ჩაიბარა ქალაქი. შემდეგ ანისი ჩააბარა ივანე ორბელს, მანდატურთუხუცესსა და სპასალარს და თანაშემწედ დაუნიშნა სარგის მხარგრძელი. ზოგიერთი სომხური წყაროს ცნობით, მხარგრძელები იყვნენ ქურთული წარმოშობისანი, შემდეგში გამონოფიზიტებულნი, სარწმუნოებრივად გასომხებულები. თამარის დროს მათგან უმრავლესობა მართლმადიდებელი გახდა.
1162 წელს ანისი გადაეცა სარგის მხარგრძელს და ებოძა ამირას წოდება. რამდენიმე წლის შემდეგ მეფე გიორგი იძულებული იყო ანისი ისევ შადადიანებისთვის დაეთმო კვლავ ყმადნაფიცობის პირობით.
ანისის ამირობის დროს მხარგრძელმა სარგისმა მიიღო ის ტიტული, რასაც ანისის (შირაკის) მთავრები ატარებდნენ – შაჰანშა. შემდეგში მხარგრძელების წარმომადგენელს, სარგისის ვაჟს, ზაქარიას, ამ ტიტულიდან გამომდინარე სახელი – შანშე (შაჰანშა) უწოდეს.
ანისის კამპანიის შემდეგ დიდებულებმა სთხოვეს მეფე გიორგის სანადიროდ და გასართობად წასვლა, რაზეც მეფემ თანხმობა განუცხადა.
მაჰმადიანური კოალიცია – შაჰარმენი, დიარბექირის ამირა და არზრუმის ამირა სხვა მთავრებთან ერთად, რომლებმაც საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯარს, 80 000 მეომარს მოუყარეს თავი, – დაიძრა გიორგისთვის ანისის წასართმევად. როცა მეფეს ინფორმაცია მიაწოდეს მტრის შემოსევის შესახებ, ის ნაჭარმაგევის დასასვენებელ, „გასართობ“ სასახლეში იმყოფებოდა.
მეფე ვერ დაელოდა სრულიად საქართველოს არმიის შეკრებას, არ დაელოდა ლიხთიმერელი სახელგანთქმული მეომრების მოსვლას და მხოლოდ ლიხთამერელთა მცირე ნაწილების ამარა გადაწყვიტა დაძვრა შირაკისკენ.
მეფეს ნაჭარმაგევში თან ახლდნენ იოანე მწიგნობართუხუცესი და სუმბატ-სვიმონი. სუმბატი უშლიდა მეფეს, მცირე ძალებით ხარ და ნუ გარისკავ მთელი არმიის მოსვლამდეო. „მხნეთა-მხნე და გოლიათთა-გოლიათი“ მეფე, როგორც მემატიანე უწოდებს, არ დამორჩილდა ამ რჩევას. როცა ამ ისტორიას გვიყვება „ისტორიანის და აზმანის“ უცნობი ავტორი, გვეუბნება, რომ მეფე თავისი სეხნია წმიდა გიორგის მიმსგავსებული გახლდათ და მიმღები იყო მოწამეთა ღვაწლისა და გვირგვინისაო. თუ წმიდა გიორგიმ ერთი ვეშაპი მოკლა, მეფემ ბევრზე-ბევრი ასპიტისა და იქედნეს მსგავსები დაამარცხაო. მართლაც გადაჭარბებული პანეგირიკაა, მაგრამ ქართული სახელმწიფო რომ ძლიერი იყო იმ დროს, დავით აღმაშენებლის დამსახურებით, და ინერციით, ეს ნამდვილია.
ბრძოლის წინ გიორგი მეფემ მოაბრძანებინა ძელიცხოველი და ცხენზე ამხედრებულმა მიმართა თავის მეომრებს:
„კაცნო, ძმანო ერთსულნო და ერთრჯულნო! რაზომ სასურველია საღმრთო რჯულისა და ქრისტეს სახარებისათვის სიკვდილი, ჩვენთვის, რომლებიც შევნატრით ქრისტეს გზაზე შემდგართ და ქრისტესთვის გარდაცვლილებს, და რაოდენ სასახელოა მეომრული სიკვდილი ავადმყოფობის გამო გარდაცვალებასთან შედარებით, რადგან სახელი დარჩება საუკუნეების განმავლობაში.
გსმენიათ ძველი მწერლებისგან, რამდენი ბრძოლა გადაიტანეს საღმრთო სჯულისთვის ებრაელთა ტომმა არტაქსერქსესთან, ელინებმა, როცა თემისტოკლე სარდლობდა მათ არტაქსერქსეს წინააღმდეგ ზღვაზე, და გმირული ბრძოლით, ერთი ქალაქის, ათენის მკვიდრებმა დაამარცხეს უამრავი სპარსელი.
ჩემო ფრთიანო ლომებო, აიღეთ ხმლები და შუბები და ღვთის შეწევნით შემუსრეთ ურჯულოები!“
ლოცვა წარმოთქვა მეფემ და ამირახორ სუმბატ ლიპარიტის ძეს, ბექა სურამელს, ქირქიშ აბულეთის ძეს და მათთან მტრებზე გაცილებით მცირერიცხოვან თავის მეომრებს ღიმილითა და სიცილით მოუწოდა:
„ჩვენ იმითაც ვჯობთ, რომ უსწრაფესად დავეჯახებით დროშის მატარებლებს და მისი დაცემით დავცემთ მტრის ბანაკს“. ქართველნი დაუცხრომლად სცემდნენ მტრებს და დიდი ზიანი მიაყენეს. თვით მეფე გიორგი ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად იბრძოდა. თვითონ მეფე წარუძღვა თავის მეომრებს და თვითონ დასცა მტრების მთავარი დროშა.
ეს რომ დაინახეს მაჰმადიანებმა, მიბრუნდნენ და გაიქცნენ, როგორც ცხენები.
დიდი ნადავლი ჩაუვარდა ხელში ქართულ მხედრობას – კარვები, უამრავი თვალი და მარგალიტი, ოქროჭედილი და დაუმუშავებელი ოქრო, აქლემები, ცხენები, ჯორები და სხვა გარდარეული განძი. ათასობით მაჰმადიანი ტყვედ აიყვანეს ჩვენმა მეომრებმა.