რატომ ვერ შეძლო მოწინააღმდეგემ 16 სექტემბერს სოხუმის მოსახლეობის ერთ დღეში გაჟლეტა და რატომ შექმნა რუსეთმა ილუზია, რომ სოხუმს 10 დღის განმავლობაში იცავდნენ ქართველები
სოხუმის დაცემის თარიღად 1993 წლის 27 სექტემბერი სახელდება, რამაც აგერ უკვე 22-ე წელია, გაგვაუცხოვა იმ მიწასთან და ხალხთან, რომელთანაც ერთად ათ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ შეიქმნა პირველად ერთიანი ქართული სახელმწიფო. თუმცა აფხაზეთის დაკარგვის ნიშნები ყველაზე მკაფიოდ 1993 წლის ივლისში გამოიკვეთა (იმას გარდა, რომ დაკვირვებული თვალი ამ ფინალის გარდაუვალობას 1992 წლის აგვისტოს დასაწყისშივე შენიშნავდა, თუ უფრო ადრე არა).
ედუარდ შევარდნაძე: „ჩვენ სოხუმს არავის დავანებებთ. სანამ ვსუნთქავთ, ქალაქს დავიცავთ”
1993 წლის 24 ივლისს თბილისში იმდროინდელი პარლამენტის (რომელიც უკვე ომის მიმდინარეობისას 1992 წლის ოქტომბერში აირჩა) საგანგებო სხდომა იმართება, რომელზეც მსჯელობენ, მოაწერონ თუ არა ხელი სამმხრივ ხელშეკრულებას (რუსეთის გარანტიით) მხარეების მიერ კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების დაშორიშორების შესახებ. იმთავითვე ცხადია, რომ ქართულ მხარეს ზღვით მოუწევს გატანა ფოთში (იმიტომ რომ ზუგდიდს სამთავრობო ძალები ვერ აკონტროლებენ), აფხაზურს – იქვე, რამდენიმე ათეულ კილომეტრში.
ხელშეკრულებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც… სახელმწიფოს მეთაური ძალისხმევას არ აკლებს, რომ დეპუტატები დაითანხმოს…
1993 წლის 24 ივლისის სხდომის სტენოგრამიდან: ედუარდ შევარდნაძე: „..მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის შუალედური დოკუმენტი. მე ყოველთვის ვლაპარაკობდი, რომ ჩვენ სოხუმს არავის დავანებებთ და ასეც იქნება. სანამ ვსუნთქავთ, ქალაქს დავიცავთ. მე გამოვრიცხავ აზრს იმის შესახებ, რომ საქართველომ, შეიძლება, სოხუმი ჩააბაროს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ვინმეს გადავაბარო პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა უნდა ავიღო როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, მაგრამ ჩემთვის პარლამენტის აზრი, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი რეკომენდაცია — რა თქმა უნდა, კანონია. მაგრამ როცა ლაპარაკია გადაწყვეტილების მიღებაზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფოს მეთაურმა. ახლა ისეთი მომენტია, რომ ჩვენ არ უნდა შევცდეთ. შეიძლება დღევანდელი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. დღევანდელ შეცდომას შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთის დაკარგვაც და მართლა სერიოზული საფრთხე, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით. ყველაფერს ეშველება, თუ დროს მოვიგებთ. თუ დროს არ მოვიგებთ, საქმე მძიმედ წავა, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“.
ზუსტად იგივე თქვა მაშინ ჯერ კიდევ სახელმწიფო საბჭოს წევრმა ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე, რომელზეც აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შეიარაღებული ძალების შეყვანაზე მსჯელობდნენ: „მე არ ვარ სასტიკი ზომების მომხრე, მაგრამ ახლა სისუსტე, შეიძლება, უფრო ძვირი დაგვიჯდეს მომავალში.“
თუმცა 1993 წლის 24 ივლისს ის არწმუნებს საზოგადოებას: „მე არ ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტმა კენჭი უყაროს, მოვიწონოთ თუ არ მოვიწონოთ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ. შეიძლება დაიწეროს, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებისათვის, მისი შედეგებისათვის ხელმოწერის ჩათვლით, ეკისრება სახელმწიფოს მეთაურს... მე მზად ვარ, რომ ვაგო პასუხი ყოველ სიტყვაზე და ყოველ ფრაზაზე და, რა თქმა უნდა, შედეგებზეც (ედუარდ შევარდნაძე)“.
კამათი დიდხანს გრძელდება, მაგრამ კენჭისყრას საშველი ვერა და ვერ დაადგა. სახელმწიფოს მეთაური იყენებს თავის უფლებას და საკითხს ერთპიროვნულად იღებს. მას მხარს უმრავლესობა უჭერს...
თენგიზ სიგუა: „დაურეკა შევარდნაძემ გრაჩოვს და უთხრა: „სოგლასენ.” მაგრამ იქიდან უპასუხეს: „პოზდნო!“
პროპაგანდა მუშაობს: სოხუმელებს ქალაქში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. სახელმწიფოს მეთაური რადიოთი და ტელევიზიით გამოსვლებისას არწმუნებს მოსახლეობას, რომ ნანატრი მშვიდობა დამყარდა. ალბათ, იმედოვნებს, რომ მოსახლეობით სავსე ქალაქს, რომელსაც, ფაქტია, განიარაღებული ჯარი ვერ დაიცავს, მოწინააღმდეგე ვერ გაიმეტებს, – ოპტიმისტური გათვლაა, თუმცა ნაკლებ ჰუმანური.
სოხუმში სწავლა პირველ სექტემბერს იწყება, თუმცა დანარჩენ საქართველოში 15 სექტემბისთვის გადაწიეს ახალი, 1993-1994 სასწავლო წლის ათვლის თარიღი.
სექტემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი ედუარდ შევარდნაძეს გუმისთაზე რუსული ჯარის ჩაყენებას სთავაზობს (რაც აჩენს ეჭვს, რომ აფხაზეთი შუაზე უნდა გაეყოთ, ანუ ჯერ კიდევ ემეტებათ ნახევარი). სახელმწიფოს მეთაური უარზეა (როგორც შემდეგ ახსნა, იმიტომ, რომ ბათიაშვილი და ყარყარაშვილი იყვნენ წინააღმდეგნი, თუმცა მოგვიანებით ისიც დაამატა, რომ 16 სექტემბერს, სოხუმის მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ, თავად ურეკავდა პაველ გრაჩოვს, მაგრამ გრაჩოვი ტელეფონთან აღარ მისულა).
თენგიზ სიგუა: „შევარდნაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ, თუკი ის არ დათანხმდებოდა გრაჩოვის წინადადებას, რუსები იერიშს იწყებდნენ სოხუმზე და მათ ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებდა, მით უფრო, რომ სოხუმი უკვე დაცლილი იყო ტექნიკისგან. მერე კი დაურეკა შევარდნაძემ გრაჩოვს და უთხრა: „სოგლასენ”, მაგრამ იქიდან უპასუხეს: „პოზდნო”!
...სოხუმის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო გენერალი გენო ადამია. მირეკავს 4 სექტემბერს, ეს ლაპარაკი კი არა, უფრო ბღავილი იყო: ბატონო თენგიზ, გვიშველეთ რამე! არადა, მე უკვე გადამდგარი ვარ; დავიღუპებით, შიშველი ხელებით როგორ დავიცვა სოხუმიო... ოთხი ერთეული ტექნიკის გადამალვა მოუხერხებია გულრიფშის ტყეებში, ეს იყო და ეს. ხომ იცით, არმადა წამოვა ჩვენზეო. მეც ვიცოდი, რომ სოხუმზე შეტევა მზადდებოდა. ვურჩიე, მიემართა შევარდნაძისთვის და, იცით, რა მიპასუხა? ის ყიდის საქართველოსო. იმას კი აღარ გეტყვით, რა სიტყვებით დაუწყო ლანძღვა. იმის თქმა მინდა, რომ ყველა ხედავდა ამას.“
მოფიქრებული ღალატი
მიუხედავად 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმებისა, სოხუმის მასირებული შტურმი დაიწყო.
აკაკი გასვიანი: „სოხუმში თავდაცვის სისტემა არსებობდა, მაგრამ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თითოეული ბატალიონი, გარდა 23-ე ბრიგადის ბატალიონებისა, თავისი თავის მმართველი იყო და ცენტრალურ ხელმძღვანელობას არ ემორჩილებოდა. ასეთი ჯარი კი ჯარი არ არის. მას უნდა ჰყავდეს ერთი მბრძანებელი და, როდესაც ბრძანება გაიცემა მას ულაპარაკოდ ასრულებს ყველა; ხოლო ვინც არ დაემორჩილება, მას სჯის სამხედრო-საველე სასამართლო. სხვანაირად ჯარის მართვა წარმოუდგენელია. ერთი სიტყვით, ამის გაკეთებას ვაპირებდით და, მართლაც, არავისგან შეგვხვედრია წინააღმდეგობა. თითოეული დგებოდა იქ, სადაც ვანაწილებდით. ალბათ, შინაგანად ყველა გრძნობდა საფრთხის არსებობას. ორი საათი თუ გვეძინა დღე-ღამის განმავლობაში, რადგან არ ვიცოდით, როდის გავარდებოდა ჭურვი. როგორც ჩანს, მტერს გააჩნდა ჩვენ შესახებ ინფორმაცია. ამასთან, ჩვენც მოგვდიოდა ინფორმაციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, მოსკოვიდანაც და, აქედან გამომდინარე, ვიცოდით, რომ ისინი დაარღვევდნენ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ, არ ვიცოდით, როდის.
... ჯერ კიდევ 14 სექტემბერს ღამით დაიწყო მოწინააღმდეგემ მოძრაობა გუმისთის მხრიდან. მალულად შემოჰყავდათ რაზმები. 15-ში უკვე დიდი ძალა შემოიყვანეს და 16 სექტემბერს გამთენიისას შემოგვიტიეს.“
ფელიქს ტყებუჩავა (სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი): „27 ივლისს გაფორმდა უპრეცედენტო, გაუგონარი, წარმოუდგენელი ხელშეკრულება — ქართველები ცალმხრივად განაიარაღეს. როგორ მოახერხა მოწინააღმდეგემ აფხაზეთის აღება — ომით? არა! განაიარაღეს ქართველები — აიღეს გაგრა და გაჟლიტეს მოსახლეობა! განაიარაღეს ქართველები — აიღეს სოხუმი და გაჟლიტეს მოსახლეობა! 27 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების მიზნის გაგება შეუძლებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ განაიარაღეს მოსახლეობა, არამედ, იმის გამოც, რომ, წინა ხელშეკრულებების მსგავსად, არც ამ ხელშეკრულებაში არსებობდა რაიმე გარანტია, თუკი მოწინააღმდეგე ისევე დაარღვევდა ხელშეკრულებას, როგორც იგი გაგრის შემთხვევაში მოიქცა.
... 27 ივლისიდან თვე-ნახევრის განმავლობაში, როდესაც ვითომდაც მშვიდობა დამყარდა, არათუ არ არსებობდა არავითარი გარანტიები, არამედ მიმდინარეობდა იმის პროპაგანდა, რომ დამყარდა მშვიდობა; ვინც სოხუმში არ დაბრუნდება, ის მოღალატეა... ლაპარაკი იყო ქალების, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაბრუნებაზე აბსოლუტურად დაუცველ ქალაქში. ამ მხრივ, ჩემი სინდისი სუფთაა, ვინაიდან მე გავეცი სპეციალური განკარგულება უნივერსიტეტში, რომ არ დაეწყოთ პირველ სექტემბერს სწავლა; რომ ეს არის ხაფანგი და არავინ არ უნდა დაიწყოს სწავლა და, ამასთან, მივუთითე, რომ, პირიქით, უნდა მომხდარიყო მოსახლეობის ევაკუაცია, ხოლო ისინი, რომლებსაც სოხუმის დაცვა შეეძლოთ, იქ უნდა დარჩენილიყვნენ. მართლაც, ზოგიერთი ჩვენი ნაწილი — ღვინჯილიას, შონიას, ასმავასა და ჯომიდავას ბატალიონები დარჩნენ, მაგრამ ისინიც განიარაღებულნი იყვნენ. ეს იყო მოფიქრებული ღალატი, ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევ.“
ფელიქს ტყებუჩავა: „მათ უნდოდათ სოხუმის მოსახლეობის ერთ დღეში ამოწყვეტა“
16 სექტემბერს, გამთენიისას, მოწინააღმდეგემ სამი მხრიდან შემოუტია სოხუმს: ხმელეთიდან, ზღვიდან, ჰაერიდან. გუმისთიდან რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონები შემოდიოდნენ, რომლებიც ქალაქში ბრძოლის ტექნიკას იყენებდნენ. მათ ახლდნენ ჩრდილოკავკასიელი კონფედერატებიც. სოხუმში მხოლოდ 5 000-მდე ავტომატებითა და ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული დამცველი იყო.
კიდევ – რამდენიმე გადამალული ტანკი...
არც ისე ბევრი ტყვია-წამალი და არცერთი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
ფელიქს ტყებუჩავა: „16 სექტემბერს ისინი ტანკებით მოადგნენ გუმისთას და მათ მიერ გადამალული მთელი ტექნიკა ერთბაშად წამოვიდა სოხუმზე, ჩვენ კი მხოლოდ ერთი ძველი ტანკი გაგვაჩნდა. ეს მოვლენა ისტორიაში ჩაიწერება, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი და რუსეთის იმპერიული ხელმძღვანელობა ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს იმ სირცხვილს, რაც მან საქართველოს წინაშე ჩაიდინა; სეპარატისტებისა და კონფედერატებისათვის კი ეს ბრძოლები დარჩება, როგორც ანტიკავკასიური დანაშაული.
კოლესნიკოვმა, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, სხდომაზე, სადაც დამუშავდა სოხუმზე შეტევის გეგმა, განაცხადა კიდეც, რომ 16 სექტემბერს სოხუმი დაეცემოდა. ესე იგი, მათ ეგონათ, რომ 16-ში ერთბაშად შემოიჭრებოდნენ ქალაქში. მოგეხსენებათ, სწავლა დაწყებული იყო, მოსახლეობა ბრუნდებოდა და, რომ არა ჩვენ მიერ გამაგრებული თავდაცვითი ზღუდეები, სოხუმის მთელი ქართული მოსახლეობა ერთ დღეში, 16 სექტემბერს მთლიანად ამოწყდებოდა.
ის ათი დღე, რომელთა განმავლობაშიც სოხუმი ვითომდა თავს იცავდა, სინამდვილეში გათამაშებული იყო. ის ნაწილები, რომლებიც იმ დროს სოხუმში იმყოფებოდნენ, ათი დღის განმავლობაში ქალაქს ვერ დაიცავდნენ. ეს იყო გაკეთებული იმისათვის, შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მტერი შეესია სოხუმს და მოწინააღმდეგემ ომით აიღო ქალაქი. ამიტომაც დაარქვეს ამას „სოხუმის დაცემა”, რათა არ გამოჩენილიყო ის გაუგონარი ვერაგობა, რომ განიარაღებულ ქალაქს დაეცა მოწინააღმდეგე და გაჟლიტა მოსახლეობა. ასეთი გახლდათ მხარეებს შორის შეთანხმება, რაოდენ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები.“
P.S. იმ დროს, როდესაც სოხუმზე შეტევა დაიწყო, ოჩამჩირეში 24-ე ბრიგადა იდგა. თუმცა იქ 4 000 მოსამსახურე ირიცხებოდა, რეალურად ავტომატის ხელში დამჭერი მხოლოდ 1 800 იყო. ოჩამჩირე ვერ მიეშველა სოხუმს. რატომ? თითოეული მონაწილე თავისებურად ყვება ამ ამბავს. ან, შეცვლიდა კი მიშველება უკვე ამოქმედებულ სცენარს და დაატრიალებდა თუ არა ბედის ჩარხს ისევ წაღმა?! ჩვენ ამას უკვე ვეღარ გავიგებთ, როგორც იმას, თუ რატომ არ მიაშველა მხარგრძელმა გარნისის ბრძოლაში თავისი 5 000-ანი ჯარი შალვა ახალციხელს და შორიახლოდან ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ შეაკვდნენ მტერს ბოლო კაცამდე მისი თანამემამულეები.