კომუნიზმის აჩრდილი
იმის გამო, რომ რფ-ის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის განადგურებამ მასობრივი ხასიათი მიიღო, პრ. პუტინი კი მაკედონელი არ არის, ბოლო წყლიანი მათარა მოწყურებული ჯარის თვალწინ დაღვაროს უდაბნოში, „როსსელხოზნადზორმა“ ქმედებას ინსტრუქციაც მოაყოლა.
კერძოდ, კონტრაბანდული პროდუქციის განაწილება კი შეიძლება რუსეთის ღარიბი მოსახლეობისთვის, მაგრამ სახიფათოაო.
უწყების წარმომადგენელი ამბობს: „ ეს არის გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქცია; ამიტომ მათში, შესაძლოა, ბევრი მავნე ნივთიერებაც იყო, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასო.“
ამის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან მოსკოვის მიმდებარედ ამოქმედდა წესი, რის მიხედვითაც ადგილობრივი პენსიონერები სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ პროდუქტებზე ქსელურ მაღაზიებში.
მეტიც, „მინპრომტორგმა“ მთავრობას მიმართა, რომ ქვეყანაში საკვებით დახმარების მიზნობრივი სისტემა ამოქმედდეს, რაც ორ მიმართულებას მოიცავს: პირველი – „სასურსათო ბარათებს“ (სახელმწიფო ღარიბებს მიზნობრივად გამოუყოფს თანხას) და მეორე – უფასო ან შეღავათიანი კვების პროგრამას, რისი წყალობითაც რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ საზკვების ადგილებში, სასადილოებსა და კაფეებში დანაყრებას. ინიციატორები მოსახლეობას აიმედებენ, რომ სასურსათო ბარათები 2016 წლიდან გაეშვება (სახელმწიფო ბარათების მფლობელებს თვეში რამდენიმე ათას რუბლს დაურიცხავს, ოღონდ, ამ თანხით ალკოჰოლსა და თამბაქოს ვერ შეიძენენ) და განმარტავენ, რომ ინიციატივის მიზანია, რუსეთის მოქალაქეებმა ჯეროვნად და კალორიულად იკვებონ, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებასო (ანუ, კომუნიზმს ამყარებენ?!). თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ზემონათქვამი სურსათისა და ფულის დეფიციტს უკავშირდება.
აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: იმპორტული საქონლის საზღვარზე უპირობო განადგურებაა გამოსავალი თუ „სასურსათო ბარათების“ დარიგება?!