განსახიერებული
ანუ თერაპევტი ჯობია
რაკი უცხო სა-უცხო-ო არა მხოლოდ ჩვენთვისაა, ჩვენი პრეზიდენტყოფილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის მოთხოვნით ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, სხვათა შორის, თვით პრეზიდენტ პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე და ეს ამბავი სამ თვეს გასტანს. თუმცა ოდესის გუბერნატორი ჯერჯერობით აცხადებს, რომ გული არ მიუწევს უკრაინის პრემიერ-მინისტრის სკამისკენ (მიზეზი უცნობია და ისიც, სანამდე გასტანს ეს გულაცრუება).
ოღონდ, უკრაინელებისთვის არ დაუმალავს, როგორი უნდა იყოს, მისი წარმოდგენით, მთავრობის მეთაური. მომყავს ციტატა: „უპირველესად, პატიოსნებით უნდა გამოირჩეოდეს (პიპინია დაამატებდა, თერაპევტი ჯობიაო), ამავდროულად, უნდა ერკვეოდეს ფინანსებში და თავისუფალი უნდა იყოს ოლიგარქიული გავლენებისგან.“
თუ ხელმოწერების დაწყების ფაქტით ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ უკრაინელებს სწორედ ბ-ნი სააკაშვილი მიაჩნიათ მის მიერ მოხმობილი თვისებების განსახიერებად, რადგან, როგორც ჩანს, მტკიცედ სჯერათ, რომ ის, ყარაულაშვილი ქეთოსი არ იყოს, უმწიკვლო და პატიოსანი ჩაჰბარდა თავის მეორე „ქმარს“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – სკამს)! –