ვინ დაეხმარა მარიამ დარბაიძეს ტრაგედიის გადატანაში და როგორ ისწავლა მან ხელოვნების ნიმუშების დამზადება
პროფესიით ეკონომისტი მარიამ დარბაიძე უკვე რვა წელია, ლილოში, მაღაზიის ადმინისტრატორად მუშაობს და ოჯახს, რომელიც მხოლოდ მის იმედზეა, დამოუკიდებლად ინახავს. თუმცა მისწრაფებას, რომელიც ბოლო პერიოდში აღმოაჩინა და მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა, პროფესიასთან საერთო არაფერი აქვს. მარიამი ულამაზეს დეკორატიულ სანთლებს ამზადებს, რომლის მიმართაც გულგრილი ვერცერთი მნახველი ვერ რჩება. ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ ამხელა ინტერესი მის ცხოვრებაში მომხდარმა უდიდესმა ტრაგედიამ გამოიწვია. ამ საქმიანობაში მარიამმა ჰპოვა თავშესაფარი, რომელიც 18 წლის შვილის დაკარგვის შემდეგ, ასე ძალიან სჭირდებოდა.
მარიამ დარბაიძე: დაახლოებით, ნახევარი წლის წინ დავიწყე დეკორაციული სანთლების კეთება. პირველად ინტერნეტში ვნახე ძალიან ლამაზი სანთელი, მომეწონა და დავინტერესდი, როგორ კეთდებოდა. მოვძებნე შესაბამისი საიტები, დავუკავშირდი ამ საქმის უცხოელ სპეციალისტებს და მათთან ვიდეოგაკვეთილები გავიარე. მათგანვე შევიძინე ყველაფერი, რაც სანთლის დამზადებისთვის იყო საჭირო და მუშაობა დავიწყე. ბევრი სირთულე შემხვდა – თუნდაც, შესაბამისი აპარატურის მოპოვება, რომელიც საქართველოში არ იშოვება. მისი გამოწერა კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ისევ ჩემს ფანტაზიას მივმართე, მოვიფიქრე, როგორი ხელსაწყო დამჭირდებოდა და აქვე დავამზადებინე. დასაწყისში რთული იყო, მაგრამ პრაქტიკამ ტექნიკა დამიხვეწა. მთავარი ესაა. რაც შეეხება ფანტაზიას, ის თავისთავად ვითადება. სხვა ქვეყნის ტენდენციებსაც ყოველთვის ვადევნებ თვალს და ვცდილობ, მეც ფეხი ავუწყო. ყველაზე მეტად, ეგრეთ წოდებული, „დაჭრილი სანთელი“ მომწონს, რომელზეც ჩუქურთმების გამოყვანა ხელით ხდება.
– საქართველოში კონკურენტი თუ გყავთ?
– რამდენადაც ვიცი, არა. თავიდან, ამის კეთება რომ დავიწყე, ყველა მეუბნებოდა, გიჟი ხარო და დამცინოდნენ. ახლობლებლის გვერდში დგომის იმედი მქონდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ხელს არავინ მიწყობდა. ფიქრობდნენ, რომ ფულს და დროს ფუჭად ვფლანგავდი. პირველი გამოფენა აპრილში „ექსპო ჯორჯიაში“ მქონდა. ძალიან კარგი შეფასებები დაიმსახურა ჩემმა ნამუშევარმა. აბსოლუტურად ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევდა. პირველი სანთელი რომ გავყიდე, საოცრად ბედნიერი ვიყავი და ყველას დავურეკე, ვინც გიჟს მეძახდა (იცინის). თურმე, ხალხს სჭირდება ის, რასაც მე ვაკეთებ. მეორე გამოფენა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მქონდა. აქ უკვე ორასი სანთელი გამოვფინე. ყველა სანთელი ერთმანეთისგან განსხვავებულია: ფერით, ფორმით თუ ზომით. ვცდილობ, მრავალფეროვნება შევქმნა.
– მათი დამზადება რა თანხებს უკავშირდება?
– ძალიან დიდი თანხა არ არის, მაგრამ არც იაფია. ფასი ათი ლარიდან იწყება და ას ლარამდეა. პატარა სანთლები ხუთ ლარადაც მაქვს. ჯერჯერობით აქტიურად არ ვყიდი. ვფიქრობ, შემოდგომისთვის პატარა ფართი ავიღო და სახელოსნო და მაღაზია ერთად გავაკეთო. პატარა ბიზნესგეგმა მაქვს, თუმცა ცოტა ვნერვიულობ. პროფესიით ეკონომისტი ვარ და ახლა ლილოში, მაღაზიაში ვმუშაობ ადმინისტრატორად. უკვე რვა წელია, ამ საქმე ვაკეთებ. ხელოვნების მიმართ მიდრეკილება საიდან წამოვიდა, არც ვიცი. ბავშვობაში დედაჩემი მუსიკაზეც მატარებდა, ცეკვაზეც, ცურვაზეც და რამდენიმე დღის წინ ვეხუმრებოდი: რა მოხდებოდა, ბარემ ხატვაზეც მიგეყვანე, იქნებ ვინ გამოვსულიყავი-მეთქი (იცინის). ახლა სწორედ ოჯახის გამო ვნერვიულობ. გამოვა კი ისე, რომ თუ ჩემს მაღაზიას გავხსნი, ოჯახის შენახვას შევძლებ? ლილოს მაღაზიაში ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი მაქვს. ჩემი რომ გავხსნა, იქ მუშაობას თავი უნდა დავანებო – რომ არ გამოვიდეს, პურის ფულის გარეშე დავრჩები. ოჯახი მატერიალურად ჩემზეა დამოკიდებული. მე, ჩემი შვილი და მოხუცი დედა ვცხოვრობთ ერთად. მეუღლეს უკვე 16 წელია, დაშორებული ვარ. როცა ოჯახი მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული და წინასწარ არ ვიცი, გაამართლებს თუ არა ჩემი გეგმა, ცოტა ვნერვიულობ.
– როგორც ვიცი, ამ სფეროში აქტიური მუშაობა თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყეთ.
– ასეთი საქმეების მიმართ მიდრეკილება სულ მქონდა. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ბავშვისთვის ვქსოვდი ხოლმე. მერე დავიწყე წყლით ქარგვა, მაგრამ მალევე დავანებე თავი, რადგან აბრეშუმის ძაფი სჭირდება, რომელიც საქართველოში ფიზიკურად არ იშოვება. შემდეგ კარგა ხანი გაჩერებული ვიყავი, არაფერი გამიკეთებია. მაგრამ მერე, ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დატრიალდა და აუცილებლად უნდა გამეკეთებინა რამე, რომ ყურადღება მასზე გადამეტანა. ისევ ქარგვა დავიწყე. ვიტრაჟებსაც ვამზადებდი. ეს იყო გზა ჩემი ტრაგედიისგან გაქცევის. არ მინდოდა, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა. ამ ყველაფრის გადატანაში ყველაზე დიდი როლი ეკლესიამ შეასრულა. მე ჩემმა მოძღვარმა გამაძლებინა. მაგრამ, ეკლესიის შემდეგ სახლში მიდიხარ, მარტო რჩები და ისევ ფიქრები გიპყრობს. ამიტომ, აუცილებლად რამით უნდა დავკავებულიყავი და გამუდმებით იმაზე არ მეფიქრა, რომ ჩემს 18 წლის შვილს მანქანა დაეჯახა და დამეღუპა. ახლა უკვე მეხუთე წელი სრულდება. პირველმა წელმა როგორ გაიარა, არც მახსოვს. წლისთავამდე ძალიან მძიმედ ვიყავი. ეს პერიოდი ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ გავატარე. წამლები და ეკლესია იყო ჩემი თავშესაფარი. მეორე შვილიც მყავს – 17 წლის გოგონა. მაშინ 13 წლის იყო და მერე მივხვდი, რომ მასთან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. ბავშვი ძალიან უყურადღებოდ მრჩებოდა. მით უმეტეს, გარდატეხის ასაკში იყო და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მაშინ სჭირდებოდა. ჩემი გარდაცვლილი შვილი, რა თქმა უნდა, არასდროს მავიწყდება, მაგრამ თავს დავაძალე, რომ სულ საფლავზე და მასზე ფიქრებში არ ვყოფილიყავი. ეს საქმეც ერთგვარი თავშესაფარია ჩემთვის. მუშაობის პროცესში სხვა სამყაროში გადავდივარ და აღარ ვფიქრობ, რომ მე მყავდა ორმეტრიანი ვაჟკაცი, რომელიც ახლა აღარ მყავს.
– როგორც ვიცი, სპეციალურად პატრიარქისთვისაც გაქვთ სანთელი დამზადებული.
– კი, პატრიარქისთვის მაქვს დამზადებული სასაჩუქრე სანთელი და ძალიან მინდა, პირადად შევხვდე და გადავცე. დარწმუნებული ვარ, მისგან დიდ მადლს მივიღებ. ჩემი მოძღვრისთვის მქონდა გაკეთებული და მას უკვე გადავეცი. როცა სანთელს ვინმესთვის ვამზადებ, გამუდმებით იმ ადამიანზე ვფიქრობ და თითოეულ სანთელში, ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ სხვადასხვა ადამიანი ჩანს. ამიტომაც განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან. ყველას თავისი სახელი აქვს.
– მათი გასხვისება არ გიჭირთ?
– სანთლებს მათ ვჩუქნი, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მინდა, თავი დავამახსოვრო. დღესაც ჩემს ექიმს ვაჩუქე. ახლა მისგან მოვდივარ. როგორც გითხარით, ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამდი და მისი დამსახურებაა, რომ მე წამალდამოკიდებული არ გავხდი. ექიმის დახმარებითა და უფლის შეწევნით, ფეხზე დადგომა და თავის ხელში აყვანა შევძელი. საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ძალიან მეხმარება.