როგორ მიმართავს პაციენტებს ექიმი რამაზ ყურაშვილი და რა უნდა იცოდეს ყველამ დიაბეტის შესახებ
ექიმი, რომლის სახელიც თბილისში ლეგენდად ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან იქცა. ბატონი რამაზ ყურაშვილი – პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართულ მედიცინაში შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლა, პრაქტიკულად, მედიცინის ამ დარგის ჩამოყალიბება, დიაბეტიან პირთა ინტერესების დაცვა და მრავალწლიანი ლობირება საქართველოს პარლამენტში, დიაბეტის მკურნალობაში ხელოვნური ბეტა-უჯრედის ექსტრაკორპორალური მეთოდის გამოყენება. დიაბეტის მონიტორინგი და კონტროლი – გლიკოჰემოგლობინის ანალიზის გამოყენებით, დიაბეტიან პირთა განათლება და უფლებების დაცვა, მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მისი პროფესიული შემოქმედების არასრული სიაა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად, ის რჩეულ ენდოკრინოლოგ-დიაბეტოლოგად დასახელდა, რომელსაც პაციენტები ენდობიან. ბატონი რამაზის კაბინეტიც, მისივე ექსტრაორდინარული ბუნებიდან გამომდინარე, საოცრად მხატვრულია. ფერწერულ ტილოშიც კი „ტკბილი მეგობრების” ამოკითხვა შეუძლია, როგორც ის საკუთარ პაციენტებს უწოდებს.
პროფესიული განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
სპეციალობა, ხარისხი: ენდოკრინოლოგ-დიაბეტოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
დიპლომის შემდგომი განათლება: სპეციალიზაცია მოსკოვის ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ ცენტრებში, 1974-1978; მივლინება გულის, სისხლისა და ფილტვების ეროვნულ ინსტიტუტში – ბეტესდა, აშშ, 1976-1977 წლებში აშშ-სსრკ თანამშრომლობის პროგრამით. სპეციალიზაცია ექიმთა დიპლომის შემდგომ სპეციალიზაციის აკადემიაში, მოსკოვი. 1982-91.
დაკავებული თანამდებობა: 1987 წლიდან რესპუბლიკური სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის დირექტორი; 1992 წლიდან საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი, საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიურ ასოციაციათა კავშირის თავმჯდომარე; 2003 წლიდან ითვლება ჟურნალ „დიაბეტი და ჯანმრთელობის” დამაარსებლად და მთავარ რედაქტორად. 2011 წლიდან დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დამაარსებელი და დირექტორია. 1968 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია. ის იყო პირველი, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ვინც დანერგა RIA და ELISA მეთოდები, რომელიც 1972 წლიდან წარმატებულად გამოიყენება. 1992 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს დიაბეტის ცენტრი, სადაც თავიდანვე დირექტორის თანამდებობა ეკავა. 1991 წელს დააარსა საქართველოს დიაბეტის ფედერაცია. 2004 წლიდან დიაბეტის ფედერაციას შეეცვალა სახელი და გახდა დიაბეტისა და ენდოკრინულ ასოციაციათა კავშირი. კავშირის პირველი ყრილობა ჩატარდა 2006 წელს.
– ბატონო რამაზ, თქვენი და პაციენტის ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ. რა არის მათთან დამოკიდებულებისას თქვენი უმთავრესი სამუშაო პრინციპი?
– როგორც იტყვიან, ისეთი კითხვა დამისვით, ბურთი ამიწიეთ. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, დიაბეტით დაავადებულ პირებს დავარქვი „ტკბილი მეგობრები“. ეს მაშინ, როცა მათ „დიაბეტიკებს“ უწოდებდნენ. მახსოვს, ერთი ჩემი რუსი კოლეგა მეუბნებოდა კიდეც, რომ მე სწორედ ამის გამო ვუყვარდი პაციენტებს. თუმცა, რეალურად, ეს ძალიან მწარე დაავადებაა, რომელსაც ნორმალურად სახელიც კი არ აქვს შერჩეული და სულ მიდის დისკუსია, შეუცვალონ. სისხლის შაქრის შემცველობის მატება, ეს სულაც არ გახლავთ შაქრიდან გამოწვეული. შაქრიანი დიაბეტის მიზეზი შესაძლოა, იყოს რამდენიმე ფაქტორი: უპირველესად ეს არის, კუჭუკანა ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ინსულინრეზისტენსობა. რისკის ფაქტორები შესაძლოა, ცალკე ჩამოვთვალოთ. ეს გახლავთ უცვლელი და ცვალებადი რისკის ფაქტორები: ჩვენი მშობლები, ჩვენი კანის ფერი, ასაკი, რასა, გენეტიკა – ეს ყველაფერი უცვლელი ფაქტორებია. ჩვენ გვრჩება შანსი, ვიმოქმედოთ ცვალებად მიზეზებზე და აქ ვეძებოთ შედეგები. ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია ასევე, მოსახლეობის დაბერება, უმოძრაო ცხოვრება, სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ლიპიდების დარღვევა-დისლიპიდემია, კვებასთან დაკავშირებული პრობლემა, სიმსუქნე და ინტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. იმ ეტაპზე, ვიდრე პრედიაბეტი გადავა დიაბეტზე, მედიცინას შეუძლია განკურნოს პაციენტი. დიაბეტის წარმოქმნა ასევე, ინსულინის სეკრეციასთან არის დაკავშირებული. რა ხდება ამ დროს? ინსულინი უნდა გამოიყოს ჭამის პროცესში. დიაბეტის დროს კი რა ხდება? – დასაწყისში გამოიყოფა ინსულინის ჭარბი რაოდენობა და ადამიანს სისხლში შაქარი უვარდება. რადგანაც ჭარბი ინსულინი გამოიყოფა, ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება, მიიღოს ბევრი საკვები. შესაბამისად, მუდამ შია. დიაბეტის გაჩენის შემდეგ ავადმყოფს აქვს შემდგომი სიმპტომები: მომატებული წყურვილის გრძნობა, ხშირი შარდვა, ქავილი, მაღალი არტერიული წნევა, ასევე, წონაში მატება ან გვიან სტადიაში, წონაში კლება. შემდგომ მიდის სხვა გართულებებიც.
– ბატონო რამაზ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ დაიბეტის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს?
– უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი კრიტერიუმი დიაბეტით დაავადებულებთან ურთიერთობისას, გახლავთ ის, რომ თავად პაციენტმა მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს ექიმთან. დიაბეტის წინამდგომარეობა მრავალფაქტორიანია და არცერთ შემთხვევაში, პაციენტმა თვითმკურნალობას არ უნდა მიჰყოს ხელი. უპირველესად, უნდა მივიდეს ექიმთან. კარგი ექიმი, დამჯერი და შემსრულებელი ავადმყოფი და პლუს მიზანმიმართული, გათვლილი მკურნალობის კურსი – ეს მთლიანობაში ქმნის შედეგს. ასევე, მნიშვნელოვანია, პაციენტმა რაც შეიძლება ადრე მიმართოს ექიმს, მაშინაც კი, როდესაც არავითარი სიმპტომი არაა და მხოლოდ გარკვეული წინაპირობები არსებობს. მაგალითად, როცა მშობლები ჰყავს დიაბეტიანი, ან აქვს ზედმეტი წონა, ეწევა პასიურ ცხოვრებას, აქვს არტერიული წნევა – ყველა ასეთ შემთხვევებში, გროვდება საჯარიმო ქულები და ეს ყველაფერი ქმნის დიდ ალბათობას, რომ ადამიანი დიაბეტის პოტენციური მატარებელია. მან უნდა ივარჯიშოს, წონაში დაიკლოს და მაქსიმალურად დასწიოს საჯარიმო ქულები. რისკის ფაქტორების გამოვლენის კითხვარს მე ფართოდ ვიყენებ. პირადად ვცდილობ, პაციენტთან ვითანამშრომლო და პაციენტზეც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ის ჩემთან, კაბინეტში ატარებს ძალიან მცირე დროს, ყველაზე დიდხანს საკუთარ დაავადებასთან რჩება მარტო და თავადაა უმეტესწილად, პასუხისმგებელი იმაზე, როგორ შეებრძოლება დიაბეტს.
– თავად თუ ზღუდავთ კვებით რაციონს?
– რა თქმა უნდა. არ ვეწევი სიგარეტს. ჭარბი კვება და ალკოჰოლის ჭარბად მიღება მაღლა სწევს შაქრიანი დიაბეტის წარმოქმნის რისკებს. ასევე, არ ვეტანები კრემით გაჯერებულ ნამცხვრებს, ტორტს, ტკბილეულს, კოკა-კოლას. ყველაფერ ამის დემონსტრირებას ოფიციალურ, საჯარო შეხვედრებზე ვახდენ. ვიყენებ მხოლოდ „სტევიას“ დამატკბობელს. ზედმეტად ცომიან ნაწარმს ვერიდები, ხინკალს ზომიერად მივირთმევ, ცხიმიან საკვებზეც უარს ვამბობ. ყველაფერი ეს კი მიმართულია იმისკენ, ადამიანმა იზრუნოს, გაატაროს პრევენციული ზომები იმისთვის, რომ არ გახდეს ,,ტკბილი მეგობარი“ და შემდეგ არ დასჭირდეს ამ ქრონიკულ დაავადებასთან ბრძოლა. ყოველდღიურად უნდა ვივარჯიშოდ ზომიერად.