რის კეთება ეკრძალება ჩინეთის კლუბში მუშაობის გამო სოფია კენჭიაშვილს და როდის ექმნებათ იქ წასულ ქართველ გოგონებს პრობლემები
სოფია კენჭიაშვილი 4 წელია, რაც ჩინეთში ცხოვრობს და წარმატებულად მუშაობს. ის ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღით თბილისში ჩამოვიდა. თუმცა, ეს გარემო, როგორც თავად ამბობს, მასზე არცთუ ისე დადებითად მოქმედებს.
სოფია კენჭიაშვილი: წელიწადში დაახლოებით სამჯერ მაინც ვიცვლი იმიჯს, რადგან ასე სჭირდება ჩემს სამსახურს. კლუბში ქლაბერი ვარ, უნდა მიყურონ და კარგად, სხვადასხვანაირად უნდა გამოვიყურებოდე. ისედაც მიყვარს ასეთი სტილი და მშვენივრად ვეგუები. გავიზარდე, მაგრამ ამ ყველაფერმა არ გამიარა, ისევ ის სოფია დავრჩი, მგონი, კიდევ უფრო უარესი.
– კიდევ რამ არ გაგიარა?
– ეგოისტი გავხდი, მარტო ვარ. რამდენიმე მეგობარი მყავს – ჩინელები და ქართველები და ფაქტობრივად, საქართველოსთან კონტაქტი გავწყვიტე. ოჯახი რომ არ მყავდეს აქ, არ ჩამოვიდოდი. აქ რა ვაკეთო? ხომ ხედავ, როგორ გამოვიყურები? წარმოიდგინე, ასე დადიხარ ჩინეთის ქუჩებში, ანათებ და არავინ გიყურებს დაგრუზული, არც იმას ფიქრობს, ეს ვინ არისო. მაქსიმუმ, შეიძლება გაგიღიმონ, მოგესალმონ, ფოტო გადაგიღონ. აქ კი ხალხი დადის შავებში, დაბღვერილები. მაძაგძაგებდა რომ მოვდიოდი. ვიზის გასაკეთებლად და ოჯახის სანახავად ჩამოვედი რამდენიმე დღით. ჩემს განწყობაში ვეღარ ჯდება აქაურობა. 27 წლის ვარ და რომ წავედი, 23 წლის ვიყავი. ფოტოებს რომ ვუყურებ, ახლა უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები, ვიდრე მაშინ, რადგან ვიყავი ჩვეულებრივი დაგრუზული ქართველი. როგორი ხასიათიც არ უნდა გქონდეს, გარემო მაინც მოქმედებს. რაც იქ წავედი, სულ ბედნიერი და კარგ ხასიათზე ვარ – რა თქმა უნდა, ფინანსებიც, გარემოც თავისას შვრება.
– თქვი, მარტო ვარო. ადრე მახსოვს, იყო ერთი ჩინელი ბიჭი შენს ცხოვრებაში, რომელიც გიყვარდა.
– ახლა თავისუფალი ვარ. ამისთვის არ მცალია. ვმუშაობ, ფულს ვაგროვებ, მანქანა უნდა ვიყიდო და კიდევ რაღაცეები. მინდა თუ არა, თუ როცა იქნება, ხომ მაინც საქართველოში უნდა დავბრუნდები. თუმცა, შეიძლება, გავყვე ვინმე ჩინელს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არავინ ჩანს. ახლა არ მაქვს თუნდაც იმის განწყობა, რომ ვიღაცას მთელი დღე ვემესიჯო. წყნარად ვარ ჩემთვის. ფლირტის დონეზე შეიძლება, დღეში ათია, მაგრამ სერიოზული არაფერი.
– ჩინეთი კარგად ჩაჯდა შენს მენტალობაში.
– ძალიან ტრადიციული ქვეყანაა, ისევე როგორც საქართველო. როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს გოგონა, თუნდაც ისეთი, როგორიც მე ვარ, ოჯახი მაინც ისე ზრდის, რომ მამაკაცი, უხეშად რომ ვთქვათ, ცოტა მაღლა უნდა იდგეს, ქალი კი – ცოტათი დაბლა. ჩინეთშიც ასეა. ოღონდ იქ რომ კაცს პატივს სცემ და თავს უხრი, ის უფრო მეტად გაფასებს, უფრო მეტ პატივს გცემს. არც გენდერული თანასწორობა აქვთ, უხეშად, რომ ვთქვათ, ქალები უფრო ბლატაობენ, რადგან კაცები ჯენლტმენები არიან და ქალს დიდ პატივს სცემენ. იქ რომ კარს მიღებენ, მანქანიდან გადმოსვლაში მეხმარებიან, ფეხზე ადგომით მესალმებიან და ამ ყველაფერს ვარ მიჩვეული. ქართველმა კაცმა რომ მითხრას: მოდი, ქალო, ნასკი გამხადეო, – ჩემგან ძალიან შორს არის. თუმცა, მყავს მამა, ძმები, ქართველ კაცებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, უბრლოდ, მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.
– ამდენი წელია, სტაბილურად მუშაობ.
– კარგად ვმუშაობ, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რასაც მეტყვიან: 100-დან 100 პროცენტს ვაკეთებ. ყველამ იცის – ჩემმა უფროსმა, კლუბის უფროსმა, მენეჯერმა, რომ, სოფიას ეტყვიან, შოუა გასაკეთებელი, ან პრეზენტაციაო, 100 პროცენტით ჩავდებ ჩემს ძალებს და ყველაფერს გავაკეთებ. ამიტომ, სტაბილურად და კარგად ვმუშაობ. ამჟამად სამხრეთ ჩინეთში ვარ. ცნობილი კლუბების ქსელია და იქ ვმუშაობ უკვე 4 თვეა. კომპანია გამოვიცვალე, რადგან ყოფილმა უფროსმა, რომელსაც ამდენი ხანი გვერდში ვედექი, არ დამიფასა შრომა. ხვეწნას ვერავის დავუწყებ, ამდენი წელია, იქ ვმუშაობ და ჩემზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამიტომ, წამოვედი და უკეთეს სიტუაციაში აღმოვჩნდი.
– როგორია შენი სამუშაო გრაფიკი?
– ჩათვალე, რომ არაფერს ვაკეთებ. მთავარია, ლამაზად გამოვიყურებოდე. მივდივარ ბარში, მაგიდას ჯავშნიან სტუმრები და აქედანაც კი გარკვეულ პროცენტს ვიღებ. პრინციპში, კლუბის სტაფი ხარ სარეკლამო კუთხით. ყველა კლუბი რაღაც სასმელზე მუშაობს. ჩვენი მუშაობს ძვირად ღირებულ შამპანურზე. ანუ ვარეკლამებთ შამპანურს. გამოვდივართ სცენაზე, ვაკეთებთ შამპანურის რეკლამას და ოთხ-საათნახევარი ვმუშაობ დღეში. თან, კარგად ვერთობი. გარდა ამისა, დღისითაც ვმუშაობ. ჩემს ქალაქში ადგილობრივი ტანსაცმლის ბრენდია და კონტრაქტი დამიდეს. მათი სახე ვარ და ახალ კოლექციას გადავიღებთ. სამ საათში სამოსის 50 მოდელი გამოვიცვალე, თან შემოდგომის და ერთი არ დამიწუწუნია. მაშინვე კონტრაქტი დამიდეს.
– რამე გეკრძალებათ?
– ჩვენთვის აკრძალულია ღამის საათებში გარეთ გასვლა ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით. კედებით, ბოტასებით კლუბში ყოფნა აკრძალული გვაქვს. სულ ფორმაში უნდა ვიყოთ, ოღონდ არა ვულგარულად. მენეჯერი სულ გვეუბნება: ძალიან სექსუალურად არ უნდა გამოიყურებოდეთო. ჩინელთან სულ შიშველი რომ მიხვიდე, არ გადაგყვება, შეიძლება, იკივლოს და გაიქცეს. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. რუჯი არ უყვართ, რადგან მოსწონთ თეთრი კანი. თვითონ ხომ მუქი კანი აქვთ, ამიტომ საპონში, სახის კრემში – ყველაფერში გამათეთრებელი ეფექტი აქვთ. კლუბები იქ ყოველდღე მუშაობს, დიჯეია, შოუ თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაზე, ოღონდ არ ცეკვავენ. თუმცა, ყოველდღე სავსეა, თამაშობენ, ერთობიან.
– სტუმრებთან პირადად გაქვთ ურთიერთობა?
– კლუბში რომ მივდივართ, ვსხედვათ ბართან. შეიძლება, კლუბის მენეჯერი მოვიდეს და გითხრას: ამ მაგიდასთან შენი გაცნობა უნდათო. ძირითადად, ეს მაშინ ხდება, როცა მაგიდასთან სასმელი თავდება. ზოგადად ასეა: მიხვალ, ერთ ჭიქა ლუდს დაისხამ, თან იქ პატარა ჭიქებით სვამენ. ისინიც უკვეთავენ სასმელს, ჰგონიათ მათთან ერთად დალევ და ამ დროს შენ იპარები. ანუ, პროდუქტს ვყიდით, ამ შემთხვევაში კი, შამპანურს. ზედმეტს ისინი არ გაბედავენ. შენ რომ ნება მისცე, გამორიცხულია, რამე გააკეთონ. ჩინელი კაცები ისეთი მორცხვები არიან, ქალი რამეს რომ ეტყვის, შეიძლება, გაიქცეს. საცეკვაოდ რომ მიგვიპატიჟებია გოგონებს, წითლდებიან და თავს ხრიან. ასე რომ, ჩინელი ბიჭის დაკერვა ძალიან რთულია. რომ ამბობენ, ქართველი გოგონები ჩინეთში, ბოდიში და, საბოზაოდ მიდიანო, ამაზე მეცინება. ზოგადად, საქართველოდან რომ მოდიან ჩინეთში გოგონები, ყველას ვეუბნები, არ წავიდნენ კომპანიის გარეშე. დღეს იმდენი აგენტია, მაგრამ სანდო ცოტაა. სულ მეკითხებიან: რატომ გყავს უფროსიო. რეალურად, მე რომ უფროსის გარეშე ვიმუშაო, შეიძლება, ორჯერ მაღალი ხელფასი მქონდეს, მაგრამ შეიძლება საერთოდ ვერაფერი მივიღო. ამდენი ხანი რომ ვმუშაობ, იმიტომ მყავს უფროსი. ესენი ვიღაც აგენტით რომ მიდიან კონტრაქტის გარეშე, მერე ექმნებათ პრობლემები.
– წერას დაანებე თავი თუ პოზიტიური განწყობა აღარ გაძლევს საშუალებას?
– დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის დეპრესიული გარემო მაიძულებდა წერას. ახლა სულ კარგ ხასიათზე რომ ვარ, ავიღებ პასტას და ორ სიტყვას ვწერ მხოლოდ: კარგად ვარ. ფილოსოფიურად აღარაფერს ვუღრმავდები. მოკლედ, სამოთხეში ცხოვრებას ვაგრძელებ.