რატომ ჩააკითხა თურქეთში უცნობმა მამაკაცმა ამალია ჯიბლაძეს და რა საერთო გეგმები დასახეს მათ
პროექტ „ნიჭიერის“ დასრულების შემდეგ ამალია ჯიბლაძე გაუჩინარდა და მისი კვალი ყველა ჟურნალისტმა ერთბაშად დაკარგა. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ჯერ კიდევ საქართველოს საზღვარზე ბოლომდე არ იყო შემოსული, რომ დავურეკე და ინტერვიუს ჩასაწერად რედაქციაში მოსვლა ვთხოვე, მაგრამ, როცა მოვიდა, სულ სხვანაირი ამალია ვნახე. ვერც კი ვიცანი, ისე გალამაზებულა. სავარაუდოდ, ის ყოველთვის ასეთი ლამაზი იყო, მაგრამ საქმე ისე მოითხოვდა, როგორიც ეკრანზე გვეჩვენა. ახლა კი ლილოს ჩანთის ნაცვლად „მიუ მიუს“ ხელჩანთა ეკავა.
– უპირველესად, გეტყვით, რომ ფანტასტიკურად გამოიყურებით და მიხარია, სულ სხვანაირ, ასეთ ლამაზ და მომღიმარ ამალიას რომ ვხედავ. ასევე, მეგობარ მამაკაცთან ერთად მობრძანდით და სანამ გკითხავთ, სად გაუჩინარდით იქნებ, გაგვაცნოთ თქვენი მეგობარი.
ამალია ჯიბლაძე: ბატონი ალეკო ლურსმანაშვილი ახლახან გავიცანი, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა. საინტერესო წინადადებები შემომთავაზა და მისი წყალობით, განვახორციელებ. ჩვენ გვაქვს საქმიანი ურთიერთობა და სულ ეს არის. მან ჩამომაკითხა თურქეთში და დამარწმუნა, საქართველოში დავბრუნებულიყავი, რომ გამეგრძელებინა ის კარიერა, რომლის ერთგვარი დებიუტიც ფართო საზოგადოების წინაშე, „რუსთვი 2-ის“ პროექტ „ნიჭიერში“ შედგა.
– ბატონო ალეკო, თქვენ რას იტყვით ქალბატონ ამალიაზე?
ალეკო ლურსმანაშვილი ამ უნიჭიერესი ქალბატონით მისი გამოჩენისთანავე მოვიხიბლე, ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ვინც „ნიჭიერს“ უყურებდა. მაშინ გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდი, რაზეც ყოველთვის უარს ვიღებდი, თანაც, ეს ყველაფერი ინტერნეტმიმოწერითა და სატელეფონო საუბრებით ხდებოდა. თუმცა, უხეშად არასოდეს დამლაპარაკებია. მას ხელოვნების ნიჭთან ერთად, ადამიანური ურთიერთობების ნიჭიც აქვს, მისმა პატიოსანმა ბუნებამ კი, კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი, რამით დავხმარებოდი, რომ მცირეოდენით მაინც შემემსუბუქებინა მისი ყოფა.
– თქვენი რეალური გაცნობა-შეხვედრა როგორ მოხდა?
– ორი კვირის წინ თურქეთში ჩავედი, დავურეკე და პირადად გავიცანი. დავარწმუნე, რომ უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და გაეგრძელებინა დაწყებული საქმე. ჩემი დაც ხელოვანია, მუსიკის პედაგოგია და სხვათა შორის, უამრავი მომღერალია მისი აღზრდილი.
– თუმცა, ისე გამოვიდა, უხეშად რომ ვთქვათ, ამალია ჯიბლაძის კარიერა პროექტის დასრულებასთან ერთად დასრულდა, რადგან უცებ, ამხელა აჟიოტაჟისა და სკანდალის შემდეგ, ის გაუჩინარდა.
ამალია ჯიბლაძე: მე მქონდა მცდელობა, გამეგრძელებინა ჩემი საყვარელი საქმიანობა, რაშიც მაშინ რადიო „ფორტუნამ“ აღმითქვა დახმარება. თუმცა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღემდე ვერ მოხერხდა თუნდაც ერთი სიმღერის ჩაწერა. ამიტომ შემოთავაზებას, რომელიც მოსკოვიდან მივიღე – მემღერა ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, დავთანხმდი. თუმცა, მხოლოდ ერთი თვით და ამის შემდეგ ასტრახანში გავემგზავრე, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობს. იმ მოკლე პერიოდში წარმატებით ვითანამშრომლე ადგილობრივ რადიოსადგურთან, სადაც რამდენიმე სიმღერა ჩავწერე. ცოტა ხანში კი თურქეთიდან მივიღე მიწვევა საკმაოდ მდიდარი მამაკაცისგან, რომელსაც საკუთარი რესტორანი აქვს და იქ კვირაში ერთი დღე გამოვდიოდი.
– კვირაში ერთი საღამოს გამართვა ფინანსურად გიღირდათ?
– ცუდი ანაზღაურება ნამდვილად არ მქონდა, თუმცა, კარგი „ბანტების” კეთების გარდა, კარგი მასაჟიც გამომდის და დანარჩენი დღეები კერძო მასაჟისტობით ვიყავი დაკავებული.
– როგორც ჩანს, მრავალმხრივი ნიჭით ხართ დაჯილდოებული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, თქვენი მოლოდინები ამ პროექტის შემდეგ, არ გამართლდა. ამიტომაც გადაწყვიტეთ, საქართველოდან წასვლა. საირმეში უფასო დასვენება, რომელიც საჩუქრის სახით მიიღეთ – ეს თუ მაინც გამოიყენეთ?
– კი და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საჩუქრით. სამწუხაროდ, მე არ მქონდა საშუალება, რომ ჩემი პატარა შვილი ასეთ ლამაზ კურორტზე წამეყვანა. ორივე უზომოდ ბედნიერები ვიყავით ამით. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანმა თვითონ უნდა შეიქმნას გართობა-დასვენების განწყობა და მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, სად დაისვენებ – ეგვიპტეში, მალდივებზე თუ საირმეში, ყველაფერი ჩვენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა ფულადი ჯილდო მიმეღო, რომ ჩემი შემოქმედებისთვის მიმეხედა, მაგრამ, არა უშავს. მგონი, ყველაფერი წინ მაქვს. უბრალოდ, ცოტა ნაწყენი ვიყავი რადიოს დამოკიდებულებით, მაგრამ ჩამოვედი თუ არა, ისევ შევეხმიანე და მგონი, როგორც იქნა, მივაღწიეთ კონსენსუსს. იმედი მაქვს, მალე ჩაიწერება ახალი სიმღერა. რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“, ისედაც არ დამპირებია არც ფულს და არც კარიერის აწყობას. მათ შემიყვანეს ზღვაში და ნაპირზე უკვე თავად უნდა გამომეცურა, ამიტომ, ახლა დროა, ხელ-ფეხი გავატოკო და დამოუკიდებლად გავცურო. ვიდრე იმის ლოდინში დავიძირო, რომ ოდესმე ვინმე მოვა ჩემს გადასარჩენად. ისეთი არ ვარ, ვინმეს კარი ძალით შევუნგრიო და დახმარება ვთხოვო.
– სამომავლოდ გაქვთ რამე ნაბიჯები დაგეგმილი, რომ ხალხს თავი შეახსენოთ და უკვე მომღერლის რანგში წარდგეთ?
– ქალაქ რუსთავის მერიის დახმარებით რაღაცას ვგეგმავ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა გამოგვივა, ამიტომ თავს შევიკავებ. ის თანხა, რომელიც მე ამ თვეების განმავლობაში დავაგროვე, მინდა ისევ ჩემს კარიერას მოვახმარო და დამოუკიდებლად გავაკეთო. ანრი ჯოხაძეს დავურეკე, ვთხოვე, სიმღერის შერჩევაში დამხმარებოდა და მის რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.
– კლასიკურ, აკადემიურ რეპერტუარს შეარჩევთ თუ პოპს?
– ჩემი არც ვიზუალური და არც შინაგანი სტილი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ პოპი ვიმღერო და შოუები ვაკეთო. რასაც გავაკეთებ, ყველა სიმღერა ვოკალზე იქნება მორგებული, უფრო აკადემიური ჟანრის რეპერტუარს შევარჩევ.
– ანრი ახსენეთ და არ შემიძლია, არ გკითხოთ. რას გრძნობდით მაშინ, როცა ანრი მოვიდა ბოდიშის მოსახდელად და ბოდიში მოიხადა იმაზე, რაშიც 100 პროცენტით მართალი იყო?
– ანრი არ არის ის ტიპი, ვინმემ აიძულოს იმის გაკეთება, რაც მას არ სურს. შესაბამისად, მე მაშინაც და ახლაც ასე მიმაჩნია, რომ ანრიმ ბოდიში მომიხადა პირადად მე, როგორც ქალს, რომლის მიმართაც ოდნავ უხეშად გამოუვიდა რაღაცის თქმა. თუმცა, ამის გაპიარებაც საინტერესოდ იყო შეფუთული.
– თავად თუ მოგეწონათ ისეთი შეფუთული ამალია, როგორიც საზოგადოების წინაშე წარდგა?
– საერთოდ არ მომწონს, როცა ვინმეს ვეცოდები. არ მინდა, საცოდავი ან საწყალი ქალი მეძახოს ხალხმა. პრობლემები და გაჭირვება ყველას გვქონია, ყველას ცხოვრებაში ყოფილა ტკივილი და მძიმე პერიოდები, მაგრამ, როცა ხარ შრომისუნარიანი, შეგწევს ძალა, აკეთო რაღაც და შენი შრომით მოიპოვო თუნდაც საარსებო მინიმუმი, რატომ ხარ საცოდავი? თუმცა, რაც შოუს სჭირდებოდა, ისე გაკეთდა, იქ მუშაობენ პროფესიონალები და ჩემზე უკეთ იციან, რა როგორ აკეთონ. შოუ ყოველთვის ყველა ქვეყანაში წინასწარ იგეგმება, კორექტივები შეაქვთ გამომსვლელებში და უფრო საინტერესოს ხდიან. რაც მთავარია, ტყუილი არც ჩემი გამოსვლა იყო და არც ისტორია ჩემ შესახებ. ასეთი სკანდალი და სახალხო აჟიოტაჟი ჩემ მიმართ პირველი იყო. ყველა ჩემკენ იშვერდა ხელს და რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა, ყველაფერ ამის მოსმენა თუ ატანა. მაგრამ, ეს იყო დახურული თემა.